ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია „ჯეონიუსს" ქვეყანაში რეალურად არსებულ პრობლემებსა და მისი აღმოფხვრის გზებზე ესაუბრა:
- ბატონო ჰამლეტ, როგორ შეაფასებთ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ და ხედავთ თუ არა მის მიერ დაპირებულ უკეთეს შედეგს?
- პრობლემა მარტო იმაში კი არ არის, რომ მთავრობა ადეკვატურად არ რეაგირებს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, არც მარტო იმაშია, რომ სამწუხაროდ საზოგადოებასაც არ გააჩნია შესაბამისი რესურსი, სწორად აღიქვას და სერიოზული ქმედითი ნაბიჯები განახორციელოს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. უსერიოზულესი პრობლემა ისაა, რომ არც საზოგადოებას და არც მის მიერ არჩეულ პარლამენტს, არ გააჩნიათ კონკრეტული, პრაგმატული გეგმა, თუ როგორ, რა რესურსით განახორციელონ ქვეყანაში მოკლე და საშუალოვადიანი ანტიკრიზისული პროგრამები. შეუძლებელია სერიოზული ცვლილებების გატარება ქვეყნის საკეთილდღეოდ, თუ საზოგადოება არაა მზად გააცნობიეროს რადიკალური ცვლილებების გატარების აუცილებლობა. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სისტემურად გააზრებული მოქმედების პროგრამა, რომელსაც მოსახლეობა გააცნობიერებს და მხარს დაუჭერს. მსოფლიოში არც ერთი წარმატებული რეფორმა არ გატარებულა გააზრებული, დასაბუთებული, სახელმწიფო პროგრამების გარეშე, რომელსაც ხელმძღვანელობენ პროგრამის ინტერესებიდან გამომდინარე შესაბამისი კვალიფიციური კადრები და საზოგადოების მხრიდან აქტიური მხარდამჭერები.
დღეს საქართველოსთვის საჭიროა არა მარტო დასაბუთებული ეკონომიკური და სოციალური სახელმწიფო პროგრამა, არამედ ჩვენი ისტორიული მეხსიერების - ქართული მენტალიტეტის შენარჩუნებისა და განვითარების კონცეფცია, რომელიც თანხვედრაშია გეოპოლიტიკურ პროცესებთან და სერფინგის ტექნოლოგიით იყენებს ტალღებს ეროვნული თვითმყოფადობის და მისი განვითარების უზრუნველსაყოფად. მსგავსი კონცეფცია - ეროვნული იდეოლოგია - არის იმუნიტეტი როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ჩვენი ღირებულებების და ფასეულობების დასაცავად. დღეს მთლიანობაში, მიუხედავად სხვადასხვა ვექტორებისა, ცივილიზაციის, კულტურის მრავალფეროვნების შენარჩუნება ერთადერთი უალტერნატივო პროცესია და ეს საქართველოსთან მიმართებაში რეალურად განხორციელებადია მოკლე ვადებში, თუ იქნება საზოგადოებისა და მის მიერ არჩეული პარლამენტის პოლიტიკური ნება.
სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობა 3,7 მილიონია, რაც მეგაპოლისის ერთი უბანია, ამავე დროს საქართველოს, თავისი ბუნებრივი რესურსით, უნიკალური და მრავალფეროვანი ფაუნით, გეოგრაფიული მდებარეობით და გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, ქართველი ერის ნიჭიერებით რეალური შესაძლებლობა აქვს ქართული „მარშალის" მოკლევადიანი სახელმწიფო გეგმის და საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით სერიოზული რეგიონალური და მსოფლიო მნიშვნელობის ეკონომიკური ნახტომი თუ გარღვევა მოახდინოს.
