ახლახან ჩინეთმა წამოაყენა ამბიციური ინიციატივა "ერთი სარტყელი, ერთი გზა", რომელმაც ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ეკონომიკები. ეს ინიციატივა სხვა სახელითაცაა ცნობილი "ახალი აბრეშუმის გზა".
ისტორიული "დიდი აბრეშუმის გზის" აღდგენაზე საქართველოში დიდი ხანია პრაქტიკულად მუშაობენ და ამ იდეის სარეალიზაციოდ მნიშვნელოვანი პროგრამებიც არის განხორციელებული. მათ შორის ერთ-ერთია ბაქო-თბილისი-ყარსის ტრანსეროვნული მაგისტრალი, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
ჩინეთში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მან აქცენტი ისტორიული "დიდი აბრეშუმის გზის" აღდგენაზე გააკეთა ბაქო-თბილისი-ყარსის რეკონსტრუირებულ სარკინიგზო მაგისტრალზე მინიშნებით, ამ ტრანსეროვნული სატრანსპორტო არტერიის პრიორიტეტურობა დღევანდელ სოციალურ პროექტებს შორის თვალსაჩინოდ გამოიკვეთა.
შეიძლება ითქვას, რომ პრემიერმა ამით ჩასაფრებული სკეპტიკოსების მცდელობას _ დაეკნინებინათ მაგისტრალის მნიშვნელობა და დაეგროვებინათ პოპულისტური ქულები გაცვეთილი ლოზუნგის ხშირ-ხშირი გამეორებით _ "ჩვენ ქვეყანა ვართ და არა დერეფანი!" _ საბოლოოდ დაუსვა წერტილი. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ისტორიული "აბრეშუმის გზის" აღდგენა არის მსოფლიო სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ხოლო ამ მიმართულების საკვანძო ქვეყნად საქართველო მოიაზრება.
ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ქვეყნის ეს ფუნქცია გულისხმობს არა მხოლოდ აზია-ევროპის მიმართულების ინტენსივობის გაზრდას, არამედ სამხრეთისა და ჩრდილოეთის სატრანსპორტო ვექტორის ახალ საფუძველზე ამოქმედებასაც.
ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ "საქართველო და მსოფლიო" იმთავითვე კვალში ედგა და სისტემატურად აშუქებდა აღნიშნული ტრანსეროვნული მაგისტრალის მშენებლობას. ამიტომ დღეს, როცა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, გაზეთის კორესპონდენტის სამცხე ჯავახეთში მივლინება, არა მარტო ლოგიკური, არამედ აუცილებელიც იყო.
აქტუალური თემაა.
ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ შპს "მარაბდა-კარწახის" ხელმძღვანელთან ოლეგ ბიჭიაშვილთან.
_ ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა პრემიერმა აღნიშნა, რომ უმოკლესი გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ საქართველოზე გადის. ამით მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, _ ამბობს ბატონი ოლეგი, _ რკინიგზის ბაქო-თბილისი-თურქეთის მარშრუტი "ახალი აბრეშუმის გზის" მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომლის ერთი უბნის _ მარაბდა-კარწახის მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენ განვახორციელეთ. ინფრასტრუქტურის სამუშაოები, მთავრობის მეთაურის განცხადების თანახმად, წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა დავამთავროთ.
სატესტო მატარებელი, მოგეხსენებათ, ამ გზაზე უკვე გავატარეთ, ახლა ვემზადებით იმისთვის, რათა 2015 წლის ბოლოსთვის ორგანიზებულმა მატარებელმა გაიაროს იმ სიჩქარით, რომელიც პროექტითაა გათვალისწინებული.
ამას გარდა, გვაქვს პრიორიტეტული უბნები, რომლებსაც პირველი ეტაპის დამთავრებისთვის საექსპლუატაციოდ ჩავაბარებთ.
თუ ყურადღება მიაქციეთ, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ამ უბანზე მულტიმოდალური გადაზიდვებიც შეიძლება განხორციელდეს. განზრახული გვაქვს, რომ ამ წლის ბოლოს ახალქალაქის სადგური როგორც ნაყარი ტვირთების, ასევე გენერალური ტვირთების და, რაც მთავარია, საკონტეინერო გადაზიდვებისთვის მოვემზადოთ. ამისთვის შენდება მშრალი პორტი, ტერმინალები, რომლებიც წლის ბოლოს დასრულდება.
მოკლედ, გაშლილია ფრონტი, ინფრასტრუქტურის მოწყობა საჭირო ტემპით მიმდინარეობს.
