ალბათ, ყველა შეგნებულ ადამიანს, კონკრეტული მიმართულებით სურს რომ წარმატებული იყოს და იღწვის ამისთვის. თუმცა, შედეგის მისაღებად შრომაა საჭირო.
თავისთავად არაფერი ხდება. ადამიანები თავად ქმნიან საკუთარ გზას და თავად ირჩევენ რა უნდათ ამ ცხოვრებაში.
ყველაზე ძნელი კი სწორი არჩევანის გაკეთებაა, მაშინ როდესაც ადამიანი შეიძლება მრავალი გამოწვევის წინაშე დადგეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანმა თავიდანვე დაისახოს მიზანი და იბრძოლოს მის განსახორციელებლად. ამ ბრძოლაში კი მთავარი იარაღი, დღეს XXI საუკუნეში, - განათლებაა. სწორედ განათლებაა ის საფუძველი, რაზეც ადამიანმა წარმატებული მომავალი უნდა დააფუძნოს.
ახლანდელი ახალგაზრდებისათვის პრიორიტეტი სწორად მიღებული მაღალი ხარისხის განათლებაა. სასიამოვნოა, როდესაც განათლებულ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, რომელმაც იცის რას, რატომ და რისთვის აკეთებს.
„თბილისი თაიმსმა" ინტერვიუ სწორედ ასეთი ადამიანისგან - რატი ბრეგაძისაგან აიღო. ჩვენ მას ჯერ კიდევ მისი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეობის დროს ვესაუბრეთ. ახლა კი „თბილისი თაიმსი" ულოცავს მას განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ დანიშვნას და წარმატებას უსურვებს.
რატი ბრეგაძეს ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული საქმიანობებიდან მივაგენით. მას შემდეგ რაც მისი ხედვები და პოზიციები მოვისმინეთ, დავინტერესდით მეტი გაგვეგო მისი საქმიანობის და პიროვნების შესახებ. მასთან საუბრისას მივხვდი, რომ ყველა საქმეს, რომელსაც ის ემსახურება ერთი საფუძველი აქვს და ეს არის საქართველოს სიყვარული.
იგი ცხოვრების ყველა ეტაპზე ცდილობდა საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გაეტანა და საკუთარი ქვეყანა სხვებისათვის გაეცნო. მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე დიდი ასაკის არის, მან საკმაოდ ბევრი მოასწრო და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ კიდევ ბევრის გაკეთებას შეძლებს. ამაში მკითხველი თავად ინტერვიუდან დარწმუნდება მართალია ინტერვიუ მოცულობითი გამოვიდა, თუმცა საინტერესოა და ვფიქრობ ცოტა დროს თუ სოციალური ქსელის ამბების დათვალიერებას მოაკლებთ და ერთ საინტერესო ქართველ ახალგაზრდას გაიცნობთ, ურიგო არ იქნება. მკითხველი თავად ამ ინტერვიუდანაც ბევრს შეიძენს და დაფიქრდება. რატი ახლაც საკუთარი სამშობლოს სამსახურშია ინოვაციური იდეებითა და XXI საუკუნისათვის საჭირო ენერგიით. უფრო დაწვრილებით კი მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
- მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია მოკლედ...
- დავიბადე 1982 წლის 12 დეკემბერს, თბილისში ექიმისა და ისტორიკოსის ოჯახში. ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გაგიმხილოთ, გამოცვლილი მაქვს 10 სკოლა. თავიდან ნუცუბიძის პლატოზე ვცხოვრობდი, სადაც 1989 წელს შევედი გერმანულ სკოლაში. შემდეგ ეს სკოლა გაიყო, ამიტომ გადავედი ბროსეს ქუჩაზე. აქ ჩემი კლასი ისევ გაყეს და უკან დავბრუნდი. შემდეგ გადავედი მე-6 სკოლაში.
მოგეხსნებათ, 90-იან წლებში თბილისში სწავლის საკმაოდ დაბალ დონე იყო, გაკვეთილებიც საკმაოდ ხშირად ცდებოდა, სრულიად გასაგები და ობიექტური მიზეზების გამო. ბებიაჩემი მოსკოვში ცხოვრობდა, ერთ ზაფხულს მეც ჩავედი მოსკოვში, ვნახე იქაური სკოლა, მომეწონა და სპონტანურად გადავწყვიტე სწავლის იქ გაგრძელება. დავრეკე სახლში და დედას ვუთხარი, რომ მოსკოვში ვრჩებოდი სასწავლებლად. ამ დროს მეშვიდე კლასში ვიყავი და კარგად მახსოვს დედას გაოცება. იქ გავატარე გარკვეული პერიოდი ბებიასთან ერთად, მერე ჩემი ოჯახი ცოტა ხნით პეტერბურგში გადავიდა. იქ ჩემს სკოლაში გერმანულ ენაში ჩატარდა ოლიმპიადა IX-XI კლასელებისათვის, მე კი ამ დროს VIII კლასში ვიყავი. მასწავლებელს ვთხოვე და ამ ოლიმპიადაზე გამონაკლისის სახით დამიშვეს. უბრალოდ მონაწილეობა უნდა მიმეღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გავიმარჯვე. ახლაც კარგად მახსოვს 31-დან 29 ქულა ავიღე და ჩემთვის ეს იყო პირველი ყველაზე დიდი გამარჯვება. მოგეხსენებათ რუსეთში ჩვენს მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით იმ პერიოდშიც უკვე აღარ გამოირჩეოდნენ. ყოველთვის მქონდა იმის სურვილი დამემტკიცებინა, რომ ქართველებს ძალიან ბევრი შეგვიძლია. ეს არ იყო ჩემი, როგორც რატი ბრეგაძის წარმატება. მახსოვს, როდესაც სკოლაში მივედით გამოკრული იყო მცირე ზომის დაფა, სადაც ეწერა: ,,მიესალმეთ გამარჯვებულს, და ქვემოთ ქართული სახელი და გვარი იყო მიწერილი. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. ამ ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ წილად მხვდა მესწავლა პეტერბურგში, პეტრე პირველის დროს დაარსებულ სკოლაში და ამავდროულად მონაწილეობა მივიღე გერმანიაში მოსწავლეთა საერთაშორისო შეხვედრაზე. ეს იყო დაახლოებით ორ კვირიანი დიდი შეხვედრა. მას შემდეგ საკმაოდ მყარად გადავწყვიტე, რომ განათლება გერმანიაში მიმეღო. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა, საბჭოთა პერიოდის, განსაკუთრებით ჩემი პერიოდის საკმაოდ მძიმე ბავშვობა. მოგეხსენათ - სამოქალაქო ომი, შემდეგ ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთის ომი... სრული ქაოსი და გაუგებრობა, არც შუქი, არც წყალი, არც გაზი.. რუსეთში შედარებით განსხვავებული პირობები იყო ამ კუთხით, მაგრამ გერმანიამ საერთოდ სხვაგვარი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. მახსოვს პირველი გაკვირვება, როდესაც მატარებელი უხმოდ მოძრაობდა. ამის შემდეგ წაგვიყვანეს და გვანახეს ბიბლიოთეკები, ახალგაზრდული ცენტრები... დავრწმუნდი, რომ განათლება აუცილებლად გერმანიაში უნდა მიმეღო. განსაკუთრებით გამაოცა მათმა ორგანიზებულობამ და განვითარების საკმაოდ მაღალმა დონემ.
