reportiori.ge - კობიაშვილი VS არველაძე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:44
ინტერვიუ
კობიაშვილი VS არველაძე
ავტორი:
09 სექტემბერი, 2015. 13:30


ლევან კობიაშვილი საპრეზიდენტო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო. პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებისთვის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში გამართა, შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებსაც გასცა პასუხი. ამ დღესვე გახდა ცნობილი, რომ პირველ სექტემბერს, კობიაშვილს ოფიციალურად, პრეზიდენტის პოსტზე „დინამო თბილისი" წარადგენდა. ამ დღესვე დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატმა აქტიური საარჩევნო კამპანია. კობიაშვილის განცხადებით, ის, კლუბების შემდეგ, სხვა სუბიექტებსაც შეხვდება. აქცენტი კი გულშემატკივრებზე გააკეთა, რომელთა გარეშეც, მისივე თქმით, ფეხბურთი წარმოუდგენელია.


უფრო ფართომასშტაბური იყო რევაზ არველაძის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" თავი არამარტო სპორტულმა სამყარომ, არამედ საზოგადოებისთვის სხვა ცნობილმა სახეებმაც მოიყარეს. საკუთარი ძმის საგულშემატკივროდ, თურქეთიდან „ტრაბზონსპორის" მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძეც ჩამოფრინდა. შეხვედრაზე იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები არიან და არჩევნებზე დელეგატებად უკვე მიავლინეს სხვადასხვა სუბიექტებმა.


საარჩევნო მარათონი გახურდა - როგორც აქამდე იყო ცნობილი, პრეზიდენტის სკამისთვის ორი ძირითადი კონკურენტი კობიაშვილი და არველაძე იბრძოლებენ.



გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია

 

ლევან კობიაშვილის კანდიდატურის დარეგისტრირებამ ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე ჩაიარა. ვეტერანი ფეხბურთელის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის მხარდასაჭერად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ გულშემატკივრები. კანდიდატურის დარეგისტრირების შემდეგ, კობიაშვილმა გულშემატკივრების მხარდაჭერა დააფასა და განაცხადა,რომ მათ გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია.


„მექნება შეხვედრები გულშემატკივართან. ფეხბურთი მათ გარეშე წარმოუდგენელია, მინდა იცოდნენ, რას ვგეგმავ, რას ვაპირებ, ჩემი პრინციპია გუნდური მუშაობა და მუდამ მექნება ეს პრინციპი".


ჯესი სურმავა, გულშემატკივარი: „ჩვენ მარტვილიდან ჩამოვედით, გულშემატკივრები და ფეხბურთში ჩართული ხალხი, ვინც ვსაქმიანობთ მარტვილში. გვინდა, დავესწროთ იმ მნიშვნელოვან პროცესს, როდესაც ლევან კობიაშვილი ოფიციალურად შეიტანს განაცხადს პრეზიდენტის პოსტზე. ვიცნობთ ამ პიროვნებას, ვიცით მისი წარსული, ვიცით, რას საქმიანობს. დიდი გამოცდილების პიროვნებაა და ძალიან გვეიმედება. გვინდა, ჩვენი გვერდში დგომით, მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანს და ვიმედოვნებთ, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს".



ნდობა

 

პირველი, ვინც ლევან კობიაშვილი პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი - „დინამო თბილისია". როგორც კანდიდატმა და კლუბის მეპატრონემ განმარტეს, კანდიდატად წარდგენა მას შემდეგ მოხდა, რაც „დინამოს" მესვეურებმა კობიაშვილის საარჩევნო პროგრამა გაიცნეს. „დინამო თბილისი" პირველია, კობიაშვილი კანდიდატად სხვა კლუბებმაც წარადგინეს, „დინამოს" მფლობელმა, რომან ფიფიამ კი განმარტა, რომ ის ლევან კობიაშვილს ენდობა.


რომან ფიფია: „ცვლილებები უნდა მოხდეს. კბიაშვილის მჯერა და ვიცი, ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ქართული ფეხბურთისთვის. რაც შეეხება სახელმწიფო ჩარევას, კალაძემ ფინანსური ჩარევები იგულისხმა, რის გარეშეც ჩვენი ფეხბურთი წინ ვერ წავა".



გუნდური მუშაობის პრინციპი და გერმანული მოდელი საქართველოში


ლევან კობიაშვილი:

 

- რაზე იყო საუბარი კლუბების წარმომადგენლებთან?

