reportiori.ge - გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევები არ შეწყვეტილა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 03:03
კულტურა
გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევები არ შეწყვეტილა...
ავტორი:
22 აგვისტო, 2015. 13:34


გრაკლიანის  გორაზე (კასპის რაიონი) მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციასთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უსახსრობის გამო 21 აგვისტოდან ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები შეჩერდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ფინანსების არარსებობის გამო ექსპედიციის შეჩერების თაობაზე კომენტარი მას არ გაუკეთებია.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აფინანსებს არქეოლოგიურ სამუშაოებს, ექსპედიციის სამივლინებო ხარჯებს და სტუდენტთა საველე პრაქტიკას. 2014-2015 წლებში გამოიყო 31 ათასი ლარი. გარდა ამისა, არქეოლოგიურ ექსპედიციას ფინანსები გამოუყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სამეცნიერო კვლევების თანადაფინანსება ასევე ხდებოდა სამეცნიერო ფონდებიდან. ამჟამად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარებით იგეგმება ტერიტორიის კონსერვაცია და გრაკლიანის გორაზე ღია არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ცოტა ხნის წინ გრაკლიანზე ახალი არტეფაქტი აღმოაჩინა, რომელიც მეცნიერთა აზრით, შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს.  უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გრაკლიან გორაზე გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა. შედეგად, ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების 300 000-წლიანი უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია.


არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი;  ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის ერთადერთი ანალოგი არსებობს ქ. სუზაში (ირანი).


მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016