პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრისგან მოისმინა.
ნოდარ ხადურის განმარტებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 151 მილიონ 200 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 66%-ი, 9 თვის გეგმის 89%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 11%-ით აღემატება.
„2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი, რაც წინა წლის იგივე პერიოდს 823 მილიონი ლარით აღემატება, 9 თვის გეგმის 87%-ია. თანაბრობით აღინიშნება მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა, რასაც ადასტურებს, რომ არითმეტიკულადაც კი დაახლოებით 66-67%-ია წლიური მაჩვენებლების, 8 თვის გეგმა უნდა იყოს და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შემოსავლებში და ხარჯებში ჩვენ ამ მაჩვენებელზე გავდივართ. გადასახადებზე გითხარით, რომ ეს არის 66%-ი, სხვა შემოსავლებზე არის 65%. არაფინანსური აქტივების კლება , ანუ პრივატიზაცია 71%. გადასახდელებს რაც შეეხება, იანვარ-აგვისტოში გაწეული გადასახდელები ჯამში 6 მილიარდ 10 მილიონი ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83%-ია. იანვარ-აგვისტოში წელს დახარჯულია 660 მილიონი ლარით მეტი 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების იანვარ-აგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე, გაწეულია უკვე 900 მილიონი ლარი, რაც 32%-ით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება შეადგენს 188 მილიონ ლარს, ფონდიდან უკვე დღეის მდგომარეობით გამოყოფილია 390 მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების იანვარ-აგვისტოს ხარჯი შეადგენს მილიარდ 260 მილიონ ლარს,"-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, 1 ოქტომბრისთვის უკვე ცნობილი იქნება დაზუსტებული ინფორმაცია კვარტლების გეგმის მიხედვით, თუმცა შემოსავლების მიმდინარეობა, მათ შორის სექტემბერში, საკმაოდ დამაიმედებელია.