reportiori.ge - თამაზ მეჭიაური: ეტყობა, სოსო ცისკარიშვილს კარგად არ გადაუხადეს და გაბრაზებულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:15
პრეს-დაიჯესტი
თამაზ მეჭიაური: ეტყობა, სოსო ცისკარიშვილს კარგად არ გადაუხადეს და გაბრაზებულია!
ავტორი:
14 სექტემბერი, 2015. 17:48


ზუსტად ერთი წელი და... ქვეყანა კვლავ ყველაზე ცხელი პოლიტიკური პროცესის წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, რაც უფრო იკლებს დრო არჩევნებამდე, პოლიტიკური ტემპერატურის ზრდასთან ერთად, იზრდება კონფლიქტები, აგრესია, ფეხის დადება, მუშტის მოღერება, შეგინება, ტალახი, ინტრიგა... რაღა თქმა უნდა, ვსაუბრობთ პოლიტიკურ ველზე განვითარებულ მოსალოდნელ პროცესებზე... ამ დროს ყველაზე კარგად მუშაობს „პიარი" და „ანტიპიარი". თუმცა უამრავია ისეთი ფიგურანტიც, რომელსაც ასეთი ტექნოლოგიების ჩართვა სულაც არ სჭირდება თავისი პოლიტიკური ბედის გადასაწყვეტად...


ამ პროცესებში უკანასკნელი დროის გამოკვეთილი „გმირი" (ვისთვის  კი „ანტიგმირი") აღმოჩნდა დეპუტატი, რომლის აქტიურობა დიდად არ ყოფილა თვალშისაცემი აქამდე, მით უმეტეს, რომ მას სხვა დროიდანაც მოჰყვებოდა დეპუტატობის გამოცდილება...


„პრაიმტაიმის" ამ სტატიის რესპონდენტია თამაზ მეჭიაური, რომელმაც ბოლო დროის პოლიტიკურ ბატალიებში თავი განსაკუთრებულად „მეტოქეების" შერჩევით გაითქვა. ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტზე, მეორე მხრივ კი, რესპუბლიკელებზე შეტევამ მის გარშემო ეჭვების კორიანტელი ააგორა. ზოგიერთი ექსპერტისთვის, ცნობილი კანონპროექტის ავტორობა, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს ბანკებზე ზედამხედველობის სამსახური, მოგვიანებით კი ამ კანონპროექტზე ვეტოს გამო მარგველაშვილზე უხეში თავდასხმა საკმარისი აღმოჩნდა ეჭვისთვის, რომ თამაზ მეჭიაურის ლტოლვა დაენახა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სავარძლისკენ...



დეპუტატის ირგვლივ დაგროვილ კითხვებს „პრაიმტაიმთან" დღეს თამაზ მეჭიაური თავად უპასუხებს:

 

- რას ნიშნავს თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რაც მეტად გლანძღავენ „რესპუბლიკელები", მით მეტად გლოცავთ ხალხი?


- ამ თემაზე აღარ მინდა საუბარი... მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული... ვისაც რა უნდა, ის იფიქროს...

 

- თუმცა კოალიციის ამ ფრთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებით მხოლოდ თქვენ არ გამოირჩევით „ქართულ ოცნებაში". ხომ არ არის ეს ღია განაცხადი „ოცნების" რესპუბლიკელებთან გამიჯვნის შესახებ?

 

- არ ვარ იმ მასშტაბის პოლიტიკოსი, რომ ჩემს ნათქვამზე დაიწყოს რღვევა კოალიციაში. მე ყოველთვის მაქვს ჩემი აზრი, რომელიც არასდროსაა ვინმესთან შეთანხმებული. ასე რომ, ეს იყო აბსოლუტურად ჩემი პოზიცია და გუნდი აქ არაფერ შუაშია...


- თუმცა, თქვენდა უნებურად ხომ არ გაამჟღავნეთ ტენდენცია, თუნდაც გუნდის კულუარებიდან? ისედაც ჟონავს მსგავსი ინფორმაციები...

 

- მე არაფერი ვიცი...


- არადა, სულ ცოტა ხნის წინ კანონპროექტზე, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტთან დაპირისპირების საგანი გახდა, თქვენ რესპუბლიკელ ებანოიძესთან ერთად იმუშავეთ... შესაბამისად, სრული მხარდაჭერაც გქონდათ რესპუბლიკელებისგან...

 

- რაკი მივიღეთ მხარდაჭერა, ე.ი. წინააღმდეგობა არ გვქონია...


- მერე რა მოხდა? მით უმეტეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელები თქვენს კანდიდატურას მხარს დაუჭერდნენ საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე...

 

- მსგავსი არც სურვილი მქონია და არც საუბარი ყოფილა ამის თაობაზე... ეს იმ განცხადებას ჰგავს, ჩემთვის აქამდე პატივცემულმა სოსო ცისკარიშვილმა რომ თქვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა უნდაო... მაპატიეთ, მაგრამ ასეთი იდიოტიზმი როგორ შეიძლებოდა მოსვლოდა ვინმეს თავში? სურვილიც რომ მქონდეს, პრეზიდენტი შეიძლება გახდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი... წევრებს კი პარლამენტში წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი... თუნდაც ჩემი გამონათქვამების გამო, მარგველაშვილი არასდროს განმიხილავს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ეტყობა, ბატონ ექსპერტს არ გადაუხადეს კარგად და განაწყენდა...


- რას გულისხმობს?


- არაფერს.


- ასეთი სკანდალების მერე თქვენს თავს მომავალ პარლამენტში ხედავთ?

 

- მე ჩემი თავი განხილულიც მყავს და ნანახიც - უმუშევარიც, პატიმარიც, პარლამენტის წევრიც, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.. ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ მომავალში. წინასწარ არაფერი ვიცი .


- არადა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ სიაში ძველი შემადგენლობიდან მაქსიმუმ სამი კაცი შეიძლება შევიდეს. თქვენი განცხადებების შემდეგ, რამაც გუნდი არაერთხელ ჩააგდო უხერხულ სიტუაციაში, ფიქრობთ, რომ ამ სამ კაცში მოიაზრებით?

 

 დეპუტატობისთვის სიაში მოხვედრა არ არის აუცილებელი.


- ანუ მაჟორიტარობას გეგმავთ?

 

- ვერაფერს გეტყვით. თუმცა ამის გამოცდილებაც მაქვს.


- და მაინც... შეგიძლიათ, დაადასტუროთ ინფორმაცია კოალიციის შესაძლო დაშლის თაობაზე?

 

- ვერაფერს დავადასტურებ. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ მომავალში, თუ მაინცდამაინც მოითხოვს აუცილებლობა კოალიციის არსებობას, სჯობს, უფრო დაახლოებული პოლიტიკური პოზიციის ძალებმა მოიყარონ ერთად თავი. ისე კი, უმჯობესია, არჩევნებში ყველა პოლიტიკურმა ძალამ თვითონ მოსინჯოს საკუთარი ძალები.

 

 

 

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016