„უდიდესი ნიჭი" უნდა გვქონოდა ქართველებს, ვგულისხმობ მთავრობასაც, რომ ღმერთის მიერ ნაბოძები ჩვენი უმდიდრესი მიწა -წყალი, სამოთხე იმ მდგომარეობამდე მიგვეყვანა, რომ ქართველები საკუთარი სამშობლოდან გარბოდნენ, საკუთარ მიწა-წყალს ყიდდნენ და უცხო ქვეყნებში ნებაყოფლობით მონურ შრომას ეწეოდნენ საკუთრი თავის და ოჯახის გადასარჩენად. საქართველოს მოსახლეობას უცხოეთის ბანკები „დამოკლეს მახვილივით" კისერზე ეკიდოს და საკუთარი სახლ-კარის ბედიც კი არ იყოს დამოკიდებული მათზე. დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკლესიას დაუბრუნდა და ღმერთს სთხოვს მოწყალებას. პასუხი კი ერთია - „ხელები გაანძრიე და გეშველება". ისევ ისმის ძველი კითხვები - რა ვაკეთოთ? როგორ ვაკეთოთ და გვეშველება კი? ამის პასუხი კი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეში, მის უზარმაზარ პოტენციალში და ქართველი ერის გონივრულ მოქმედებაშია.
არსებობს მოსაზრებები, რომ გარეშე ძალები ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას, მათ უნდათ რომ მდიდარ საქართველოს დაეპატრონონ მუქთად და იოლად. დარჩენილი ადამიანური რესურსები მართონ ე.წ. ინტერნაციონალური მექანიზმებით, ცნობილი, კარგად დავიწყებული ფორმულებით: „გათიშე და იბატონე", „გააღარიბე და მართე", „გარყვენი და მენტალობა შეუცვალე". მთლიანობაში ექსპერტების ნაწილი ამ მოვლენებს მიაწერს გლობალიზაციის, ინტერნაციონალიზმის და ცივილიზაციის განვითარებას. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის, მას სხვა მიზეზები აქვს, არიან დაინტერესებული ძალები ამ პროცესების მართვით და საკმაოდ დიდ შემოსავალსაც იღებენ. ასევე არსებობენ საერთაშორისო ძალებიც, რომლებიც სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ ამ მსოფლიო პროცესს არა მარტო რელიგიური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური და ფინანსური კუთხითაც და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ძალების უკან დგას ცივილიზაციისა და კაცობრიობის დედა - დედამიწა და მისი პირმშო ეკოლოგია. აი, სწორედ ეკოლოგია არის რეალური ძალა და სუბიექტი, რომელიც აუცილებლად დააბალანსებს და ცივილიზაციის ჭეშმარიტ მონაპოვარს დაიცავს. იგი გვევლინება როგორც სრულფასოვანი თანამედროვე ცივილიზაციის ეკონომიკის ხერხემალი და ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სუბიექტი. მისი არგათვალისწინება ყოვლად დაუშვებელია, რაზედაც უკვე გლობალიზაციის იდეოლოგიაზე „დამჯდარი" ძალებიც ვეღარ უარყოფენ მის ძალას და იძულებულნი არიან გაითვალისწინონ რესურსული ეკონომიკის პრინციპები და დედამიწის მკაცრი ეკოლოგიური მოთხოვნები.
- ლარის კურსის არასტაბილურობას როგორ შეაფასებთ, ეს ხელოვნურად კეთდება თუ გარე ძალები უშლიან ხელს?
- ლარის კურსთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე და უდავოა, რომ საგარეო ფაქტორებიც მოქმედებს, რა ხარისხით და რა დონით - ეს სხვა საკითხია, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობისაა შიდა ეკონომიკური ფაქტორები, იმპორტისა და ექსპორტის თანაფარდობა, რაც სამწუხაროდ არა მარტო ლარის კურსზე, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე დამანგრევლად მოქმედებს, მსგავსი თანაფარდობა იმპორტისა და ექსპორტისა დიდ ქვეყნებსაც გააკოტრებდა. ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების განცდა მოსახლეობის იმ ნაწილისა, ვისაც იმდენი შემოსავალი არა აქვს ლარებში, რომ უსაფრთხოება იყიდოს. დღეს დოლარი და სხვა უცხოური ვალუტა მარტო სიმდიდრის, ცხოვრების, კომფორტის საშუალება არ არის. ის ჩვენი მოსახლეობის მდიდარი ნაწილისთვის უსაფრთხოების გარანტიაცაა, ისინი დოლარებს ყიდულობენ არა მარტო იმისთვის, რომ პირადი ქონება დააგროვონ, არამედ იმიტომ, რომ გარეთ გაიტანონ და სამშობლოს სოციალურ-ეკონომიკურ მიწისძვრებს სიმაღლეებიდან უყურონ.
