30 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის" სააგენტოებმა („პირველი რადიო", „თავისუფალი ზონა") გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუმინეთში პოლიციამ ნარკოტიკების პარტიის რეკორდული რაოდენობა დააკავა.
„333 კილოგრამი ჰეროინი პაკეტებად იყო დაფასოებული და დანაშაულებრივ ჯგუფს ის სატვირთო ავტომანქანის ავზით გადაჰქონდა. ჰეროინი წიწაკის ფხვნილში იყო არეული, რათა სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს კვალი არეოდათ. დაკავებულია თურქეთის 2 და რუმინეთის, ასევე, 2 მოქალაქე. რუმინეთის პოლიციის ინფორმაციით ტვირთის ბოლო დანიშნულების ადგილი ნიდერლანდები უნდა ყოფილიყო, საიდანაც ჰეროინი ევროპაში განაწილდებოდა. ტვირთი 8 მილიონი ევროს ღირებულებისაა, რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი 40 მილიონზე მეტი უნდა ყოფილიყო. რუმინეთის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის, კლაუდიუ კუკუს განცხადებით, ავღანური ტვირთი რუმინეთში აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის გავლით მოხვდა".
მოკლედ, „ნაციონალები" მაინც არ იშლიან მავნებლობას: ეტყობა, წაიკითხეს რუმინეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები, მაგრამ თვითნებურად მაინც ჩააკვეხეს. მოგეხსენებათ, ჩვენში ბევრს არ აქვს საშუალება, ან რუმინეთის პოლიციის საიტი ნახოს და ინფორმაცია გადაამოწმოს, ან კიდევ პოლიციის უფროს კუკუს დაურეკოს და ყველაფერი შინაურულად გამოჰკითხოს. ასეა თუ ისე, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი აცხადებს, ეს არის მორიგი სიცრუე:
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუმინეთში 333 კილოგრამი ჰეროინი საქართველოს გავლით მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არის დეზინფორმაციის გავრცელების მორიგი მცდელობა. თავად რუმინეთის პოლიციის ოფიციალურ საიტზე, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არის გავრცელებული, საქართველო საერთოდ ნახსენები არ არის და ტვირთის სატანზიტო ქვეყნებად დასახელებულია მხოლოდ თურქეთი და უკრაინა.
ამას გარდა, საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლოციის დეპარტამენტი დაუკავშირდა რუმინელ კოლეგებს, სადაც დაუდასტურეს, რომ საქართველოს აღნიშნულ ტვირთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გადაამოწმა იმ ავტომანქანის სანომრე ნიშნები, საიდანაც მოხდა ნარკოტიკის ამოღება, აღნიშნულ ავტომანქანას საქართველოს საზღვრები არ გადმოუკვეთავს.
„ალიას" ასევე დაუკავშირდა ინკოგნიტო წყარო, რომელიც აცხადებს, რომ ოდესაში მოკალათებულმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც საქარველოში აკეთებდა, უკრაინაშიც დაიწყო ნარკოტიკების ათვისება:
„დანამდვილებით გეუბნებით, რომ ეს ჰეროინი თურქეთიდან ბორნით ჩაიტანეს ოდესის პორტში. ვინც რუკას დახედავს, ეგრევე მიხვდება, რომ თურქეთიდან ტვირთის საქრთველოში შემოტანა საერთოდ არ იყო საჭირო, შავი ზღვით ჩავიდა ოდესის პორტში, იქ გადატვირთეს მანქანაში და გაუშვეს რუმინეთში. მოგეხსენებათ, დღეს ოდესაში თითქმის ყველაფერს აკონტროლებს სააკაშვილი, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ცდილობს, რომ გააკონტროლოს და დიდი ფულიც იშოვოს. სწორედ ამიტომ ჩაამატეს ინფორმაციაში „ნაციონალებმა" საქართველო და შეეცადნენ, ორი კურდღელი მოეკლათ: ჯერ ერთი ამით, დახატეს სურათი, რომ თითქოს ჩვენი მთავრობაა უსუსური და ნარკოტიკები გრიალით შემოდის, მეორეც - იფიქრეს, ოდესის გუბერნატორ სააკაშვილს სირცხვილს ავაცილებთ, ამ ყველაფერში ქართველების ხელი ურევია, რა ქნას ამ ერთმა სააკაშვილმაო. თუ უკრაინის პროკურატურა კარგად გამოიძიებს ამ საქმეს, კვალი საით წავა, თავად ნახავენ.ოღონდ იმდენი ჭკუა უნდა ეყოთ, რომ დავით საყვარელიძეს არ მიანდონ ეს საქმე".
