ცნობილი ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 1 სექტემბერს შეიტანს.
ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებას გეგმავენ ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს დახვდებიან და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაუდასტურებენ. ამასთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფმა განცხადებაც გაავრცელა და ყველა მხარდამჭერს 13:00 საათზე ფედერაციასთან შეკრებისკენ მოუწოდა.
„1 სექტემბერს, 13:00 საათზე, ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ოფიციალურად დარეგისტრირდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად. ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ქართულ ფეხბურთზე, მოგიწოდებთ, ერთად გავამხნევოთ ჩვენი ფავორიტი და დავუდგეთ გვერდში. ფედერაციასთან, კანდიდატურის დარეგისტრირების შემდეგ, კობის ჩვენ დავხვდებით, ჩვენ მივესალმებით, ჩვენ გამოვუცხადებთ მხარდაჭერას, რამეთუ ჩვენ გულშემატკივრები ვართ და ფეხბურთი პირველ რიგში ჩვენია! ყველას გელოდებით ფედერაციასთან, რათა ერთად დავასრულოთ ის, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება", - ნათქვამია ლევან კობიაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის განცხადებაში.