ხელისუფლება საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში შექმნილპრობლემებზე რეაგირებას ახდენს და ჯარიმების გაზრდას განიხილავს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის პროექტ "ქვეითების უსაფრთხოების ადვოკატირების" ფარგლებში ქვეითების და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, დაწყებულია საგზაო უსაფრთხოების კუთხით მუშაობა, რაც მრავალ მიმდინარეობას მოიცავს, მათ შორის ჯარიმების გაზრდას.
"მინისტრის დავალებით, საგზაო უსაფრთხოებაზე ახალ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელებაში ჩაეშვება. ეს იქნება ერთწლიანი კომპლექსური პროგრამა, რომელიც არაერთი მიმართულებით ითვალისწინებს სახელმწიფო ჩარევას, ეს იქნება ავტოპარკის განახლება, ქვეითთა უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტიები კანონმდებლობაში. ზოგიერთი მიმართულებით ჯარიმების გამკაცრება. მაგალითად, მგზავრების გადაყვანისას, როდესაც მძღოლები სახიფათო მანევრებს აკეთებენ და არღვევენ მოძრაობის წესებს. გამკაცრდება და გაუმჯობესდება ადმინისტრირება", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გოგა რაზმაძის ინფორმაციით კი, სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით შემუშავებული ახალი პროექტი სავარაუდოდ, მომავალი წლიდან აქტიურად ამოქმედდება.
ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების გამო ხელისუფლებაში ახალი სახელმწიფო უწყების შექმნა განიხილება.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „კომერსანტთან" აცხადებს. მისი თქმით, შესაძლოა ეს უწყება პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებაში იყოს.
ლალიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით, მომზადებულია საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ახალი უწყების შექმნა სწორედ ამ გეგმის ნაწილია.
„ეს არის 2015-2020 წლის გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა და გაიზარდოს გზებზე უსაფრთხოება. ეს გეგმა მიმდინარე წლის ივნისში უკვე მზად იყო, თუმცა, აქამდე ვერ განხორციელდა. ამის მიზეზია ის, რომ არ არის უწყება, რომელიც ამ მიმართულებით აღმასრულებელი იქნება. ამას სჭირდება თავისი კადრი, ბიუჯეტი"-აცხადებს ლალიაშვილი.
მისი ინფორმაციით, საკითხი სამთავრობო დონეზე უკვე განიხილება.
„კომერსანტი" ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებას რამდენიმე სტატიით გამოეხმაურა. სტატიებში იმ მძიმე ვითარების გამოსწორების აუცილებლობაზეა საუბარი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შექმნილი და რის გამოც პრაქტიკულად ყოველდღე მძიმე ავტოავარიები ხდება. ამგვარი ვითარების ერთერთი მიზეზი, როგორც გავარკვიეთ, კანონდამრღვევი მძღოლების მიმართ საპატრულო პოლიციის ლოიალური დამოკიდებულებაა.
გზებზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გახშირებულ შემთხვევებს სოციალურ ქსელებშიც აქტიურად აპროტესტებენ და ჯარიმების გამკაცრებასა და ეფექტურ ადმინისტრირებას მოითხოვენ.
2014 წლის 1 იანვრიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა.
უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვისაც, ავტომანქანის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარით ჯარიმდება. 200 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდა ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან. ამასთან, ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დაკისრებული ჯარიმები გამკაცრდა.