reportiori.ge - რას ყვებიან ივანიშვილზე მისი ყოფილი პარტნიორები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 08:18
პრეს-დაიჯესტი
რას ყვებიან ივანიშვილზე მისი ყოფილი პარტნიორები
ავტორი:
10 აგვისტო, 2015. 12:56


"ფრთხილი, პუნქტუალური, დაკვირვებული, არაკონფლიქტური და რაც მთავარია, საკუთარი წესებით მოთამაშე, სადაც თითქმის ყოველთვის მოგებული რჩება", - ასე ახასიათებენ მას ადამიანები, რომლებთანაც ივანიშვილს სხვადასხვა დროსა და ვითარებაში მოუწია თანამშრომლობამ.


ელენა პავილინა იმ ბიზნესმენის თანაშემწეა, რომელსაც 2004-2005 წლებში ივანიშვილმა და ვიტალი მალკინმა (მას რუსულ პრესაში ივანიშვილის "უმცროს პარტნიორად" მოიხსენიებენ) მეტალურგიაში არსებული აქტივები 2,2 მილიარდ დოლარად მიჰყიდეს. ეს იყო ვლადიმირ ლისინი, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბანკს ედგა სათავეში.


ელენა პავილინა:


- ბორის ივანიშვილს ინტუიცია კრიტიკულ ვითარებაშიც არ ღალატობს. ამიტომაც "გამოძვრა" რუსეთში იმ დროს გამეფებული ფინანსური კრიზისიდან და მაშინაც, როცა არაერთი წარმატებული ბიზნესმენი გაკოტრდა... 2005 წელს, ჩემს შეფთან, ვლადიმირ ლისინთან ერთად, ივანიშვილს პარიზის ფეშენებელურ სასტუმროში - "გეორგ V" შევხვდით. კარგ ხასიათზე იყო. ჩვეული ქართული იუმორით, იმდენად ბუნებრივად და მოსწრებულად ხუმრობდა, რომ ვერც წარმოიდგენდი, თუ პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს კაცს ესაუბრებოდი... არ იპრანჭებოდა და წინასწარ დაზეპირებულ ფრაზებს არ იშველიებდა...


მახსოვს, ქართველ ბიზნესმენს სახელის შეცვლის თაობაზეც ვკითხე. გაეღიმა: - ჩემს "ახალ ნათლობას" განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონია. 1986 წელს მოსკოვში ასპირანტურაში რომ ვსწავლობდი, ლექტორებიდან ზოგი "ბუზინას" მეძახდა, ზოგიც - "ბენზინას". ჰოდა, ერთ დღეს გამოვაცხადე, - დღეიდან ყველამ ბორისი დამიძახეთ-მეთქი; საქართველოში კი ისევ "მშობლიური" სახელით მომმართავენო, - დასძინა... რა შემიძლია გითხრათ მის თვისებებზე?.. ძალიან ფრთხილი და დაკვირვებული ადამიანია. არ ვიცი, რამდენად სასიამოვნო იქნება თქვენთვის ამის გაგონება, მაგრამ ქართველებთან საქმიან ურთიერთობას თავს არიდებდა; რუსულ ბიზნესწრეებში ხუმრობდნენ, - ამ ჭკვიან ბიზნესმენს ყველა ის საქმე ჩაუვარდა, რომლის წილშიც ქართველი გაიყვანაო.


- მაგალითად?

 

- ერთხელაც, ყველასთვის მოულოდნელად, ივანიშვილისა და მალკინის მიერ დაარსებული ბანკი "როსიისკი კრედიტი" გაკოტრების პირას აღმოჩნდა. მალე გაირკვა, რომ თურმე მის ქართველ ნათესავს სხვის ხარჯზე გამდიდრების სურვილი გასჩენოდა... მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით თქვა ფრაზა, რომელიც შემდგომ ლამის უწესო ბიზნესის ფორმულად იქცა: "ვოროვალ უ სებია ჟე, უ სვოიხ პარტნიოროვ" (საკუთარ თავს, საკუთარ პარტნიორებს ჰპარავდაო)... ძალზე საინტერესოა მისი დამოკიდებულება კახა ბენდუქიძესთან. მათ ერთობლივი ასოციაცია - "ეკოლოგია, ტექნოლოგია, განათლება" ჰქონდათ, სადაც სხვადასხვა სფეროდან თანხების მობილიზაციას ახდენდნენ. მაგრამ ამ საქმით ვერც ერთმა ვერ იხეირა და მშვიდობიანად გაცლა ამჯობინეს.


