reportiori.ge - ეს იყო შეთქმულება საპატრიარქოში - ვინ ებრძოდა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:42
პრეს-დაიჯესტი
ეს იყო შეთქმულება საპატრიარქოში - ვინ ებრძოდა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 16:45


ნაწილი I

 


1977 წლის 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანის) გარდაცვალების შემდეგ წმინდა სინოდმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას (შიოლაშვილი) არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.


საქართველოს ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და მის შემდგომ განვითარებული არაერთგვაროვანი პროცესები სრულად აქვს აღწერილი სერგო ვარდოსანიძეს თავის წიგნში „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია XIX-XX საუკუნეებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II".


1977 წლის 23 დეკემბერს გამართულმა საეკლესიო კრებამ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურად აირჩია ილია II. 26 დეკემბერს კი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა მისი ინტრონიზაცია.


მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობლის წინააღმდეგ დაუფარავად და განსაკუთრებული აქტივობით იბრძოდა წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზ (იგივე ბიძინა) კერატიშვილი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად.


ჟურნალ „საარქივო მოამბის" მეთორმეტე ნომერში ციტირებული ერთ-ერთი პუბლიკაციიდან, რომელიც არალეგალურ გამოცემა „საქართველოს მოამბეში" იყო გამოქვეყნებული, ასეთი დაპირისპირების მიზეზად კერატიშვილის კარიერისტული მისწრაფებაა დასახელებული. „დღეს საქართველოს ეკლესიას მართავს არა იმდენად პატრიარქი დავით V, რომელიც ძალზე მოხუცი და ავადმყოფია, არამედ მიტორპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სამღვდელო სამოსით შენიღბული, „წითელი სამღვდელოების" ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში".


იგივე დადასტურდება სასამართლო პროცესზე: „ბიძინა (მისი ერისკაცობის სახელია) კერატიშვილი რომ ეფრემ II-ის ავადმყოფობის პერიოდში განაგებდა მთელ საპატრიარქოს საქმეებს, ეს დადასტურებულია მოწმეების პ.ა. ობოლაძის, ვ.ა. ვათიაშვილის, ა. ხ. გულიაშვილის, კ. სიდამონიძის, ვ.კ. ვათიაშვილის და სხვების ჩვენებებით".


ილია II-ის არჩევით კერატიშვილი კარგავდა გავლენას. ამიტომაც იბრძოდა.


მაგრამ ეს, თურმე, საკითხის ერთი მხარე ყოფილა. დანარჩენზე „რეპორტიორს" ესაუბრა ვახტანგ გვარამია.


დოსიე ჩვენს რესპონდენტზე

 

გასული საუკუნის 60-იან წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს გამომძიებლად, 1972-დან 1983 წლამდე იყო თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი, 1987 წელს ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ დააწინაურეს, საიდანაც 1990 წელს გადაიყვანეს რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ, 1994-1999 წლებში იუსტიცის მინისტრის პირველი მოადგილეა, მომდევნო ოთხ წელიწადს - პარლამენტის წევრი,  2003 წლიდან 2014 წლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახლდათ.

 

ვახტანგ გვარამია იხსენებს:

 

- უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ მისი რეზიდენცია, რომელიც სიონის ეკლესიის გვერდზე იყო, დაიწვა.


კათოლიკოს-პატრიარქი  ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომელი წყობილება იყო, ჩვენ სულიერ მამად მიგვაჩნდა. როგორც კი შეგვატყობინეს ეს ფაქტი, შემთხვევის ადგილზე გავედი (ასე იშვიათად ხდებოდა) და გავიყვანე გამომძიებელთა ჯგუფი.  ამ დროს თბილისის შს სამმართველოს საგამომძიებლო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვმუშაობდი. ჩემთან ერთად იყვნენ სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის („ობეხეესეს" რომ უწოდებდა ხალხი) განყოფილების უფროსი (ღმერთმა აცხონოს!), არაჩვეულებრივი პიროვნება და ბრწყინვალე ოპერატიული მუშაკი ნოდარ წკრიალაშვილი.


დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი, ჩატარდა ექსპერტიზა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ხანძარი არავითარი უბედური შემთხვევა არ იყო, არამედ - ტიპიური წინასწარგანზრახული და ორგანიზებული დანაშაული.


დაიწყო გამოძიება. და ბუნებრივად დაისვა კითხვა - ვის შეიძლება ჩაედინა ეს ბოროტმოქმედება, ვის აძლევდა ხელს, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული? უცხო ადამიანი საპატრიარქოს პრობლემებში არ იქნებოდა გარეული. ეს იმთავითვე ცხადი იყო.


შედგა სავარაუდო სია, დადგინდა გარკვეული წრე იმ ადამიანების, რომლებზეც ეჭვი შეგვეძლო მიგვეტანა. ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ პატრიარქის აღსაყდრების პერიოდში მას ობსტრუქცია მოუწყო საეკლესიო მსახურთა გარკვეულმა ჯგუფმა. მათ შორის იყო წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზ (იგივე ბიძინა) კერატიშვილი. სხვებიც მოყვნენ ჩვენი მხედველობის არეში, და დაიწყო ამ პირების შესწავლა. ჩვენი თხოვნით, გამოძიებაში ჩაერთო ოპერატიული სამსახური და დაინტერესდა ყველა იმ პირით, უპირველეს ყოვლისა კი, წმინდა სინოდის წევრებით, ვინც აღსაყდრების კენჭისყრაში მონაწილეობდა და ცდილობდა ხელი შეეშალა ილია შიოლაშვილისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი რომ გამხდარიყო.


მათგან წამყვანი ფიგურა კერატიშვილი იყო. ოპერატიულ განყოფილებებში მასზე მასალები უკვე არსებობდა, რადგან იგი შემჩნეული იყო საეკლესიო ნივთებით, ძველი ხატებით, ასევე ძველი საეკლესიო წიგნებით ვაჭრობაში. ეს კაცი, რომელიც თავიდან იმდენად ხელმოკლე იყო, რომ იძულებული იყო ეკლესიაში ღამე ეთია, მოკლე დროში თბილისში ხილიანის ქუჩაზე იყიდის სახლს, რომელშიც, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 65 ათას მანეთზე მეტს გადაიხდის.


დავადგინეთ, რომ კერატიშვილს თვითონ სურდა კათოლიკოსობა, მაგრამ იცოდა, რომ მას არ აირჩევდნენ და ამიტომ პატრიარქად წამოაყენა ერთ-ერთი სამოქალაქო პირის კანდიდატურა. საეკლესიო კანონებით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურებისა და რიტუალის დაცვის შემდეგ იგი შეიძლებოდა კათოლიკოსად აერჩიათ. ეს კაცი განათლებული და საეკლესიო ცხოვრებაში კარგად იყო გარკვეული, მაგრამ სუსტი ადამიანი გახლდათ. კერატიშვილის ჩანაფიქრით, მას მალევე მოიცილებდა და თვითონ დაჯდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე.


