ფიფა-ს წარმომადგენელი ბრაზილიაში პედრო კაბრალ სილვა ჟუნიორი ბიძინა ივანიშვილს საქართველოში საფეხბურთო ტურნირის - „პელეს თასის" ჩასატარებლად დახმარების გაწევას სთხოვს.
როგორც „მედიანიუსს" „საქართველოში არგენტინის სახლის" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილმა აცნობა, ფიფა-ს წარმომადგენელმა შესაბამისი წერილით ყოფილ პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა. ის ბიძინა ივანიშვილს საქართველოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დამფუძნებლის რანგში მიმართავს.
მისი თქმით, ბრაზილიაში ინფორმირებულნი არიან, რომ ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს მისი პატრონაჟით „პელეს თასზე" ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების: მიხელის მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას სთხოვს. მასში მონაწილეობას მიიღებენ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს 21 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდები. ღონისძიებას ლეგენდარული ფეხბურთელი პელეც უნდა დაესწროს. მისი ჩატარების თარიღად კი მიმდინარე წლის 26 ნოემბერსა და 5 დეკემბერს შორის არსებული პერიოდია განსაზღვრული.
„ბატონმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა ასევე გთხოვათ, თქვენი პატრონაჟით, 1965 წელს ბრაზილიისა და სსრკ-ის ნაკრებ გუნდებს შორის ამხანაგური თამაშის შემდეგ გადაღებული ფოტოს მიხედვით, 5-ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიცია შეიქმნას. ფოტოზე აღბეჭდილნი არიან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი. მან ტურნირის დღეებში რიოს კარნავალში მონაწილე ბრაზილიის მულატ ქალთა ანსამბლის მოწვევაც გთხოვათ. ბატონ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, პელეს მოწვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უპირველესად, რიო- დე-ჟანეიროში სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდეს ტურნირისა და ღონისძიებების ორგანიზატორი, ბატონი ნიკოლოზ პატარქალიშვილი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რათა პელეს დღიურში გაიწეროს მისი მოწვევის ვადები საქართველოში.
ჩვენი მხრივ, იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ნიკოლოზ პატარქალიშვილის პროექტის განხორციელება (რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ტურნირის დღეებში ბრაზილიელი ტურისტების ვიზიტი და სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის ორგანიზება ბრაზილიელი ბიზნესწრეების მონაწილეობით) ხელს შეუწყობს მეგობრული, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და სხვა ურთიერთობების განვითარებას ბრაზილიას, მერკოსურის ქვეყნებსა (არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი) და საქართველოს შორის", - აღნიშნულია ბრაზილიაში ფიფა-ს წარმომადგენლის პედრო კაბრალ სილვა ჟუნიორის წერილში, რომელიც მან საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სახელზე გამოგზავნა.
წყარო: მედიანიუსი, ეკატერინე ტუკვაძე