ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე სასტუმრო "რედისონში" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს. ის ერთ-ერთ მთავარ პირობად ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გაყვანას დებს.
"ჩემთვის, როგორც რეზო არველაძისთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ყოფილი მწვრთნელისთვის და საფეხბურთო ფუნქციონერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება.
წარმატება არის ჩვენი ყველაზე მთავარი ლოზუნგი, საქართველოს ნაკრები 2020 წელს უნდა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. განვითარება წარმატების გზით სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ მარტო განვითარებაზე და არ ვიფიქროთ შედეგზე. შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს მაყურებელი სტადიონზე, რასაც მოჰყავს ბავშვები ფეხბურთზე და რაც მშობელს აწყვეტინებს, რომ ბავშვები მიიყვანოს ფეხბურთზე. იმ შემთხვევაში, თუ გავხდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მე მინდა, რომ ოთხი წლის შემდეგ გვყავდეს უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი მწვრთნელი, უფრო განათლებული მენეჯმენტი, უფრო ძლიერი კლუბები და ამაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც.
ბუნებრივია, ფეხბურთის განვითარებისთვის, ამ ღირებულებების ცხოვრებაში მოყვანისთვის, გეგმის შესრულებისთვის შევეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ის დრო, რომელიც მომეცემა იმ შემთხვევაში თუ ამირჩევენ ფედერაციის პრეზიდენტად. ეს ეხება დაწყებული საქართველოს ნაკრებიდან, დამთავრებული მასობრივი ფეხბურთის განვითარებით", - განაცხადა არველაძემ.
პრეზენტაციას ესწრებიან ბიზნესმენები, სპორტსმენები და სახოგადოებისთვის ცნობილი სახეები.