„დავიბრუნოთ თბილისის დინამო", - ამ სახელწოდებით ყოფილმა „დინამოელებმა" არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს და უახლოეს დღეებში პროკურატურაში განცხადების შეტანასაც გეგმავენ. მათი თქმით, თავის დროზე კახა თარგამაძემ „თბილისის დინამოს" უკანონოდ ჩამოაცილა მესაკუთრეები, რომლებიც, ძირითადად, ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. საფეხბურთო კლუბი ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და მათ ცოლებზე გადააფორმა, რის გამოც ერთხანს „დინამოს" „ცოლების შპს"-დაც კი მოიხსენიებდნენ, შემდეგ კლუბი გასაყიდად გამოიტანა და 7 მილიონ დოლარად ბადრი პატარკაციშვილის კომპანიას მიჰყიდა. მართალია, ოფიციალურ დოკუმენტებში 6,5 მილიონი ლარი გაფორმდა, მაგრამ სპორტულ სამყაროში ყველამ იცის, რომ პატარკაციშვილმა კახა თარგამაძეს რეალურად 7 მილიონი დოლარი გადაუხადა. ვის ჯიბეში წავიდა ოფიციალური თანხის მიღმა გადახდილი მილიონები, ძნელი მისახვედრი არ არის.
კახა თარგამაძის მრავალმილიონიანი აფერა არც იმდროინდელ პრესას გამოჰპარვია. გაზეთმა „რეზონანსმა" ჟურნალისტური გამოძიებაც კი ჩაატარა, რამაც კახა თარგამაძის გაღიზიანება გამოიწვია. „რკინის კაცმა" სტატიის ავტორს ელისო ჩაფიძეს სასამართლოში უჩივლა და ღირსების შელახვისთვის 1 მილიონის გადახდა მოითხოვა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ შევარდნაძის სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტთან დავა წააგო.
იმდროინდელ მოვლენებს ელისო ჩაფიძე „პრაიმტაიმთან" იხსენებს:
- 2001 წელს ანონიმური წყაროს ცნობით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობდა სპორტკლუბ „დინამოსთან" დაკავშირებით, რომლის წილშიც იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ხელმძღვანელობამ, კონკრეტულად შვიდმა მაღალჩინოსანმა ჩაატარა სამართლებრივი აფერა (როგორც ამას ბევრი ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავდა) და გადაწყვიტა, რომ აღნიშნული კლუბი უნდა დარეგისტრირებულიყო, როგორც შპს, რის შემდეგაც კლუბი, „დინამოელებისა" და შსს-ს ნაცვლად, კერძო მესაკუთრეების ხელში გადავიდა. ეს მესაკუთრეები გახდნენ შსს-ს მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები. დამატებით, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მათ, კონკრეტული ბრძანებულებით, „დინამოს" აღორძინებისთვის 7 მილიონ ლარამდე გამოუყოთ, მათვე გადაეცათ კლუბის მთელი ქონება, სავარჯიშოები, მოედნები და ა.შ. ამ სტატიამ გამოიწვია შსს-ს მაღალჩინოსნების გაღიზიანება, რის გამოც სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და მოითხოვეს 1 მილიონი ლარის გადახდა ღირსებისა და პატივის შელახვისთვის, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები აბსოლუტურად შეესაბამებოდა სიმართლეს, გამოთქმული შეფასებები კი ჯდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში. ამის შემდეგ, როგორც ვიცი, მოხდა გარიგება და უკვე კერძო შპს გაიყიდა ერთ-ერთ კომპანიაზე. თუ არ ვცდები, ეს იყო ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია.
-დღეს რამდენად რეალურად გეჩვენებათ ყოფილი „დინამოელების" მცდელობა, დაიბრუნონ საფეხბურთო კლუბი?
