- რა გატირებს?
- რაღაც გამახსენდა...
- მაინც? - აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს... - მერე, რა გატირებს? -ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო... - ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი? - რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება... - გინდა შენზე მოთხრობა დავწერო? - არ მინდა... - რატომ? - შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან... - მერე შენ ამის გეშინია? - შენ არ გეშინია?! - რისი უნდა მეშინოდეს?! - დასასრულის... - დასასრული არ არსებობს.. - როგორ თუ არ არსებობს?! -რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას... ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი... - მაშ, რატომ ტირიან ადამიანები? -ეშინიათ და იმიტომ... - რისი ეშინიათ? - დასაწყისის... ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის... - მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს? - თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია... - იქნებ მაგიტომ არ ტირიან?! - მაშ, რატომ? - შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით... - ეგ რამ გაფიქრებინა? - ეკლესიებმა... ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით... - შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა? - შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს... - და თუ განმეორდა, მაინც იტირებ? - არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი... -იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა... - მერე აღარ იტირებს? - არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია. - დაწერე რა.. - რა? - მოთხრობა დაწერე ჩემზე... - შენც რომ შემომაკვდე ბოლოს? - არა. იცი, როგორ დაწერე? - როგორ? - ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს... - მერე? - ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.. - მერე? - ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ? ..... დავწერე..."