            ეკლესიის ქონება საკუთრების რომელ ფორმას ეკუთვნოდა, იმ დროს ერთგვარად სადაო იყო, მაგრამ ის გარემოება, რომ გატაცებისა და გაყიდვის საგანი უმეტეს შემთხვევაში ქართული ეკლესიისთვის ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას წარმოადგენდა, გვაძლევდა უფლებას, ეს ნივთები საერთო-სახალხო (ეროვნულ) და, ამდენად, საზოგადოებრივ საკუთრებად ჩაგვეთვალა. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საკუთრების გატაცება კი იმ დროს უმკაცრესად ისჯებოდა. ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ ოპერატიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა ჩემი მეგობარი ნოდარ წკრიალაშვილი.



ერთ დღეს ჩემს კაბინეტში შემოდიან ნოდარ წკრიალაშვილი და ოპერმუშაკი სტეპანოვი და რაღაც შეხვეულს დებენ მაგიდაზე. გაშალეს. აღმოჩნდა ოქროს ჯვარი, რომელიც დაახლოებით 35 სანტიმეტრის სიგრძის და შესაბამისი სიგანის იქნებოდა. მეუბნებიან, რომ კერატიშვილი ყიდის ამ ჯვარს. უნდა, რაც შეიძლება მალე მოახდინოს მისი რეალიზაცია და მყიდველის მოსაძებნად ჩვენს კაცს მისცაო. აგენტმა ჩვენ მოგვიტანა. მეკითხებიან, შეიძლება თუ არა ამაზე რეალიზატორის დაჭერა?


ვუპასუხე, რომ ეს ჯვარი იყო ნივთი. მისი გაყიდვა იგივეა, რაც ჩვეულებრივი ოქროს საათის ან ოქროს ბეჭდის გაყიდვა. ამის გამო კი ვერავის დააპატიმრებ.


სისხლის სამართლის იმ დროს მოქმედი კოდექსის 89-ე მუხლი ითვალისწინებდა უმძიმეს სასჯელს სავალუტო ოპერაციების დარღვევისთვის. უცნაური და, ამასთან, საინტერესო იყო ამ მუხლის განმარტება. კერძოდ, თუ პირი გაყიდდა ძვირფასთვლიან ბეჭედს, ეს დანაშაულად არ ითვლებოდა. მაგრამ, თუ ამოიღებდა ძვირფას თვალს ამ ბეჭდიდან და ცალკე გაყიდდა, იგი ჩაითვლებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლით დასასჯელ სუბიექტად. ეს მუხლი კი ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სიკვდილით დასჯასაც კი.



ავუხსენი ეს ყველაფერი მოსულებს. აქვე ვიტყვი, რომ ასეთი რჩევების მისაღებად ჩემთან ხშირად მოსულან კოლეგები და მეც არ დამზარებია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მათი დაკვალიანება.


მეორე დღეს ისინი ისევ მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ კერატიშვილს შინ აქვს ტიხვინის ღვთისმშობლის უნიკალური ხატი, რომელიც მან უკანონოდ (არ მინდა ვთქვა, მოიპარა) მიისაკუთრა კათოლიკოს-პატრიაქრ დევდარიანისგან. დევდარიანი უპატიოსნესი ადამიანი იყო, კერატიშვილმა ისარგებლა მისი მიმნდობილობითა და მასთან სიახლოვით და მოპარაო. ხატი მოოჭვილია ზურმუხტის ქვებით. კერატიშვილს უთქვამს, რომ ფული ძალიან მჭირდება, რადგან ხილიანზე ბინა ვიყიდე და ვალი გასასტუმრებელი მაქვსო.


- ზურმუხტი ძვირფას ქვად წავაო? - მკითხეს კოლეგებმა. ვუპასუხე, რომ რა თქმა უნდა, წავა.


ოპერმუშაკმა მითხრა, რომ კერატიშვილს ჩვენი აგენტის თანდასწრებით, ხატიდან დანით სამი თვალი ამოუჩიჩქნია და გასაყიდად რკინის პატარა კოლოფში ჩაუდვია. აგენტს დაუპირებია გამორთმევა, მაგრამ კერატიშვილს უთქვამს, ვერ გენდობი, მე თვითონ წავიღებ გასაყიდადო.


პლეხანოვის პროსპექტზე, ყოფილ კინოთეატრ „ოქტომბერთან" იყო ოქროს ჯართის შემსყიდველი პუნქტი. ეს კანონით იყო დაშვებული. თუ, მაგალითად, ოქროს საათს მიიტანდი, ან ბეჭედს, იყიდიდნენ. თუ გადაადნობდი, როგორც გითხარით, პასუხისმგებლობას ვერ აცდებოდა.


დავგეგმეთ, რომ კერატიშვილი ჩვენს აგენტს იმ შემსყიდველ პუნქტში უნდა მიეყვანა. ასეთ პუნქტებში მომუშავე პირები, ყველა ჩვენთან იყო დაკავშირებული, ან - უშიშროებასთან, ან - ორივესთან ერთად.


დღევანდელ კანონმდებლობაში შემოღებულია პროცესუალური გარიგების მცნება. დანაშაულს თუ აღიარებ და ითანამშრომლებ გამოძიებასთან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდები. იმ პერიოდში ასე არ იყო. მე თუ დანაშაულის მონაწილე ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებდი და ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან, პასუხისმგებლობა მაინც მეკისრებოდა. დამუშავდა ზუსტი სცენარი ამ ოპერაციის განხორციელების, ვის რა უნდა ეთქვა და როგორ უნდა მოქცეულიყო. გათვალისწინებული იყო ამ ოპერაციის მონაწილე აგენტების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაც.


მოკლედ, წაიყვანეს კერატიშვილი ძვირფასეულობის შემსყიდველ პუნქტში. ჩვენ ვსხედვართ და ვუცდით.


დაახლოებით ერთ საათში მირეკავს წკრიალაშვილი, რომ „ობიექტი" დააკავეს. მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი გავიყოლიეთ და სასწრაფოდ მივედით დაკავების ადგილზე. გავეცი განკარგულება, რომ იქ მოეყვანათ საპატრიარქოს წარმომადგენელიც, რადგან დაკავებული იყო საეკლესიო იერარქიის მეორე პირი. ისიც მოიყვანეს.


მივედით.


პლეხანოვზე გაზრდილი ვარ, მაგრამ ერთად შეკრებილი ამდენი ადამიანი არასოდეს მინახავს. ოპერაცია დაემთხვა კინოსეანსის დამთავრებას. სამღვდელო პირის დაკავების ამბავი სწრაფად გავრცელდა და იმდენი ცნობისმოყვარე შეიკრიბა, რომ პლეხანოვზე მოძრაობა გადაიკეტა.


შევედით შემსყიდველ პუნქტში - ერთი პატარა ოთახია. ვხედავთ, დგას მაღალი, წელში გამართული შავოსანი სამღვდელო პირი, შავი წვერით, აბრიალებს თვალებს, დიდი კვერთხი უკავია და ორი პანაღეა ჰკიდია მკერდზე.


- ვინ ბრძანდებით? - შევეკითხე.


- შენ ვინ გეკითხება?! - უხეშად მიპასუხა.


ვუთხარი, ვინც ვიყავი და ავუხსენი, რომ ის, რაც აქ ხდებოდა, სწორედ მე მეკითხებოდა.


