გაზეთი „ახალი თაობა" სფფ პრეზიდენტობის მოახლოებულ არჩევნებზე წერს, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართება. გამოცემა დოკუმენტს აქვეყნებს, რომლის მიხედვით იუწყება, რომ არჩევნები ფაქტობრივად სფფ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, რევაზ არველაძეს უკვე მოგებული აქვს.
„ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 35 ხმოსანი სუბიექტი მონაწილეობს, ოღონდ წლეულს ერთი გამონაკლისია _ სფფ-ის მიერ წინა ჩემპიონატიდან მოხსნილი საფეხბურთო კლუბი `ზესტაფონი~ დასჯილია და, შესაბამისად, ხმის უფლებაც შეუჩერდა.
იქიდან გამომდინარე, რომ „ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის აქტიურ ოპონენტად მიიჩნევა, შეიძლება ითქვას, რომ მისი დასჯით სწორედ არველაძემ მოიგო, რადგან ერთი პოტენციური ხმა ჩამოართვა კობიაშვილს.
დარჩა 34 სუბიექტი, რომელთაგან უმეტესობა რეგიონული ფედერაციები და ასოციაციებია, სწორედ ის ფილიალები, რომლებიც უშუალოდ სფფ-ის დაქვემდებარებაში შედიან - სულ 22 წევრი.
როგორც წესი, ეს სუბიექტები თავად ირჩევენ თითო დელეგატს ხმის უფლებით და სწორედ ამ დელეგატების სინდისზეა მომავალი პრეზიდენტის ბედი. ეგაა, აქამდე ჩატარებულ თითქმის არცერთ არჩევნებზე დელეგატებს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ალბათ ამიტომაც არ იყო ეს საკითხი აქტუალური. წლევანდელი არჩევნები კი ამ მხრივაც გამორჩეული ჩანს.
ჩვენ მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტებიც სწორედ ამ დელეგატებს ეხებათ _ რატომღაც, რეგიონული ფედერაციები დელეგატებად თურმე „ირ-ჩევენ" ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. სტატიაზე თანდართულ სურათებზე შეგიძლიათ ნახოთ გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის მიერ სფფ-ში გაგზავნილი დადგენილება, სადაც წერია, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატად არჩეულია გოჩა ტყებუჩავა. რომ არ დაგაბნიოთ, აქვე გეტყვით: ტყებუჩავა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია ანუ ის დღეს ოფიციალურად ითვლება ფედერაციის თანამშრომლად და, როგორ ფიქრობთ, ვინ დარჩება ამით მოგებული?
რიტორიკული კითხვა პასუხს, ალბათ, აღარც საჭიროებს, რადგან, თუ ლოგიკას მოვიშველიებთ და დანარჩენ 21 სუბიექტზეც მსგავს სცენარს წარმოვიდგენთ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რევაზ არველაძეს არჩევნებში წარმატება, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს."- წერს „ახალი თაობა".
http://reportiori.ge/?menuid=68&id=74823