"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში "კანონიერი ქურდები" ჩაერთვნენ?" - სტატიას ამ სახელწოებით გაზეთი "კვირის ქრონიკა" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ "კანონიერი ქურდები" რევაზ არველაძის მხარდასაჭერად აქტიურობენ. AMBEBI.GE კომენტარისათვის რევაზ არველაძესთან დაკავშირებას დილიდან ცდოლობს, თუმცა უშედეგოდ. დღის ბოლოს ხმაურიან თემაზე მხოლოდ მისი ძმის, არჩილ არველაძის კომენტარის მოპოვება შევძელით.
- ეს არის სირცხვილი, ვინმეს ენა როგორ მოუბრუნდა ამ თემაზე სასაუბროდ?! სასაცილოა და მეტი არაფერი. არ ვიცი ვისი ფანტაზიის ნაყოფია ეს ინფორმაცია, მაგრამ ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია და მიუღებელია ამ თემასთან ჩვენი გვარის გაჟღერება.
წლებია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მგონი ყველა იცნობს ჩვენს ოჯახსაც და ჩვენ გვარსაც. ძალიან შეურაცხმყოფელია ეს ინფორმაცია.
- საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევაზე, თქვენ როგორ შეაფასებიდთ წინა საარჩევნო პროცესს?
- ბევრად უკეთესად შეიძლებოდა წარმართულიყო, რადგან ნამდვილად მოხდა ფაქტები, სადაც იყო ჩარევა, ამას თვითონ დელეგატები იძახიან. თუ შესაძლებელია, რომ ჩარევა არ იყოს, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ხდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს გურია იქნება თუ სხვა რომელმე რეგიონი.
- ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა ჩარევა და არც იქნება ...
- ძალიან კარგია, თუ ასე მოხდება, ამას მხოლოდ მივესალმები.
წყარო: AMBEBI.GE, ლადო გოგოლაძე