 

- კლუბებთან შეხვედრა რატომაც მოხდა, ეს პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვან იყო ჩემთვის. იმიტომ, რომ ჩემს სტრატეგიაში ეროვნულ ჩემპიონატს უკავია წამყვანი როლი. დარწმუნებული ვარ, მსგავსი შეხვედრა არასდროს მომხდარა. პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდები, ყველანი იყვნენ აქ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ხმის მიცემის უფლება საერთოდ არ აქვს. პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ზოგადად, მიმაჩნია და ასე ვხედავ, რომ გუნდური მუშაობის პრინციპი, ჩემს განვლილ კარიერაში, ჩემს განვლილ ცხოვრებაში, ყოველთვის გამორჩეული იყო. ყოველთვის გუნდური მოთამაშე ვიყავი და მქონდა ეს დადებითი მხარე. მინდოდა მათთვის გამეცნო, როგორ წარმომიდგენია და როგორ ვხედავ მათთან ერთად ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. დავპირდი და ვადასტურებ,რომ შვიდი სექტემბრის შემდეგ, სამ ოქტომბრამდე, სათითაოდ ჩავიდე ყველგან და დეტალურად ავუხსნა, მოვისმინო მათი მოსაზრებები, ის საკითხები, რომლებიც ღირს დაფიქრებად, ამაზე მუშაობად და აქცენტების გაკეთებად.


- რომ განმარტოთ საზოგადოებისთვის, როგორია ლევან კობიაშვილის ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოსვლის გზები?

 

- კრიზiსიდან გამოსვლის გზები არის იმ ხედვით, სტრატეგიით, რაც წარმოვადგინე და ეს საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი, პირობას გაძლევთ, ყველანაირი ინფორმაცია ექნებათ მათ, მინდა იყოს პროგრამების ჭიდილი და არა სხვა რამე. მსურს, რომ მათ დაინახონ, ჩემი პროგრამა, ჰქონდეთ ყველანაირი ინფორმაცია.


- რა იქნება თქვენი პროგრამის ძირითადი მესიჯები?

 

- ეს იქნება სისტემის ცვლა, იმიტომ, რომ დღევანდელი სისტემა ნამდვილად არ უწყობს ხელს ფეხბურთის განვითარებას, რასაც ვეცდები და აუცილებლად გავაკეთებ. იგივე გერმანიის მოდელის საქართველოში ჩამოტანა. აქ არის გუნდურ პრინციპზე აწყობილი, აღმასკომი, პრეზიდიუმი, გუნდური მუშაობაა, სადაც გაწევრიანებული იქნებიან, არამარტო რეგიონალური ფედერაციები, კლუბები, ყველა სეგმენტი. გადანაწილდება, რომ თანაბარ პირობებში იყოს ყველა. მთავარი მესიჯი მაინც ეს არის. სხვანაირად, რაც არ უნდა დაფინანსებაზე ვისაუბროთ, თუ სისტემა არ მოვარგეთ ამას, ხელს არ შეუწყობს იმის განხორციელებას, რაც გეგმაში გვაქვს. ასევე, ბავშვთა ფეხბურთი, ინფრასტრუქტურა, რაზეც შეთანხმებული ვარ, მქონდა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში შეხვედრები. ვიქნებით პარტნიორები, დიდი მხარდაჭერა გვექნება. შეიქმნება რეგიონალური ცენტრები, გერმანიაში ეს პროექტი უკვე 10 წელია წარმატებით მუშაობს. ამ პროექტის ჩამოტანა გვინდა, ინფრასტრუქტურის კუთხით რეგიონებში, ბავშვების გადამზადებით, ფეხბურთის თამაშის პროფილი შეიქმნება ქვეყანაში. გვეცოდინება და ეცოდინება ყველას, რომელ ასაკამდე, როგორ იზრდებიან, რა წვრთნებს გადიან. ეს არის ძალიან დიდი პროექტი, რომელსაც ჩამოვიტან გერმანიიდან და ეს იქნება ძალიან წარმატებული მოდელი.


- უმაღლესილიგის 16 გუნდიდან, 7 ფედერაციის წევრი არ არის. იბრძოლებთ თუ არა იმისთვის, რომ არჩევნებამდე ამ გუნდებმა ხმების უფლებები მოიპოვონ?

