უეფა-ს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ცეკვა. შემდეგ კი ორივე გუნდი გამოვა მინდორზე და შესრულდება უეფა-ს სუპერ თასის ჰიმნი.
ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებს 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.
საზოგადოების წინაშე წარდგება 1885 წელს დაარსებული საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ცეკვის ანსამბლი "ერისიონი", რომელიც წელს აღნიშნავს 130 წლის იუბილეს. წარმოდგენაში დაახლოებით 200 მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას: 80 პროფესიონალი მოცეკვავე, 70-90 მოზარდი, 10-20 მედოლე ბავშვი.
მოზარდები მოედანზე შემოიტანენ უზარმაზარ დროშებს უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფას სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილ გუნდების სახელებს და დევიზს "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".
"თბილისი აღმოსავლურ-ევროპული ქალაქია, რომელიც მასპინძლობს უეფას სუპერ თასს, მას შემდეგ, რაც 2012 წლიდან მატჩი აღარ ტარდება მონაკოში. სფფ-მ, უეფას ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გადაწყვიტა ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობა და ევროპის კონფლიქტური ზონებიდან ჩამოსული ბავშვების მეშვეობით გამოხატოს მშვიდობისა და ერთობის იდეა, აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს მოთამაშეების და მსაჯების ჩათვლით, ხალხის გაერთიანება. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციები დადებითად გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას", -ნათქვამია უეფა-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობას მიიღებენ: 20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან, 20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან, 15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან, 720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან, 10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან, 19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან, 9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან, 15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან და 20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი "დინამო არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.