ამის შემდეგ, ისევ საქართველოში დავბრუნდი და სწავლა მე-6 სკოლაში განვაგრძე, შემდეგ გადავედი ალმა-მატერის კოლეჯში, ბოლოს ოლიმპიური რეზერვების სკოლაში. 2000 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. იქ ვსწავლობდი 2000 წლიდან - 2005 წლამდე, პოლიტიკური და ისტორიული თვალსაზრისითაც საკმაოდ საინტერესო პერიოდი იყო. 2003 წელს ამირჩიეს იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარედ. მაშინ უკვე მეგობრებთან ერთად საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ მცდელობა, რომ გარკვეული გარდატეხა შეგვეტანა სტუდენტურ ცხოვრებაში.
იმ პერიოდშიც ხშირად მიწევდა უცხოეთში გამგზავრება და ყოველთვის ვცდილობდი, რომ გარკვეული მაგალითი ამეღო მაღალგანვითარებული ქვეყნებისაგან. ასევე, 2003 წელს გავიმარჯვე კონკურსში და წავედი ზაარლანდის უნივერსიტეტში. ზაარლანდში ვსწავლობდი ერთი სემესტრის განმავლობაში და სწავლის პარალელურად დავიწყე პრაქტიკა იქაურ სტუდენტურ თვითმმართველობაში. ძალიან ბევრი სიახლეს ვეზიარე, შევიძინე მეგობრები. დღესაც შენახული მაქვს მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა მაშინდელ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ საბჭოსა და ზაარლანდის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობას შორის ურთიერთდახმარების შესახებ. ზაარლანდის უნივერსიტეტის მაშინდელი სტუდეტურური თვითმართველობის პრეზიდენტთან ახლაც ვმეგობრობ. სხვათაშორის, ის დღესაც ძალიან აქტიურად გვეხმარება საქართველოში სტუდენტური თვითმართველობის განვითარებაში. ყველაზე მეტად მეამაყება ის პროექტები, რომლებიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ განვახორციელეთ. პირველი ეს იყო კავკასიის ახალგაზრდა იურისტთა თასი. ამ პროექტის იდეა იყო, რომ ქართველებს ყველასათვის დაგვენახებინა თუ როგორ შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი რეგიონალური მშვიდობის განვითარებაში. ამისათვის დავუკავშირდი ერევნისა და ბაქოს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებს. მახსოვს ყველას გაოცება, თუ როგორ შეძლებდნენ ისინი ერთმანეთთან თამაშსა და ერთად ცხოვრებას. ასევე დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დარწმუნება, რომ ყველაფერი ჩაივლიდა მშვიდობიანად.
- საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება იყო. დარწმუნებული იყავით, რომ გამოგივიდოდათ?
- ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი მოტივირებულია და მას წარმატების მიღწევა სურს სიტყვა „ვერ" უნდა ამოიღოს საკუთარი ლექსიკონიდან. შეიძლება რაიმე არ გააკეთო, რადგან მორალურ პრინციპებთან ან სახელმწიფო ინტერესებთან არ მოდიოდეს თანხვედრაში. თუმცა, სხვა შემთხვევაში უნდა იბრძოლო მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ, ავიღე მაშინ საკმაოდ დიდი პასუხსიმგებლობა. როინ მეტრეველს (უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს) და რომან შენგელიას (იურიდიული ფაკულტეტის მაშინდელ ხელმძღვანელს) მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისათვის. საბოლოო ჯამში ეს გუნდები ჩამოვიდნენ საქართველოში. მახსოვს ცხოვრობდნენ ორ სხვადასხვა სასტუმროში, მაგრამ მათ ერთი კედელი აერთიანდებდათ. როგორც კი სასტუმროში შევიდნენ, მაშინვე ეროვნული დროშები გადმოფინეს. პირველი ორი დღე ძალიან დაძაბული იყო, ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ. მოგეხსენებათ ფაქტობრივად ისინი მაშინაც საომარ სიტუაციაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ერთმანეთის ხილვა ყოველდღე უწევდათ. დაიწყო ფეხბურთის ტურნირი, არასოდეს დამავიწყდება, როდესაც ბანკეტი გაიმართა, მათ ერთმანეთს ხელიც კი ჩამოართვეს, გაისაუბრეს. პირადად ჩემთვის ეს ცხოვრებაში ემოციურად ერთ-ერთი გარდამტეხი და სტიმულის მომცემი მომენტი იყო. დავრწმუნდი, რომ თუკი ადამიანი მართლაც რაიმეს მოინდომებს, შეუძლებელი არაფერია.
- კიდევ რას გამოყოფდით თქვენი უნივერსიტეტში სამიქანობიდან?
- უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ჰქონდა ბიბლიოთეკა, რომელშიც წიგნის წაკითხვა ცუდი ინფრასტრუქტურული მდომარეობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მაშინ ჩატარდა სტუდენტური პროექტების კონკურსი, ჩვენ ინიციატივა შევიტანეთ სტუდენტური საბჭოს სახელით და უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში გავაკეთეთ ბიბლიოთეკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მაშინაც ყველა გაკვირვებული იყო და არავინ ელოდა, რომ ჩვენ ამას მოვახერხებდით. ამის რეკლამირებით არასდროს ვიყავით დაინტერესებულნი. ყველაზე დიდი სიხარულია უბრალოდ გვერდიდან, რომ შეხედავ იმ საქმეს, რომელშიც თუნდაც მცირე წვლილი მიგიძღვის. ჩვენ ყოველთვის პრობლემების გადაჭრის გზებს ვეძებდით. შემდგომში იყო კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რაც აუცილებლობას წარმოადგენდა მომავალი იურისტებისთვის და ეს წამოწყებაც წარმატებით დაგვირგვინდა. იყო კიდევ ბევრი სხვა პროექტი და ღონისძიება, მაგრამ ყველაზე მეტად მე ეს სამი პროექტი მეამაყება. ყველაზე ემოციური მომენტი, რაც უნივერსტეტს უკავშირდება არის ის, რომ გერმანელ მეგობრებთან ერთად დავრგეთ უნივერსტეტის ეზოში ხე, რომელმაც საბოლოოდ გაიხარა. 2005 წელს უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე და წავედი გერმანიში სასწავლებლად. მაქს პლანკის უნივერსიტეტში კვლევით საქმიანობაზე ვიყავი ჩემს მეგობარ გიორგი ვაშაკიძესთან და ბატონ ლადო ჭანტურიასთან ერთად. ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მასწავლებელია, მან ბევრ ქართველს გაუხსნა გზა ევროპისკენ, განსაკუთრებით იურისტებს. მე მისი მადლიერი ვიქნები ყოველთვის, რადგან მან დამანახა სამყარო განსხვავებულად. შემდგომში მქონდა გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის სტიპენდია, ჰამბურგის უნივერსიტეტში გავიარე მასტერი იურიდიულ ფაკულტეტზე. ამის შემდეგ მივიღე შემოთავაზება, რომ სწავლა გამეგრძელებინა დოქტურანტურაში. მქონდა კონრად ადენაუერის სტიპენდია, ასევე ამირჩიეს სტიპედენტთა კავშირის პრეზიდენტად ჰამბურგში. გარკვეულ წარმატებას როდესაც ვაღწევდი, დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის, რადგან საქართველოს სახელი ფიგურირებდა, ადამიანებს ვაცნობდი ჩემს ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ცნობადობის ამაღლება, განსაკუთრებით ევროპაში ანუ, იმ ოჯახში, სადაც გვინდა, რომ ინტეგრაცია მოვახდინოთ. ამისათვის საჭიროა იქაურ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მუშაობა და ცნობადობის ამაღლება. ევროპაში, ისევე როგორც ყველგან, ძალიან ბევრ ფაქტორს წყვეტს ადამიანური ურთიერთობები.
- როდის დაბრუნდით საქართველოში და როგორ დაიწყეთ აქ საქმიანობა? უფრო სწორად როგორ გააგრძელეთ?
- 2011 წლის 29 ოქტომბერს დავიცავი დისერტაცია და 2011 წლის პირველ ნოემბერს დავბრუნდი საქართველოში. აქ აქტიურად ჩავერთე ქართული ოცნების წინა საარჩევნო კამპანიაში, ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი საარჩევნო შტაბი. 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკვე მოვხვდი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
აქ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად ვცდილობ, რომ გავაკეთო კარგი საქმე. მადლობა მინდა გადავუხადო ამ გუნდის წევრებს, რადგან თავს არ ზოგავენ, რომ საკუთარი, თუნდაც ძალიან მოკრძალებული წვლილი, შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ მოტივირებულნი ვართ მდგრადი ხასიათის გრძელვადიან პროექტებზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებშია. ასევე ვცდილობთ ახალგაზრდებს შევუქმნათ სრულფასოვანი გარემო განვითარებისათვის. უნდა გითხრათ, რომ წარმატებები საკმაოდ ბევრია, სამინისტროში უკვე 17 პროექტი გვაქვს განხორციელებული. ამ ყველაფრის პარალელურად ვასწავლი კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში.
- შეგიძლიათ გამოყოთ ყველაზე გამორჩეული რეფორმა თუ ღონისძიება, რომელიც თქვენი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის დროს განხორციელდა სამინისტროს მიერ?
- სიმართლე გითხრათ ვერ გამოვყოფ. ეს დაახლოებით იგივეა, მშობელს, რომ კითხოთ რომელი შვილი უფრო გიყვარსო. ჩვენ ყველა ეს პროექტი ერთად მოვიფიქრეთ და თითოეული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ავიღოთ, თუნდაც myprofession.ge - მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროგრამა. ეს პროგრამა ეხმარება ახალგაზრდებს და უფრო მეტად კი აბუტურიენტებს, რომ გააკეთონ სწორი პროფესიული არჩევანი. ამ პროგრამის მიზანია პიროვნების გამოკვლევა. ტესტი იძლევა საშუალებას, რომ გაირკვეს თუ რომელ პროფესიას შეესაბამება ის უნარები, რომელიც ადამიანს გააჩნია. ეს არის პროფესიონალური ტესტი და დღეს ნებისმიერს შეუძლია ამ საიტის მეშვეობით გააკეთოს სწორი პროფესიული არჩევანი. ასევე, გადავიღეთ ვიდეოები, (დაახლოებით 40-ზე მეტი) სხვადასხვა პროფესიის შესახებ. გარდა სიტყვიერი ინფორმაციისა, ახალგაზრდებს შეუძლიათ ნახონ საკუთარ სფეროში უკვე წარმატებული ადამიანები, რომლებიც ჰყვებიან საკუთარი პროფესიის შესახებ. წელს ვგეგმავთ, რომ ვიდეოების რაოდენობა დაახლოებით 100 - მდე გავზარდოთ და კიდევ ვამატებთ ერთ ტესტს. დღეს ამ საიტს 100 000 მდე მომხმარებელი ყავს. აქედან თუ 10%-მა მაინც სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთა, მე პირადად ნამდვილად ბედნიერი ვიქნები. არასწორი პროფესიული არჩევანის გაკეთება გულისხმობს რამდენიმე ყველაზე პროდუქტიული წლის დაკარგვას. ასევე ავიღოთ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროგრამა. რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით 2012 წელს ციხეებში შევსულიყავით. ჩვენი მიდგომა იყო სრულიად განსხვავებული. უნდა გაგვეტარებინა პოლიტიკური ხაზი, რითაც დავანახებდით-სახელმწიფოსათვის ამოსავალი არის ადამიანი და არა პირიქით. შესამაბისად, დავიწყეთ ზრუნვა, რომ მომხდარიყო დანაშაულის პრევენცია უკვე შიგნით ციხეებში და დავხმარებოდით პატიმრებს რესოციალიზაციაში.
ჩამოვაყალიბეთ ფეხბურთის გუნდი და დავიწყეთ პატიმრების რეგულარული ვარჯიშები ფეხბურთში, ასევე რაგბიში, ციხეებში ასწავლიან ხეზე კვეთას, მინანქარზე მუშაობას... პატიმრებს ხვდებიან ცნობილი სპორტსმენები, სხვადასხვა ცნობილი ადამიანები და ა.შ. ვცდილობთ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც სამწუხაროდ საპატიმროებში მოხვდნენ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. გვსურს, გარეთ გამოსვლის შემდეგ მათ უკვე ჰქონდეთ გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევები, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით და დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ამის კონკრეტული მაგალითი და ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც ჩვენთან მოვიდა უკვე ყოფილი ბენეფიციალი, იგი დღეს სპორტის ერთ-ერთი სახეობით აქტიურადაა დაკავებული და ამავდროულად წერს წიგნს. მას აქვს სურვილი საზოგადოებასა და თავის თანატოლებს უთხრას, რომ ის ცხოვრების წესი, რომლითაც ის ცხოვრობდა არის ძალიან ცუდი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამ ადამიანმა სიძნელეები დაძლია და მოხდა მისი რესოციალიზაცია.