ხელმეორედ ვკითხე ვინაობა. ამჯერად მიპასუხა, რომ მიტროპოლიტი გაიოზი ვარო.


-აქ რატომ მოხვედით?


- ეს ჩემი საქმეა და თქვენ არავინ გეკითხებათო.


მაშინ მივმართე პუნქტის შემსყიდველ თანამშრომელს:


- რატომ მოვიდა ეს კაცი თქვენთან?


- სამი ზურმუხტის თვალი მოგვიტანა შესასყიდად, მაგრამ ამ ბოლო დროს ძვირფასი ქვების შესყიდვა აგვიკრძალეს, ამიტომ უარი ვუთხარი, თუმცა ვასწავლე, ვინ შეისყიდდა ამ ზურმუხტებს.


- მარტო მოვიდა?


- არა, ეს კაცი მოჰყვა, - მიმითითა ჩვენს აგენტზე, - იმან მკითხა, რა ეღირებაო (მღვდელზე მითხრა). მე ვუთხარი, რომ 38-40 ათასი მანეთზე მეტად ვერ გაიყიდებოდა. ვინც მოჰყვა, იმან წამოიძახა, არა, ძმაო, ამ საქმეში მე ვერ გავერევიო. თავი დამანებეთო. და ამ დროს შემოვარდნენ უფორმოები და დააკავეს მღვდელი.


- ასე იყო? - ვეკითხები კერატიშვილს.


- რა სისულელეს ლაპარაკობენ ესენიო, - მიპასუხა მღვდელმა.


მაშინ ვუთხარი, ამოეღო ჯიბიდან ყველაფერი, რაც იქ ედო.


უარი თქვა. გაჯიუტდა.


მაშინ ვუბრძანე, გაეჩხრიკათ.


იქ იყვნენ ქალაქის „ობეხეესესის" უფროსის მოადგილე ბორის გედევანიშვილი და სხვა ჩვენი თანამშრომლები.


ეცნენ კერატიშვილს, მაგრამ ვატყობ, რომ კანკალებენ - უჩვეულო სიტუაციისა და მორიდების გამო.


- უღმერთოები ხართ თქვენ, - განაცხადა კერატიშვილმა, - მე თვითონ ამოვიღებო, - და მოგვაწოდა მცირე მოცულობის კოლოფი, გავხსენით, შიგ სამი ზურმუხტის თვალი და რამდენიმე ცირკონი თუ სხვა ნახევრადძვირფასი ქვა იდო.


შევადგინეთ აღწერის ოქმი.


ვეკითხები დაკავებულს:


- სად ცხოვრობთ?


- თქვენ ვინ გეკითხებათ? - კვლავ აგდებით მიპასუხებს.


- სად ცხოვრობთ? - ვუმეორებ.


- ხილიანზე.


- წავიდეთ ხილიანზე.


- რატომ?


- თქვენი სახლი უნდა გავჩხრიკოთ.


კვლავ უარი თქვა, კვლავ გაჯიუტდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დაგვთანხმდა.


მივედით მის ნაყიდ ორსასრთულიან სახლში, ავედით მეორე სართულზე. ავიყვანეთ მოწმეები - კანონის ყველა მოთხოვნას მაქსიმალურად ვიცავთ.


ვთხოვთ გააღოს კარი.


არ აღებს.


შევატყვე, რომ თავისი ამ გაკერპებით წინააღმდეგობის გაწევით, უნდა საკუთარი სიმტკიცის და სიმართლის, ჩვენი კანონდარღვევით მოქმედება დაგვიმტკიცოს, თითქოს შევურაცხყოფთდით ამ უდანაშაულო ადამიანს.


უნდა ვთქვა, რომ იმ დროს გამომძიებელს უფლება ჰქონდა ორდერის გარეშე, დადგენილების საფუძველზე გაეჩხრიკა ნებისმიერი ობიექტი. მაგრამ ვინაიდან ჩვენ საქმე გვქონდა სამღვდელოების ერთ-ერთ უმაღლეს იერარქთან, ოპერატიულად ვიმოქმედეთ, მოვასწარით და შევიარაღდით ჩხრეკაზე პროკურორის სანქციით.


კანონი აბსოლუტურად დავიცავით.


რახან კარი თავისით არ გააღო, გავეცი განკარგულება, ეპოვნათ ლომი და შეენგრიათ შესასვლელი.


- მართლა შეანგრევთ კარს?! - იკითხა.


- თქვენ იძულებულს გვხდით, ასე რომ მოვიქცეთ.


- ისეთი უღმერთოები ხართ, მართლა ასე მოიქცევითო, -  და გასაღებით გახსნა კარი...


შევედი მუზეუმში!


ასეთი სიმდიდრე, ამდენი ძვირფასი საეკლესიო ნივთი მანამდე არსად, არც ერთ ეკლესიაში არ მენახა.


აბსოლუტურად ყველაფერი იყო!


ძველ და ახალ ქართულ სალიტერატურო მწერლობაში ასე თუ ისე ვერკვევი. ბრწყინვალე ბიბლიოთეკა ჰქონდა! მაგრამ ძველი ხელნაწერები იმდენი იყო, რომ საოცრებას ჰგავდა. მივხვდი, რომ რიგითი გამომძიებელი, რა მცოდნეც გინდა ყოფილიყო, აქაურ რარიტეტებს ვერ აღწერდა, შეცდომისგან დაცული ვერ ვიქნებოდით. ამიტომ მოვიწვიეთ შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებებიდან და ეკლესიიდან სპეციალისტები.


კათოლიკოს პატრიარქმა გამოგზავნა, თუ კარგად მახსოვს, დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი გიორგი ღონღაძე, რომელიც ჩხრეკის განმავლობაში იქ იჯდა. საპატრიარქოდან გამოგზავნეს, გვარი, სამწუხაროდ, დამავიწყდა მანგლისის საეპარქიოდან სამღვდელო პირი, რომელიც ამჟამად, მგონი, ქაშვეთში უნდა იყოს. ძალიან განათლებული და კარგი პიროვნება.


გამოძიება მიჰყავდა ლევან ბუაძეს, ბრწყინვალე პროფესიონალს.


მე თვითნ არ მინახავს, მაგრამ სწორედ ლევანმა მითხრა, როცა ხელოვნების მუზეუმიდან მოწვეული სპეციალისტები აქაურ ბიბლიოთეკას აღწერდნენ, ერთმა წამოიძახა: - ვაიმე, ბაბუაჩემის წიგნებიო! განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს შვილიშვილი ყოფილა იმ ჯგუფში და თავისი თვალით უნახავს ბაბუამისის ფაქსიმილეთი ბეჭედდასმული წიგნები!


ვნახეთ უნიკალური ხატები, მათ შორის, უკვე ნახსენები ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, აგრეთვე ფიცარზე ნახატი ძველი ქართული ხატი.ორივე ამჟამად საპატრიარქოში უნდა ინახებოდეს.


კერატიშვილს ლოგინში, ბალიშის ქვეშ ვუპოვეთ „ვალტერის" მარკის პისტოლეტი, საბრძოლო მდოგმარეობაში, 8 საბრძოლო ვაზნით. უმაღლესი რანგის მღვდელმთავრის სახლში პისტოლეტის არსებობდა თავისთავად მიუთითებს ამ პიროვნების სახესა და სულიერ განწყობილებაზე. ასეთ კაცს არავის განკითხვის უფლება არ აქვს.


