reportiori.ge - სკანდალური დოკუმენტი - რევაზ არველაძემ არჩევნები უკვე მოიგო?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 08:27
პრეს-დაიჯესტი
სკანდალური დოკუმენტი - რევაზ არველაძემ არჩევნები უკვე მოიგო?!
ავტორი:
26 აგვისტო, 2015. 11:14

 

 

"ახალი თაობა", (ნინო ბარბაქაძე)

 

 

3 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ქართულ ფეხბურთში. ამ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ვნებათაღელვაც ნელ-ნელა მატულობს.


ტემპი ჯერ, რა თქმა უნდა, დაბალია, თუმცა, სამაგიეროდ, ინტერესი და მოლოდინია უსაშველოდ დიდი. ერთნი სფფ-ის მოქმედ გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს ემხრობიან, მეორენი ვეტერანი ფეხბურთელის, ლევან კობიაშვილის გაპრეზიდენტებაში ხედავენ დაჩაჩანაკებული ქართული ფეხბურთის აღორძინების შანსს, იქით მერაბ ჟორდანიას გვარმაც გაიჟღერა, სპორტის ექსმინისტრ ლევან ყიფიანზეც ითქვა.


---

გუშინ რევაზ არველაძემ ოფიციალურად გააკეთა განცხადება დარეგისტრირების შესახებ. მანამდე კი ერთადერთი დარეგისტრირებული კანდიდატი უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია იყო, რომელსაც ადრეც უცდია არჩევნების მოგება, მაგრამ უშედეგოდ.


გულშემატკივრებში გავრცელებული ხმებით, ყველაზე დიდი ბრძოლა არველაძესა და კობიაშვილს შორისაა მოსალოდნელი.


ეს გასაგებიცაა - არველაძე უკვე წლებია, ფედერაციაში მუშაობს, სხვებზე მეტად გამოცდილია ამ საქმეში და მეტი ბერკეტიც გააჩნია შიგნიდან. სამაგიეროდ, კობიაშვილი უზომო პოპულარობით სარგებლობს ქომაგებში, თუმცა "ავისმსურველნი" მთავრობის ფავორიტად ასახელებენ და არჩევნებში ხელისუფლების ჩარევის მოსალოდნელ საფრთხეებზეც მიუთითებენ. ამის უმთავრეს მიზეზად კი ქვეყნის ვიცეპრემიერ კახა კალაძეს ასახელებენ, რომელსაც კობიაშვილთან ახლო მეგობრობა რომ აკავშირებს, ცნობილი ამბავია.


მოკლედ, კი ვთქვით, რომ ტემპი დაბალია, მაგრამ, დაგვეთანხმებით, უკვე საკმარისი მიზეზი ჩამოვთვალეთ, რათა დიდი ინტერესით დაველოდოთ არჩევნების დღეს და, ამავდროულად, პროფესიული მოვალეობაც შევასრულოთ - წინასაარჩევნო კამპანია გავაშუქოთ.


---


სწორედ წინასაარჩევნო ამბებზე მოგვიწევს ლაპარაკი ახლა, უფრო ზუსტად, სკანდალურ დოკუმენტებზე, რომლებიც ხელთ ჩაგვივარდა.


მივყვეთ მიმდევრობით: ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 35 ხმოსანი სუბიექტი მონაწილეობს, ოღონდ წლეულს ერთი გამონაკლისია _ სფფ-ის მიერ წინა ჩემპიონატიდან მოხსნილი საფეხბურთო კლუბი `ზესტაფონი~ დასჯილია და, შესაბამისად, ხმის უფლებაც შეუჩერდა.


იქიდან გამომდინარე, რომ „ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის აქტიურ ოპონენტად მიიჩნევა, შეიძლება ითქვას, რომ მისი დასჯით სწორედ არველაძემ მოიგო, რადგან ერთი პოტენციური ხმა ჩამოართვა კობიაშვილს.


დარჩა 34 სუბიექტი, რომელთაგან უმეტესობა რეგიონული ფედერაციები და ასოციაციებია, სწორედ ის ფილიალები, რომლებიც უშუალოდ სფფ-ის დაქვემდებარებაში შედიან - სულ 22 წევრი.


როგორც წესი, ეს სუბიექტები თავად ირჩევენ თითო დელეგატს ხმის უფლებით და სწორედ ამ დელეგატების სინდისზეა მომავალი პრეზიდენტის ბედი. ეგაა, აქამდე ჩატარებულ თითქმის არცერთ არჩევნებზე დელეგატებს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ალბათ ამიტომაც არ იყო ეს საკითხი აქტუალური. წლევანდელი არჩევნები კი ამ მხრივაც გამორჩეული ჩანს.


