თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კინოსტუდია ფილმის გადაღებას გეგმავდა. მუსიკალური გაფორმება რევაზ ლაღიძეს დაავალეს. სიმღერის ტექსტი პეტრე გრუზინსკიმ დაწერა. ასე შეიქმნა სიმღერა "თბილისო"...
1921 წლის 10 ივლისს, სოფელ ობჩაში, ილია ლაღიძისა და ლუბა ჯაფარიძის ოჯახში პირველი ვაჟი - რეზიკო დაიბადა. მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ პატარა რეზიკოს მთელი საქართველო გაიცნობდა...
ობჩაში ლაღიძეების საგვარეულო სახლი ისევ დგას მწვანედ აბიბინებულ ეზოში, ის ქვაც ხელუხლებელია, კომპოზიტორს რომ უყვარდა ჯდომა, ის ასწლოვანი ცაცხვი და მის ქვეშ - ხავსმოკიდებული სკამიც...
მასპინძლობას კომპოზიტორის ნათესავი, გივი ლაღიძე გვიწევს.
- ბაბუაჩემი და რეზოს მამა ბიძაშვილები იყვნენ. რეზო მარტო არასდროს სტუმრობდა მშობლიურ სოფელს, სამიოთხი კაცი ყოველთვის ახლდა. ქუთაისსა და ზესტაფონში რომ გაიგებდნენ, ჩამოვიდაო, მის სანახავად მოდიოდნენ. შინ მოსვლამდე გზად ყველასთან ჩერდებოდა და კითხულობდა თანასოფლელების ამბებს. უყვარდა ნადირობა და თევზაობა. მეც ხშირად თან დავყავდი.
მუსიკა ნებისმიერ დროს და სიტუაციაში შეეძლო დაეწერა. ერთხელ, მგზავრობის დროს, მოულოდნელად გააჩერა მანქანა, ამოიღო ნოტების რვეული, რაღაცა ჩაწერა და გზა განვაგრძეთ.
სულ მაინტერესებდა, კაბინეტში როგორ წერდა მუსიკას. უკვე სტუდენტი ვიყავი, კარის ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი... ცალ მხარზე ყოველთვის პირსახოცი ჰქონდა გადაკიდებული, მუსიკის დაწერისას ისე ნერვიულობდა, ოფლში ცურავდა... ახალ მელოდიას რომ დაწერდა, პატარა ბავშვსაც კი ასმენინებდა. ერთხელ წელი ჰქონდა გაშეშებული და იწვა. ახალი დაწერილი ჰქონდა "განთიადი". მაგნიტოფონი ჩართო და მომასმენინა. ძალიან მომეწონა და აღფრთოვანება ვერ დავმალე. ბავშვივით გაუხარდა...
დაკარგული ფანქრები
ბიძინა კვერნაძემ და რევაზ ლაღიძემ ბინები გაცვალეს. ბარგის გადატანა მე და თავის დისშვილს (დათო მაღრაძეს) დაგვავალა. გვითხრა, მუშებს უყარაულეთ, არაფერი მოიპარონო. ერთ ყუთში უამრავ ფანქარს გადავაწყდით. დათომ მითხრა, ეს ფანქრები რეზოს რად უნდა, ჩვენ გავინაწილოთო. მართლაც გავიყავით. ავეჯი ავიტანეთ და ყველა ნივთს თავისი ადგილი მივუჩინეთ. რეზომ რომ ნახა, მაშინვე ფანქრები მოიკითხა. დავიბენით, მაგრამ რა გვათქმევინებდა, ჩვენ მოვიპარეთო. ბოლოს მიხვდა და ხმა აღარ ამოუღია. არადა, ჩეხოსლოვაკიიდან საგანგებოდ ჩამოუტანია."
მწვანედ აბიბინებულ ეზოში ლაღიძეების საგვარეულო სახლი ისევ დგას, ის ქვაც ხელუხლებელია, რევაზ ლაღიძეს რომ უყვარდა ჯდომა, ის ასწლოვანი ცაცხვიც და მის ქვეშ - ხავსმოკიდებული სკამიც...
მის საფლავთან მუდამ ქალბატონი იდგა...