_ კერძოდ, რას გულისხმობთ, ბატონო ოლეგ?
_ უბნის საექსპლუატაციოდ მოსამზადებლად, უწინარეს ყოვლისა, ლიანდაგის სამუშაოები სრულად და მთელი მოცულობით უნდა დავამთავროთ. გვინდა მოვასწროთ რკინიგზის მთლიანი ელექტრიფიცირება თუ არა, სადგურ თავფარავნამდე მაინც. ეს იმიტომ, რომ ამ სადგურამდე გზის პროფილი უაღრესად რთულია _ 35-მეათასედიანი აღმართებია _ და სარკინიგზო შემადგენლობის გადასაყვანად აქ აუცილებლად ელექტროწევა უნდა იქნას გამოყენებული. ხოლო თავფარავანიდან ახალქალაქამდე მონაკვეთზე, რომელიც სულ 35 კილომეტრია, საკმარისი იქნება თბომავლის წევა, რაც ჩვეულებრივი მომენტია.
_ მაშასადამე, სალიანდაგო სამუშაოები და ელექტრიფიკაცია _ როგორც პრიორიტეტული საკითხები?
_ დიახ, სწორედ ასეა, და ჩვენი კოლექტივი, სწორედ ამ სამუშაოების პირველ რიგში დამთავრებაზეა ორიენტირებული. ამასთან ერთად, გადავწყვიტეთ ამ სპეციფიკური სამუშაოებისთვის ისეთი აუცილებელი მოწყობილობების წინასწარ შეძენის საკითხი, როგორებიცაა ამწეები, დამტვირთავები, დომკრატები და ა.შ.
დარჩენილი სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით _ 200 მილიონი დოლარია. აქედან დამატებითი ღირებულების გადასახადი 52 მილიონამდეა. დანარჩენი ასათვისებელია.
სამუშაოები კონვეირული სისტემით მიმდინარეობს _ ერთ ადგილზე მთავრდება, მეორეზე იწყება და ა.შ. ყველა საკითხი პუნქტობრივად გვაქვს აღნუსხული და შესრულებას ყოველკვირეულად ვაკონტროლებთ. იდეალური ამ ქვეყნად, მოგეხსენებათ, არაფერია. არის გარკვეული ჩამორჩენაც ზოგიერთ საკითხში, მაგრამ ჩვენი კომისიის დანიშნულებაც ის არის, რომ ყოველ ხუთშაბათს ოპერატიულად გავარკვიოთ დაბრკოლებების კონკრეტული მიზეზები და დავსახოთ მათი სასწრაფოდ დაძლევის გზები და საშუალებები. მომდევნო კვირაში ვისმენთ პასუხისმგებელი პირების ანგარიშს, თუ როგორ შეასრულეს მიცემული დავალებები.
დამკვიდრებული პრაქტიკით ყოველკვირეულად ადგილზე ვამოწმებ ობიექტს, თანაც არა მხოლოდ გაკონტროლებისთვის, არამედ იმისთვისაც, რათა ჩვენი თანამშრომლები კვლავ და კვლავ დარწმუნდნენ, რომ მათ საქმიანობას სათანადოდ ვაფასებთ.
_ მორალური სტიმულირება?
_ დიახ, რატომაც არა!
მართალს ამბობს ბატონი ოლეგი, დავუმოწმებ, ზაფხულის თაკარა მზეში, თუ ზამთრის ყინვაში გულმოდგინედ საქმეში ჩართულ ადამიანებს, როგორ უბრწყინდებოდათ თვალები, როცა მშენებლობის ხელმძღვანელი მოუწონებდა ნამუშევარს.
სარკინიგზო მაგისტრალიდან გადმოცემულ რეპორტაჟებში "საქართველო და მსოფლიოს" არაერთხელ მიუქცევია მკითხველების ყურადღება ამ დეტალისთვის.
_ მშენებლობა რთული საქმეა, _ განაგრძობს ბატონი ოლეგი, _ არც ისე მარტივია, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია. ბევრ ნიუანსს შეიცავს, ბევრი დაბრკოლება არსებობს _ ობიექტურიც და სუბიექტურიც, რადგან ადამიანურ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ამიტომ პროფესიული მიდგომის გარდა, ადამიანური დამოკიდებულებაც პრინციპულად აუცილებელია.
_ ობიექტურ სირთულეებში რას გულისხმობთ?
_ უწინარეს ყოვლისა, იმ რთულ კლიმატურ პირობებს, რომლებიც საქართველოს ამ კუთხისთვისაა დამახასიათებელი და მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს.
