reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: ქართული ფეხბურთი იყო და იქნება ჩემთვის მთავარი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:51
სპორტი
ლევან კობიაშვილი: ქართული ფეხბურთი იყო და იქნება ჩემთვის მთავარი!
ავტორი:
03 სექტემბერი, 2015. 02:44



ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. ეროვნულ ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი არჩევნებში თბილისის „დინამომ" წარადგინა. სფფ-ს სამდივნოში კობიაშვილის განაცხადის შეტანა გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი არმიის ფონზე მოხდა. კობიაშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ასმატჩიან ზღვარს მიაღწია. „კობი" ჩატარებული მატჩების რაოდენობით გერმანულ ბუნდესლიგაშიც ერთ-ერთი მოწინავეა ლეგიონერთა შორის. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ კლაუდიო პიზაროს ჩამორჩა. ეროვნულ ნაკრებში 12 გოლის გამტან კობიაშვილს, წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად, თავის მოწონება, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ გერმანიის კლუბ „ჰერტას" ადმინისტრაციაში მუშაობითაც შეუძლია. 38 წლის ვეტერანს ბერლინში დარჩენას და მუშაობის გაგრძელებას სთავაზობდნენ, თუმცა მან ქართული ფეხბურთის გადარჩენისთვის ბრძოლა არჩია და სამშობლოში დაბრუნდა. პორტალი „კვირა" ლევან კობიაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ....



- უკვე რეგისტრირებული კანდიდატი ხართ, ქართული საფეხბურთო საზოგადოება განსაკუთრებულად ელოდა თქვენს ოფიციალურ კანდიდატად ქცევას, თავად თქვენ რომ გვითხრათ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივი?


- ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემთვის განსაკუთრებული. ეს არის ქვეყნის სახე და მე ვთვლი, რომ ჩემი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ამიტომ გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა ამ არჩევნებზე. მაქვს კონკრეტული სტრატეგია, თუ როგორ ვხედავ ფეხბურთის განვითარებას და აქტიურად ვარ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.

 

- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ ძალიან ხშირად ისმის საუბარი იმ არათანაბარ გარემოზე, რომელსაც ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობა გვთავაზობს. კიდევ ერთმა კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური პრესკონფერენციაც მოიწვია. თქვენ როგორ თვლით ამ ვითარებაში როგორია თქვენი შანსი?

- საარჩევნო გარემო ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი და მე მოვუწოდებ, პირველ რიგში, ფეხბურთის ფედერაციას, რომ მათ უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი პირობების შექმნა. ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი პროგრამა, ხედვა. მოხდეს მისი განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ პირობებში მე ვთვლი, რომ ჩემი შანსები არის მაღალი, რადგან ის სტრატეგია, რომელსაც მე წარმოვადგენ და ის ხედვა, რაც მე მაქვს, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფეხბურთის წინსვლას და განვითარებას.

 

- ქართული ფეხბურთი ურთულეს მდგომარეობაშია, რამდენად თვლით, რომ შეგიძლიათ ასეთი ვითარებიდან თავის დაღწევა და რა გაძლევთ იმედს, რომ ამ პრობლემების გადაჭრას შეძლებთ?

-პირველ რიგში, რაც უნდა მოხდეს და რითაც ვაპირებ, რომ დავიწყო მოქმედება ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ეს არის სისტემური ცვლილებები. მაქვს ჩამოყალიბებული „კარგი მმართველობის" სისტემა და ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებების დაწყება. ეს არის გამჭვირვალობა, ჩართულობა და გუნდური მუშაობა, კანონის უზენაესობის დაცვა, პასუხისმგებლობა და ა.შ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონალური ცენტრების შექმნა, ეროვნული ჩემპიონატის წინ წამოწევა. მე მაქვს სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით, ვარ ბერლინის „ჰერტას" აკადემიის მენეჯერი და ვთვლი, რომ ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, ასევე გუნდური მუშაობის პრინციპით შევძლებთ ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას.



 - აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ თვენ ბერლინის "ჰერტას" ადმინისტრაციაში მუშაობდით, სადაც გარკვეული გამოცდილებაც დააგროვეთ. ისე კი გერმანულ ფეხბურთში საკმაოდ დიდი და გავლენიანი წრე გყავთ, რამდენად თვლით, რომ ეს გამოგადგებათ სფფ- პრეზიდენტის პოსტზე წარმატებულად მუშაობაში?


- წლების განმავლობაში მქონდა და მაქვს კარგი ურთიერთობები გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან და, რა თქმა უნდა, ჩემს ამ კავშირებს ყველა მიმართულებით გამოვიყენებ. გერმანიის ფედერაციასთან მქონდა საუბრები ამ თემაზე და ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ჩვენთან, იქნება ეს პროექტები, მათი მოდელის გადმოტანა აქ თუ სხვა. მე მზად ვარ, ყველა ჩემი რესურსი ჩავრთო და მოვახმარო ქართული ფუხბურთის განვითარებას.

 

- ცნობილია, რომ სფფ- პრეზიდენტობის სურვილს აფიქსირებენ მამუკა კვარაცხელია და რეზო არველაძე. რისი თქმა შეგიძლიათ მათთან შედარებით თქვენს სასარგებლოდ?

 

- კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემთვის მთვარია არჩევნები ჩატარდეს თანაბარ პირობებში და ჯანსაღ გარემოში, რადგან ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ქართული ფეხბურთი არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და სწორედ ახლა არის საჭირო სწორი მოქმედებების გატარება და იმ ფუნდამენტის შექმნა, რაც მომავალში მოიტანს შედეგს. მე ღიად ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ორივე კანდიდატის მიმართ და ვთვლი, რომ ის ხედვა, რაც მე გამაჩნია, სწორი და ჩამოყალიბებულია.


- დამარცხების შემთხვევაში რა გეგმები გაქვთ ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით, ეცდებით თუ არა გარედან რაიმე ფორმით ჩვენი ფეხბურთის კრიზისიდან გამოსვლის საკითხებზე მუშაობას?


- ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო და იქნება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი. ამაზე მეტყველებს ჩემი გავლილი კარიერაც და ამიტომაც გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილების მიღება. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, მე ყველა ჩემი რესურსით ვეცდები შევიტანო ჩემი წვლილი ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში.


- გისურვებთ წარმატებებს....


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016