„ჩვენს ხელისუფლებას არათუ რომელიმე კერძო ტელეკომპანიის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართაც კი არანაირი ბერკეტი არ გააჩნია!" - ამ განცხადებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს. ბრეგაძე მედიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:
„თოქ-შოუების დახურვას ვერანაირად მივესალმები და მიმაჩნია, რომ მედიაში მრავალფეროვნება აუცილებელია, მაგრამ სრული აბსურდი და პირდაპირ ვიტყვი - უსინდისობაა იმის თქმა, რომ რომელიმე პოლიტიკური თოქ-შოუ ხელისუფლების ზეწოლით დაიხურა!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ტელევიზია - „მეცხრე არხი" - ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დახურა, რადგან მიაჩნია, რომ დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას კონტროლირებადი მედიასაშუალება არ უნდა ჰქონდეს! ამის შემდეგ რომელმა ჭკუათმყოფელმა უნდა დააბრალოს ბიძინა ივანიშვილსა და დღევანდელ ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლა?
და კიდევ: ამაზრზენია, როცა „იმედის" არხზე თოქ-შოუს დახურვას აპროტესტებენ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებმაც 2007 წელს „იმედი" დაარბიეს, დახურეს და ბადრი პატარკაციშვილის მიერ შექმნილ ტელეკომპანიას მაროდიორებივით დაეპატრონენ!
სამარცხვინოა, რომ ნაციონალები დღეს ვითომ იმ ჟურნალისტებს ექომაგებიან, რომლებსაც 8 წლის წინათ 2-მეტრიანი სპეცრაზმელები მიუქსიეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს", - ამბობს სანდრო ბრეგაძე.
წყარო: „ასავალ-დასავალი"