კერატიშვილი, რა თქმა უნდა, დავაპატიმრეთ.


ახლა ცოტა უკან დავბრუნდები.


1974 თუ 1975 წელს საპატრიარქო გაქურდეს. ამის თაობაზე განცხადება შევიდა მაშინდელი კიროვის რაიონის პროკურატურაში. ამ დროს რაიონის პროკურორის თანაშემწე იყო ყოფილი უდიდეს საქმეთა ცნობილი გამომძიებელი დავით ქორიძე. დიდი პროფესიონალი და პატრიოტი კაცი, განათლებული, წერდა ბრწყინვალედ, ისე რომ  ნებისმიერ ლიტერატორს შეშურდებოდა.


დავით ქორიძე, რა თქმა უნდა, ქურდობის საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ, ამასთანავე, იგი დაინტერესდა იმ დროს საპატრიარქოში შექმნილი ვითარებით.  აღმოაჩინა, რომ საპატრიარქოს ქონების ინვენტარიზაცია წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. უძვირფასესი ხატები, საეკლესიო ნივთები, ხელნაწერები, წიგნები აბსოლუტურად უპატრონოდ იყო მიგდებული, არავინ იცოდა, სად რა იდო. აბსოლუტური ქაოსი იყო.


ვის რაც უნდოდა, მიჰქონდა, სადაც სურდა და რისთვისაც  სჭირდებოდა.


ამასთან ერთად, ეკლესიის მსახურთა შორის გარყვნილი ურთიერთობის ნიშნებიც შეამჩია. ცნობილია, რომ იმდროინდელი ხელისუფლება ძალიან იყო დაინტერესებული, რათა ეკლესია, რომელშიც თავის იდეურ მოწინააღმდეგესა და მტერს ხედავდა, რაც შეიძლება მეტად გახრწნილიყო.


მოკლედ, ძალიან ცუდი სურათი დაიხატა.


ამ ყველაფრის შესახებ ქორიძემ მოხსენებითი ბარათი დაწერა. ქურდობის საქმე ვერ გახსნა. ეს საქმე შემდგომ ჩვენ გავხსენით, ნაპარავი ნივთებიც ამოვიღეთ. მის მოხსენებით ბარათში სრულად იყო აღწერილი ის უბედურება, რომელიც საპატრიარქოში იყო გამეფებული.


ეს ხდებოდა ილია შიოლაშვილის გაპატრიარქებამდე და წლების განმავლობაში გრძელდებოდა.


დავით ქორიძემ გაამრავლა ეს მოხსენებითი ბარათი,ერთი პირი პარტიის ცენტრალური კომიტეტის შესაბამის განყოფილებაში მიიტანა, მიიტანა მთავრობაში, სხვა ინსტანციებშიც და ერთი ეგზემპლარი თვითონ დაიტოვა.


გადის გარკვეული დრო და რადიოსადგური „თავისუფლება" მიუნჰენიდან იწყებს ამ მოხსენებითი ბარათის კითხვას. ბატონ დავითის ნაწერი იმდენად მოცულობითი იყო, რომ „თავისუფლება" მას გადაცემათა მთელ ციკლს მიუძღვნის. რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა ამ მასალის კითხვა.


ამით, რასაკვირველია, დაინტერესდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროშების კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე მაშინ გენერალი ალექსი ინაური იყო.


ამ დროს ჩვენ ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული და ამ სკანდალთან არავითარი შეხება არ გვაქვს. პოლიტიკიდან ძალიან შორს ვიყავით, არც ვერეოდით, არც არავინ გვავალებდა ამ პროფილის საქმეებს. ჩვენი საქმე იყო გამტაცებლები, ქურდები და ათასი სხვა ჯურის უბედურები.


სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაარკვია, რომ დავით ქორიძის მოხსენებითი ბარათი უცხოეთში გადასცა ზვიად გამსახურდიამ. ყველაფერი ზუსტად დაადგინეს და ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად დააპატიმრეს. დაიჭირეს ვიქტორ რცხილაძეც, მაგრამ მალე გაათავისუფლეს.


უშიშროებამ ქორიძეც დაკითხა. მან თქვა, რომ ოფიციალური ინსტანციების გარდა თავისი მოხსენებითი ბარათი სხვა არავისთვის გადაუცია. მას შემდეგ, რაც კერატიშვილის საქმის გამოძიება დავიწყეთ და მისი მასალებიც დაგვჭირდა, გამოვიძახე ბატონი დავითი, ველაპარაკე და მაშინ დამიდასტურა, რომ ზვიად გამსახურდიამ როგორღაც შეძლო აღნიშნული დოკუმენტის პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან გატანა.


ამ ფაქტზე თავის დროზე შემოწმება ჩაუტარებიათ, მაგრამ როგორ დამთავრდა, არ ვიცი. გამსახურდიას, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, განუცხადებია, რომ მას თვითონ წამოუღია ცეკადან.


ქორიძე ამბობდა, მოხსენებითი ბარათი ცენტრალურ კომიტეტში რომ მივიტანე, გამსახურდია იმ განყოფილებაში იჯდაო.


ეს ყველაფერი შემდეგ გავიგეთ, თორემ მაშინ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ გამსახურდია და კოსტავა ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დაიჭირეს. სხვათაშორის მაშინ არც ის ვიცოდით, არსებობდა თუ არა ვინმე ბიძინა კერატიშვილი, არც გვაინტერესებდა.


გამსახურდია-კოსტავას საქმის გამოძიება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელს ზიბერტ ხაზალიას. არაჩვეულებრივი პიროვნება, განათლებული, კარგი ადამიანი იყო ძალიან.


ქორიძის მოხსენებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ საპატრიარქოში არსებული ქაოსი და განუკითხაობა კერატიშვილის ბრალი იყო. უშიშროება კი ამტკიცებდა, რომ კერატიშვილი არაფერ შუაშია, ხოლო ის მასალები, რომლებიც გამსახურდიამ რადიოსადგურ თავისუფლებას მიაწოდა, არასწორია, შეთითხნილი პასკვილია საბჭოთა ხელისუფლებასა და ჩვენს ეკლესიაზე. უშიშრობა კბილებით იცავდა კერატიშვილს.


გამოძიება გრძელდება და ჩვენ ამ პერიოდში კერატიშვილი დავიჭირეთ. თანდათან ირკვევა, რომ იმასთან შედარებით, რაც ქორიძემ კერატიშვილზე დაწერა, ამ უკანასკნელს რამდენიმეჯერ უარესი აქვს ჩადენილი. მაშასადამე, ის, რაც გადმოსცა „თავისუფლებამ" სიმართლეა. და მოხდა ისე, რომ ჩვენ, მილიცია ჩვენდა უნებურად დავუპირისპირდით უშიშროებას.