ჩვენ მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტებიც სწორედ ამ დელეგატებს ეხებათ _ რატომღაც, რეგიონული ფედერაციები დელეგატებად თურმე „ირ-ჩევენ" ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. სტატიაზე თანდართულ სურათებზე შეგიძლიათ ნახოთ გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის მიერ სფფ-ში გაგზავნილი დადგენილება, სადაც წერია, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატად არჩეულია გოჩა ტყებუჩავა. რომ არ დაგაბნიოთ, აქვე გეტყვით: ტყებუჩავა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია ანუ ის დღეს ოფიციალურად ითვლება ფედერაციის თანამშრომლად და, როგორ ფიქრობთ, ვინ დარჩება ამით მოგებული?


რიტორიკული კითხვა პასუხს, ალბათ, აღარც საჭიროებს, რადგან, თუ ლოგიკას მოვიშველიებთ და დანარჩენ 21 სუბიექტზეც მსგავს სცენარს წარმოვიდგენთ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რევაზ არველაძეს არჩევნებში წარმატება, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს.


---


ისე, ცოტა არ იყოს, უხერხულია, როცა სფფ-ის მაღალჩინოსნები ლამის თვეებია, არჩევნებში ხელისუფლების შესაძლო ჩარევაზე მიანიშნებენ და ამ დროს თავად ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით არიან დაკავებულნი.


აქვე ერთი საინტერესო დეტალიც უნდა ვახსენოთ: გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე ცოტა ხნის წინ პირადად „გამოუტყდა" ადგილობრივ ვეტერანებს, რომ ხმას არველაძეს აძლევდა და გურულების ფავორიტ მერაბ ჟორდანიაზე უარს ამბობდა. ამ შეხვედრაზე კი ებრალიძემ გასაოცარი საქციელითაც მოიწონა თავი - თურმე ის ძალიან ამაყობს იმით, რომ ორჯერ შეძლო, უმაღლეს ლიგაში ეთამაშებინა ლანჩხუთის „გურია", მაშინ როცა კლუბს საამისო ლიცენზია არ გააჩნდა.


დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია.


კულუარულმა წყარომ, ტყებუჩავას გარდა, სხვა სუბიექტების მიერ დასახელებული საინტერესო დელეგატებიც გაგვიმხილა: ოთარ კორღალიძე (ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი), ნიკა ჩხეიძე (ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორი), გიორგი ხაჩიძე (სფფ-ის აკადემიის მენეჯერი). ბავშვთა სკოლების ასოციაციას სუ-ლაც არჩილ არველაძე ხელმძღვანელობს.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე კონტროლი უშუალოდ სფფ-ის გენერალურ სამდივნოს ევალება, თუმცა ინფორმაცია მიუწვდომელი რჩება სხვა კანდიდატებისთვის, მაშინ როცა რევაზ არველაძე ამ მხრივაც უპირატესობაშია.


ჩვენი ინფორმაციით, სამდივნოში უკვე 15-მდე განცხადებაა შესული იდენტური შინაარსით _ ყველა არველაძეს უჭერს მხარს, ხოლო დელეგატად სფფ-ს თანამშრომელია წარდგენილი. არადა, თავად არველაძეც და მისი ოპონენტებიც ღიად აცხადებენ, რომ ჯერჯერობით სუბიექტებთან შეხვედრები და საკუთარი პროგრამების პრეზენტაცია არც კი დაუწყიათ. არველაძემ ოფიციალურად მხოლოდ გუშინ განაცხადა, რომ უფლებამოსილებას იჩერებს და კანდიდატად წარდგენილია. ეს იმ დროს, როცა ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ მისი წარდგენა სუბიექტებმა ერთი კვირის წინ დაიწყეს.



უფრო მეტიც, 14 აგვისტოს, პარასკევს, გახდა ცნობილი არჩევნების თარიღი, 17 აგვისტოს, ორშაბათს, დაიწყეს კანდიდატურად არველაძის წარდგენა. ალბათ, დღესავით ნათელია, რატომ ასაიდუმლოებდა ამას არველაძე. ყველა დოკუმენტაცია მხოლოდ მისთვისაა ხელმისაწვდომი. დანარჩენი კანდიდატებისთვის წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე აზრს კარგავს.


მოკლედ, ფეხბურთში მრავალჯერ ნახსენები „ყველაზე კარგი დაცვა თავდასხმაა" რევაზ არველაძემ საკუთარ თარგზე მოჭრა და... თუ რამე სასწაული არ მოხდა, ალბათ, არჩევნებსაც ამით მოიგებს.


ამ ყველაფრის ფონზე ჩვენთვის ძალიან უცნაურია სხვა კანდიდატების დუმილი, თუმცა, ვფიქრობთ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველის.


 


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016