გაზეთ „რეზონანსის" ინფორმაციით, ჟურნალისტ ვასილ სილაგაძეს, რომელსაც 2003 წელს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მარჯვენა ხელ-ფეხი და ხორხი აქვს დაზიანებული, დახმარება ესაჭიროება.
თბილისის №1 კლინიკურ საავადმყოფოში პროფესორ ვახტანგ ქაცარავასა და ექიმ რობერტი კობეჩიას ძალისხმევით ვასილ სილაგაძეს საერთო ჯამში შვიდი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება.
„2011 წელს ვასილ სილაგაზე, გერმანიაში მცხოვრები ქართველების მეშვეობით, იქ არსებულ „ბაუერმედის" კლინიკას დაუკავშირდა. მის მიერ გაგზავნილი საბუთების განხილვის შედეგად გერმანელმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ შესაბამისი კურსის ჩატარების შემთხვევაში, ვასოსთვის ხელ-ფეხის ფუნქციის 85%-ით აღდგენას შეძლებდნენ. კურსის ღირებულება 13 ათასი ევროა, რაც ეკონომიკურად საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი სილაგაძეების ოჯახისთვის ძალიან დიდი თანხაა", - ამბობს ქაცარავა.
2015 წლის ივნისში ვასილ სილაგაძე დაუკავშირდა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომელმაც მას სარეაბილიტაციო კურსის სრულად დაფინანსება აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ თუ იგი წარადგენდა ექიმ-ექსპერტის დასკვნას იმის შესახებ, რომ მას საზღვარგარეთ სარეაბილიტაციო კურსის გავლა ნამდვილად ესაჭიროებოდა.
„ნიუ ჰოსპიტალის" სარეაბილიტაციო ცენტრის უფროსმა თეიმურაზ მარღანიამ სილაგაძეს უთხრა, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო და ამხელა თანხის გერმანიაში გადარიცხვას აზრი არ ჰქონდა. მარღანიამ სილაგაძეს ამ თანხის „ნიუ ჰოსპიტალში" გადარიცხვა და შესაბამისი კურსის იქ გავლა შესთავაზა, თუმცა რაიმე გარანტია, რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა, არ მიუცია.
უკვე სამი წელია რაც ვასილ სილაგაძე სამკურნალო კურსს ურეკში იტარებს. ამას იგი მეგობრების დამხარებითა და საპენსიო კრედიტის მეშვეობით ახერხებდა. ამ ეტაპზე, კრედიტების ხშირი გამოტანის გამო, მას პენსიის გაცემა ორი წლით შეუჩერდა. იგი თვეში მხოლოდ 48 ლარს იღებს. შესაბამისად, მისთვის საჭირო თანხას, 600 ლარს, ურეკში მორიგი სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად იგი ვერ აგროვებს.
„რეზონანსი" აქვეყნებს ვასილ სილაგაძის საბანკო ანგარიშის ნომერს:
(თი ბი სი ბანკი) GE81TB7102345063600014
წყარო: რეზონანსი