reportiori.ge - ყველასთვის ნაცნობი გულიკო ჭიტაძის ცხოვრების უცნობი ამბები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:40
პრეს-დაიჯესტი
ყველასთვის ნაცნობი გულიკო ჭიტაძის ცხოვრების უცნობი ამბები
ავტორი:
16 სექტემბერი, 2015. 13:49


13 ივნისის სტიქიამ მთელი ქვეყანა გააერთიანა და სხვებთან ერთად, გულიკო ჭიტაძის ტრაგიკულად დაღუპვასაც უდიდესი გულისტკივილი მოჰყვა.


ზუსტად 3 თვის თავზე თბილისის ზოოპარკმა შეძლო და მუშაობა განაახლა და „ალია" ერთ-ერთი თავისი რუბრიკის - „ნაცნობი უცნობის" - აღდგენის შემდეგ მკითხველს სწორედ ყველასთვის ნაცნობი გულიკო ჭიტაძის ცხოვრების უცნობ დეტალებზე მოუყვება...


სტიქიამდე სულ ცოტა ხნით ადრე - 26 მაისს გულიკო ჭიტაძე საკუთარი ხელით გაზრდილმა ვეფხვებმა დაგლიჯეს და მაშინ ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - დიდიც, პატარაც, ჩინიანიც და უჩინოც მის შესახებ საუბრობდა, წუხდა - როგორ გაიმეტეს მხეცებმა აღმზრდელი, როგორი დაუნდობელია მტაცებლის ბუნება, თუკი ადამიანი თუნდაც უმცირეს შეცდომას დაუშვებს...


არადა ვინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა სულ რამდენიმე დღე და მთელი ქვეყანა არა მხოლოდ დაუნდობელ მხეცებს სასწაულებრივად გადარჩენილ გულიკო ჭიტაძეს, არამედ კიდევ არაერთ ადამიანს დაიტირებდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, როგორი დაუნდობელი შეიძლება იყოს თვით დედაბუნება...


სიმბოლურია, რომ 13 სექტემბერს, ტრაგედიის სამი თვის თავზე, თბილისის ზოოპარკი გაიხსნა და ამ დღეს დაემთხვა გულიკო ჭიტაძის დაბადების დღე - მას 59 წელი შეუსრულდებოდა...



26 მაისს, როცა გულიკო ჭიტაძე ვეფხვებმა დაგლიჯეს, დაზიანებები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ექიმებმა, სამწუხაროდ, მისთვის მარჯვენა ხელის შენარჩუნება ვერ შეძლეს.


გონზე მოსულს პირველად მაინც ცხოველები მოუკითხავს: „ნეტავ, უჩემოდ როგორ არიან ჩემი პატარები?.."


ექიმის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, საავადმყოფოში არ გაჩერდა, კლინიკიდან დროზე ადრე გაეწერა და ზოოპარკს დაუბრუნდა.


თანამშრომლები იხსენებენ, რომ გულიკო თითქოს გრძნობდა, იმ ღამით რაღაც უნდა მომხდარიყო...



ლალი ედილაშვილი, ზოოპარკის თანამშრომელი:

 

- ძალიან უყვარდა 13 რიცხვი. საავადმყოფოში რომ ვაკითხავდი, ამბობდა, 13-ში აუცილებლად უნდა ვიყო ზოოპარკში, რაღაც არის მოსალოდნელი, რაღაც აუცილებლად მოხდება, ცხოველების გამო მეშინიაო. წინათგრძნობა ჰქონდა, ალბათ. საავადმყოფოში არაფრით გაჩერდა.


სოფო ზარდიაშვილი, ზოოპარკის თანამშრომელი:

 

- არ უყვარდა, როცა მის სანახავად მოსულები ვეფხვებს ამტყუნებდნენ, ამბობდა, მათი რა ბრალია, მეთამაშებოდნენო.


- ძალიან მაინტერესებს, რას უნდა გამოეწვია ცხოველების გაღიზიანება?


- როგორც ვიცი, ბავშვს სათამაშო ჩავარდნია ვოლიერში, ტიროდა და მამა ვერ აწყნარებდა. გულიკო შევიდა და სათამაშო გადმოუგდო, ამ დროს კაბა აუფრიალდა (დასვენების დღე იყო და სამუშაო ფორმა არ ეცვა) ვეფხვებმა კაბაზე დაუწყეს თამაში, ცოტა რომ დატორეს და სისხლი წამოუვიდა, ალბათ, სისხლზე გაღიზიანდნენ და დაგლიჯეს.



ზოოპარკის თანამშრომლები გულწრფელად მეუბნებიან, რომ გულიკო ჭიტაძე გამორჩეული იყო, განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა და ალბათ, ცხოველებთან ურთიერთობას ესეც უადვილებდა.


