უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და „მილანის" ლეგენდარული თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო უახლოეს მომავალში სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგება.
როგორც, უკრაინული გამოცემა „2+2"-ის კორესპონდენტი რომან ბებეხი იტყობინება, შევჩენკომ შესაძლოა უკრაინის ნაკრები ჩაიბაროს.
მოგეხსენებათ, უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა მიხაილ ფომენკოს თავკაცობით მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვერ გააღწია, დამარცხდა რა ფლეი-ოფში საფრანგეთის ნაკრებთნ. რაც შეეხება ევრო 2016-ის შესარჩევს, უკრაინელები ამჟამად თავის ქვეჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფებიან და ფინალურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვთ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა საფრანგეთის საგზურს ვერ მოიპოვებს, დიდი ალბათობით, ფომენკო პოსტს დატოვებს და უკრაინელი ჟურნალისტის ცნობით, სწორედ მის შემცვლელად მოისაზრება ანდრეი შევჩენკო.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლეგენდარული ფორვარდი სამწვრთნელო გამოცდილებას ჯერ არ ფლობს, მაგრამ შესაბამისი კურსები უკვე გაიარა და სამწვრთნელო ლიცენზიასაც დაეუფლა.
წყარო: allsport.ge, ზურა ბაიდარაშვილი