აქვე უნდა ვთქვა, რომ კერატიშვილის დაკავების ოპერაცია ისე ჩავატარეთ, რომ არავისთვის გვიცნობებია. ამის შესახებ არაფერი იცოდა შს თბილისის სამმართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძრვანელობამ. არ შევათანხმეთ იმიტომ, რომ, წესისამებრ, ხელმძღვანელებს ზემდგომ ინსტანციებისთვის უნდა ეცნობებინათ, ჩანაფიქრი აუცილებლად გაჟონავდა და ოპერაცია ჩაგვეშლებოდა.


როგორც მითხრეს, ეს ამბავი მოახსენეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსი ინაურს. გამწარებულა, რადგან ეკლესია, საპატრიარქო, მათი საკურატორო იყო და ამ დროს „ვიღაც მილიცია" ცხვირს ყოფს ამათ საუფლოში და იჭერს ამ ეპარქიის მეორე კაცს, რომლის სახელისა და ღირსების დაცვა მათი ინტერესის საგანია, რადგან ამ დროს გამსახურდია და კოსტავა ციხეში უზით: ან კერატიშვილია მართალი, ან - გამსახურდია!


ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გამსახურდია მართალია, კერატიშვილს კი ბოროტმოქმედებაში ედება ბრალი.


- С каких это пор милиция перестала уважать КНБ, убрать их! - განუცხადებია მაშინ ალექსი ნიკოლაევიჩს.


ჩემსა და წკრიალაშვილის თავზე შავი ღრუბელი დაიგრაგნა. ცხადია, რომ ეს საქმე პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტს მოხსენდა. პირველი მდივანი მაშინ თენგიზ მენთეშაშვილი იყო, რომელიც გადაგვეფარა, დაგვიცვა და პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ბიჭებმა ეს საქმე გააკეთეს, კარგად უმუშავიათო.


თენგიზ მენთეშაშვილი კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის უახლოესი მეგობარი იყო.


თენგიზ მენთეშაშვილი რომ არა, ჩვენი სახსენებელი არ იქნებოდა...


ამ ისტორიას საინტერესო გაგრძელება აქვს.


გამოძიება გრძელდება.


ერთ დღეს რეკავს ტელეფონი. ვიღებთ ყურმილს და მესმის:


- გამარჯობა, ვახო!


- გაგიმარჯოს, ზიბო! - ვიცანი ზიბერტ ხაზალია. მეგობრები ვიყავით და ასეთი გაშინაურება შეგვეძლო.


- ერთ ჩვენ ზიარ ძმაკაცს მინდა დაგალაპარაკო.


კარგი-მეთქი.


- გამარჯობა, ბატონო ვახტანგ.


- გაგიმარჯოთ.


- ზვიადი ვარ გამსახურდია. უშიშროება რაიმე პროვოკაციას ხომ არ გვიწყობს?


რა უნდა მეთქვა? ზვიად გამსახურდია განაგრძობს:


- მე გავიგე, რომ თქვენ დაგიჭერიათ ის ნაძირალა კერატიშვილი. როგორც ქართველს, როგორც ვაჟკაცს, როგორც მამულიშვილს გთხოვ, გაჭედე ეგ მამაძაღლი, - სიტყვა სიტყვით მახსოვს, რაც მითხრა.


დავეთანხმე, რადგან გამოძიება სწორედ აქეთკენ მიდიოდა.


გამსახურდია მოსკოვში გადაიყვანეს და, როგორც გავიგე, ცენტრალური ტელევიზიით გამოსვლისას მის მიერ დანაშაულის აღიარების საფუძველი იყო ის, რომ უშიშროებამ იგი დაარწმუნა, თითქოს კერატიშვილი ჩვენ დავაკავეთ მათი დავალებითა და მითითებით გამსახურდიას გამართლების მიზნით. ამით მოიპოვეს მისი ნდობა, რაც, როგორც ვთქვი, მისი აღიარებითი გამოსვლის საფუძველი გახდა.


ეს ასე იყო.


გამოძიება დამთავრდა, შედგა სასამართლო პროცესი. ბიძინა (იგივე გაიოზ) კერატიშვილს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. მის მიერ მოპარული ძვირფასეულობა ზოგი საპატრიარქოს დაუბრუნდა, ზოგი ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.


კერატიშვილის დასახასიათებლად ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: იგი იყო საკმაოდ განათლებული პიროვნება, საეკლესიო ლიტერატურაში კარგად ერკვეოდა. გამოძიების პერიოდში მასთან შეხვედრისა და საუბრისთვის საგანგებოდ ვემზადებოდი და სამღვდელო პირებისგან კონსულტაციას ვიღებდი. ამას ვერ წაართმევ. ეს იყო გაორებული კაცი, რომელშიც ერთდროულად იჯდა სატანა და კარგად განათლებული ადამიანი.


და კიდევ ერთს დავუმატებდი: ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია. ბევრი ხატი, საეკლესიო ნივთი თუ წიგნი და ხელნაწერი, რომლებიც კერატიშვილის სახლიდან ამოვიღეთ, უკვალოდ დაიკარგებოდა და განადგურდებოდა, კერატიშვილს საქართველოს ეკლესიებიდან რომ არ მოეპარა და მითვისება რომ არ ეცადა.


საეკლესიო ქონების ინვენტარიზაცია პირველად მისი უწმინდესობის ილია II-ის დროს გაკეთდა. ეს ერთი, და მეორე, სწორედ მან გაწმინდა ქართული ეკლესია უღირსი და შემთხვევითი ადამიანებისგან.


კერატიშვილი გამონაკლისი რომ არ იყო, ამას ასეთი ფაქტიც ამტკიცებს. მივიღეთ შეტყობინება, რომ ერთ-ერთი დეკანოზი, რომელიც სისტემატურად იპარავდა ეკლესიის კუთვნილ ნივთებს, ხატებს, აპირებდა ნაქურდალის დამალვას. განვახორციელეთ შესაბამისი ღონისძიებები და თავზე სწორედ მაშინ დავადექით, როცა თავის ნათესავთან ერთად ორმოში აპირებდა ჩაეფლო ტომარა, რომელიც ძვირფასეულობით იყო სავსე. ამ ხატებს შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა უნიკალური, რომელიც მეათე საუკუნემდელი პერიოდით თარიღდებოდა.


ილია მეორემ უზარმაზარი სამუშაო განახორციელა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმინდისა და მაღალსულიერების აღსადგენად. დიდი ძალისხმევა დასჭირდა, დედაეკლესიის ქვაბ-ავაზაკთაგან განსაწმენდად. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა უბედურება დატრიალდებოდა გაიზოს (ბიძინა) კერატიშვილის მიერ ორგანიზებული შეთქმულების მონაწილეებს რომ გაემარჯვათ.

 





ნაწილი II



1979 წლის 27 მარტის სასამართლო განაჩენით ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილს მიესაჯა 15 წლით პატიმრობა და მთელი ქონების კონფისკაცია.


30 წლის შემდეგ გაიოზ (იგივე ბიძინა) კერატიშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ ახერხებს ერთ-ერთი გაზეთისთვის ვრცელი ინტერვიუს მიცემას და შეეცდება თავის მართლებას.


