აფხაზეთის მთავრობის ცნობით, ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისში ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაივანებს.
ხატი, „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით დაიწერა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დაახლოებით ერთი წელია მოგზაურობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიებში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც დიდი რაოდენობით არიან აფხაზეთიდან დევნილები.
„ნიშანდობლივია, რომ ეს მოგზაურობა ხატმა 2014 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, სოხუმის დაცემის დღეს დაიწყო.
ეს დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გმირთა მოედანზე, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აფხაზეთის ხელისუფლებას იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სადაფის ქვისგან თლილი ჯვარი გადასცა ყოველგვარ ბოროტებაზე გამარჯვების ნიშნად.
ბოროტებაზე გამარჯვებას, მტრის მზაკვრობათა განქარვებას, წილხვედრი ერის გამთლიანებას, ქართველთა და აფხაზთა გულებში ჭეშმარიტი სინანულისა და ურთიერთმიტევების დანერგვას შესთხოვდა დედა ღვთისას ამ ერთი წლის მანძილზე სრულიად საქართველოს ეკლესიის მრევლი და, განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობა ქუთაის-გაენათის, ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ბათუმისა და ქობულეთის, ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, სამთავისისა და გორის, ალავერდის, ჭყონდიდის ეპარქიების სხვადასხვა ტაძრებში", - ნათქვამია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.