ნორა გორგასლიძე იხსენებს:


- ძალიან კეთილი ადამიანი გახლდათ. ის მთელი ზოოპარკის ძიძა იყო. მაგალითად, თუ რომელიმე ცხოველი ნაშიერს არ მიიღებდა, ან ვერ ზრდიდა, გულიკოს მიუყვანდნენ ხოლმე და ის უვლიდა. პატარებს საათობრივი კვება სჭირდებათ, გვიანობამდე უწევდა აქ ყოფნა, ამიტომ შეუქმნეს მას და მის მეუღლეს პირობები და ორივე აქ, ზოოპარკში ცხოვრობდა...



ნაცნობ-მეგობრების პატივისცემაც განსაკუთრებული სცოდნია, საკუთარ დაბადების დღეს თურმე, საერთო ზეიმად აქცევდა ხოლმე, ლალი ედილაშვილის თქმით:


- უყვარდა, როცა პატივს გცემდა და გაგახარებდა. გვერდში დგომა იცოდა.


მისი მეუღლე ხომ არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ... მისგან არავის ერთი ცუდი სიტყვა არ ახსოვს, ჩუმი, წყნარი, კეთილი ადამიანი იყო...


ახლა, 13 სექტემბერს გულიკოს დაბადების დღე იყო. ეს დღე იწყებოდა მილოცვებით, მხიარულებით. საღამოს დაგვპატიჟებდა ხოლმე სადმე, უყვარდა მასპინძლობა. სუპერაქტიური იყო. ჩვენ რომ სამსახურში მოვდიოდით, გულიკოს უკვე გამოკვებილი და დასუფთავებული ჰყავდა ცხოველები...


გულიკოს შვილი არ ჰყავდა და გახუთმაგებულ სიყვარულს ახარჯავდა ცხოველებს, ზოოპარკით ცხოვრობდა.


ზაფხულში ბათუმში ჩადიოდა და იქაც კი ცხოველებს ნახულობდა და უვლიდა. ვიდრე ცხოველი რაიმე ავადმყოფობის სიმპტომს გამოავლენდა, გულიკომ უკვე იცოდა, რომ რაღაც უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა.


ერთი განსაკუთრებული უნარი ჰქონდა - ცხოველებს ერთმანეთს საუცხოოდ აჩვევდა - მაგალითად, კატა რძეს აწოვებდა მგლის ლეკვებს, ძაღლმა გაზარდა კატა. ძაღლი ჰყავდა კიდევ, „კარაკულა". ისე შეაჩვია ლომს - „შუმბას", რომ უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ.



საუბარში ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძეც ჩაერთო:


- გულიკომ ძაღლი ნახა ქუჩაში, მანქანის გატანილი. წამოიყვანა, მოუარა და გამოზარდა. ძაღლისგან კი, ასე ვთქვათ, სამადლობელი საქციელი იყო, რომ, რა ცხოველიც უნდა მიესვა გულიკოს, ყველას ზრდიდა და რძეს აწოვებდა. გულიკო ძალიან ამაყი იყო ამით. სამწუხაროდ, ვერც ის ძაღლი გადაურჩა სტიქიას.


- ზოოპარკში დიდხანს მუშაობდა, ბატონო ზურაბ?

 

- 40 წლის იყო, რომ მოვიდა, 13 სექტემბერს 59 წლის გახდებოდა...

 

- როგორ მოხვდა ზოოპარკში, საიდან ჰქონდა ცხოველების მიმართ ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება?


- მე როგორც ვიცი, უბრალოდ, ბავშვობიდან უყვარდა ცხოველები და ბევრიც გაუზრდია.


- რამდენადაც ვიცი, შვილი არ ჰყავდა...

 

- ნაყოფს ვერ ინარჩუნებდა, ამბობენ. მთელ სიყვარულს ცხოველებს ახარჯავდა. ქმარი რომ საავადმყოფოში მიდიოდა სანახავად, უკან უშვებდა, ჩქარა წადი, ცხოველები მშივრები იქნებიანო. სტიქიის დროს გულიკოს გაზრდილი თითქმის ყველა ცხოველი მოკვდა. ვეფხვები საერთოდ აღარ გვყავს.


დავინტერესდი, კიდევ ვინ იყო იმ საბედისწერო ღამეს ზოოპარკის ტერიტორიაზე, კითხვაზე ნორა გორგასლიძემ მიპასუხა:


- ყველა აქ იყო, გულიკომ დაურეკა დირექტორს, - წყალი მოვარდაო და ის და მისი ცოლიც მაშინვე მოვიდნენ. რამდენიმე წამით ადრე რომ მოსულიყვნენ, ისინიც დაიღუპებოდნენ. აი, წამებში გადარჩნენ.


- ქალბატონი გულიკოსა და მისი მეუღლის გადარჩენის შანსი არ იყო?


- გულიკო მართალია შეუძლოდ იყო, მაგრამ მისი მეუღლე კაი ჯანიანი ბიჭი გახლდათ. გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდებოდა - წყალი ხომ უცებ მოვარდა...

 

 

 

დარინა ქამადაძე

გაზეთი „ალია"

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016