 

- რასაკვირველია, ჩვენ მივაწოდებთ ყველანაირ ინფორმაციას. იგივე უეფა-ში, ფიფაში, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ჩავაყენებთ საქმის კურსში. ეს მიდგომა არის მიუღებელი. ბევრმა კლუბმა ევროთასებზე ითამაშა და იქიდან თანხებიც მიიღო, მიუღებელია უბრალოდ, რომ მათ არ აქვთ საშუალება პოზიციის დაფიქსირების, ითვლებიან ერთი საფეხბურთო ოჯახის წევრებად და ცუდი ტრადიციაა, რაც აუცილებლად შეიცვლება და მსგავსი მიდგომა, მერწმუნეთ, ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის და არა - პირიქით.


- არჩევნებზე დელეგატებად ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები ინიშნებიან, რამდენად თანაბარ პირობებში არიან კანდიდატები?

 

- ეს აბსოლუტურად მიუღებელია. როდესაც ჩემი ოპონენტები, საუბრობენ ჩარევაზე, როდესაც მე უნდა მივიდე იმ ადამიანებთან, რომლებიც ფედერაციაში მუშაობენ, ხელფასებს იღებენ და ერთი გუნდი არიან, ვის სჯერა, რომ მათ დავარწმუნებ პროგრამაში და ისინი არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებენ. ეს წარმოუდგენელია, როდესაც 14 აგვისტოს საჯაროდ გაცხადდა, რომ არჩევნები დაინიშნა 3 ოქტომბერს, უკვე 17 აგვისტოს, რადგან წინა დღეები შაბათ-კვირა იყო, პირველ სამუშაო დღეს უკვე მხარდამჭერი განცხადებები შევიდა, ირჩევენ დელეგატებს, როდესაც სხვა კანდიდატებს ჯერ არ შეხვედრიან. ამას ვებრძვით, მსგავსი რამ არის მიუღებელი და არასდროს განმეორდება. ცუდი წარსული, რაზეც ვსაუბრობთ, თუ ამ ადამიანებს უნდათ იგივე გზის გაგრძელება, ამას ნამდვილად მომავალი არ აქვს.


- ვდგებით თუ არა სახელმწიფო ჩარევის საჭიროების წინაშე?

 

- ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველი ვიქნები, ვინც წინააღმდეგი იქნება ჩარევებისა და მსგავსი ქმედებებისა, მაგრამ, თამაშის ის წესები, რაც დღეს ფედერაციამ შემოგვთავაზა და კონკრეტულმა მხარემ, ამ შემთხვევაში რეზო არველაძემ თუ მისმა მხარდამჭერებმა, მსგავსი რაღაც არ გვქონია არასდროს. მთ დაიწყეს ასეთი თამაში და სამწუხაროდ, მეც მათ მოედანზე მიწევს ამის კეთება. ვეცდები, რომ მათ „შემტევი ფეხბურთი შევთავაზო".




რეზი არველაძე


კობიაშვილისგან განსხვავებით, რეზი არველაძემ აქცენტი უფრო ფართო მასშტაბზე გააკეთა. პრეზენტაციის ვიზუალურ მხარეზეც უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა. ფაქტია, რომ რევაზ არველაძის პიარი კარგად მუშაობს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტებმა დელეგატებად მიავლინეს მომავალ არჩევნებში. საინტერესო კი ისაა, რომ ვიდრე რევაზ ერველაძე კანდიდატურას წამოაყენებდა პოსტზე, მათ ღია მხარდაჭერა გამოხატეს მის მიმართ, ასევე, დელეგატებადაც იმაზე მალე დაინიშნენ, ვიდრე არველაძე კანდიდატად დარეგისტრირდებოდა.


რევაზ არველაძის საფეხბურთო პროგრამის პრეზენტაციაზე აუცილებლად შესამჩნევი დეტალი იყო - მისი ოჯახის უკლებლივ ყველა წევრი, მის გვერდით იდგა ამ დღეს. მეუღლე, ბავშვები, ძმები - შოთა არველაძე სპეციალურდა ამისთვის ჩამოფრინდა თურქეთიდან საქართველოში. როგორც მოგვიანებით განმარტა, მათი დედის დაბადების დღე იყო პრეზენტაციის დღეს, ამიტომ, ეს თარიღი მათი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


რევაზ არველაძის კიდევ ერთი ძმა, აჩი არველაძე, ამ არჩევნებში ხმას ძმის სასარგებლოდ მისცემს. ის სასკოლო ასოციაციების ხელმძღვანელია, ამიტომ, იმაში, რომ არჩევნებში დელეგატად არის წარდგენილი, არაკანონიერს ვერაფერს ხედავს.



