საგარეჯოს მუნიციპალიტეტი შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. ხელისუფლებამ მაჟორიტარ კანდიდატად „რესპუბლიკელი" თამარ ხიდაშელი წარადგინა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მთავარი დაპირება ყოფილი მაჟორიტარის, თინათინ ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა იქნება. საგარეჯოს დეპუტატობისთვის „პატრიოტთა ალიანსის" ერთ¬ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილიც იბრძვის, რომლის საარჩევნო კამპანია კარგა ხანია, აქტიურ ფაზაშია შესული და მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს.
2012 წელს თინა ხიდაშელმა საგარეჯოელებს 7 ძირითადი დაპირება მისცა: „XXI საუკუნეში ხალხი მე-17 საუკუნის პრობლემებზე ლაპარაკობს. შეუძლებელია, ხელისუფლება ასეთი უპასუხისმგებლო იყოს და ასეთი სამარცხვინო. პირობას ვდებ, რომ 2 ოქტომბრიდან „ქართული ოცნების" გამარჯვების, ჩემი საგარეჯოს მაჟორიტარობის პირობებში დაიწყება შვიდივე მთავარი თემის მოგვარება - წყალი, გაზი, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, დასაქმება, ანუ ის მთავარი თემები და პრობლემები, რომელზედაც მოსახლეობა ლაპარაკობს, 2 ოქტომბერს დაიწყება ამ ყველაფრის მოგვარება. არჩევნებამდე მოვახერხებთ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ რეალურად შესაძლებელია, ოთხ წელიწადში შეცვალო პერსპექტივა".
თინა ხიდაშელის არჩევნებში გამარჯვებიდან თითქმის სამი წელი გავიდა, მაგრამ მოსახლეობას იგივე პრობლემები დღეს უფრო მწვავედ აწუხებს. ამ ყველაფერზე უკვე გამინისტრებული ხიდაშელი აცხადებს, რომ „სამოთხეს 4 წელიწადში არავის დაჰპირებიან". „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა" მუნიციპალიტეტის სოფლებში ვიდეოგამოკითხვა ჩაატარა. მათ მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში 30 გამოკითხულიდან 28 ინაშვილის მხარდამჭერია, 2 კი - ხელისუფლების კანდიდატის. „ქრონიკა+" დაინტერესდა, შესრულდა თუ არა ის დაპირებები, რომელიც „ქართული ოცნებიდან" უკვე ყოფილმა მაჟორიტარმა, თინა ხიდაშელმა 1012 წელს გასცა და ამ მიზნით საგარეჯოს ეწვია.
ინტერვიუს ჩაწერას ტაქსის მძღოლებიდან ვიწყებთ, რომლებიც „ქართული ოცნების" მიერ შეუსრულებელი დაპირებებით ისე უიმედოდ არიან განწყობილნი, რომ არჩევნებზე წასვლასაც არ აპირებენ. „რამდენჯერ?! ყველა ჩვენ გვატყუებს, სანამ მთავრობაში მოვლენ, დადიან და მერე აღარავის ვაინტერესებთ! ხიდაშელს არაფერი გაუკეთებია. სოფელი ანთოკი იცით? მაგის სოფელია, ადით, იკითხეთ და თუ იქ გააკეთა, აქაც გაკეთებული იქნება! თავის სოფელში სკოლა არ აქვთ, მაღაზია, გზა და არაფერი... არც ვიცნობთ ამ ახალ კანდიდატს, ჯერ გვარი თქვი და მერე ადვილად მისახვედრი იქნება, ვინ არის! ირმა ინაშვილიც იყრის კენჭს, მკაცრი და მეომარი გოგოა, არ გადაგვიწყვეტია, წავიდეთ თუ არა არჩევნებზე, უიმედოდ ვართ განწყობილნი, თუ წავედი ინაშვილს მივცემ ხმას" - გვეუბნება საბჭოთა მანქანაში მჯდომი მძღოლი.
