სახელმწიფო ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზე, სამართალდამცველმა ორგანოებმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გია დორეული, დააკავეს. დორეულთან ერთად დაკავებულები არიან შპს "დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტ ესკორტის" დირექტორი მინდია ტაბაღუა და მოქალაქე დავით ქოროღლიშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბერში, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გია დორეულის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დავით ქოროღლიშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქონების ურთიერთგაცვლის შესახებ, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ მარნეულში მდებარე 1947 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, მოქალაქე დავით ქოროღლიშვილს 15 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გადაეცა. აღნიშნული ქონება გაცვლამდე, ექსპერტ მინდია ტაბაღუას მიერ 128 000 ლარად შეფასდა.
გამოძიების მიერ დადგინდა, რომ გაცვლის მომენტში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების რეალური ღირებულება 982 421 ლარს, ხოლო მოქალაქე დავით ქოროღლიშვილის მიწის ნაკვეთის ღირებულება 102 742 ლარს შეადგენდა. 2013 წლის ივნისში აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა იმავე მდგომარეობაში 600 000 აშშ დოლარად გასხვისდა. რის შედეგადაც, სახელმწიფოს 879 679 ლარის ზიანი მიადგა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.