დღეს ევროპული ფეხბურთის ცენტრი რამდენიმე საათით საქართველოს დედაქალაქი იქნება - "დინამო არენა" თავის მდიდარ ისტორიაში ყველაზე პრესტიჟულ მატჩს უმასპინძლებს - უეფას სუპერთასისთვის ორი ესპანური გრანდი შეიბმება - ჩემპიონთა თასის მფლობელი "ბარსელონა" ევროპალიგის ტრიუმფატორ "სევილიას" დაუპირისპირდება.
9 აგვისტოს თბილისში ანდალუსიური კლუბი ჩამოფრინდა, 10 აგვისტოს, ნაშუადღევს კი "ბარსელონაც" თბილისში ვიხილეთ. უსაფრთხოების ზომები მეტისმეტად იყო გამკაცრებული, "ბარსას" ქართველ და არაქართველ ფანებს ფეხბურთელებთან მიახლოების, ავტოგრაფების აღებისა და "სელფების" გადაღებების საშუალება არ მისცემიათ, ლეო მესი და კომპანია პირდაპირ ტრაპიდან გაემგზავრა სასტუმროსკენ.
10 აგვისტოს "დინამო არენაზე" "სევილიამ" და "ბარსელონამ" ივარჯიშეს. ორივე ვარჯიში მხოლოდ დასაწყისში იყო ღია ჟურნალისტებისთვის, სამაგიეროდ, პრესკონფერენციაზე ასეთი შეზღუდვები, რა თქმა უნდა, არ ყოფილა.
"ბარსას" პრესკონფერენცია
"ბარსელონას" პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკე, კაპიტანი ანდრეს ინიესტა და დანი ალვეში წარდგნენ.
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "სევილიასთან" უეფას სუპერთასის მატჩის წინ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა.
"ხვალინდელ თამაშში მონაწილეობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. 11 აგვისტოს რომ სუპერთასის მატჩს ვთამაშობთ, ესე იგი, გასულ სეზონში ბევრს მივაღწიეთ.
როგორც მწვრთნელს, მსურს, რომ ყველამ ითამაშოს. პედროზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ... მისი გადაწყვეტილების მიხედვით დავგეგმავთ გუნდის მომავალს.
ვართ თუ არა ფავორიტები? ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რას შევძლებთ მოედანზე.
ჩვენ არ გვეყოლება ჟორდი ალბა და ნეიმარი, მაგრამ "სევილიას" უფრო დიდი დანაკლისი აქვს. ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს სირთულეები უნდა დავძლიოთ", - თქვა ენრიკემ.
მატჩის შესახებ ანდრეს ინიესტამაც ისაუბრა:
"ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვადგე გუნდს. წელს კაპიტანი ვარ. მყავს ძალიან მაღალი დონის თანაგუნდელები და შევეცდები, საუკეთესო თამაში ვაჩვენო.
სეზონის დასაწყისში გვაქვს შანსი, მოვიგოთ სამი ჯილდო, თუმცა ეს იოლი არ იქნება. პირველი მიზანი უეფას სუპერთასია. ჩვენ მეტოქეს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ რთული იქნება თამაში, მაგრამ შეგვწევს ძალა, წარმატებას მივაღწიოთ.
მესის გუნდში ყოფნა წარმატების გარანტიაა. მისი წყალობით ბევრს მივაღწიეთ. ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება და ახალ სეზონსაც ისევე დავიწყებთ, როგორც წინა დავამთავრეთ.
კარგი თამაში გველის ძლიერ მეტოქესთან. ეს დაპირისპირება მნიშვნელოვანია და 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.
როცა ახალი მწვრთნელი და ახალი მოთამაშეები მოდიან, ადაპტაციაა საჭირო. ფაქტია, წინა სეზონის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ. რთულია, ერთი სეზონი მეორეს შეადარო. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ბურთი", - თქვა ინიესტამ.
კომენტარი მატჩის წინ დანი ალვეშმაც გააკეთა.
"ჩვენ მზად ვართ თამაშისთვის. რა თქმა უნდა, შევეცდებით, ტიტული მოვიგოთ. რაც შეეხება ნეიმარს, ჩვენთვის მოულოდნელი იყო მისი არყოფნა. რა თქმა უნდა, ის დაგვაკლდება, მაგრამ გვყავს სხვა მოთამაშეები, რომლებიც მას შეცვლიან. პედრო დიდი ხანია, გუნდშია და გვინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია და მის არჩევანს გაგებით მოვეკიდებით. იმედია, ის კლუბში დარჩენას გადაწყვეტს.
რაც შეეხება არდა თურანს, ის ძალიან მხიარული ადამიანია, მაგრად გვართობს. ცუდი ისაა, რომ ხვალ ვერ ითამაშებს. იმედია, ის მალე შემოგვიერთდება და დაგვეხმარება. ყველა გუნდს სჭირდება ისეთი არაორდინარული ფეხბურთელი, როგორიც თურანია.