აჩი არველაძე:


„ერთი რამე მინდა ხაზგასმით ვთქვა, თუკი ერთი საკითხი მაინც უკანონოა და კანონის დარღვევითა გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამაზე ყველა ვართ პასუხისმგებელი, რომ უკანონოდ არაფერი გაკეთდეს. მეც, თქვენც და ყველამ ამაზე უნდა გავაკეთოთ რეაგირება. რაც შეეხება ჩემს ამბავს, არის სკოლების ასოციაცია, 6 წელია, დაახლოებით, რაც არსებობს და მე ვარ პრეზიდენტი დაარსების დღიდან. ორჯერ უკვე მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, როგორც დელეგატმა. გავაკეთე განცხადება, რომ შოტლანდიის თამაშის შემდეგ გადავდგები არსებული თანამდებობიდან. პრეზიდენტი საქმის კურსშია. ამასთან, მინდა ყველამ იცოდეს, ჩემი მუშაობის პერიოდში, დაახლოებით ორი წელია, რაც ფედერაციაში ვმუშაობ და არც ერთხელ არ ამიღია ანაზღაურება, ვმუშაობდი უხელფასოდ. სხვა ინტერესი, გარდა ფეხბურთის სიყვარულისა, არ მქონია. ერთიც არის, ჩემი ძმაა. ფედერაციაში ვიქნებოდი თუ არ ვიქნებოდი, ალბათ, არავის გაუკვირდებოდა, რომ ჩემს ძმას დავუჭერდი მხარს, როგორც ამ ასოციაციის პრეზიდენტი. არ მგონია, ახლა ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიმუშავებ თუ არ ვიმუშავებ ფეხბურთის ფედერაციაში".


 

არველაძის მთავარი საარჩევნო დაპირება - ნაკრები 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

 

დიახ, ეს ხუმრობა არ გახლავთ. ეს განცხადება, საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისას ჟურნალისტებთან თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა გააკეთა. რევაზ არველაძის განცხადებით, მის პროგრამაში მთავარი ეროვნული ნაკრებია და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეროვნული გუნდი 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.



რეზი არველაძე:


„ჩემს პროგრამაშია ყველაფერი, რაც ფეხბურთის განვითარებას სჭირდება. საკმაო ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა იმისთვის, რომ ვთქვა, აუცილებლად ყველა საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის, ჩემს პროგრამაშია მოცემული. ამის განვითარების, ამ ღირებულებების ცხოვრებაში მოყვანის, ამ გეგმების შესრულებისთვის, შევეცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო ის დრო, რომელიც მომეცემა იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს. დაწყებული საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან, დამთავრებული მასობრივი ფეხბურთის განვითარებით, ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია. ჩემთვის, როგორც რეზო არველაძისთვის, ყოველი მწვრთნელისთვის და დღეს საფეხბურთო ფუნქციონერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება. წარმატება არის ჩვენი ყველაზე მთავარი ლოზუნგი. საქართველოს ნაკრები, 2020 წელს, უნდა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. განვითარება წარმატების გზით, ზუსტად ამას ნიშნავს. ჩვენ არ შეგვიძლია, მარტო განვითარებაზე ვიფიქროთ და არ ვიფიქროთ შედეგებზე. შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს მაყურებელი სტადიონზე, რასაც მოჰყავს ბავშვები ფეხბურთზე. იმ შემთხვევაში, თუ მე გავხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მინდა, 4 წლის თავზე, გვყავდეს უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი მწვრთნელი, გვყავდეს უფრო განათლებული მენეჯმენტი, უფრო ძლიერი კლუბები და ამაში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა. ყველაფერი, რაც ფეხბურთის განვითარებას სჭირდება, კლუბები, ეროვნული ნაკრებები, ბავშვები, მწვრთნელები, განათლებული მენეჯმენტი, სახელმწიფო და ტელევიზია, მაქსიმალურად მოცულია ჩემს პროგრამაში. ბუნებრივია, ამის შესრულებას ძალიან დიდი ენერგია დასჭირდება, მაგრამ მე მყავს ერთგული, განათლებული, ჭკვიანი გუნდი, რომელიც დამეხმარება ამის გაკეთებაში".

 

 

 

 

მაგდა კლდიაშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016