თვითონ უსაფრთხოების განცდა არა მარტო ეკონომიკური, არამედ ფსიქოლოგიურიც არის. სოციალური პრობლემების მუხტის დაგროვება მოსახლეობაში იწვევს გარკვეული შიშის განცდას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ რაიმე დასაკარგი. აქედან გამომდინარე, ლარის რესურსის ქონის შემთხვევაში ცდილობენ უცხოური ვალუტით იყიდონ სიმშვიდე და გარანტიები.
რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით, არ არის დამაკმაყოფილებელი და ამავე დროს, როგორც ჩემთვის ცნობილია, არ მიმდინარეობს სერიოზული კვლევები ლარის კურსის ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოსავლენად, მის აღმოსაფხვრელად. უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ვალუტა - ეროვნულიც და უცხოურიც, დამოკიდებულია მთავრობის ნდობის ფაქტორზეც, თუ რამდენად ენდობი მთავრობას, მისი გადაწყვეტილებების სისწორეს, სტაბილურობის სოციალურ გარემოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ ადამიანის იმედს საკუთარი მომავლის და ქვეყნის მიმართაც, რაც ვალუტის გამყარების ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა. დოლარის მიმართ თუ დაიკარგება ნდობა მისი მომხმარებლების მხრიდან, ვერავითარი ამერიკის სიმდიდრე ვერ უზრუნველყოფს მის გამყარებას. ამერიკის პრეზიდენტის არასათანადო განცხადებებს კი შეუძლია გამოიწვიოს მსოფლიოში დოლარის კურსის ცვლილებები. ამიტომ თვითონ ლარის კურსის ცვალებადობის პრობლემა მრავალმხრივია, მისი სტაბილურობა მარტო მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე არ არის დამოკიდებული, ის მოსახლეობაზეც არის მნიშვნელოვნად დამოკიდეული, თუ რა იმედით უყურებენ ქვეყნის მომავალს და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების კეთილსინდისიერებაზეც, ვისაც ფული აქვს და სამშობლო, სიყვარული და ლარის ეროვნული ღირსება მათ არ უნდა დაახურდავონ, რადგან დღეს ქვეყნის თანადგომა ლარის კურსის გამყარებაზეცაა დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ლარის კურსს ახალ წლამდე, ლარზე მოთხოვნილება გაიზრდება ჩვენი მოსახლეობისგან, რომლებიც უცხოეთში საქმიანობენ, უფრო მეტი თანხის გადმორიცხვა მოხდება, რაც ლარის კურსის გარკვეულ გამყარებას გამოიწვევს.
- რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
- ჩემი აზრით, პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ იმ პროდუქტების ფასები, რომლებსაც დოლარზე არ ვყიდულობთ, საუბარია ადგილობრივ ნაწარმზე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას, განსაკუთრებით სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებლებს, რომ პროდუქცია არ გააძვირონ, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ლარებს მოიხმარს და უსაფრთხოების, გამდიდრების, სპეკულაციის მიზნით დოლარებს არ ყიდულობს. აუცილებელია მოსახლეობას მივცეთ იმედი და წავახალისოთ მცირე და საშუალო ბიზნესი, სახელმწიფომ უნდა გაატაროს საგადასახადო რეფორმა, რათა დამატებითი რესურსი გაუჩნდეს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწარმოოს ბიზნესი და მიეცეს დამატებითი სტიმული. მნიშვნელოვანია ასევე იმის გათვალისწინება, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით 100 ათას თუ აღემატება მოქალაქის შემოსავალი, იბეგრება 38%-ით, როგორც საშემოსავლო, ასევე დამატებითი ღირებულებით. ფაქტობრივად, ეს არის კომუნისტური მეთოდი, არ მისცენ საზოგადოებას საშუალება პატიოსნად აწარმოონ ბიზნესი, რომელიც დანერგა ყოფილმა მთავრობამ, რომლის მიზანი იყო საქართველოში არ ეარსებათ იმ ოჯახებს რომლებსაც ექნებოდა შემოსავალი საშუალოდ 8000 ლარზე მეტი თვეში, არ ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები და მიებათ სახელმწიფოს საგადასახადო სისტემის კონტროლზე. ეს კი არის დიქტატურის ქმედითი ფორმა ეკონომიკურ სივრცეში. რატომ უნდა უშლიდეს სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკა ადამიანს და აიძულებდეს ფიზიკურ პირს 38% -ის წართმევით თავისი მცირე ბიზნესის წარმატებაზე ხელი აიღოს და იძულებული გახდეს კრიმინალური მეთოდით უპასუხოს სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას. ვის ინტერესებშია ეს? ბიუჯეტის? ბიუჯეტი ხომ ხალხისთვის უნდა არსებობდეს და არა ხალხი ბიუჯეტისთვის. მსგავსი მდგომარეობაა ასევე კომერციული ფართების გაყიდვის შემთხვევაშიც, ფაქტიურად აქაც 30%-ზე მეტი მიაქვს სახელმწიფოს, რაც ხელს უშლის ქონების გადანაწილებას და ბიზნესის ეფექტიან წარმართვას. სახელმწიფო თავისი უგუნური პოლიტიკით არ აძლევს საშუალებას გამყიდველს და მყიდველს განახორციელონ ბიზნესი.