მნიშვნელოვანია ასევე სტუდენტური თვითმართველობის განვითარების კომისია. ყველას მოეხსნება თუ რაოდენ დიდი პრობლემა იყო სტუდენტური თვითმართველობები. ჩვენ გავაერთიანეთ ისინი ერთ კომისიაში, რომელსაც ჰქვია „სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისია". ჩემდა სამწუხაროდ, მეტწილად ხდებოდა სტუდენტური თვითმართველობების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება, ეს პერიოდი დასრულდა და დავიწყეთ სრულიად სხვაგვარი მიდგომა. ყველა ის პრობლემა, რომელიც სტუდენტურ თვითმართველობებს გააჩნდათ ჩამოწერეს, შეადგინეს პრობლემების კატალოგი, დასახეს მიზნები და ამოცანები მათ გადასაჭრელად. არსებობს ამ საქმეში წარმატების ძალიან კონკრეტული მაგალითები. სტუდენტურმა თვითმართველობებმა მიიღეს სტუდენტური უფლებების დეკლარაცია, სტუდენტური თვითმართველობების ეთიკის კოდექსი. ყველაზე მთავარია ის, რომ ისინი აცხადებენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. მოხდა გარდატეხა, გაიგეს, რომ ისინი არიან არჩეულნი იმისათვის, რომ ემსახურონ სტუდენტებს, წარადგინონ მათი ინტერესები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინაშე და არა პირიქით. ჩვენ შევეცადეთ დემოკრატიის ის მოდელი, რომლისკენაც მივისწრაფვით და რომელიც კონსტიტუციით არის გამყარებული, რომ არჩეული უნდა ემსახუროს ამომრჩეველს, გადაგვეტანა სტუდენტურ თვითმართველობებზე.
ასევე, ვახორციელებთ პროექტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სოხუმის დაცემიდან უკვე 20 წელზე მეტი გავიდა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა დავიწყებას არ მიეცეს ახალგაზრდებში. ახალ თაობას შეიძლება არც კი ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა მომხდარის შესახებ და ყველაფერი გაიგონ ისტორიის ფურცლებიდან. ვცდილობთ, რომ ეს ცნობიერება მაქსიმალურად ავამაღლოთ ახლაგაზრდებში, ამისათვის მხარი დავუჭირეთ ახალგაზრდა კონფლიქტოლოგთა ჯგუფის ჩამოყალიბებას. ჯგუფის ერთი ნაწილი გაშვებული გვყავდა მოლდოვაში, სადაც მათ ნახეს კონფლიქტის ორივე მხარე, ასევე კვიპროსშიც. ახლა გვინდა მონაწილეობა მივიღოთ უშუალოდ ოკუპირებულ ტერიოტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან დიალოგის წარმოების ხელშეწყობაშიც. მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი ცოდნა და უნარები. თუ როგორ წარმოებს მოლაპარაკებები, როგორ არ უნდა წამოეგო პროვოკაციას და ა.შ. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ეს პატრიოტი ახალგაზრდები უკვე არა მხოლოდ ცოდნით აღიჭურვენ, არამედ ამ ცოდნას გასცემენ კიდეც. დადიან რეგიონებში უყვებიან კონფლიქტის შესახებ და ცდილობენ სხვა ახალგაზრდებიც ჩართონ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. ასევე ვეხმარებით დევნილ ახალგაზრდებს.
ასევე გამოვყოფდი სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების მხარდაჭერის პროგრამას, საერთოდ ამ თემას, ჩემდა სამწუხაროდ, უმნიშვნელო ყურადღება ექცეოდა ზოგადად ქვეყანაში. ახლა კი არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ სამინისტრომაც კი მიუძღვნა ცალკე პროგრამა. მაგალითად, სტუდენტური დღეების ფარგლებში გამოვიდა სმენადაქვეითებული მოცეკვავეების ანსამბლი, რომლებიც უნიკალურად ასრულებდნენ ქართულ ცეკვებს. ძალიან გვინდა, რომ მათ ხელი შევუწყოთ განვითარებაში. ასევე გავქვს პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვისაც, მაგალითად ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი" აკაკი წერეთლის „გამზრდელი" ითარგმნა აფხაზურად, ოსურად, ვაინახურად, სომხურად, აზერბაიჯანულად. ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
აღსანიშნავია პროგრამა - ახლაგაზრდა ელჩები, რომლის მიზანიც არის საქართველოს პოპულარიზაციაში ახალგაზრდების ჩართვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას შევძინოთ უფრო და უფრო მეტი მეგობარი. ჩატარდა საკმაოდ რთული კონკურსი და 10 ქვეყანაში დაწყებული აშშ-დან, დამთავრებული თურქეთით, შევარჩიეთ ახალგაზრდა ელჩები. მე მოხარული ვიყავი, როდესაც ამ კონკურსის მიმართ გამოხატეს ძალიან დიდი ინტერესი. ეს ახლაგაზრდები უკვე ჩართულნი არიან ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში და ვფიქრობ მათი სახით, თუნდაც დიპლომატიური სამსახური არაჩვეულებრივ შევსებას მიიღებს. აქ მთავარი იყო ახალგაზრდების დაინტერესება საკუთარი ქვეყნის სამსახურით. არჩეული ელეჩები ძალიან აქტიურები არიან. მაგალითისათვის პოლონეთში, გერმანიაში, თურქეთში უკვე არის ქართული ენის კურსები. ყველას აქვს განსხვავებული ტიპის პროგრამები. ვფიქრობ, თითოეული ახალგაზრდისათვის, რომელიც გაიმარჯვებს ამ კონკურსში, უდიდესი პატივია ატაროს საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის სახელი. ისინი ცხოვრობენ საზღვარგარეთ და მათთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ იცავენ საკუთარი ქვეყნის ინტერსებს. მათთვის სამშობლოს მონატრების გრძნობა კიდევ უფრო გამძაფრებულია და როდესაც სახელმწფო ყველაფერ ამას დაინახავს, დააფასებს, მათ მიანიჭებს გარკვეულ სტატუსს, მაშინ მიეცემათ უფრო მეტი სტიმული, რომ კიდევ ბევრი სხვა საქმეც გააკეთონ.
- ისევ თქვენს კარიერას რომ დავუბრუნდეთ, რატომ გადაწყვიტეთ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება?
- ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი სახელწიფო სამსახურით. გარკვეული პოლიტიკური აქტოვობითაც. ჩემი ბავშვობის პერიოდში იყო სულ ომი, დაძაბულობა... ყოველთვის ძალიან მინდოდა ქვეყნის განვითარებაში გარკვეული წვლილი შემეტანა. იურისპრუდენცია არ არის მხოლოდ კანონების ცოდნა, იგი დაკავშირეებულია გარკვეულ ლოგიკასთან და ამავდროულად იგებ თუ როგორ სუნთქავს სახელმწიფო. რა წესებით შეიძლება იცხოვრო და რა არ უნდა გააკეთო. გარდა ამისა, ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა რას ნიშნავს იყო სამართლიანი (თუმცა ცხოვრებაში თავადაც ვიყავი სამართლიანი). გარკვეული კონფლიქტის შემთხვევაშიც ყოველთვის ვცდილობდი მომეძებნა ორივე მხარისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში მივხვდი - ეს არის საჭირო იურისტისთვის. ბუნებრივია, შეიძლება მოგვიწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება რომელიც რომელიმე მხარეს დააზარალებს. მაგრამ, მომხრე ვარ თითოეულ ადამიანს შეხვდეს მისი კუთვნილი. გარდა ამისა, ეს პროფესია კონკრეტული კანონების გარდა გასწავლის აზროვნებას. მარტივად რომ ვთქვათ, არის უნივერსალური პროფესია და სწავლობ იმას, რა სად შეიძლება ეძებო, ავითარებს სისტემურ და ფართო აზროვნებას, რაც ძალიან დამეხმარა არჩევანის გაკეთებაში. გარდა ამისა, დეიდაჩემი იყო მოსამართლე, ადრე გამომძიებელი, ვკითხულობდი მის საქმეებს, როდესაც სახლში მოჰქონდა. ბუნებრივია, შერლოკ ჰოლმსის ფაქტორმაც საკუთარი როლი ითამაშა.
- თქვენ ჰამბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის და დოქტორის ხარისხის მფლობელი ხართ. გვიამბეთ როგორ მოხვდით გერმანიაში სასწავლებლად და რა განსხვავებაა ქართულ და გერმანულ სასწავლებლებს შორის?
- რეალურად ძალიან დიდი სხვაობაა. მაგრამ, ჩვენ ვცდილობთ, რომ განვვითარდეთ და მივიდეთ იმ დონემდე. იმ პერიოდში, როდესაც მე ვსწავლობდი, იყო ლიტერატურის ნაკლებობა. ნაკლები კვლევა იყო და საბოლოო ჯამში, ჩამოვრჩით თანამედროვე სტანდარტებს, რომლითაც უკვე თანამედროვეობა ცხოვრობს, მით უმეტეს გერმანიაში, სადაც თითოეულ წერტილ-მძიმეზე შეიძება დისერტაცია დაიწეროს. ჩვენ მაშინ შემოსაზღვრული ვიყავით ზოგადი პრობლემებით. ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება ვეძებოთ საბჭოთა სისტემაში. გარკვეულწილად ამ სისტემამ გაგვაზარმაცა, ჩვენ საბჭოთა კავშირის ფარგლებში ვიყავით 70 წელზე მეტი და ბუნებრივია ამან ასახვა ჰპოვა თავად განათლების სისტემაზეც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოჩნდა რომ ჩვენ კანონები საერთოდ აღარც გვქონდა. მე როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში მოთხოვნა იყო კარგად, ზეპირად გცოდნოდა კანონები, მაგრამ გერმანიაში არავინ გთხოვდა არაფრის ზეპირად ცოდნას. პირიქით პროფესორები კანონებს კითხულობდნენ. საბოლოო ჯამში იურისტის პროფესია არ არის კანონის ზეპირად ცოდნა, უფრო მეტად მთავარია კანონის გააზრება. თუ რა არის ამ ნორმის მიზანი, რა კავშირშია ეს ნორმა კანონში მყოფ სხვა ნორმებთან და ა.შ. იურისტის პროფესიაში მთავარია აზროვნება, რომ დავინახოთ საფუძველი, როგორ უნდა გამოვიყენოთ ესა თუ ის ნორმა. ჩვენთან სისტემა არ სწავლობდა საფუძველს რისთვის არის ესა თუ ის ნორმა შექმნილი, მთავარი იყო, რომ ხდებოდა ფაქტის კონსტანტაცია. გერმანიაში ეს ყველაფერი პირიქით ხდებოდა. ნორმა შეიძლება ყოველწამს შეიცვალოს. პარლამენტი ხან ახალ კანონს იღებს ხან ძველს აუქმებს და ა.შ. თუ ჩვენ არ ვიცით რა არის არსი და თუ კანონი შეიცვლება, უნდა ჩავთვალოთ, რომ იურისტები საერთოდ აღარ ვართ.
გერმანიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიბლიოთეკას, კვლევით საქმინობას და სტუდენტებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ წვდომა ჰქონდეთ უამრავ ლიტერატურასთან უნივერსიტეტიდან გაუსვლელად. ლექციების პარალელურად უტარდებათ სასემინარო მუშაობები, სადაც სტუდენტები უფრო მეტად ერკვევიან დეტალებში. აქვთ ძალიან მდიდარი სასამართლო პრაქტიკა. გერმანია ამ მხრივ გამორჩეული მაგალითია მთელს მსოფლიოში. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებს. ეს გამოიხატება თუნდაც შეღავათებში. მაგალითად, სემესტრის საფასურში შედის ტრანსპორტის ბილეთი, შეღავათები აქვთ უამრავ სპორტულ კლუბებში, ან თუნდაც დაზღვევაზე. უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა სტუდენტების სწორ კვებას. არის სტუდენტური სასადილოები საკმაოდ მაღალი დონის, სადაც მათ საშუალება აქვთ ლექციების შემდეგ საკმაოდ დაბალ ფასად, მიირთვან, როგორც ცხელი საკვები ასევე სალათები, ყავა, დესერტი და ა.შ. კვებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს როგორც ვარჯიშს და სუფთა ჰაერს... რაც უფრო ჯანმრთელია სტუდენტი მისი პროდუქტიულობაც ბევრად უფრო მაღალია. არის ძალიან ბევრი პროგრამა და სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფლად იმოგზაურონ სხვადასხვა ქვეყნებში, გაეცნონ მათ კულტურას. პიროვნებაც ხდება ბევრად უფრო ტოლერანტული და ხვდები, რომ მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრების შემთხვევაში შეიძლება როგორც პიროვნებამ, ასევე ქვეყანამაც წარმატებას მიაღწიოს. გერმანიის უნივერსიტეტებში პროფესორების ძალიან მაღალი დონეა, რადგან ისინი საკმაოდ მაღალალ ანაზღაურებას იღებენ, აქვთ საკუთარი ოფისები თავად უნივერსიტეტში, ძალიან დიდი დრო აქვთ იმისათვის, რომ იმუშავონ საკუთარ თავზე, აწარმოონ კვლევები და ა.შ. გერმანელ ახალგაზრდებს სკოლიდანვე აქვთ გააზრებული, თუ რა უნდათ ცხოვრებაში და რის მიღწევას აპირებენ. არის კიდევ ერთი მომენტი, სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილი მუშაობს ბარებში, რესტორნებში და ა.შ. ვინაიდან სტიპენდია აქვს დაახლოებით 2 %-ს. ყველას არ ეხმარება მშობელი და ისინი დამოუკიდებლად აფინანსებენ სწავლას საკუთარი შრომით მოპოვებული ფულით. ამიტომ, მათ შრომის ფასიც იციან და სწავლისაც. ბავშვობა სტუდენტობის დაწყებასთან ერთად სრულდება. ძალიან ბევრი უნდა იმუშავო იმისათვის, რომ გახდე წარმატებული სტუდენტი და გქონდეს სტიპენდია. იქ არავინ არავის არ დასდევს და წიგნის წაკითხვას არ თხოვს. დიდი ქვეყანაა და მეტწილად სტუდენტები არც არიან მშობლიურ ქალაქებში, მიდიან სხვაგან და ცხოვრობენ დამოუკიდებლად. კიდევ ძალიან ბევრი განსხვავება შეიძლება ჩამოვთვალოთ.
