ტელეკომპანია "მაესტროზე" ახალ სეზონისთვის ემზადებიან. როგორც გამოცემა „კვირის პალიტრა" წერს, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ექსდეპუტატი ნიკა ლალიაშვილი ახალ თოქ-შოუს ამზადებს. გადაცემას ყოფილ თანაპარტიელ და ექსპარლამენტარ მაგდა ანიკაშვილსა და "ტრადიციონალისტთა" ლიდერ აკაკი ასათიანთან ერთად წაიყვანს.
აკაკი ასათიანი:
„მსგავსი რამ ნამდვილად შემომთავაზეს, ამჟამად მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, მოგვიანებით გადაწყდება ყველაფერი. ჯერჯერობით მიმდინარეობს ფორმატის შერჩევა, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, საბოლოოდ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, თუ რომელი უნდა იყოს.
თავისთავად ცხადია, რომ საინტერესოა, თუმცა ეს არ იქნება იმ ტიპის თოქ-შოუ, როგორებიც ჩვენთან არის. არ იქნება ორთაბრძოლები, ლანძღვა-გინება და გაწევ-გამოწევა. მოკლედ, ეს იქნება უფრო ანალიტიკურ-შეფასებითი ტიპის. მოხდება კონკრეტული თემის შეფასება, პარალელების გავლება, ანალიზი და სხვა...
შეიძლება მაგდა იყოს, შესაძლოა რომელიმე პოლიტოლოგი, სოცლიოლოგი ან ეკონომისტი. საერთოდაც აქ გადაცემის წაყვანა არ იქნება, რამდენადაც მე წარმომიდგენია, რამდენიმე ადამიანის მიერ მოხდება რაღაც კონკრეტული თემის განხილვა, გამოსავლის პოვნა და სხვა... გადაცემას არ ეყოლება ტიპიური წამყვანი, რადგან მე თვითონაც ნაკლებად მიმიწევს გული წამყვანობისაკენ, თანაც ამას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება", - აცხადებს აკაკი ასათიანი.
წყარო: kvirispalitra.ge, ლადო გოგოლაძე