„ქართულ ფეხბურთში დღეს ყოვლად მიუღებელი სიტუაციაა. მდგომარეობა სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ ფეხბურთი აღარ გვექნება. ლევან კობიაშვილი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ ქართულ ფეხბურთს სათავეში ჩაუდგეს. მჯერა, რომ იგი საკუთარი წესიერებითა და პროფესიონალიზმით საქმეს ღირსეულად გაუძღვება", - თქვა დავით კოპალიანმა, გულშემატკივარმა, რომელიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ლევან კობიაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
ამავე პოზიციაზეა ქომაგი ზურაბ გრძელიძეც: „აქ მოვედით ის ხალხი, რომლებსაც გული გვტკივა მომაკვდავი ქართული ფეხბურთის გამო. რევაზ არველაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მორალური უფლებაც არ აქვს, რადგან სამი პრეზიდენტის დროს ფედერაციაში მეორე-მესამე კაცი იყო და ქართული ფეხბურთის დანგრევაში აქტიური თანამონაწილეობა მიიღო. მოვედით იმიტომ, რომ გვჯერა, ფეხბურთს ლევან კობიაშვილი დაგვუბრუნებს".
კობიაშვილმა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურის დარეგისტრირების შემდეგ გულშემატკივრებს ავტოგრაფები ჩამოურიგა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.