- როგორ ფიქრობთ რამდენად საჭიროა საქართველოში ამდენი უნივერსიტეტი?
- ზოგადად, უმაღლესი განათლება ასევე ბიზნესის ერთ-ერთი სახეა. ბიზნესი ვერ იარსებებს თუ არ იარსებებს მოთხოვნა. განსხვავებით საბჭოთა კავშირისაგან, როდესაც მიწოდება განაპირობებდა მოთხოვნას, დღეს პირიქითაა. ესე იგი, იმის მოთხოვნა, რომ იყოს უნივერსიტეტები, - არის. შესაბამისად ამ კუთხით პრობლემას მე ვერ ვხედავ. ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ განათლების ბიზნესი საქართველოში კარგად არის განვითარებული. ხშირად გაგიგიათ ალბათ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არცოდნაში იხდიან ფულს. მაგრამ ეს ძალიან ბევრ ადგილას ხდება. ყველა ქვეყანაში არსებობს პესიმისტთა ჯგუფი, რომელთაც არასდროს არაფერი არ მოწონს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოშიც შეიძლება მაღალი ხარისხის განათლების მიღება. თუმცა ბუნებრივია არსებობს პრობლემა და ამ პრობლემის გადაჭრაში სახელმწიფო მონაწილეობს. მოგეხსენებათ პრემიერის ინიციატივით ჩამოყალიბდა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც საშუალებას აძლევს საჯარო სექტორში მუშაობით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს წავიდნენ და საზღვარგარეთ მიიღონ განათლება. მეც ამ კომიისიის წევრი ვარ და ბოლო კონკურსის შედეგად 115 ახალგაზრდა გაემგზავრა სასწავლებლად როგორც ამერიკაში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, შემდეგ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ ქვეყანას. ესეც არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია-საჯარო სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და მივიღოთ მაღალი დონის კადრები, რომლებიც გარკვეულ სიახლეს შემოიტანენ სხვადასხვა სფეროში.
_როგორ ფიქრობთ იმ სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ხომ არ არის ძვირი? რამდენად არის მზად სახელმწიფო დაეხმაროს სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ? (უპროცენტო სესხი, სოციალური დახმარება და ა.შ)
- როგორც იცით არსებობს უფასო სპეციალობები და ეს პრიორიტეტულია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ახალგაზრდებს უკვე აქვთ მუშაობის საშუალება. მე ძალიან მიხარია, როდესაც სადმე მივდივარ და ვხედავ დასაქმებულ სტუდენტს. თუმცა, ჩვენ არ ვართ ჯერჯერობით ის მდიდარი ევროპული სახელმწიფო, რომელშიც ანაზღაურება მაღალია და მათ შეუძლიათ ამით სწავლის გადასახადი დაფარონ. ამავდროულად პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და იქ ძირითადად იცხოვრებენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ ბინის ქირის გადახდის საშუალება, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ეს მიბმული იქნება აკადემიურ მოსწრებასთან და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ გარკვეული შეღავათები ამ კუთხით გაჩნდეს. არსებობს ბუნებრივია კერძო სასწავლებლები, რომლის საქმიანობაშიც სახელმწიფო ვერ ჩაერევა და ვერ დაუდგენს რამდენი უნდა იყოს გადასახადი. რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს ისინი მიმართული უნდა იყვნენ ძირითადად სოციალურ პროექტებზე იმისათვის, რომ განათლების მიღება შეეძლოს ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს და შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. არავინ უნდა დაიჩაგროს უსახსრობის გამო, არსებობს კიდევ უამრავი სხვადასხვა სახის საშუალება, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს სტუდენტს ცოდნის მიღებაში. მიუხედავად ამისა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება გარკვეული განთლება მივიღოთ უფასოდ, მაგრამ განათლება უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ესაა ყველაზე მთავარი. თუკი ჩვენ მივიღებთ დაბალი ხარისხის განათლებას, ჩვენ ვერ გავხდებით თანამედოვე ბაზარზე კონკურენტუნარიანი.
- რამდენად შეესატყვისება სხვადასხვა კურსდამთავრებულთა ოდენობა, ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების ოდენობას, რამდენად ხშირად საქმდებიან სტუდენტები საკუთარი პროფესიით?
- ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყით. თუმცა, ნამდვილად არსებობს იმის დაინტერესება, რომ მოძებნილი იქნას მაღალი დონის პროფესიონალები. თუმცა, ხელფასები სამწუხაროდ საჯარო სექტორში არ არის ისეთი მაღალი, როგორც ბიზნესში. ამიტომ, მაღალი დონის პროფესიონალები ცდილობენ წავიდნენ ბიზნესში და არა საჯარო სექტორში. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ კერძოდ, არაფორმალური განათლების კუთხით. ვცდილობთ ადამიანებს დავეხმაროთ და ვასწავლოთ, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთი ცოდნა. ვცდილობთ, რომ მათ შევძინოთ უნარები, როგორ წარდგნენ გასაუბრებაზე, რას უნდა მიაქციონ ამ დროს ყურადღება და ა.შ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ცოდნა, მაგრამ გაგვიჭირდეს, რომ ის მივიტანოთ კონკრეტულ ადრესატამდე. დასაქმებისათვის აუცილებელია ორი კომპონენტი, ერთი ბუნებრივია შესაბამისი განათლება და მეორე შესაბამისი მიწოდება. ჩვენ ასევე გვაქვს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, რომელიც აფინანსებს ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტებს და სტუდენტებს აქვთ საშუალება, რომ ამ პროექტის ფარგლებშიც დასაქმდნენ და დამოუკიდებლად განავითარონ თავიანთი ინიციატივები. თუმცა, დასაქმების პრობლემა ბუნებრივია პრობლემად რჩება. სახელმწიფო გულწრფელად არის მონდომებული, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. დღესდღეობით არსებობს საშუალება იმისა, რომ მონდომებული კადრები დასაქმდნენ. ასევე ხდება პროფესიული განათლების განვითარება, რაც არ საჭიროებს უმაღლეს განათლებას. ნებისმიერი განათლება, რომელსაც ადამიანი გამოიყენებს არის აუცილებელი.
- დღეს საქართველო ახალგაზრდული განვითარების რომელ მოდელზე იღებს ორიენტირს და რატომ?
- ქართულ მოდელზე იღებს ორიენტირს. Mypropession.ge - რაზეც გესაუბრეთ, ჩვენ არც ერთი ქვეყნისგან არ აგვიღია. ასევე ახალგაზრდა ელჩების პროექტი საერთოდ ქართული ნოვაციაა. მე პირადად ძალიან მიხარია, როდესაც რაიმე პროექტს ვიწყებთ და ვამბობ, რომ ეს არის სერიიდან „დამზადებულია საქართველოში." ახლა ჩვენ მოვამზადეთ კანონი ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს არაფორმალურ განთლებას. ჩვენ შემოგვაქვს სერტიფიცირების მექანიზმი, რომელიც ნამდვილად უნიკალური და ქართული პროექტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში წავიდეთ, ვნახოთ რა კეთდება, გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან. თუმცა, სხვადასხვა სახის ინფორმაციიდან შემდეგ უკვე ვავითარებთ დამოუკიდებელ პროდუქტებს. მკაცრი წინააღმდეგები ვართ იმისა, რომ მოხდეს რომელიმე პროექტის აღება და პირდაპირ გადმოტანა. ვცდილობთ, რომ ყველაფერი ქართულ რეალობას მოვარგოთ და მივუსადაგოთ იმ მიზნებს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია. უკვე მიღებულია ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, ასევე მიღებულია 2015-2020 წლის სამოქმედო დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ არის აღწერილი თითოეული სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიება ახალგაზრდობის მიმართულებით. ყველა სამინისტროში არის გამოყოფილი მოადგილე, რომელიც პასუხისმეგებელია ახალგაზრული მიმართულებით პროგრამების განხორცილებაში და ა.შ. ეს არის ქართული მოდელი და ნამდვილად არსაიდან არ გვაქვს გადმოღებული. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრი რამე გვაქვს დასახვეწი და გასავითარებელი, თვითკმაყოფილებას ნამდვილად არ ვეძლევით. პირიქით, სულ მაგალითად მომყავს, რომ „მერსედესის" მოდელებიც კი წლიდან წლამდე ვითარდება, მაშინ როდესაც საბჭოთა ,,07 ,,რაც იყო 80-იან წლებში იგივე გამოდის დღესაც. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველი ახალი წელი იყოს გამორჩეული და რაიმე ახალი შემოვიტანოთ. მთავარია ერთი რამ, რომ სისტემა შედგა და იმედი მაქვს, რომ მიუხედავად საკადრო ცვლილებებისა, ის განაგრძობს განვითარებას. მთავარია, მიმართულება გვაქვს და ვიცით საით უნდა წავიდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ამ დროს მე ვიქნები თუ სხვა, რადგან ეს არ არის კონკრეტულად ჩემი ან სხვისი საქმე, ეს არის ქვეყნის საქმე, რომელიც თანაბრად ეკუთვნის აბსოლუტურად ყველას, ვისაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს.
- როგორ ერთობიან გერმანიში ახალგაზრდები, რამდენად ახერხებენ სწავლა და გართობა შეუთავსონ ერთმანეთს? რა განსახვავებაა გერმანელი ახალგაზრდების ცხოვრების წესსა და ქართველი ახალგაზრდების ცხოვრების წესს შორის?
- იქ გასართობად ძირითადად არის მიღებული პარასკევი-შაბათი, ალკოჰოლსაც მოიხმარენ, სპორტითაც არიან დაკავებულნი, ძალიან ბევრსაც მოგზაურობენ და უფრო შემოქმედებითია მათი დასვენება. დასვენების ფასი მე იქ უფრო მეტად გავიგე, რადგან იქ შრომა გიწევს ბევრად მეტი. ჩემს სტუდენეტებს მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ისე დაამთავრებენ უნივერსიტეტს უკან გახედვასაც კი ვერ მოასწრებენ. ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად, მითუმეტეს ახლა, XXI საუკუნეში ცხოვრება ნამდვილად დაჩქარებულია, მსოფლიო დაპატარავებული და კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ძალიან კარგია სტუდენტობის წლები და ბევრი ამას უდარდელ წლებსაც უწოდებს, მაგრამ ეს ასე ადვილი ნამდვილად არაა. ყველა ასაკში ადამიანს აქვს თავისი გასაკეთებელი და ყველას მაშინ ჰგონია, რომ რასაც აკეთებს ყველაზე რთულია. ცხოვრების ყველა ეტაპი რთულია, რომელსაც ჭირდება დაძლევა. ბუნებრივია ამ ყველაფერთან გართობის შეთავსებაც უნდა მოხდეს. არსებობს ორი სახის მიდგომა, ადამიანი არსებობს იმისთვის, რომ იშრომოს და იშრომოს იმისათვის, რომ იარსებოს. მე ვფიქრობ ადამიანმა იმისათვის უნდა იშრომო, რომ იარსებო ღირსეულად და შენ გარშემომყოფებსაც ამაში ხელი შეუწყო.
- ჩვენთან თუ იგეგმება გერმანული მოდელის შემოღება სპორტში? ყველას ჰქონდეს საშუალება იაროს სპორტზე, განვითარდეს კიდევ ბევრი სპორტის სახეობა, ხელი შეეწყოთ პოტენციურ და წარმატებულ სპორტსმენებს და ა.შ უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ ამ მოდელის შესახებ?
