„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კარგი თამაში ვითამაშოთ არა ერთჯერადად, არამედ ასეთი თამაშების სერია მოვაწყოთ", - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ ნაკრებს ასეთი მაღალი დონის შედეგები ბევრი ექნება, უკვე გაჩნდება პრეტენზია, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.
"მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელებს მოტივაცია აშკარად ჩვენზე მეტი ჰქონდათ, გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დადებითი შედეგი ვაჩვენეთ, რითაც ფეხბურთელები იგრძნობენ გამარჯვების ძალას. ასეთი შეხვედრები მაქსიმალურად ბევრი უნდა ჩავატაროთ და შემდეგ უკვე შეგვეძლება ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის. არ უნდა ჩავვარდეთ ეიფორიაში, ეს უნდა დავივიწყოთ და უკვე შემდეგი შეხვედრისთვისთვის მოვემზადოთ - შეხვედრისთვის ირლანდიასთან, რომელიც ჩვენთვის გაცილებით უფრო მძიმე იქნება", - განაცხადა ცხადაძემ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 38-ე წუთზე ლევან მჭედლიძის პასით ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა.
შემდეგ შეხვედრას კახა ცხადაძის გუნდი სტუმრად ირლანდიასთან 7 სექტემბერს გამართავს.