ეს იყო პერიოდი, როცა ყოფილი კმარელები, რომლებიც იმდროინდელ ხელისუფლებაში დაფუძნებულები, განსაკუთრებული აქტივობით უტევდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და უპირველეს სამიზნედ ამორჩეული ჰყავთ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ასეთი იყო სააკაშვილის იდეოლოგიის ადეპტების გენერალური კურსი, რომლითაც ცდილობდნენ  ეკლესიის მუდმივად მზარდი ავტორიტეტის შერყევას იმჟამინდელი ძირმომპალი ხელისუფლების მდგომარეობის რამენაირად გამყარების მიზნით.


- ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი რომ ნამდვილად იყო დამნაშავე და სასჯელიც შესაფერისი გამოუტანა სასამართლომ, საკამათო არ არის. მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება სრულად დადასტურდა, - ამბობს ამ სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალადაშვილი, - იგი მიჩნეული იქნა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების გამტაცებელად; დადასტურდა, რომ იყო ამორალური პიროვნება და კიდევ ბევრი სხვა რამ.


ამის დამადასტურებელი კონკერტული ფაქტების ჩამოთვლამდე, გავიხსენებ ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრას კერატიშვილის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, როცა ბატონი ზვიადი სპეცსამსახურების მუდმივი თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა.


გამსახურდიების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა (მარინა ჯიქიამ, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორმა) მთხოვა მისი მიღება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც იმ პერიოდში ვმუშაობდი. ზვიად გამსახურდია მოვიდა და მთხოვა კერატიშვილის საქმეზე დადგენილი განაჩენის ასლის გადაცემა.  


სანამ მდივანი გაამზადებდა დოკუმენტის ასლს, ვილაპარაკეთ ამ საქმესთან დაკავშირებულ რეალიებზე. ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება კერატიშვილის პიროვნებისადმი უაღერსად ნეგატიური იყო. მან მიამბო, რომ კერატიშვილმა შემოიკრიბა მისნაირი მამათმავლები, ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას, სარგებლობდა იმ დროს საპატრიარქოში არსებული სრული უკონტროლობით, პატრიარქ ეფრემ II-ის მისდამი გამოცხადებული ნდობით და ძარცვავდა ტაძრებს. ნაძარცვს კი ჰყიდდა საზღვარგარეთ. ამ ყველაფრის შესახებაც მან (ზვიადმა) ოფიციალურად აცნობა ხელისუფლებას.


საუბარი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ.


აქვე უნდა ვთქვა, რომ ბიძინა კერატიშვილს დანაშაულში ამხელდა არაერთი სამოქალაქო თუ სასულიერო პირი, მათ შორის, საქართველოში პირველი თაობის დისიდენტი, ქალბატონი ვალენტინა ფაილოძე. ისიც სათქმელია, რომ უშიშროების ინფორმატორი კერატიშვილი სისხლხორცეულად ვერ იტანდა ზვიად გამსახურდიას, რაც არ დაუმალავს სასამართლო სხდომაზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში გაიმართა და დასაჯდომი ადგილების უკმარისობის გამო, ხალხი საათობით ფეხზე იდგა.


ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი დანაშაულში ამხილეს არა მარტო რიგითმა სამღვდელო პირებმა, არამედ დეკანოზებმა და ეპისკოპოსებმაც, რომლებმაც კონკრეტულად მიუთითეს, საიდან მოიპარა სამართალში მიცემულმა მის მიერ შესყიდული ბინიდან გამოძიების მიერ ჩხრეკის შედეგად ამოღებული საეკლესიო ნივთები.


სანამ ამ კონკრეტიკაზე გადავალ, უპრიანი იქნება, მოკლედ შევჩერდე ბიძინა კერატიშვილის საცხოვრებელი ბინის საკითხზე, რადგან იგი (კერატიშვილი) სასამართლო სხდომის მსვლელობისას ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი ბინები, როგორც ჭოროხის, ასევე შემდგომ - სიმონ ჩიქოვანის ქუჩებზე იყო სამღვდელმთავრო რეზიდენციები და, აქედან გამომდინარე, მას ჰქონდა საეკლესიო ნივთების იქ შენახვის უფლება.


ე.ი. კი არ მომიპარავს, არამედ, ვინახავდიო.


სასამართლო კოლეგიამ ამ არგუმენტებიდან ქვა ქვაზე არ დატოვა.


ჯერ ერთი, არცერთი დასახელებული ბინა მისი საკუთრება არ იყო. მეორე, საპატრიარქოს არასოდეს უცვნია ეს ბინები სამღვდელმთავრო რეზიდენციებად.


რით იხელმძღვანელა სასამართლომ?


სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცნობებით დადასტურებულია, რომ ჭოროხის ქ. № 7-ში მდებარე სახლი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში პირადი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოქალაქე რაზიკ ოგანესის ძე ჯანიანცზე. ეს ბინა კერატიშვილმა შეიძინა კანონსაწინააღმდეგო ე.წ. დათმობის წესით, 1972 წლის 21 მარტს, ჩაეწერა მდგმურის უფლებით მაგრამ ამით არ მოუპოვებია საკუთრების უფლება.


1978 წლის მარტში ბიძინა კერატიშვილმა, მოქალაქე ს. ძამისტარაშვილს დაუდო ხელშეკრულება მისი ბინის შეძენაზე, რომელიც მდებარეობდა სიმონ ჩიქოვანის ქ.  33-ში. გადაიხადა 6 ათასი მანეთი, მაგრამ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ბინის ოფიციალური გაფორმება არ მომხდარა. შესაბამისად, სახლის მფლობელი ბიძინა კერატიშვილი ვერ გახდებოდა, ამასთან ძველი ბინიდანაც არ იყო ამოწერილი.

 

ამდენად, მდგმურის უფლებით ცხოვრება სხვის საკუთრებაში მყოფ  და, ასევე, გაუფორმებელ ბინაში, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც სამღვდელმთავრო რეზიდენცია.

 

თვით კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის (შიოლაშვილის) წერილით და ქორეპისკოპოს ვაჟა ავალიშვილის განმარტებით, დადგენილია,რომ ბიძინა კერატიშვილის ბინა არ ყოფილა ცნობილი საპატრიარქოს მიერ მღვდელმთავრის რეზიდენციად. სარეზიდენციო სახლის შეძენა უნდა მოხდეს მხოლოდ კათოლიკოს- პატრიარქის ნებართვით და საეკლესიო თანხმობით. რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. როგორც წესი, სარეზიდენციოდ შეძენილი სახლი ტექინვენტარიზაციის ბიუროში ტარდება საეკლესიო სახლად.

 

ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც კანონის მოთხოვნა და თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე კერატიშვილის განმარტება ამ საკითხზე.

 

კერატიშვილის განცხადება, რომ იგი იყო ბერი და აპირებდა ამ ბინის შეწირვას ეკლესიისათვის, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან არცერთი საცხოვრებელი ბინა მისი საკუთრება არ იყო და ცხადია, რომ სხვის ქონებას ვერ უანდერძებდა.

 

ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლო კოლეგიამ კერატიშვილის განმარტება, თითქოს მან არ იცოდა, რომ ეკლესიაში არსებული საგნები იყო სახელმწიფოს კუთვნილება, და ჰქონდა უფლება ეკლესიიდან თავის სახლში გადაეტანა.