- ვფიქრობ, სამართლებრივი საფუძველი ამ დავას ნამდვილად აქვს, თუმცა, ალბათ, სასამართლომ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, ჰქონდა თუ არა ადგილი თავის დროზე ფიქციურ გარიგებას, რამდენად კეთილსინდისიერი მფლობელია დღევანდელი მეპატრონე და შესასწავლია, ასევე, ვადები, რადგან, როგორც წესი, ასეთ საქმეებს აქვს თავისი ხანდაზმულობის ვადა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან კახა თარგამაძისთვის და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებისთვის გამოყოფილი მილიონები, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ „რკინის კაცმა" კლუბის გასხვისება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე, როგორც ზევით აღინიშნა, „დინამოს", სამართლებრივ სტატუსთან ერთად, შეუცვალეს სახელწოდებაც. „თბილისის დინამო", ყველასთვის შეუმჩნევლად „დინამო თბილისი" გახდა და პოლიციელების ცოლების მფლობელობიდან ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში გადავიდა.
ირკვევა, რომ თარგამაძემ პატარკაციშვილს „დინამო" შეცვლილი სამართლებრივი სტატუსით მიჰყიდა, მას შემდეგ კი,რაც ბადრიმ ამის შესახებ შეიტყო, ის მზად იყო, კლუბი დინამოელებისთვის დაებრუნებინა. ამასვე ადასტურებს„დინამოს" იმდროინდელი დირექტორი ამირან ღიბრაძეც:
- მე თბილისის „დინამოში" მივედი 2004 წელს. მაშინ ჩემთვის უცნობი იყო, რომ თბილისის დინამო, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს გადასცეს, სულ სხვა შპს გახლდათ და არა ის „დინამო", რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობდა და უამრავი ტიტულის მფლობელი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სხვა შპს, რომელიც 2001 წელს შეუქმიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და კახა თარგამაძეს. როდესაც სპორტული დირექტორი გავხდი, უფრო ინტენსიურად ჩავიხედეთ ამ საკითხში. პირადად მქონდა საუბარი ბატონ ბადრი პატარკაციშვილთან და ავუხსენი მდგომარეობა, რომ ეს არ არის ის „დინამო", რომელიც აღიარებული იყო და ჰყავდა უამრავი გულშემატკივარი. სამართლებრივად ეს იყო სრულიად სხვა შპს და არანაირად არ წარმოადგენდა ძველი „დინამოს" სამართალმემკვიდრეს. ეს არ იცოდა ბადრიმ, ძალიან გაუკვირდა. ავუხსენი, რომ, თუ პრეტენზიას გამოთქვამენ ყოფილი დინამოელები, ამაზე შესაძლოა სამართლებრივი პრობლემები შეგვექმნას-მეთქი. უკვე 2007 წელს ბადრი მზად იყო, ეს კლუბი დინამოელებისთვის გადაეცა. ამბობდა, რომ, თუ რეალურად ეს შპს არ არის ძველი „დინამოს" სამართალმემკვიდრე და არსებობს სამართლებრივი პრობლემები, ტყუილად რატომ უნდა შევინახოთ გუნდიო. თქვენ წარმოიდგინეთ, გუნდი შვეიცარიაში დაფიქსირებული იყო, როგორც თასების თასის მფლობელი, რეალურად კი ეს ასე არ იყო და იურიდიულად, მოქმედი „დინამო" თასის მფლობელი არ გახლდათ.
- რამ შეაფერხა კლუბის „დინამოელებისთვის" დაბრუნების პროცესი?
- ბადრი წინააღმდეგი არ იყო, რომ კლუბი „დინამოელებისთვის" გადაეცა, მაგრამ შემდეგ ბადრი გარდაიცვალა. ეს იყო 2008 წელი და, შესაბამისად, ამ საკითხს გაგრძელება ვერ მიეცა. გუნდი დარჩა დაფინანსების გარეშე. მაშინდელ ხელისუფლებას დაბლოკილი ჰქონდა კლუბის საბანკო ანგარიშები. ბოლოს კი შედგა შეთანხმება პატარკაციშვილის მეუღლესა და ხელისუფლებას შორის. ინა გუდავაძე იძულებული გახდა, დათანხმებოდა ხელისუფლების შეთავაზებას. გამონახეს რომან ფიფია, რომელსაც „დინამო" გადასცეს.
წყარო - გაზეთი „პრაიმტაიმი"