მთლიანობაში ლარის კურსი დაკავშირებულია 3 ფაქტორთან - საგარეო, მთავრობის და ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან და ფსიქოლოგიურ ფაქტორთან. ჩემის აზრით, თუ სწორად იქნება გათვლილი სამთავრობო ეკონომიკური პოლიტიკა, ლარის კურსი იანვრამდე უნდა დასტაბილურდეს. ლარის კურსის მერყეობა შეიწირავს არა მარტო ამ მთავრობას და ქვეყნის ეკონომიკას, არამედ სერიოზულად დააზარალებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. საქართველომ უმოკლეს ვადებში უნდა გადაწყვიტოს 2 უმთავრესი პრობლემა - უსაფრთხოების - გარეშე მტრებისგან თავის დაცვა და ლარის კურსის აუცილებლად გონივრულ ნიშნულზე ჩამოყვანა, საზოგადოების სტაბილურობა უზრუნველყოფის სხვა არჩევანი საზოგადოებას და არც მთავრობას არ აქვს.
- დღეს ძალიან აქტიურია თემა საქართველოში რუსული ძალების მიერ მედიის დაფინანსებაზე, ასევე ბოლო დროს ტელევიზიებში თოქ-შოუების დახურვაც არანაკლებ რეზონანსული თემაა. კერძოდ, ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვის შესახებ პარლამენტარებმაც გააკეთეს კომენტარი და მთავრობის მიმართ უსამართლო კრიტიკაში დაადანაშაულეს, მაინტერესებს ამ საკითხებზე თქვენი შეხედულება. რამდენად სამართლიანია მსგავსი შეფასებები?
- ჩვენ ამაზეც ბევრჯერ ვისაუბრეთ და გავიმეორებ, რომ მედიის ძირითადი პრობლემა არის ფინანსური დამოუკიდებლობა. რაც დამოკიდებულია ინფორმაციულ ბაზარზე, დემოკრატიულ კანონმდებლობაზე, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე, რეკლამებზე. გარდა ამისა, ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო მედია-მესაკუთრეების დამოუკიდებლობას, არამედ ჟურნალისტთა კორპუსის დამოუკიდებლობასაც, რაც ხელს შეუწყობს მათ. პროფესიონალიზმის და პასუხისმგებლობის ხარისხის ზრდას, პროფესიული ეთიკის მდიდარი თვითრეგულირების აუცილებლობას. სამწუხაროდ, დღევანდელი კანონმდებლობა ხელს უშლის როგორც მედიამესაკუთრეს, იყოს ბიზნესმენი, და არ აგოს პასუხი დაქირავებულ მოქალაქე ჟურნალისტებზე, ასევე კანონმდებლობით მოქალაქე ჟურნალისტიც უნდა ემიჯნებოდეს პროფესიონალ ჟურნალისტს თავისი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით. რაც ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტის პროფესია სამართლებრივად უნდა აღვადგინოთ. თუ ამას მოქმედი პარლამენტი არ გააკეთებს, მაშინ იმედია, მომავალი პარლამენტი აუცილებლად გაითვალისწინებს სიტყვის თავისუფლებისა და საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბეჭდურ მედიას, მათ შორის ინტერნეტ გამოცემებს, კანონი არ უკრძალავს ეძიოს ევროპელი თუ რუსი დამფინანსებელი, კანონი ამას არ ზღუდავს, თუ საუბარი არ იქნება სახელმწიფო ღალატზე, შეგნებულად სახელმწიფო საიდუმლოებების გასაჯაროებაზე, მოწოდებებზე - ქვეყნისა და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ.
