საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ დღეს მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შედეგები შეაფასეს.
კახა ცხადაძის განცხადებით - „ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შედეგს მივაღწევთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე".
"ჩვენ ჯგუფში გრანდები არ არიან, ერთი დონის გუნდები მოხვდნენ. ფსიქოლოგიურად ფეხბურთელებისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ აქვთ შანსი, ყველა გუნდს თანაბრად ეთამაშონ და გამარჯვებაზე იფიქრონ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, როგორ მოვემზადებით. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკა და ის თუ როგორი ფუნქციონალური მდგომარეობა ექნებათ მათ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დარჩენილ თამაშებში დადებითი შედეგია საჭირო, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებობის. შესარჩევ ეტაპზე მინიმუმ მესამე ადგილი და მაქსიმუმ პლეი-ოფი გვაქვს დაგეგმილი. ვიბრძოლებთ ბოლომდე რათა მოვხდეთ პლეი-ოფში", - განაცხადა ცხადაძემ.
რევაზ არველაძის განცხადებით, არავის უნდა გაუკვირდეს თუ საქართველოს ნაკრები ამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებას მიაღწევს.
"ფედერაციის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა ეროვნული ნაკრების მიმართ. მიხარია, რომ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ასეთი მაღალი მიზნები აქვს, კარგი ახალი თაობა მოდის, კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და შესაბამისად არავის უნდა გაუკვირდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა არველაძემ.