რუსეთში ივანიშვილისა და მალკინის "უცნაურ" ურთიერთობაზეც ბევრს საუბრობენ. მართალია, სანდო ბიზნესპარტნიორებად კი ითვლებიან, მაგრამ როგორც ჩანს, წინდახედული ქართველი შეცდომებზე სწავლობს და უახლოეს მეგობარსაც კი საკუთარი თამაშის წესებს სთავაზობს. ყოველთვის, როცა სიტყვას მალკინზე ჩამოუგდებდნენ, ივანიშვილი მის დახვეწილ გემოვნებაზე იწყებდა საუბარს. ერთხელ წამოსცდა, - მალკინი ჩემი უახლოესი მეგობარი და ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი პარტნიორია, მაგრამ ბოლომდე მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობიო... ერთხელ, არაფორმალური შეხვედრის დროს, "როსკრედიტთან" დაკავშირებით ჰკითხეს (ამ ბანკით ივანიშვილი ყველაზე მეტად ამაყობდა), რატომ აქვს ვიტალი მალკინს 33%-იანი წილი, ხოლო თქვენ - 67%-იანი, თუკი მას ყველაზე სანდო ბიზნესპარტნიორად მიიჩნევთო? ივანიშვილმა უპასუხა, - მირჩევნია, ბანკის მართვის პასუხისმგებლობა თავად ვიკისრო, ვიტალიმ კი

საორგანიზაციო საკითხები მოაგვაროს - ეს მას კარგად გამოსდის; ხელმძღვანელობის ნიჭი არა აქვს, თუმცა ძალიან ნაკითხია და ხელოვნებაში ბრწყინვალედ ერკვევა; ასე რომ, არ ღირს მას საქმის "დირიჟორობა" ანდოო...


მალკინი არანაკლებ გავლენიანი ფიგურაა, ხშირად ხვდებოდა ბორის ელცინს, ანატოლი ჩუბაისს, ახერხებდა მსხვილი კლიენტების მოძიებას. და მაინც, ის ქართველი ბიზნესმენის ხელქვეითად ითვლებოდა, რომელიც მუდმივად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა... ამ და სხვა მიზეზების გამო, ბორის ივანიშვილი ყველასთვის ამოუცნობ მილიარდერად მიიჩნევა.


- მასზე ამბობენ, წყენა არასდროს ავიწყდებაო...

 

- იცით, ქართველებს ყველაფრის დრამატიზება გიყვართ... მან კარგად იცის, სად უნდა გაავლოს სადემარკაციო ხაზი ბიზნესსა და ქველმოქმედებას შორის. გულუბრყვილო ადამიანი ამხელა კაპიტალის დაგროვებას ვერ შეძლებდა... ჩვენთვის მისი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიზანდასახული ადამიანია და რადგან ეს ნაბიჯი გადადგა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლის მექანიზმებიც შემუშავებული აქვს.


დიდი ძალისხმევის ფასად, ტელეფონით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორის, ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას ებრაელ მრჩეველს, ანატოლი ლევის დავუკავშირდი.


ანატოლი ლევი:


- მე და თემური ხშირად ვერ ვხვდებით. ის ამჟამად კანადაში იმყოფება, თავისი ბიზნესის დიდი წილი კი ლონდონში აქვს. რამდენიმე წლის წინ ზუგდიდშიც ჰქონდა ბიზნესი, მაგრამ ახლა მხოლოდ სახლი აქვს. გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოში ბიზნესსაქმიანობა შეწყვიტა.


- გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და თემურ ქარჩავას ძალისხმევით, 2008 წლის ომის დროს, სერგეი ბაღაფშმა რუსულ სამხედრო ნაწილებს ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდში შესვლის უფლება არ მისცა, სანაცვლოდ კი გენერალ ბორისოვს საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს...


- მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა, უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდება. ბატონი ბორისი ჭკვიანი კაცია და იმედია, თანდათან ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს. რაც შეეხება თქვენს კითხვას: რაღაცები მსმენია, მაგრამ არა მგონია, საქმე ასე ყოფილიყო. ჩემს ვერსიას მოგახსენებთ და დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ: მართალია, ყოფილი ბიზნესპარტნიორების პირადი თუ ბიზნესშემოსავლების ბედით არასდროს ვინტერესდებით, მაგრამ რადგან 2008 წელს საქართველო ყურადღების ცენტრში მოექცა, ჩვენამდე მაინც მოაღწია ინფორმაციამ, თითქოს იმერეთი, კერძოდ კი საჩხერე, რუსულ აგრესიას სწორედ ბორის ივანიშვილის წყალობით გადაურჩა, რომელსაც კარგი, მეგობრული, უფრო სწორად, ადამიანური ურთიერთობა აქვს საქართველოში საფრანგეთის ელჩ ერიკ ფურნიესთან; სწორედ ამის წყალობით გადაურჩა საჩხერის სამთო ბატალიონი რუსეთის აგრესიასო.


თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა... ისე კი თემურ ქარჩავასა და სერგეი ბაღაფშს ერთ დროს მართლაც, ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. სანამ ბაღაფში აფხაზეთის პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, ის "ჩერნომორნერგოს" პრეზიდენტი იყო; რამდენიმე ქართველ ბიზნესმენთან ერთად, აფხაზეთში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე მუშაობდა, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური ჩარევით, მათი გეგმა ჩავარდა... ასე რომ, რუსული აგრესიის შესაჩერებლად, სერგეი ბაღაფში თემურ ქარჩავას არ მიმართავდა, ან თუ მიმართავდა, ამისთვის ფულს არ სთხოვდა... გადავიდეთ თქვენი შეკითხვის მთავარ ნაწილზე: იყვნენ თუ არა ბიზნესპარტნიორები ქარჩავა და ივანიშვილი? დიახ. მართალია, ბიძინა ივანიშვილი ძალზე არაკონფლიქტური ადამიანია და ქართველი ბიზნესმენები ხშირად ხუმრობდნენ, - იმერული დიპლომატია შველისო, - მაგრამ მაინც, 1997 წელს ისიც აღმოჩნდა ჩათრეული კონფლიქტში, რომელსაც, არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენიც შეეწირა.


- მოარული ხმებით, მაშინ მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა თემურ ქარჩავა, რომელიც ამ საქმეში ასევე შემთხვევით გაეხვია.

 

- დიახ, ასე იყო. მაშინ მის ოჯახსაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც თავისი ქალიშვილები ლონდონში გაამგზავრა... საქმე ეხებოდა კრასნოიარსკის ალუმინის ქარხანას, რომლის გასაკონტროლებლად, ერთდროულად რამდენიმე დაინტერესებულ ინვესტორთა ჯგუფი იბრძოდა... ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბორის ივანიშვილი კონფლიქტში ჩაითრიეს.

 

- მას შემდეგ, თემურ ქარჩავასა და ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ ჰქონიათ?


- ბიზნესურთიერთობა აღარ ჰქონიათ... ჩემი აზრით, ხასიათით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ცნობილ ადამიანებთან მეგობრობა არც ერთს არ ახასიათებს. ერთხელ ჩემს შეფს ციმბირში ვახლდი - მას რაღაც საქმესთან დაკავშირებით იურიდიული საკითხები უნდა მოეგვარებინა. იქ ზემოთ ხსენებულ, ალუმინის ქარხანაშიც მოგვიწია მისვლამ. მაშინ პირველად ვნახე ახალგაზრდა, ერთი შეხედვით ჩოფურა კაცი, რომელიც მუშებთან ერთად იჯდა და საუბრობდა. როცა გავიგე, ვინც იყო, გაოცება ვერ დავფარე. ქარჩავამ ღიმილით მითხრა, - მას ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - ყველა ტიპის ადამიანთან ურთიერთობა შეუძლიაო...




 

წყარო: გზა, ლალი პაპასკირი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016