reportiori.ge - ვინ არის კაცი, რომელმაც „მერვეკლასელო“ შექმნა და რას საქმიანობს წლების შემდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:29
პრეს-დაიჯესტი
ვინ არის კაცი, რომელმაც „მერვეკლასელო“ შექმნა და რას საქმიანობს წლების შემდეგ
ავტორი:
16 სექტემბერი, 2015. 14:23


მუსიკოსი სოსო ივანეიშვილი მხოლოდ ვიწრო წრისათვის არის ცნობილი, თუმცა მისი სიმღერა „მერვეკლასელო" წლების მანძილზე ჰიტი იყო. როგორ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა და რატომ აღარ გაჰყვა მუსიკას, ამ კითხვებით დავიწყეთ მასთან ინტერვიუ:


სოსო ივანეიშვილი:


- მუსიკალური კარიერა ჯერ არ მქონია... მუსიკასთან შეხება სხვადასხვა ფორმით მაქვს. 10 წლის ვიყავი, როცა ოჯახმა გიტარა შეიძინა, დედა და ბებია კარგად ასრულებდნენ იმ დროისათვის პოპულარულ ქართულ სიმღერებს, დები იშხნელების რეპერტუარსაც კი. 80-იანი წლების დასაწყისში, დასავლური როკ-ჯგუფების ჰიტებზე ქართულ ტექსტებს ვწერდი, გიტარაზე სმენით აკორდებს ვიღებდი. თანდათან საკუთარი სიმღერებიც გაჩნდა. როკ-ჯგუფის შექმნაც ვცადე 1983-84 წლებში, მაგრამ მალე საბჭოთა არმიის რიგებში აღმოვჩნდი. ჯარის შემდეგ, 1987 წელს შევკრიბე ჯგუფი „პულსი", შევიძინე ახალი ელექტროგიტარა და 2000 წლამდე, ქუთაისის სხვადასხვა უბნებში ძველი კულტურის სახლის ნანგრევებში, ინსტიტუტის აუდიტორიებში თუ რუსების მიტოვებულ სამხედრო ნაწილებში, როკ-ენ-როლის რიტმებით ვცხოვრობდი 13 წელი. ვცხოვრობდი ამ სიტყვის სრული გაგებით. ქუთაისში ბინა არ მქონდა, არც სამუშაო, სარეპეტიციო ოთახში ვათენებდი იატაკზე აპარატურის და გიტარის გვერდით. ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიური მდგომარეობის და ჩემი პირადი ცხოვრების ზეგავლენით, ბევრი საინტერესო სიმღერა დაიბადა, მაგრამ თითქმის არავის მოუსმენია, სამეგობროს გარდა....უცებ ეს ყველაფერი ერთ დღეში შეწყდა...


- რატომ?

- სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. მოულოდნელად ბედმა უკრაინის დედაქალაქ კიევში გადამისროლა. იმ ენერგიას, შინაგან პროტესტს, შემოქმედებითი ბრძოლის ჟინს, რასაც 13 წლის განმავლობაში „მუსიკალური საკანი" მაძლევდა, დაუპირისპირდა ცხოვრების სულ სხვა პირობები, რამაც გუშინდელი წარსული სხვა კუთხით დამანახა... აზროვნების შეცვლა გახდა საჭირო.


- ბატონო სოსო, როგორ დაიწერა ყველასთვის კარგად ცნობილი „მერვეკლასელო"?


- თემა „მერვეკლასელო" ახალგაზრდა ლენინგრადელმა ლეინტენანტმა შემომთავაზა ჯარში ყოფნის დროს. ვიქტორ ცოის „ტუსოვკასთან" ჰქონდა შეხება, ხშირად უსმენდა ცოის „восмикласница"-ს. მითხრა, თუ ანალოგიურს დაწერ, აქტუალური იქნებაო. ერთ საღამოს გამახსენდა და ნახევარი საათით თემას „წავეკაიფე", ფურცელზე დავწერე სათაური „მერვეკლასელო", 2 წუთი ჩავფიქრდი, სიმებს შევეხე და ერთდროულად წამოვიდა ტექსტი და მელოდია. როგორიც დაიბადა, ისეთი დავტოვე, არაფერი შემიცვლია.


