„ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი" - ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი 2-ის დაბრუნებისთვის დაწყებული სასამართლო დავის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას აკეთებს:
"ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი - სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ იმიტომ, რომ ეს არაა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა - მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე არაა მხოლოდ ქიბარ ხალვაში და მოდავე მხარე არის ხელისუფლება," - განაცხადა გვარამიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი არ მოაწერონ უკანონო გადაწყვეტილებებს.
"რუსთავის 2 საქმე არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის ქართული დემოკრატიისთვის, ამიტომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილზე ხელს", - აცხადებს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი "რუსთავის 2"-ის პარტნიორთა წინააღმდეგ სასამართლოში 4 აგვისტოს შევიდა.