ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა 1-3 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში იმყოფებოდა და ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრებს შეხვდა.
ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ვიტალი დარასელიას ამაგი ქართულ ფეხბურთში, ზოგადად, ქართულ ცნობიერებაში, ფასდაუდებელია და არ თვლის თავს დამნაშავედ, რომ მის საფლავზე იმყოფებოდა. რაც შეეხება იმას, დაარღვია თუ არა კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", სიჭინავას თქმით, აფხაზეთი ოკუპირებულია უკვე 23 წელია და ამ ხნის განმავლობაში არავის არაფერი გაუკეთებია ორ ხალხს შორის ხიდის გასადებად:
„მე აფხაზეთთან ოჯახური ურთიერთობები მაკავშირებს - ჩემი ცოლი ნახევრად აფხაზია, ჩემი შვილის ძარღვებში აფხაზური სისხლიც სჩქეფს და როცა მე დილით ვიღვიძებ, აფხაზეთს ვხედავ. მე ვიტალის დედას გადავეცი ორი თასი (ასლები, რომლებიც ზვიად სიჭინავამ პირადად, სპეცშეკვეთით დაამზადებინა ევროპაში), რომელიც „დინამომ" მოიპოვა და იმ მთავარი, თასების მფლობელთა თასის ჩატანასაც დავპირდი. მე ამას აუცილებლად შევასრულებ..." - თქვა ზვიად სიჭინავამ.