საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მფლობელის ილია კოკაიას ინფორმაციით, გუშინდელი აღმასკომის სხდომა მას ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩივაძემ დაატოვებინა. კოკაიას თქმით, გუშინ, ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე, მას პირადად ალექსანდრე ჩივაძემ სთხოვა, რომ სხდომა დაეტოვებინა, რადგან ყველაფერი გარკვეული იყო.
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მოფლობელი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შვიდი სუბიექტი რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ თანხმობა თბილისის „დინამომ", „ზესტაფონმა", ფოთის „კოლხეთმა", „სამტრედიამ", ქუთაისის „ტორპედომ" და გორის „დილამ" განაცხადეს.
ამასთან, კოკაია ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე ჩივაძეს იუდას უწოდებს და აცხადებს, რომ მან ქართული ფეხბურთი გაყიდა.
„გუშინ აღმასკომის სხდომაზე ვიმყოფებოდი, თუმცა მოვიდა ალექსანდრე ჩივაძე და მითხრა, რომ წავსულიყავი, რადგან ყველაფერი „გაიასნებულიაო", ეს პირადად მითხრა და მე ვუთხარი, რომ იქ არასადროს მივიდოდი. მე არ ვერიდები არც ჩივაძეს, არც ხურცილავას, ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთეს ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ დღეს მის ნგრევაში სოლო პარტია უჭირავთ", - განაცხადა კოკაიამ.