სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
როგორც კვარაცხელია აცხადებს, გადაწყვეტილებით, რომლითაც 24 გუნდს ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დაამტკიცა, რომ ის ყველაფერს სათავისოდ იყენებს.
„გუშინდელმა სხდომამ ნათლად დაამტკიცა, რომ ეს არის არა აღმასკომი, არამედ ქართული ფეხბურთის დაღმასკომი. ისინი სათავისოდ იყენებენ ყველაფერს და თავის თავს ირჩევენ ყრილობაზე. მაგრამ პირობას გაძლევთ, წელს აუცილებლად შეიცვლება ფეხბურთის ფედერაციის ეს ხელმძღვანელობა ყველა კანონიერი გზით", - განაცხადა კვარაცხელიამ.
გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფედერაციაში გაწევრიანების მსურველი 24 გუნდის საკითხი განიხილეს, თუმცა, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება.
„აღმასკომმა იმსჯელა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 24 გუნდის მიერ წარმოდგენილი საბუთები ტექნიკურად სრულყოფილი არ იყო. ვერცერთმა გუნდმა ვერ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. გუნდების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე ყრილობაზე ვიმსჯელებთ, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება", - განაცხადა ფირცხალავამ.