„არავინ არაფერს აკეთებს და რა აზრი აქვს?! ტყუილად მივდივართ არჩევნებზე. ჩემი აზრით, ხალხს რომ ერთი პირი ჰქონდეს, არავინ უნდა მივიდეს არჩევნებზე. რას არ დაგვპირდა ხიდაშელი, წყალი ჩვენ არ გვაქვს, საავადმყოფო... საავადმყოფო ვახსენე და ისეთ ამბავს გეტყვით, მსგავსი, ალბათ, არსად გექნებათ გაგონილი. საგარეჯოში კაცი რომ ცუდად გახდება, თუ ჩვენთან ადგილი არ არის, ავადმყოფს გურჯაანში მიაქანებენ. თუ იქაც არ მიიღეს, მცხეთაში მიჰყავთ. არადა, რა მანძილიც ჩვენიდან გურჯაანამდეა, იგივეა თბილისამდე. კარგი, გურჯაანი გასაგებია, კახეთის რეგიონია, მაგრამ მცხეთა რა შუაშია, ვერაფრით ამოვხსენით ეს ამოცანა. სანამ მცხეთაში მიხვალ, თბილისი ხომ უნდა გაიარო? წარმოიდგინეთ, რამდენი საავადმყოფოა თბილისში. ეს არის ხელისუფლება?! თვითონ აიხდინეს ოცნებები და გამოგვიყენეს უბრალო ხალხი".
ჩვენს საუბარში მეორე მძღოლი ერთვება: „ვერ დავდივარ, სახლიდან იძულებით გამოვდივარ, რომ კაპიკები ვიშოვო, აქ რომ მივდივარ ექიმთან, მეუბნება, თბილისში წადიო. გადასხმების კურსს თბილისში ვიტარებ ხოლმე, აღარ მაქვს იმის თანხები, რომ თბილისში წავიდე და ვიმკურნალო. ვეუბნები, - დაზღვევა ხომ მაქვს, აქ მიმკურნალეთ¬მეთქი და, - არაო, მაგ დონეზე არ ვართ განვითარებულებიო. ძალიან ჩამორჩენილები ვართ. საავადმყოფოს სილამაზე რად მინდა, თუ ექიმი არ ვარგა?! ერთ პალატაში წვანან ქალი, კაცი, ბავშვი, მშობიარე, გრიპიანი... ინდ დაიჯერეთ, გინდ - არა... მაგათთვის ყველაფერი შეიცვალა, ჩვენთვის კი _ არა. ხიდაშელი თუ ჩამოდის, ჩვენ იმას არ ვაინტერესებთ, თავის ხალხს ხვდება და ატარებს თათბირებს. ისე გაგვივლის და გამოგვივლის, გამარჯობასაც არ გვეუბნება. აი, აქ ტარდება ხოლმე თათბირი, მოვა, შევა, ისევ თავისი ხალხი ჰყავს, გლეხი ხალხი არ აინტერესებს! ვერ დავდივარ, პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ, პენსია კი მაქვს, მაგრამ ყოველ თვე 300 ლარამდე წამლები მინდა, ეს არის ცხოვრება? ეს არის ამათი დანაპირების შესრულება?"
საუბარს ისევ საბჭოთამანქანიანი მძღოლი აგრძელებს: „აღარ უნდათ, მერე კიდევ ჩაატარონ არჩევნები?" - ერთხმად იმუქრებიან ირგვლივ შემოკრებილი მძღოლები.
მძღოლებს ვემშვიდობებით და საგარეჯოში ყველაზე ხალხმრავალ ადგილას - ბაზარში ვინაცვლებთ. სანამ მოვაჭრეებს გავესაუბრებით, მომავალ შუალედურ არჩევნებზე, ყოფილი დეპუტატის შესრულებულ და შეუსრულებელ დანაპირებებზე, ახალ კანდიდატებზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას ქუჩაში გამვლელ რიგით საგარეჯოელებს ვთხოვთ. მიუხედავად იმისა, რომ აზრის დაფიქსირებისგან თავს არავინ იკავებს, საკუთარი ვინაობის დასახელება, რატომღაც, არავის სურს: „თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის ხათრით ავირჩიეთ, თორემ „რესპუბლიკელს" ვინ მისცემდა ხმას, შვილო? რა პოლიტიკა აქვთ, არაფერს ეროვნულს ეგენი არ სცნობენ, ჩვენი გადაჯიშება უნდათ! რა განცხადებებს აკეთებენ ბერძენიშვილები, გინდ სხვები? ერთსქესიანთა ქორწინებას რომ დაუჭერ მხარს, რა ქართველი, ან რა ადამიანი ხარ?! კიდევ გეუბნებით, ხიდაშელს ხმას ვინ მისცემდა, რომ არა ბიძინა?! ხომ აგვაშენა ამ ერთმა ხიდაშელმა, ახლა მეორე ხიდაშელის კანდიდატურა შემოგვთავაზეს. გადაშენდნენ „რესპუბლიკელები", მაგათ არ მივცეთ ხმა! მეორე კორძაია გვინდა ახლა საგარეჯოში?! ხიდაშელების გვარი აქ ვეღარ იბოგინებს, ისე შეგვაძულეს თავი! მატყუარები! რას არ დაგვპირდა, არაფერი შეასრულა! ხომ დადიხართ და მოსახლეობას აზრს ეკითხებით, თუ ერთ კაცს მაინც ნახავთ მაგის მადლიერს, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ!" - გვეუბნება 70-წლამდე ასაკის მამაკაცი. იქვე, გაჩერებაზე მდგომი ახალგაზრდა ქალბატონი ჩვენს საუბარს ისმენს და საკუთარი აზრის დაფიქსირებას თვითონ ითხოვს: „ძალიან გთხოვთ დაწეროთ, „ოცნება" რომ მართლა ოცნებობს, თამარ ხიდაშელის კანდიდატურის დაყენებითაც ჩანს. ამის შემდეგ როგორ დავიჯერებ, რომ მაგათ გამარჯვება უნდათ, ან ვინ ურჩევს ამ ხალხს?! თინამ ისე გაგვაცურა საგარეჯოელები, ეს ახალი კანდიდატი რასაც არ უნდა წარმოადგენდეს, გვარის გამო ხმას არავინ მისცემს. „ცისფერების„ დამცველ „რესპუბლიკელს" ვინ იცნობს, რა გაუკეთებია, მაგას ხმას ვინ მისცემს?!"
ბაზრის მოვაჭრეებთან ვინაცვლებთ. ეს სახელი პირობითად ჰქვია, სინამდვილეში, ყოფილი ბაზრის წინ, ტროტუარზე სახელდახელოდ მოწყობილი გარევაჭრობაა, სადაც 20¬მდე ადამიანი სიცხეში თუ სიცივეში როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ასევე ტანსაცმელს ყიდის. თინა ხიდაშელის ერთ¬ერთი დაპირება ბაზრის მშენებლობა და ამ ხალხის ადამიანურ პირობებში გადაყვანა გახლდათ. საუბარს ყველით მოვაჭრე ქალბატონიდან ვიწყებთ: „დაწერეთ გაზეთში, რომ ჩვენ არავის ვირჩევთ, ჩვენ დეპუტატი არ გვჭირდება, უდეპუტატოდაც კარგად ვიქნებით, ისე როგორც ახლა ვგრძნობთ თავს მის გარეშე! დადიან, ხელი მოგვიწერეთ, ხელი მოგვიწერეთო... არავის არ მოვუწერთ ხელს იმიტომ, რომ ქუჩაში ვყრივართ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არავინ შეწუხდეს აქ მოსვლაზე, რომ ხელი მოვგვიწერეთ და დეპუტატი აირჩიეთო, ჩვენ დეპუტატი არ გვჭირდება!" „ხიდაშელს რომ მოვუწერეთ ხელი, ვერ დაგვიკიდა ფეხებზე?" - საუბარში ერთვებიან გვერდით მსხდომნი. „მილიონჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, მოეგვარებინა ჩვენი პრობლემა, ბაზარი გვქონდა და იქ ვვაჭრობდით, ქუჩაში კი არ ვისხედით. აი, ეს ტერიტორიაა, გაყიდეს, შენობაა აშენებული და დაკეტილი, „მუზეუმი" მოაწყვეს. გვეუბნებიან, ადგილს გამოვყოფთ ხევის პირასო, იქ გაყიდვა არ იქნება და მაშინ გინდ ყოფილა ბაზარი, გინდ - არა. ცენტრში უნდა იყოს, სადაც ხალხი მოძრაობს. ხალხის ინტერესები ხომ უნდა იყოს დაცული?! გამგებელი თვითონ წავიდეს და დაჯდეს იმ ხევზე, ჩვენ იქ რა გვინდა?! ჩვენი ბაზარი გახსნას და შევალთ, როგორც ადრე იყო, სადაც ხალხი მოძრაობს. რა გვინდა ხევთან, წყალდიდობამ რომ წაგვიღოს?!"
