საარჩევნო ბრძოლა წელქვევით დარტყმებში გადაიზარდა. მიხეილ ყაველაშვილს ხომ დაუდგინეს, რომ უმაღლესი განათლება არ ჰქონდა და არჩევნებს ჩამოაშორეს, ახლა ამ კუთხით ლევან კობიაშვილს შეუტიეს.
გავრცელებული ინფორმაცით, კობიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი 2001 წელს დაამთავრა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო, დიპლომს კი 2002 წლიდან ფლობს.
მაგრამ გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს იყო გაყალბებული დიპლომი, რადგან აკადემიური ხარისხის მეტ-ნაკლებად ერთიანი სისტემა (ბოლონიის პროცესი) ევროპაში 2001 წელს შეიქმნა და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს სამი ტიპის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ: ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის. საქართველო ბოლონიის პროცესს 2005 წლიდან შეუერთდა და 2002 წელს კობიაშვილს ბაკალავრის ხარისხი როგორ მიანიჭესო?
ეჭვს იმის საფუძველზეც გამოთქვამდნენ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი სტუ-ში სწავლის პერიოდში (1996-2001 წლები) თამაშობდა ვლადიკავკაზის „ალანიაში", გერმანულ „ფრაიბურგში"" და როგორღა ისწავლიდაო?
თუმცა, არ გადაამოწმეს სხვა ფაქტები, რამაც უზუსტობა გამოიწვია და მომხდარის გამო კობიაშვილს საჯაროდ ბოდიში მოუხადეს - გაირკვა, რომ საქართველოში ბაკალავრის ხარისხს 2000 წლის შემდეგ გასცემენ.
მოკლედ, ეს „ბრალდება" გაქარწყლებულია, „კომპრომატების" სერიალი კი, ალბათ, გაგრძელდება.
სხვათა შორის, რეგიონული ფედერაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი უახლოეს დღეებში მისი გადაბირებისა და მასზე ზემოქმედების შესახებ სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. დაველოდოთ...
წყარო:
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"