კერატიშვილს, როგორც მაღალი წოდების მღვდელმთავარს, არ შეიძლება არ სცოდნოდა, რომ რელიგიურ გაერთიანებათა ქონება, გადაცემული მათთვის, ან მათ მიერ ახლად შეძენილი და დანიშნული სპეციალურად ღვთისმსახურების მიზნებისთვის, ითვლებდა ნაციონალიზებულად. ე.ი. სახელმწიფოს  კუთვნილებად. ამიტომ ეკლესიიდან ან მონასტრიდან ხატის ან სხვა საეკლესიო საგნის გატაცება განიხილებოდა დანაშაულად სოციალისტური საკუთრების წინააღმდეგ.


ახლა კი - იმ საეკლესიო ნივთების წარმომავლობის შესახებ, რომლებიც გამოძიებამ კერატიშვილის ბინიდან ამოიღო.


სასამართლო სხდომაზე ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილმა აჩვენა, რომ საპატრიარქოდან, სიონის, ქვაშვეთის და სვეტიცხოველის ტაძრებიდან, სასულიერო სემინარიიდან, დედათა და შიომღვიმის მონასტრიდან არ გაუტაცია ხატები, ჯვრები, პანაღეები, სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთები, წიგნები, არამედ ნაწილი თვითონ შეიძინა, ნაწილი  აჩუქეს განსვენებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ და დავით V-მ, სვეტიცხოვლის წინამძღვარმა ვ. შალამბერიძემ, დეკანოზმა კონსტანტინე ემჩინოვმა; მცხეთის დედათა მონასტრის მოწესემ, აწ განსვენებულმა ნინო მილორავამ; სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერმა პ. ობოლაძემ; ლაგოდეხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა ზ. ცხვარაძემ და სხვებმა.


იგი ამტკიცებდა რომ შიომღვიმის მონასტრიდან ივერის ღვთისმშობლწის ხატი, დავით V-ის ნებარვთით წაიღო სახლში, ვინაიდან მას ვერ მოუნახეს ადგილი, სადაც შეიძლებოდა მისი დასვენება.


ბიძინა კერატიშვილმა არ უარყო, რომ ხატი დეისუსის, ვერცხლის, მოოქროვილი; ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ვერცხლის მოოქროვილი; მაგიდაზე დასადგმელი ელექტრო ლამპა და ორი სავარძელი წაიღო ქვაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიიდან, მაგრამ განაცხადა, რომ ხატები ტაძრიდან თავის სახლში წაიღო დასაცავად, რათა არ მოეპარათ, ხოლო ელექტრო ლამპა და სავარძლები წაიღო ტაძრის აღმასრულებელი ორგანოს თავმჯდომარის ლაზარიშვილის ნებართვით.


კერატიშვილის მტკიცებით, ღვთისმშობლის ხატი, „გრუზინსკაიად" წოდებული და ქვებით შემკულ ვერცხლის ჯვარი, ეფრემ II-ს გარდაცვალების დღეს, ამ უკანასკნელის ნათესავმა ვენერა ვათიაშვილმა პატრიარქის განკარგულებით გადასცა მას (კერატიშვილს), რასაც დაადასტურებდა საპატრიარქოს დამლაგებელი ბარსეგოვა.


ეს სწორედ ის ხატია, რომელიც იმ დროისთვის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია შიოლაშვილმა შესწირა საქართველოს საპატრიარქოს და გადასცა კათოლიკოს-პატრირაქ ეფრემ მეორეს.


ვენერა ვათიაშვილმა და ბარსეგოვამ კატეგორიულად უარყვეს კერატიშვილის ჩვენება და განაცხადეს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.


ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილის დანაშაულებრივი ქმედება ასევე დადასტურებულია სასულიერო პირის ალექსანდრე გულიაშვილის ჩვენებებით, რომელმაც ამოიცნო კერატიშვილის ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული საქართველოს საპატრიარქოს, სიონის და ქვაშვეთის ტაძრების, სვეტიცხოველის და მცხეთის სასულიერო სემინარიის კუთვნილი  საეკლესიო ნივთები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი და გულსაკიდი სანაწილე ჯვარი ქვებით შემკული, რომელიც ეფრემ მეორემ დაკარგა სიცოცხლეშივე და წყევლიდა მის წამღებს.


სიონის ტაძრის წინამძღვარმა პახუმ ობოლაძემ აჩვენა, რომ კერატიშვილმა საპატრიარქოდან და სხვა ტაძრებიდან გაიტაცა მრავალი საეკლესიო ნივთი, მათ შორის, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ესვენა ეფრემ II-ის კარის ეკლესიაში. მანვე კატეგორიულად უარყო კერატიშვილის განცხადება, თითქოს მან აჩუქა კერატიშვილს ხატი „ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში". აღნიშნა, რომ  როცა კერატიშვილი ცხოვრობდა სიონის ტაძრის სენაკში, დართო ნება, რათა აღნიშნული ხატი დროებით, სალოცავად დაესვენებია იქ. ხატი არც უჩუქებია, არც ჰქონდა ამის უფლება, ვინაიდან იგი (ხატი)სიონის კუთვნილება იყო.


ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის აღმასრულებელი ორგანოს თავმჯდომარემ თამარ ლაზარიშვილმა უარყო სამართალში მიცემულის ჩვენება იმის შესახებ, თითქოს კერატიშვილმა მისი ნებართვით ეკლესიიდან თავის სახლში წაიღო დეისუსისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები, მაგიდაზე დასადგამი ლამპა და ორი სავარძელი. დასძინა, რომ არ იცის, როდის წაიღო ეს საგნები კერატიშვილმა ეკლესიიდან, და რომ გაეგო, არ მისცემდა ამის უფლებას, რადგან ყოველივე ქვაშვეთის ეკლესიას ეკუთვნოდა.


ბ. კერატიშვილის მიერ სვეტიცხოვლისა და სიონის ტაძრებიდან, დედათა მონასტრიდან და სასულიერო სემინარიიდან საეკლესიო ნივთების გატაცების ფაქტი ასევე დაადასტურეს მამადავითის ეკლესიის მღვდელმა  შოთა შიოშვილმა და სვეტიცხოვლის მღვდელმა იოანე მამულაშვილმა.


სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტმა პართენ აფციაურმა, რომელიც მსახურობდა ამ ტაძარში 1949 წლიდან 1969 წლამდე, ამოიცნო ტაძრიდან კერატიშვილის მიერ გატაცებული და შემდგომ მისი ბინიდან ამოღებული მრავალი საეკლესიო ნივთი. მათ შორის, მის მიერ შეწირული ხატი ხეზე წმინდა ნაწილებით, ზედა მხარის მარჯვენა ნაწილში წარწერით „წმინდა ათონის ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის ქვა", რომელიც მას აჩუქა ილორის არქიმანდრიტმა; თეთრი ფერის ლითონის სამი და ყვითელი ფერის ლითონის შანდლები, რომლებიც მისი საკუთრება იყო. შესწირა მოხსენიებულ ტაძარს მას შემდეგ, რაც როცა 1976 წელს სვეტიცხოველში დაბრუნდა, ჩამოთვლილი ნივთებიდან არცერთი აღარ აღმოჩნდა ადგილზე.


