მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება, რომელსაც შვეიცარიულ კომპანია "Multiplex"- ს უკავშირებენ. ჩვენ შევძელით ამ პროექტის იდეის ერთ-ერთ ავტორთან გია შავდიასთან დაკავშირება. ბიზნესმენი 1990 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს და მისი ბიზნესი ნავთობს, ნავთობის გადამუშავებას და ვაჭრობას უკავშირდება. „რეზონანსი" გია შავდიასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
-როდის დაიბადა ქარხნის აშენების იდეა და ვინ არიან კომპანია „Multiplex"ის პარტნიორები?
-პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი პროექტით. რაც შეეხება თქვენს კითხვას მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, შესაძელებელი გახდა მსხვილი ინვესტიციების მოზიდვასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტზე ფიქრი.
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ - კომპანია "New Art Way" ჩვენს პარტნიორ კომპანია"Multiplex"თან ერთად, რომელიც საქართველოს ბაზარზე დიდი ხანია მუშაობს და კარგად იცნობს მას, დეტალურად შევისწავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ინფრასტრუქტურა და დღესდღეობით მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები ნავთობის გადამუშავებაში. შემდეგ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საშუალო ზომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. საშუალო ზომა 2 მილიონიდან 3 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავებას ითვალისწინებს. ჩვენ კონცენტრირება მსუბუქი ნავთობის გადამუშავებაზე გავაკეთეთ. გარდა კომპანია"Multiplex"სა და სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომპანია "New Art Way"სა, ჩვენს პროექტში ჩართული იქნებიან მსხვილი ევროპული საინვესტიციო ჯგუფები.
-პრესაში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა იქნება. რას ითვალისწინებს ეს?
-ჩვენი ინოვაცია მდგომარეობს შემდეგში - შევაერთეთ კატალიტიკური კრეკინგი და ელექტროენერგიის გამომუშავება. ამასთან ერთად მინდა დავძინო, რომ ჩვენს მთავარ პრიორიტეტს ევროპული სტანდარტის პროდუქციის წარმოება და ეკოლოგიური ნორმების დაცვა წარმოადგენს.
ნავთობის გადამუშავების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს გოგირდის უტილიზაცია. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ჩვენ ვიყენებთ საქართველოში დამუშავებულ ტექნოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს გოგირდისგამოტუტვას საქართველოში არსებული მარგანეცის მადნის ნარჩენების საშუალებით, რაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით არის დაგროვილი. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება მანგანუმის სულფატი, რაც აგრეთვე საექსპორტო პროდუქციაა. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ორ პრობლემას ვწყვეტთ. პირველი-ჩვენ მთლიანად ვაცილებთ გოგირდის შემცველობას პროდუქციასრომელსაც ვაწარმოებთ, მეორე - მავნე აირების გაბნევაატმოსფეროში პრაქტიკულად ნულამდე იქნება დაყვანილი. ქარხანა გამოიმუშავებს არა მხოლოდ ევროსტანდარტის ბენზინს, დიზელსა და თხევად გაზს, არამედ გამოიმუშავებს ელექტრონერგიასაც, დაახლოებით 50 მეგავატს საათში. ამ ორი ტექნოლოგიის შერწყმა საშუალებას გვაძლევს არსებული ენერგორესურსები თითქმის 85 %-მდე გამოვიყენოთ, რაც რეალურად ძალიან კარგი მაჩვენებლია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც საქართველოს ბაზარზე გაიყიდება, დააკმაყოფილებსევრო სტანდარტის მოთხოვნებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური გარემოსათვის, რადგან გამონაბოლქვში მავნე აირების შემცირება ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს.
-თქვენ ევროსტანდარტი ახსენეთ და მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, რას ითვალისწინებს ევროსტანდარტის ნორმა?
-ეს არის დადგენილი ევრო-5 სტანდარტი, როგორც დიზელის, ისე ბენზინის საწვავისთვის. ეს სტანდარტი ითვალისწინებს, რომ ბეზინშიც და დიზელშიც გოგირდის შემცველობა 10 PPM-ს არ უნდა აღემატებოდეს (10 მემილიონედ ნაწილს). სწორედ ეს არის ის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც მიღებულია მთელს მსოფლიოში.
-რატომ შეირჩა ბათუმი თქვენი პროექტის განსახორციელებლად?