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. თუ შინ იყო, კარს ყოველთვის ის აღებდა. იმ დღეს მისმა ქალიშვილმა, ლელამ გამიღო კარი. რეზო გაფითრებული დამხვდა, მთელი ღამე არ მიძინია და ოჯახიც არ დავაძინეო. ობჩიდან შემწვარი წიწილა და მჭადი ჩავუტანე, მაგრამ ზედაც არ შეუხედავს. ვცადე გამემხიარულებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. რეზო ბიძიას დღეები დათვლილი ჰქონდა. ჩამოვედი ობჩაში და მეორე დღეს საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, რევაზ ლაღიძე გარდაიცვალაო. მას შემდეგ, რამდენჯერაც თბილისში ჩავდივარ, აუცილებლად მივდივარ მის საფლავზე. ერთხელ დარაჯმა მითხრა, რეზოს საფლავზე ყოველდღე მოდის ლამაზი ქალი და თავდახრილი დგასო. როცა აღმიწერა, მაშინვე მივხვდი - რეზოს ერთადერთი და, ეთერი მამიდა იყო..."
* * *
1935 წლის 26 მაისს სოფელ ობჩაში კიდევ ერთი დიდებული მუსიკოსი, ჯანსუღ კახიძე დაიბადა. დღეს იმ სახლის მხოლოდ ნანგრევებია
შემორჩენილი, სადაც მაესტრომ ბავშვობა გაატარა. კახიძეების ნამოსახლარის ახლოს მისი ბიძაშვილი ცისანა კახიძე ცხოვრობს.
- ჯანოს დედა მარგალიტა ნინიძე, გინეკოლოგი გახლდათ, მამა - ივანე კახიძე, თბილისის ღვინის #1 ქარხნის დირექტორი იყო. ერთი ძმა ჰყავდა, თენგიზი. ამ ოჯახში რძლად რომ მოვედი, ჯანო მაშინ ბავშვი იყო, აკორდეონს ვერ ძრავდა, მაგრამ ისე უკრავდა, სული შეგეკვრებოდა. მარგალიტა იტყოდა ხოლმე, გამაგიჟებს ეს ბავშვი, მაგიდის ქვეშ ძვრება, ბოთლი და ჩანგალი შეაქვს და ერთმანეთს უკაკუნებსო...
კახიძეების ლამაზ სახლს 12-მეტრიანი მოჩუქურთმებული აივანი ამშვენებდა. ორი სპილოს ძვლით გაწყობილი მაგიდა ჰქონდათ, მას რომ შლიდნენ, მთელ აივანს გასდევდა. სამწუხაროდ, სახლი დაიწვა და მისგან მხოლოდ ნანგრევები
იმ ადგილას, სადაც ჯანსუღ კახიძემ ბავშვობა გაატარა, დღეს მხოლოდ სახლის ნანგრევებია შემორჩენილი დარჩა. როდესაც ეს ამბავი ჯანსუღმა და თენგიზმა გაიგეს, აქეთ კარგა ხანს აღარ გამოუხედავთ. მერე სახლის აშენებაზე აღარც უფიქრიათ.
დრო არ ჰყოფნიდა
ვანდა კაკაბაძე რომ შეუყვარდა, ქუთაისში ჩავიდა მისი ხელის სათხოვნელად. სასიდედრომ დაიწუნა, ქალს ვერ გაგატანო. მაშინ ვანდა შინიდან გაიპარა და ჯანოს გაჰყვა. ობჩაში ბაბუამ ქორწილი გადაუხადა. მერე თბილისში წავიდნენ საცხოვრებლად... ყოველთვის დაკავებული იყო, არ ჰქონდა დრო, რომ სოფელში ხშირად ჩამოსულიყო. როცა ჩამოდიოდა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მოდიოდა.
ირინა კახიძე, ჯანოს ძმის, თენგიზის შვილიშვილი: - ყოველთვის უდროობას უჩიოდა, თუმცა როდესაც თავისუფალი იყო, მაშინვე მოდიოდა ბაბუას სანახავად. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდა.
P.S. ობჩაში ერთი დღე გავატარე. მეგონა, ამ მხარეში პირველად კი არა, უკვე ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი. რევაზ ლაღიძისა და ჯანსუღ კახიძის მუსიკა ენაცვლებოდა ერთმანეთს - აქ სხვა მელოდიებს ვერც მოვუსმენდი. ვუყურებდი გადამწვანებულ გორაკზე შეფენილ სოფელს და ვხვდებოდი, რომ რევაზ ლაღიძის "მზის და ვარდების მხარეში" ჯანსუღ კახიძესთან ერთად ყოველთვის "მოვა მაისი"...
წყარო: kvirispalitra.ge, თორნიკე ყაჯრიშვილი