„ძალიან დიდი განუკითხაობაა. „ნაციონალების" დროს ბატონებივით ვიყავით, სახელი „ოცნება" იმიტომ დაირქვეს, რომ ამ საცოდავ ხალხს აოცნებებენ. საჭმელი უნდათ და ვერ ყიდულობენ. მართლა ოცნებობენ, სახელი კარგი შეარჩიეს", - ისევ ბობოქრობს ყველით მოვაჭრე ქალბატონი. „ნეტავ, ის ტუალეტები ისევ იყოს, გაჩვენებდით, სად ვიდექით, ხიდაშელი მოდიოდა და კრებას იქ გვიტარებდა, კადრში რომ გამოჩენილიყო, ათას რამეს გვპირდებოდა, სად არის ახლა, სად ბრძანდება?" - კითხულობს ერთ¬ერთი მოვაჭრე. „სად არის და ჯარს გამოგიგზავნის, თუ გინდა", - ეხუმრება შუახნის მამაკაცი. „ხალხისგან ნურაფერს ელიან, მხოლოდ ჩემი კი არა, ხალხის აზრია, მაგათ ხმას არავინ მისცემს, კაციშვილი... ახალი კანდიდატურა ჰყავთ, ისიც ვიღაც ხიდაშელი, ძაღლი ძაღლის ძვალს არ ტეხს, ერთნაირები იქნებიან! ამიტომ საგარეჯოს დეპუტატი არ სჭირდება! უდეპუტატოდაც კარგად ვიქნებით!" - რიგრიგობით საუბრობენ მოვაჭრეები. „გეკითხებით, რა გააკეთა ხიდაშელმა საგარეჯოში? ძროხების ბაკში რომ უნდა შეგვყარონ ახლა, ის ადგილი ნახეთ, იქ თუ ადამიანი დადგება?! ხევის პირი, საქარეთი. ვითომ დახლები უნდა გააკეთონ იმ ხევში, მარტო მაღლიდან გადააფარონ და ხალხი იქით გაიტყუონ. ეგ ნანა მაგათ ვერ დააძინებთ! მაგათ არა ნახონ კარგი, აჰაა! ხიდაშლი რისთვის მოვიდა დეპუტატად საგარეჯოში?"
შიგნით იყო ბაზარი, კერძო პირმა შეისყიდა და შენობა ააშენა. როგორ შეიძლება, ამხელა რაიონს ბაზარი არ უნდა ჰქონდეს? სოფლიდან მოდის ადამიანი, უნდა, რომ გაყიდოს თავისი მოყვანილი პროდუქტი, ვერ დგება, ვერ ჯდება. ხომ შეიძლებოდა, იქ დამდგარიყვნენ? ერთმა პიროვნებამ აიღო, შეისყიდა, ესენი ქუჩაში გამოყარა და სხედან ასე. პატარა სოფლებშიც კი ბაზარი აქვთ. სირცხვილიც არის, ამხელა რაიონში ბაზარი რომ არ გაგვაჩნია, ჩვენი კი არა, მაგათი სირცხვილია! აქ რომ წვიმაში მოხვიდეთ, გაგიჟდებით. იმაზე ვარ დამოკიდებული, ერთი კილო ყველი გავყიდო, სამ¬სამი კაცი სახლში მისხედს, ვერ მუშაობენ. სკამები თვითონ მოიწყვეს და ისევ ფურცლებით დადიან, ხელი მოგვიწერეო... ხიდაშელი რომ მოვიდა და ენა ჰქონდა გადმოგდებული, ხალხს რომ ჰპირდებოდა ათას რამეს, სად წავიდა, ახლა იარაღი რომ აიკიდა და დადის?! არც ერთი კანდიდატი არ მოსულა ჩვენთან და ვერც მოვლენ! საგარეჯოში კმაყოფილ ადამიანს ვერ ნახავთ, ყოველდღიურად უარესობისკენ მივდივართ, განა იმიტომ, რომ სააკაშვილს ვექომაგებით, არა! იმაზე უარესები მოვიდნენ! არც ერთი დეპუტატი არ არის საგარეჯოელი, რომელსაც გული შესტკივა თავის რაიონზე. მოდიან ვიღაცები, იმათ სულ არ აინტერესებთ, ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ, სად ვისხდებით და სად - არა! რომელი არის საგარეჯოელი? - არავინ! იმას აინტერესებს მხოლოდ, კაბინეტში დაჯდეს და ფული ჩაიდოს ჯიბეში!" - აცხადებენ მოვაჭრეები.
