„მაქვს ეჭვი, რომ ტელეკომპანია „იმედმა" შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში, საკუთარი გადაცემის დახურვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე აზრით, "რეაქციის" დახურვა "არის დიდი გეგმის ნაწილი".
"ვწუხვარ, რომ "იმედმა" ასე ადვილად დათმო პოლიტიკური თოქ-შოუები. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის დიდი გეგმის ნაწილი.
პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მე ვესაუბრე. როგორც კი ეს გადაწყვეტილება გახდა ჩემთვის ცნობილი, მე მას მივწერე სმს, პრეზიდენტმა პირადად გადმომირეკა, მოისმინა და იყო ძალიან კარგი და ძალიან მკვეთრი თავის განცხადებაში, რომელიც გააკეთა. პრეზიდენტისთვის აღმოჩნდა ცალსახად მიუღებელი გადაცემის დახურვა. მისი პირველი რეაქცია იყო ის, რომ გაუკვირდა", - აღნიშნა ჟურნალისტმა.