ბოლნისის "სიონის" დირექტორის ლადო ბურდულის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს სპეკულირება და ქართული ფეხბურთი წავიდეს აყვავების გზაზე. განცხადება ბურდულმა "აიპრესთან" საუბრისას გააკეთა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა.
მათ შორის იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ ბოლნისის "სიონის" დირექტორი ლადო ბურდული.
"დღეს "კობიმ" გახსნა საარჩევნო კამპანია, ხვალ იქნება რეზი არველაძის. გავეცნობით, თუ რა პროგრამებია, რას გვთავაზობენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ვის ექნება სახელმწიფო მხარდაჭერა, ვის ექნება ფინანსების მოზიდვის ხერხები იმიტომ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ფინანსებია. თუ ფინანსები არ ჩაიდო, ინფრასტრუქტურები არ გაძლიერდა, სტადიონები არ აშენდა, მოედნები არ გამოსწორდა, სავარჯიშო ბაზები არ გაკეთდა, ეროვნულ ნაკრებს ახალგაზრდა, ასაკობრივებიდან პატარა ბავშვები, ფეხბურთელები არ მიეწოდა და არ გაიზარდა, ესე ხომ ისევ ერთ ადგილას ვიტრიალებთ?! აქედან გამომდინარე, გავეცნობით ორივეს პროგრამას და ამის მერე იქნება, თუ ვინ რას სთავაზობს ქართულ ფეხბურთს. ყველაფერი მნიშვნელოვანია - საიდან იქნება, რა გარანტიებით, როგორ იქნება, რა პროგრამა, რამდენ წლიანი. ჩვენ ხომ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სპეკულირება დამთავრდეს და ქართული ფეხბურთი წავიდეს აყვავების გზაზე. პროგრამებს გავეცნობი და უფრო ადვილი იქნება მერე კომენტარების გაკეთება. ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც ექნება მხარდაჭერა, ექნება შანსი მოიზიდოს სპონსორები და ჩადოს ფინანსები ქართულ ფეხბურთში", - განაცხადა ლადო ბურდულმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს დაინიშნა.
ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დარეგისტრირებული კანდიდატები, ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია არიან. ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი კი თავის კანდიდატურას ოფიციალურად ხვალ დაარეგისტრირებს.
წყარო: აიპრესი