ჯგუფი „პულსის" სტილში არ ჯდებოდა და არ მინდოდა, რვეულს გასცდენოდა ეს სიმღერა, მით უმეტეს იმ ფორმით, როგორიც მსმენელმა ისმინა და იხილა. მაგრამ ასე მოხდა... ჯგუფ „აუტსაიდერის" საპრეზენტაციო კონცერტი მზადდებოდა ქუთაისის ოპერის თეატრში. ჩემი გიტარა და სინთეზატორი დასჭირდათ, მაშინ გავიცანი რობი კუხიანიძე - „აუტსაიდერის" ლიდერი. კონცერტში მისი მეგობრები მონაწილეობდნენ და მეც შემომთავაზა 2-3 სიმღერის შესრულება. რობიმ გადახედა ჩემი სიმღერების მონახაზებს, „მერვეკლასელოს" დაადგა თვალი და მითხრა - „სოსო, ეს სიმღერა იმღერე, სუფთა საქუთაისოაო". სამწუხაროდ, მეც დავუჯერე. სიმღერას დარბაზის დიდი რეაქცია მოჰყვა, ყოველი მომდევნო სიმღერის შემდეგ დაჟინებით მოითხოვდნენ „მერვეკლასელოს" განმეორებას. „აუტსაიდერის" პროდიუსერი თემურ ჯოხაძე იძულებული გახდა, სცენიდან დარბაზი დაეწყნარებინა. ამ კონცერტს ესწრებოდა კომპოზიტორი კოტე მალანია. ერთი წლის შემდეგ მან მთხოვა „მერვეკლასელოს" ჩაწერა სტუდია „აია"-ში, სადაც ის აკეთებდა არანჟირებებს „აია"-ს საიუბილეო, საკასეტო ალბომისათვის. ალბათ კოტეს ახსოვდა დარბაზის რეაქცია. აკორდები ვაჩვენე, მეორე დღეს - არაპროფესიონალურად, ერთი სინჯით ჩაიწერა ხმა. სულ ეს იყო მასთან ჩემი შეხება, „მერვეკლასელო" წავიდა თავისი გზით. არ ველოდი, ასე მარტივ სიმღერას თუ ასეთი რეზონანსი ექნებოდა. ვის რა შედეგი მოუტანა ამ სიმღერამ, სულიერი, ფინანსური თუ შემოქმედებითი, არ დავინტერესებულვარ.


- ვის მიეძღვნა ეს სიმღერა?


- თემა ცოის „восьмиклассница"-დან იყო აღებული, თავისთავად სიმღერის გმირები წარმოსახვითები იყვნენ. ვიფიქრე, ქართული ტექსტი უფრო წრფელი და უმანკო უნდა იყოს, ვიდრე რუსული. მაგრამ, რადგან „ლირიკასთან" მაშინ არ ვმეგობრობდი, ტექსტი ძალიან მარტივი გამოვიდა. განსაკუთრებით ირონიულად მეღიმება ამ სტროფზე:


„ვჩერდები, გაყოლებ თვალს, ნუთუ ეს შენა ხარ,

ფიქრებში გიტოლებ თავს, შენ ჩემს გვერდითა ხარ".


ფარული ფსიქოლოგიური ტესტია, შეგიძლია, შენი სული დაინახო, რა აზრიც გესტუმრება ამ სტროფის გაგონებაზე, სულიც ისეთი გაქვს. აზრი ხომ სულის სიღრმიდან მოდის. ჩემი „მერვეკლასელო" უკრაინაში ვიპოვე 2000 წელს, დღეს ჩემი საყვარელი მეუღლეა. სხვათაშორის, როცა სიმღერა დაიწერა, ის მართლაც მერვე კლასში სწავლობდა კიევში.


- ერთი პერიოდი ეს სიმღერა ჰიტი იყო, თუმცა მაშინაც ცოტამ იცოდა მისი ავტორის ვინაობა. ამის გამო არ გწყდებათ გული?


- პირიქით, დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რომ ეს სიმღერა ასეთი სტილით და ჩემი სახელით მივიდა მსმენელთან. მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ, ჩემი გული სხვას მღერის...


- არ გიცდიათ ამ სიმღერაზე საავტორო უფლებების დაცვა?


- არა მგონია, ღირდეს ამაზე დროის დახარჯვა. ალბათ უფრო მეტ წყენას და კრიტიკას მოიტანს, ვიდრე რაიმე სარგებელს.


- ახლა რას საქმიანობთ?


- მაგარი გამონათქვამია - „შენ ხარ ის, რასაც აკეთებ". დღე სახლში „ვმუსიკოსობ", ზოგჯერ „ვპოეტობ" კიდეც. საღამოობით ქართულ რესტორანში, ან იშვიათად სადმე კლუბში „ვმუზიკანტობ". ორი წელია ეს მონოტონურად გრძელდება. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.


- როგორ ფიქრობთ, აქვს საქართველოში შოუ-ბიზნესს მომავალი?


- „საქართველოში არ არის შოუ ბიზნესი, არის შოუ, მალე ისიც აღარ იქნება" - ეს სიტყვები 12-13 წლის წინ, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა საქართველოს ტელევიზიით თქვა. ახლა სხვა მდგომარეობას ვხედავ. ნიჭიერი თაობა მოდის. საქართველოს მუსიკას დიდი მომავალი აქვს. მეტსაც ვიტყვი, მალე საქართველო მსოფლიოს უკარნახებს მუსიკას.







წყარო: AMBEBI.GE, ლადო გოგოლაძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016