რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია. არველაძემ განაცხადი ფედერაციის გენერალურ სამდივნოში უკვე შეიტანა.
მისი კანდიდატურა ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციამ და რამდენიმე ხმის უფლების მქონე 10-მა სუბიექტმა წარადგინა.
რევაზ არველაძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს, რათა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი საარჩევნო პერიოდში თანაბარ პირობებში იყოს.
„დღეს დავრეგისტრირდი, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი.
ამ პოზიციაზე ჩემთვის რამდენიმე პატივსაცემმა ორგანიზაციამ წარმადგინა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.
მინდა განვაცხადო, რომ ხვალიდან ვაჩერებ ყველა ტიპის აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივ საქმიანობასთან. ვიტოვებ მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას. უახლოეს პერიოდში UEFA-ს ეგიდით რამდენიმე, სტრატეგიული ფორუმი იმართება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის შემდგომი განვითარებისათვის. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, კერძოდ 17 სექტემბრიდან - გადავდგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან.
მინდა ჩემი გამოცდილება და კონტაქტები ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეს მოვახმარო. მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი წინადადება, რადგანაც სწორედ ერთობლივი ქმედებებით იქნება შესაძლებელი მთავარი მიზნის - ქართული ფეხბურთის წარმატების მიღწევა მისი სწორი განვითარების გზით."- აცხადებს არველაძე.
არჩევნები 3 ოქტომბერს არის დანიშნული. ამ დრომდე განაცხადი მხოლოდ ორმა კანდიდატმა წარადგინა. რევაზ არველაძის გარდა, განაცხადი მამუკა კვარაცხელიამ წარადგინა.