„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ქადაგიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განმარტა, ფეხბურთის სფეროში საჭიროა ახალი, ენერგიული ძალა და ამ ძალად ლევან კობიაშვილს მოიაზრებს:
„მალე ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, თითქოს ეს არცთუ ისეთი აქტუალური თემაა საზოგადოებისათვის, რადგან მიჩვეულები ვართ, რომ გარკვეულ ჯგუფს, რომელთაც ხელეწიფებათ სასურველი კანდიდატის გაყვანა ახლაც ასე იქნება.
ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მაქინაციებით ახერხებდა არჩევნებში სასურველი შედეგის დადებას, ახლაც ჩვეული მეთოდებით (თავსმოხვეული პიარ-კამპანიები, მდიდარი ფანტაზიებით შექმნილი სლაიდები და მომავლის გეგმები) ცდილობს, გაიყვანოს კანდიდატი - რევაზ არველაძე.
კითხვა იბადება საზოგადოებაში - ბატონი არველაძე მთელი ცხოვრება აპირებს ფედერაციაში ყოფნას? რა გაკეთდა მის დროს ? არ დაგვავიწყდეს, რომ ის მეორე ადამიანი (თუ პირველი არა) გახლდათ თანამდებობით და რატომ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში შეიცვლება რაიმე?
არსებობს ორი გზა. პირველი - დროა, გამოვიდეთ ჩაკეტილი წრიდან და საშუალება მივცეთ ახალი პროგრესული ძალების მოსვლას ფედერაციის სათავეში ან მეორე - დავტოვოთ ისე, როგორც არის და თუკი კვლავ ბატონი არველაძე გაიმარჯვებს, მაშინ საზოგადოებას ვთავაზობ იდეას - გადავუფორმოთ მას ფეხბურთის ფედერაცია, როგორც შპს და მართოს როგორც ოჯახური ბიზნესი.
ჩამთვალეთ ტენდენციურად, მაგრამ მე ყოველთვის ვარჩევ ახალ, ენერგიულ და პროგრესულ პიროვნებას ფედერაციის პრეზიდენტად, რომელიც უდავოდ ლევან კობიაშვილია. დროა, გამოვიდეთ მანკიერი წრიდან", - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.