რაც შეეხება ტელევიზიებს, იქ ფაქტიურად იკრძალება პოლიტიკური პარტიებისგან დაფინანსება, მართვა და აუცილებელია დამფუძნებლების ვინაობის საჯაროობა. გამოსავალიც არის ის, რომ ან მოსახლეობას უნდა გაუჩინოთ შემოსავალი და ხელი შეუწყოთ იყოს მსყიდველუნარიანი, თვითონ დააფინანსონ გამოცემები და უნდა არსებობდეს საშუალო ფენა, კანონით გაწერილი კონკურენტუნარიანი და ანტიმონოპოლისტური გარემო.
რა თქმა უნდა, ბიზნესის გარკვეული წილი უნდა მოდიოდეს რეკლამებზე. ამ შემთხვევაში მედია იქნება დამოუკიდებელი, თავისი ბედის განმკარგავი, მორგებული მომხმარებელზე, აუდიტორიაზე და იქნება თავისუფალი გარეშე ძალებისგანაც. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; არის მეორე საკითხი - როგორც უცხოეთშია, აქაც უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მედია ფონდები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მედიის ფინასურ დამოუკიდებლობას, მის ნაირფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას. რაც მთავარია, რედაქციებისა და ჟურნალისტების პროფესიონალიზმის, ეთიკისა და უნარ-ჩვევების განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ის, რაც არის და უარეს ფორმაშიც.
ამას ემატება ისიც, რომ მესაკუთრეებს უჭირთ გაუძლონ ეკონომიკურ წნეხს, არანაირი შეღავათები მათ არ ეხებათ. მედია პროდუქტის თვითღირებულება მაღალია. პროფესიონალ ჟურნალისტებს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, ასევე გასათვალისწინებელია სხვადასხვა სერიოზული ხარჯები - ტექნიკა, აღჭურვა, საგადასახადო. ეს ქმნის გარემოს, სადაც მედიის დამოუკიდებლობა ფიქცია ხდება.
აუცილებელია საზოგადოებამ თავისივე არჩეულ პარლამენტს მოსთხოვოს, გაატაროს დემოკრატიული რეფორმები მედიის და ჟურნალისტების რეალური დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, მე როგორც ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენელი, ვგმობ ყოველგვარ ზეწოლას ჟურნალისტებზე, რა სახის არ უნდა იყოს ის. რაც შეეხება ინგა გრიგოლიას საკითხს, მე მას მხარს ვუჭერ, მას ძალინ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია იმ პარლამენტარების განცხადებები თმენის კულტურიდანაც გამომდინარე, რომლებიც აცხადებენ, რომ ინგა გრიგოლიას გადაცემა მთავრობის კრიტიკაზე იყო აგებული. ვფიქრობ, რომ მსგავსი დამოკიდებულება პარლამენტარებისაგან და სხვა საჯარო პირებისგან არაკორექტულია.
მსგავსი განცხადებები ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითრებას. სწორედ ჟურნალისტი უნდა იყოს შუამავალი მთავრობასა და საზოგადოებას შორის, მედია მთავრობას მწვავედ უნდა მიანიშნებდეს იმ პრობლემებზე, რომელიც არის სმენადი, ყურებადი და რეიტინგული. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ და კონკრეტულმა პირებმა არა მარტო ყურადღება მიაქციონ, არამედ დასაბუთებული პასუხიც უნდა გასცენ თავიანთ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს. თუ საქმე ეხება ცილისწამებას ჟურნალისტის მხრიდან, მოქმედი კანონის შესაბამისად სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, შეურაცხყოფილმა უნდა მიმართოს სასმართლოს, სადაც მოპასუხე იქნება კანონის შესაბამისად, მესაკუთრე და დამოუკიდებელი სასამართლოც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
წყარო: geonews.ge, ესაუბრა დათო ქაქუთია