სხვათა შორის, ეჭვები სააკაშვილის „ნარკობარონობასთან" დაკავშირებით ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში გაჩნდა (ეტყობა, ყველაზე აქტიური სეზონი წელიწადის ამ დროს აქვს ხოლმე). მაშინ ექსპერტმა უსაფრთხოების სალკითხებში, ვახტანგ მაისაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ალბანეთში საკაიკაცოდ არ იყო ჩასული. შეგახსენებთ, სწორედ იმ დღეებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო დიდი რაოდენობით ნარკოტიკები: „პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ ამ ტვირთის დაკავებას წინ უძღოდა ზურაბ ჯაფარიძისა და ირმა ნადირაშვილის ვიზიტი ბაქოში, რომლებიც საბაჟო ტერმინალზე დიდი ოდენობით თანხით დააკავეს. ამას მოჰყვა ნარკოტიკების დაკავება, რომელიც მიდიოდა ალბანეთში. სწორედ იმ პერიოდში მოხდა მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა ალბანეთში. რა უნდოდა, მაინცდამაინც იმ პერიოდში, რომ ჩაბრძანდა, სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს ჰეროინი მიდიოდა? სააკაშვილმა თქვა, რომ ის შეხვდა ალბანეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ კიდევ ვის შეხვდა, ეს უკვე გასარკვევი საკითხია."
დღეს ვახტანგ მაისაია ისევ იმ აზრზეა და „ალიასთან" საუბარში ამბობს, რომ 2009 წლიდან დღემდე ოდესის პორტში ნარკოტიკებისა და იარაღის შეტანა არ დაფიქსირებულა: „სანამ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნებოდა, ამ პორტს აკონტროლებდა იგორ კოლომოისკი. ალბათ, გახსოვთ, როგორ მოიშორეს ოდესის ყოფილი გუბერნატორი იგორ პალიცა, რომელიც კოლომოისკის კაცია. სანამ ესენი იყვნენ, კი ხდებოდა კონტრაბანდული ნვთობის გადაზიდვა, მაგრამ ნარკოტიკებსა და იარაღს არ ატარებდნენ. მივიდა საააკაშვილი, ეგრევე დაეტაკა სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელს, შემდეგ შევარდა პორტში, დაამყარა თავისი „წესრიგი" და აჰა, შევიდა კიდეც 333 კილოგრამი ჰეროინი. ეს ავღანური ჰეროინი იქნება, ორი აზრი არ არსებობს. სხვათა შორის, უკრაინა უკვე იქცა იარაღით ვაჭრობისა და ნარკოტიკების სატრანზიტო შავ ხვრელად. ეს ყველაფერი მიდის როგორც აღმოსავლეთ ევროპისკენ, ასევე, მოდის ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით ოდესაში უკვე შეიქმნა რაღაც საეჭვო ფორმები, რომლებიც ასევე ახორციელებენ საეჭვო ტრანზაქციებს, ეს უკავშირდება სწორედ მიხეილ სააკაშვილის და მის დაჯგუფებას. როგორც ხედავთ, უკრაინამ მიიღო შედეგიც, მთელი 6 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ნარკოტიკების შეტანა და ეს მოხდა ახლა, გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნისთანავე. კი, ადრე, კუჩმას პერიოდში იყო, მაგრამ მას შემდეგ კოლომოისკი არ ატარებდა. მეტსაც გეტყვით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ იმ დროისთვის საქართველო იყო ერთ-ერთი ნარკოსანტრაზიტო ქვეყანა. მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილი დააპატიმრეს, ბელორუსში ამოვარდა 80 კილოგრამი ჰეროინი, რომელიც უკავშირდებოდა „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ კომპანიას. სწორედ იმ კომპანიაში ხდებოდა დაფასოება და გაგზავნა ბელორუსის მიმართულებით. მერაბიშვილი დააპატიმრეს აპრილში და მაისში უკვე ეს ტრანზიტი ჩავარდა. სააკაშვილის პერიოდში იარაღი და ნარკოტიკები როგორ გადიოდა ამაზე ბერი ითქვა, დავთ კეზერაშვილმა სწორედ ამ გზით იშოვა ძალიან დიდი ფული. აი, ეს ბინძური საქმიანობა ახლა გადაიტანეს უკრაინაში და იქაც შოულობენ მილიარდებს", - წერს „ალია".