- გერმანიაშიც არ აქვს ყველას საშუალება სპორტით დაკავდეს გარკვეული გადასახადი იქაც არსებობს, მაგრამ გერმანიაში არის კლუბური სისტემა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მათი შემოსავლის პროპორციულად საკმაოდ შეღავათიან ფასად დაკავებულნი იყვნენ სპორტით. საკმაოდ სპორტული ერია, მართლა რეკორდული პროცენტებია მოსახლეობის სპორტში ჩართულობისა. ამ მიმართულებას ხელს უწყობს იცის, რომ სპორტს აქვს თავისი ინფრასტრუქტურა, სპორტი არ არსებობს ინფრასტრუქტურის გარეშე. სამწუხაროდ, საქართველოში წლების მანძილზე ძალიან პრობლემური იყო ინფრასტრუქტურის თემა. ახლა თუნდაც ოლიმპიადის ფარგლებში გაიხსნა რამდენიმე საკმაოდ დიდ მასშტაბის სპორტული ობიექტი, რომელიც სუბსიდირებულია სახელმწიფოსაგან. აუცილებელია სპორტისათვის არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ეს ინფრანსტრუქტურა უნდა იყოს სახელმწიფო, ან ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობით სუფსიდირებული ინფრასტრუქტურა, რომელშიც მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ ივარჯიშოს. თითოეულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპორტით დაკავების საშუალება, სპორტი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და პრევენცია იმისა, რომ ადამიანმა შემდგომში ბევრი ფული არ დახარჯოს წამლებში. უკვე გაიხსნა სპორტის უნივერსიტეტი და კოლეჯი, სადაც გადამზადებულნი იქნებიან პროფესიონალი მწვრთნელები, სპორტის მასწავლებლები და ა.შ. რათა სპორტი გახდეს ორგანული ნაწილი ჩვენი ქვეყნისა. კონსტიტუციის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს სპორტში ახალგაზრდების ჩართვას.
- თქვენ ასევე ხართ ბერლინის გერმანულ-ქართული საზოგადოების აქტიური წევრი, გვიამბეთ ამ საზოგადოების შესახებ, თუ ხორციელდება რაიმე პროექტები?
- ეს არის საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქართულ - გერმანული ურთიერთობების განვითარებას. გამოიცემა ასევე ჟურნალი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე. მეც მაქვს დაწერილი რამდენიმე სტატია. მქონდა რამდენიმე ლექციაც საქართველოს კონსტიტუციაზე, განვითარებაზე. ძალიან მიხარია, რომ ჩემი აქტიური მონაწილებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა კონრად ადენაუერის ფონდთან. ასევე გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ გადმოგვცა 15 000 ლარის ღირებულების წიგნები - „პრაქტიკული სამართალი ახალგაზრდებისათვის," რომელსაც ვურიგებთ ჩვენი ბანაკის მონაწილეებს, ჩვენს ბენეფიციარებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენს პროექტებში არიან ჩართულნი. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ქართულ - გერმანული ურთიერთობის განვითარებაში მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ.
- ახლო კავშირი გაქვთ გერმანიასთან, შეგიძლიათ გამოყოთ რა არის მთავარი რაც გერმანიას გამორჩეულ ქვეყნად აქცევს?
- გერმანიას გამორჩეულ ქვეყნად აქცევს თითოეული მოქალაქის მონდომება და სურვილი, რომ იცხოვროს ძლიერ სახელმწიფოში. ძლიერი სახელმწიფო საბოლოო ჯამში დამოკიდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე. მაშინ იქნება ჩემი ლექციების კურსი წარმატებული, თუ ის რასაც ვასწავლი თითოეულ სტუდენტს, მიიყვანს მათ იმ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე მათი უფროსი არ არის. თუ გაიგებს საზოგადოება, რომ საჯარო მოხელეს ისინი ქირაობენ იმისათვის, რომ სახელწიფო მართოს და მათი ცხოვრება გახადოს უკეთესი. საზოგადოება, როდესაც ამას გაითავისებს თავიდან ბოლომდე, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ კარგ და ნათელ მომავალზე. მიხარია, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოწადინებულია მოქალაქეებს ეს გრძნობა გაუჩინონ. ხალხმა კი არ უნდა უსმინოს ხელისუფლების დაკვეთას, არამედ პირიქით - ხელისუფლება ნამდვილად ვალდებულია, რომ მოქალაქეს მოუსმინოს. ძალიან კარგად მაქვს გათავისებული რატომ ვარ აქ, რა არის ჩემი ვალდებულება და ვხვდები, რომ აქ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ვემსახურო სახელწოფოს და ვემსახურო ხალხს. სწორედ ეს არის გერმანიის მთავარი პრინციპი და ამავდროულად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იქ არის ძალიან მაღალი. ეს თუნდაც სადარბაზოებიდან იწყება, თქვენ ვერ ნახავთ იქ ვერც ერთ მოუწესრიგებელ სადარბაზოს. ასევე გერმანია არის ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სახელმწიფო. მათი ეს პოლიტიკური კულტურა კი დამყარებულია კომპრომისზე. პოლიტიკა არის კომპრომისის ხელოვნება და არ შეიძლება მკვეთრი დაპირისპირება. მკვეთრ დაპირისპირებას მივყავართ სავალალო შედეგებამდე. გარდა ამისა გერმანელ ხალხს აქვთ მშვიდობის სურვილი და იმის სურვილი, რომ იცხოვრონ გაერთიანებულ მშვიდობიან ევროპაში. ასევე ორგანიზებულობა, დროის პატივისცემა, პუნქტუალობა აქცევს გერმანიას გამორჩეულ სახელმწიფოდ. ამასთან, ძალიან დიდი ინვესტიცია იდება განათლებაში, მეცნიერება ძალიან დაფასებულია... კიდევ ძალიან კარგი კულტურა ღირსეული ადამიანური ურთიერთობებისა, ქმნის გერმანიისაგან წარმატებულ სახელწიფოს.
- რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?
- გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი სამინისტროში და მსურს, რომ ეს პროექტები ბოლომდე მივიყვანოთ. კარგად მაქვს გათავისებული ისიც, რომ გარკვეულწილად ეს თანამდებობა, რომელიც მიკავია არის პოლიტიკური და თუნდაც პარლამენტის წევრის მანდატისგანაც განსხვავებით, არ არის გარკვეულ ვადაში გაწერილი. ვნახოთ როგორც დაჭირდება სახელწიფოს, სადაც ვიქნები უფრო ეფექტური, მეც ამაზე ვიქნები დამოკიდებული. რაც შეეხება წმინდა პროფესიულ განვითარებას და პროფესიულ პრაქტიკას, ამის გაგრძელებას ვაპირებ და მინდა, რომ ამ კუთხითაც უფრო მეტად ვიმუშავო საკუთარ თავზე და მეცნიერებაშიც გარკვეული მოკრძალებული სიტყვა ვთქვა.
წყარო: ttimes.ge, ესაუბრა ანო მუქათარიძე