სიმართლე გითხრათ, სუპერთასის მეოთხედ მოგებას პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარია, გუნდი იყოს წარმატებული. სევილია ის ქალაქია, სადაც გავიზარდე და სადაც დიდი ხანი ვთამაშობდი. იქ ბევრი მეგობარი მყავს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, მაგრამ თამაშის დღეს ყველა ჩვენი გუნდისთვის ვთამაშობთ", - თქვა ალვეშმა.
"სევილიის" პრესკონფერენცია
"სევილიის" პრესკონფერენციაზე უნაი ემერის თან კოკე და ხოსე ანტონიო რეიესი ახლდნენ.
"სევილიის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ბარსელონასთან" უეფას სუპერთასის მატჩის წინ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.
"ჩემი კარიერის განმავლობაში 19 მატჩია, არ მომიგია "ბარსელონასთვის". ეს მატჩი კი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი შანსია, რომელიც ჩვენ და პირადად მე უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვეთამაშებით უშუალო კონკურენტს, რომელიც ფავორიტია, მაგრამ ჩვენც გვაქვს პლუსები, რომლებზეც ვმუშაობთ და ის შანსი, რომელიც მოგვეცემა, უნდა გამოვიყენოთ.
"ბარსელონა" უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზე თამაშობს, მაგრამ ენრიკეს პერიოდში გუნდმა ძალიან წინ წაიწია. მათი წარმატება დაკავშირებულია რამდენიმე ძალიან გამორჩეულ ფეხბურთელთან და ეს არამარტო ნეიმარზე ითქმის.
რაც შეეხება შანსებს, ძალიან გვინდა გამარჯვება, მაგრამ შანსებზე პროცენტებით ვერ ვილაპარაკებ. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და გამარჯვებას ვეცდებით.
"ბარსელონა" ხვალ ბურთს დაეუფლება. ამიტომ პრესინგს უნდა მივმართოთ და შანსი გამოვიყენოთ, ამისთვის კი სათანადო ფეხბურთელები გვყავს.
"ბარსელონას" ნაკლი ბევრი არ აქვს, ამიტომ ყველა შესაძლებლობის გამოყენება უნდა შევძლოთ. ხვალ ვნახავთ, რა შეუძლია "ბარსელონას" და რა - "სევილიას", - თქვა ემერიმ.
მატჩზე, ასევე, კოკემაც ისაუბრა.
"შარშან შეგვეძლო, მოგვეგო უეფას სუპერთასი, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება ამ თამაშს, აუტსაიდერები არ ვართ და გვინდა, ჩვენი კარგი თამაში ვაჩვენოთ და შესაბამისად, უეფას სუპერთასი მოვიპოვოთ.
ყოველთვის ვარჩევთ განვლილ მატჩებს. ალბათ, "ბარსელონაში" უფრო მეტი ცვლილებაა, ვიდრე ჩვენთან, თუმცა მათი ფილოსოფია იგივე დარჩა. იმედია, ხვალ გვექნება საშუალება, ვითამაშოთ ჩვენი თამაში.
რაც შეეხება კონოპლიანკას, ჩვენ მის წინაღმდეგ უკვე ვითამაშეთ და ძალიან გაგვიჭირდა. ახლა მას ახალი გამოწვევა აქვს, ახალი ლიგასა და ქვეყანაში ადაპტაცია უნდა გაიაროს. ეს არ არის იოლი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის ამას მოახერხებს.
ნეიმარს რაც შეეხება, მისი არყოფნა "ბარსელონასთვის" დიდი დანაკლისია, თუმცა კატალონიელებს შეუძლიათ მის ნაცვლად პედრო ათამაშონ, რომელიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისთვის.
"სევილიის" უახლოესი ისტორიიდან გამომდინარე, ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია თამაში და ამიტომ ჩვენც უნდა გვიგულშემატკივრონ ქართველებმა, რადგან კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია", - თქვა კოკემ.
კომენტარი ანტონიო რეიესმაც გააკეთა.
"ამ თამაშს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენი მიზანია, ხვალ კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა.
ჩვენი გუნდიდან წავიდა რამდენიმე ფეხბურთელი. ეს ნორმალურია. გუნდში ცვლილებები ყოველთვის არის. ამიტომ ახლა რაც შეიძლება მალე უნდა შევეწყოთ ერთმანეთს.
მატჩის მოგების შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი. ყველაფერი გამართლებაზეა და იმედია, ხვალ ჩვენ გაგვიმართლებს", - თქვა რეიესმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის უეფას სუპერთასის მატჩი 11 აგვისტოს "დინამო არენაზე", 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს.
წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"