-როგორც ზემოთ ავღნიშნე, კომპანია"Multiplex"თან ერთად, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამუშავებდით პროექტს და დავრწმუნდით, რომ ბათუმს რამოდენიმე სერიოზული პრიორიტეტი გააჩნია სხვა ზღვისპირა ქალაქებთან შედარებით:
- მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ბათუმი მჭიდროდ გახლავთ დაკავშირებული ნავთობის ექსპორტთან და მის გადამუშვებასთან.1924 წელს აშენებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 90-ნი წლების ბოლომდე ფუნქციონირებდა (70 წლიანი ტრადიცია). აგრეთვე, საინტერესო ფაქტია, რომ მსოფლიოში პირველი ნავთობის ტანკერი აზერბაიჯანული ნავთობით, სწორედ ბათუმში დაიტვირთა. ბათუმის ნავთობის სატრანზიტო პორტად ჩამოყალიბება მჭიდროდ უკავშირდება ძმები ნობელების სახელს.
- ბათუმს კარგად აქვს განვითარებული სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა. პორტი და ნავთობტერმინალი საშუალებას იძლევა დამუშავებულ იქნას 80 000 ტონიანი ტანკერები. რადგან 2 მილიონი ტონის გადამუშავებისთვის, ჩვენ ყოველთვიურად უნდა შევძლოთ 160-200 000 ტონა ნავთობის მიღება და წარმოებული პროდუქციის გატანა მსოფლიო ბაზრებზე. ასეთი ამოცანის გადაწყვეტა კი დღეისათვის საქართველოს სხვა არცერთ ქალაქს არ შეუძლია.
- წარმოების ნედლეულით (მსუბუქი ნავთობი) მომარაგების სტრატეგია ეყრდნობა თავისუფალ ბაზარზე მსუბუქი ნავთობის შესყიდვას, რაც თავიდან აგვაცილებს პოლიტიკურ სპეკულაციურ რისკებს. მხოლოდ შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მინიმუმ 40-45 მილიონი ტონა მსუბუქი ნავთობი გამოდის თავისუფალ ბაზარზე.
იმისათვის, რომ ქარხანამ ვიზუალურად არ დაამახინჯოს ქალაქის ხედი, ქარხნის დანადგარების თითქმის მთელი ნაწილი იქნება დახრილი - ანუ გათვლილი იქნება კოლონებზე, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 12მეტრს. აქედან გამომდინარე, არც ზღვიდან, არც ქალაქიდან და არც ავტოსტრადიდან ქარხანა არ გამოჩნდება.ქარხნის საცავები აღჭურვილი იქნება „მცურავი სახურავებით" და „სპეციალური დამჭერებით", რაც ფაქტობრივად გამორიცხავსაირებისა და ნავთობის სუნის გავრცელებას ატმოსფეროში. სწორედ ამ სისტემას იყენებს BP სუფსის ტერმინალზე. აგრეთვე აშენდება სპეციალური ხმაურდამცავი ნაგებობები. მოკლედ რომ ვთქვათ, ქარხანა აღჭურვილი იქნება დღეისათვის არსებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგიით.
-რა მდგომარეობაშია ძველი ქარხნის ტერიტორია და რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავთ?
-ძველი ქარხნისაგან დარჩენილია მხოლოდ სახელი. ტერიტორია ძირეულად არის გასასუფთავებელი ნანგრევებისაგან და წლების მანძილზე მიწაში ჩაღვრილი ნავთობის მძიმე ნარჩნებისაგან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ქარხნის ტერიტორია მთლიანად გავათავისუფლოთ ამ მიწისაგან, განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მიწის ის ნაწილი, რომელიც გაწმენდას ან გატანას არ ექვემდებარება, დავფაროთ ბეტონის შრეებით.ეს ყველაფერი ბიუჯეტში გვაქვს გათვალისწინებული.
-თქვენ ახსენეთ, რომ ნავთობის გადამუშავების გარდა, ქარხანა ელექტრონერგიასაც გამოიმუშავებს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენს მიერ გამომუშავებული ელექტრონერგია ადგილობრივი ბაზრისათვის?
-ქარხანა გამოიმუშავებს დაახლოებით 50 მეგავატს საათშისაბაზისო ელექტრონერგიას. ეს არ იქნება ელექტროენერგია, რომელიც ამინდზე და წყლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ვფიქრობთ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო აჭარის რეგიონისათვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც. საწარმოში დასაქმდება 200 მდე ადამიანი და ქვეყნის ბიუჯეტიც მიიღებს სოლიდურ სარგებელს. ჩვენ ვაპირებთ 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას საწარმოში, დაახლოებით 18 თვეში მის დასრულებას და წელიწადში 2 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებას. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, შესაძლებელი გახდება მეორე ეტაპის ამუშავებაც - წარმადობის გაზრდა, რომელიც ასევე დამატებით 150-200 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ეკოლოგიის საკითხებში ერთ-ერთ წამყვან კომპანია „გამა"სთან, რომელმაც თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოთქვა მზადყოფნა სრული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამოდენიმე წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან სრული ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად.
წყარო: „რეზონანსი"