„ქვემოთ ერთი ქალბატონი ვაჭრობს, „ოცნების" აგიტატორი იყო, ახლა მაგათი წინააღმდეგია, იმასაც უნდა თქვენთან საუბარი", - გვეუბნებიან მოვაჭრეები. ჩვენც მასთან სასაუბროდ ვინაცვლებთ: „მარტო ადგილები და სკამი რომ უნდათ, ასე არ არის, ხიდაშელიც გვპირდებოდა, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებო, რა გააკეთა? ისე გააკეთებს ახლა სხვაც! არჩევნებზე არ ვაპირებთ წასვლას, ამდენ ხარჯს რომ იღებენ, ის ხარჯები დაურიგონ ხალხს, რომ ცოტა ამოისუნთქონ! წამლის ფასმა მოიმატა, ვიხოცებით ინვალიდი ხალხი, როგორ და რა პირით მოდიან?! სირცხვილით როგორ უნდა მოვიდნენ და როგორ უნდა იყარონ კენჭი?! რაზე უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ჩვენ დეპუტატი არ გვჭირდება, არა! საგარეჯო დეპუტატის გარეშეც კარგად არის, რისთვის მოდიან, რას აკეთებენ?! არავის ჩვენი დარდი არ აქვს, არავის! რაიონს რომ ბაზარი არ ექნება, დაბა-ქალაქი იყო, 38 საწარმო მუშაობდა, დღეს არც ერთი აღარ მუშაობს. ხალხის მთავრობა არასოდეს მოსულა, ადამიანი გაჭირვებული და გაუბედურებულია, ლუკმაპურის საშოვნელად სულ გარეთ ვყრივართ, აღარც დიასახლისი გვქვია და აღარც არაფერი, 22 წელია, ინვალიდი ქალი ამ კაპიკებს მივტირი და კიდეც გავეტირები. რომ დავჯდე სახლში, რამ უნდა მარჩინოს? მაგათი გაზრდილი პენსია ეგ არის? მაგათ მოსასვლელად არჩევნებში ათას რამეს ვაკეთებდი, ზოგი დედას მაგინებდა, ზოგი როგორ მლანძღავდა და ზოგი - როგორ, ახლაც ნიშნს მიგებენ. ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ და მოვთხოვოთ ხელისუფლებას დანაპირების შესრულება! შეხედეთ, პური სად იყიდება, აქ ნაყიდ საჭმელზე ზოგს გული არ მისდის. რატომ გაყიდეს ბაზრის ტერიტორია?! ვიღაცა ბობოლამ რომ შეისყიდა და ახლაც დაკეტილი აქვს, იმას უნდა, მეტი ფული ჩაიდოს ჯიბეში. ახლა ყიდის! შეისყიდოს მთავრობამ და შეგვიშვას. არჩევნებზე რა ფულსაც ხარჯავენ უაზროდ, ის ფული შეაგროვონ და იყიდონ, ჩვენ არჩევნები არ გვჭირდება! ან რა ჯანმრთელობა უნდა შეგვრჩეს?! იცით, რა დღეში ვართ?! ზამთარში ლომებით ვანგრევთ ყინულს. ცოდონი არ ვართ?! ქალები ვართ, ბოლობოლო. თავიანთ ოჯახებში რომ აიწყვეს საქმე, ჩვენც აწყობილი გვაქვს? გამოვდივარ, რომ ლუკმაპური ვიშოვო, სოციალურებს კიდევ ხსნიან და ამცირებენ, 60 ლარი რა არის და ახლა ვისაც დაუნიშნეს, ზოგს 40 მისცეს, ზოგს - 50, კვადრატულ მეტრებს წერენ, ერთოთახიანი ბინა მაქვს და ის ამიზომეს კვადრატულობით. ახლა არჩევნებზე რომ მივალ, ყველას ხაზი უნდა გადავუსვა და დავაწერო, არც ერთი არჩევის ღირსი არ ხართ-მეთქი! მხოლოდ ცარიელი დაპირებები გააკეთეს, რა შეასრულეს? გვარი - ხიდაშელი - საერთოდ არ გაგვაგონონ!"
თამარ ბატიაშვილი
გაზეთი „ქრონიკა +"