მაგალითად, წლეულს მუშაობის დაწყება მხოლოდ აპრილის თვის ბოლოს შევძელით: ზამთარში მოსული დიდი თოვლი დაგროვდა ლიანდაგზე, გაიყინა, მისი აღება ყოვლად შეუძლებელი შეიქმნა. ისევ ბუნებამ გვიშველა.
ჯერჯერობით კარგი დარი დგას, სექტემბერი ნორმალურია. მაგრამ ოქტომბერში ამინდი შეიძლება ისე გაფუჭდეს, რომ სერიოზულად დაგვაბრკოლოს. მაგრამ ამასაც ვითვალისწინებთ და ვემზადებით.
_ მაგისტრალის დათვალიერებისას თქვენ რამდენიმეჯერ ახსენეთ "ავადმყოფი ადგილები". რას გულისხმობდით?
_ "ავადმყოფი ადგილების" გამოწვევას მიწის ვაკისის შემადგენლობა იწვევს, კერძოდ, თიხამიწის დიდი რაოდენობა, რომელიც თანდათან იჩენს თავს. როგორც კი აღმოვაჩინეთ, დავიწყეთ პროფილაქტიკური სამუშაოები, რადგან თიხამიწიანი ვაკისზე ლიანდაგის დამონტაჟება ყოვლად დაუშვებელია. "ავადმყოფ ადგილებს" ვჭრით და ახალი გრუნტით ვავსებთ.
_ გვირაბის მშენებლობა, რომლითაც მაგისტრალი თურქეთში გადის, ერთ დროს მიჩნეული გქონდათ მალიმიტირებელ ფაქტორად. ამჟამად რა ხდება იქ, მიწისქვეშეთში?
_ გვირაბი 4,4 კილომეტრის სიგრძისაა. აქედან 1830 მეტრი ჩვენს მხარესაა, დანარჩენი თურქეთის ტერიტორიაზეა. გვირაბის გათხრა მთლიანად დამთავრებულია, მიმდინარეობს კედლების და ძირის საპროექტო ნიშნულამდე გაფართოება, რომელიც ამ თვის ბოლოს დამთვარდება. გვირაბის გაყოლებით 4 მეტრსა და 35 სანტიმეტრზე ჩავდივართ მიწის სიღრმეში. ყოველდღიურად 10-12 მეტრს გავდივართ. დასასრულებელი დაგვრჩა მხოლოდ 196 მეტრი. ამას მოჰყვება მთლიანი, მონოლითური კარკასის მშენებლობა, რომლის დასრულებას რამდენიმე თვე დაჭირდება. გვირაბის მშენებლობა სრულად დამთავრდება გაისად, პირველ კვარტალში.
_ მაგისტრალი თურქეთში გრძელდება. მახსენდება თქვენი ნათქვამი, რომ იქ გარკვეული პრობლემების არსებობის გამო მშენებლობის პროცესი ბრკოლდებოდა.
_ თურქეთის რესპუბლიკის მხარე ჩვენს მშენებლობას დაახლოებით ერთი წლით ჩამორჩება. მაქვს ინფორმაცია, რომ იქ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ იმის გამო, რომ თურქეთში რთული პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა, განსაკუთრებით, ყარსის რაიონში, სამუშაოების შეწყვეტა გამორიცხული არ არის. ამჟამად რა მდგომარეობაა, ვერ გეტყვით.
დაბეჯითებით შემიძლია იმის თქმა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის უბანზე, თურქეთის საზღვრამდე, სამუშაოები წლეულს დამთავრდება და რკინიგზა საექსპლუატაციოდ ჩაბარდება.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
თბილისი-კარწახი, 2015 წლის 10 სექტემბერი
P.S. გზა სიარულმა დალიაო, ნათქვამია. გინდაც ჩინეთის კედელივით უსასრულო იყოს. სახელმწიფოთა დამაკავშირებელი ახალი სისხლით შეივსება კიდევ ერთი მაცოცხლებელი ძარღვი იქნება ეკონომიკური კრიზისებით არეული მსოფლიოს დამამშვიდებელი... ახლა აქ გვჭირდება ერთი ისეთი მეტაფორა, რომელიც დაიტევს პრობლემის გრანდიოზულობას და შეუხამებს აბრეშუმის სინაზეს.
თუ ვინმე იტყვის უკეთესს, ვიდრე "დიდი აბრეშუმის გზაა", ალალ მისი!
წყარო: geworld.ge