გადაცემა „რეაქციის" სრულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია „იმედი" დატოვა. გადაცემის ყოფილმა პროდიუსერმა ვახტან ხუზმიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„დღეს მე და ტელეკომპანია „იმედი" „გავკონტრაქტდით". დავტოვე „იმედი" იმ ჯგუფთან ერთად, ვინც „რეაქციას" ვაკეთებდით - მშვიდობით - არა!!! ნახვამდის!!!" - წერს ხუზმიაშვილი.
ტელეკომპანია დატოვეს „რეაქციის" და „იმედის კვირის" პროდიუსერმა სოფო ხუციშვილმა, ასევე „რეაქციის" კიდევ ერთმა პროდიუსერმა და „იმედის კვირის" ჟურნალისტმა ლევან ჩხაიძემ.
სოფო ხუციშვილის გვერდზე საფრანგეთში მოღვაწე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე კომენტარის სახით წერს:
„აგერ, საფრანგეთის პირველმა არხმაც TF1 გაუშვა გუშინწინ ყველაზე ცნობილი წამყვანი კლერ შაზალი, „ინფორმაციის დედოფლად" წოდებული ქალბატონი... თან როგორ გაუშვა, იცი? მივიდა სამსახურში, დირექტორი დახვდა ნიუს რუმში და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გადასცა... როგორც ბოროტი ენები ამბობენ, არხის მეპატრონე ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის უახლოესი მეგობარია და სარკოზის კიდევ „ნერვებს უშლიდა" კლერ შაზალი, რომელიც 25 წელი ამ არხის შეუცვლელი სახე იყო", - წერს გიორგი ფოფხაძე.