აფციაურმა ასევე ამოიცნო მაცხოვრის ეკლის გვირგვინით ხატი ხეზე, რომელიც დასვენებული იყო შიომღვიმის მონასტერში ჯერ კიდევ 1930-იან წლებში მისი იქ მუშაობის პერიოდში.


მოწმე შიოშვილმაც აღნიშნა, რომ აფციაურს თავისი მუშაობის პერიოდში გადაღებული ჰქონდა ხატების სურათები და, მათ შორის, ზემოთ აღნიშნული ხატისაც, რომელიც აჩვენა მას სვეტიცხოველის ტაძარში დაბრუნებჲს შემდეგ.


მოწმეების - მამულაშვილისა და შიოშვილის ჩვენებების სისწორე დადასტურდა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი „ბიძინას, დოდოსა და ქეთევანის" ხატის ფოტოსურათითაც, რომელიც აფციაურს გადაღებული ჰქონდა ჯერ კიდევ სვეტიცხოველში მისი მუშაობის ადრინდელ პერიოდში. 1976 წელს, როდესაც იგი დაბრუნდა სვეტიცხოველში, მას არ დახვდა მოხსენიებული ხატი ადგილზე, რადგან გატაცებული იყო კერატიშვილის მიერ.


თვით კერატიშვილმა ამ ხატის თაობაზე მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები.წინასწარი გამოძიების პროცესში განაცხადა, რომ მოხსენიებული ხატი მას აჩუქა ევაგრე დიასამიძემ 1971 წელს, ხოლო სამსჯავრო გამოძიების პროცესში მიუთითა, რომ იგი იპოვა სვეტიცხოველის ეზოში, ნაგავზე.


შიომღვიმის მონასტრის დარაჯმა, თეიმურაზ კვახაძემაც დაადასტურა, რომ 1975 წლის 13 სექტემბერს, კერატიშვილმა შიომღვიმის მონასტრიდან სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად წაიღო დიდი ზომის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ხეზე, მოჩუქურთმებულ-შემინულ ჩარჩოში ჩასმული და მაცხოვრის ეკლის გვირგვინით ხატი ხეზე.


აღსანიშნავია, რომ კერატიშვილმაც არ უარყო მაცხოვრის ხატის გადმოსვენებაშიომღვიმის მონასტრიდან სვეტიცხოვლის ტაძარში და შემდეგ მისი  თავის სახლში წაღება. თავის ამ მოქმედებას ხსნიდა იმით, რომ ეს ხარტი უნდოდა საჩუქრად კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის, რაც მოგონილია სამართალში მიცემულის მიერ თავის მართლების მიზნით. კიდეც რომ ჰქონოდა მას ამ ხატის გაჩუქების სურვილი, ამას ვერ განახორციელებდა, რადგან ეს ნივთი სახელმწიფო ქონებად ითვლებოდა.


წმინდა  ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა მოწმე ზურაბ ცხვარაძემ კატეგორიულად უარყო კერატიშვილისათვის მაცხოვრის ხატის ან სხვა საეკლესიო დანიშნულების საგნის ჩუქება და დასძინა, რომ  მისი თანდასწრებით სამართალში მიცემულისთვის არავის არაფერი უჩუქებია.


მოწმე ქეთევან დალბაშვილმა აჩვენა, რომ არ იცის ჩუქნიდა თუ არა მღვდელი ევაგრე დიასამიძე კერატიშვილს წიგნებს ან საეკლესიო დანიშნულების საგნებს. ამასთან, განაცხადა, რომ ერთხელ დიასამიძემ საყვედურიც გამოთქვა კერატიშვილის მიმართ წიგნი ვათხოვე და არ დამიბრუნაო.


იგივე დაადასტურა კერატიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმე ნინო ფეიქრიშვილმა, და განმარტა, რომ ერთხელ დიასამიძემ უთხრა მას კერატიშვილზე: „აღბულახელი ბიჭია ერთი. წიგნი ვათხოვე და ნეტა არავინ იცნობს, რომ უთხრას დამიბრუნოსო?!".


მანვე უარყო სამართალში მიცემულის განცხადება, თითქოს სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში არსებულ ნაგავში ეპოვნოთ ხატები და სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთები.


აწ განსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის შვილმა, ეკატერინე ცინცაძემ აჩვენა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ეკლესიას გადაეცა პატრიარქის კუთვნილი ყველა საეკლესიო და სამეცნიერო წიგნი. ერთხელ კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ გულისტკივილით შესჩივლა მას, რომ გაიოზ კერატიშვილმა ყუთებით წაიღო წიგნები კალისტრატეს ბიბლიოთეკიდან.


კერატიშვილს რომ ჰქონდა მიდრეკილება სხვისი წიგნების დატაცებისაკენ, ეს ნათლადაა გამოხატული მოწმე გივი სვანიძის ჩვენებითაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთხელ საუბარში ეფრემ II-მ უთხრა: „შენც მეორე კერატიშვილი გამიხდი? რა წიგნებსაც წაიღებს, უკან აღარ აბრუნებს".


ზემოთ ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით, ისევე, როგორც საქმის ერთობლივი მასალებით, უარყოფილია კერატიშვილის განცხადება იმის შესახებ, თითქოს იგი კალისტრატე ცინცაძის ბეჭდიან წიგნებს ყიდულობდა საპატრიარქოს ყოფილ მღვდელ გაბუნიასგან, რომელსაც ებარა საპატრიარქოს საწყობი და იძენდა ამ წიგნებს უცხო პირებისაგან, რადგან აწ განსვენებული პატრიარქის შემოწირული წიგნები ინახებოდა საპატრიარქოში. გარეშე პირებს არ ჰქონდათ იქ შესვლისა და იქიდან წიგნების მოპარვის საშუალება.


იმის დასადასტურებლად,რომ მას ეკლესიაში მოსვლამდე ჰქონდა შეძენილი კ. ცინცაძის ნაქონი წიგნები და შემდეგ ჩუქნიდა სხვადასხვა პირებს, უარყოფილია კერატიშვილის მიერ დასახელებული მოწმეების სიმონ გიორგის ძე აბაშიძის და შერმადინ სტეფანეს ძე ონიანის ჩვენებებით. მათ არ უარყვეს კერატიშვილის მხრიდან წიგნების ჩუქების ფაქტი, მაგრამ დასძინეს, რომ მათზე კ. ცინცაძის ბეჭედი არ იყო და ასეთი რომ ენახათ, არ მიიღებდნენ საჩუქრად, რადგან იცოდნენ ამ წიგნების შეწირვის შესახებ საპატრიარქოსადმი აწ განსვენებული პატრიარქის მიერ.


მცხეთის სასულიერო სემინარიის მასწავლებელმა ილია ჭეიშვილმა აჩვენა,რ ომ მისი თანდასწრებით არც ეფრემ მეორეს და არც დავით მეხუთეს არ უჩუქებიათ კერატიშვილისთვის წიგნი კალისტრატე ცინცაძის ბიბლიოთეკიდან და საეკლესიო დანიშნულების საგანი.


მოწმე შაქრო ფეიქრიშვილმა უარყო კერატიშვილის განცხადება, თითქოს ჩუქნიდა მას ძველ ეკლესიებში  ნაპოვნ ცინცაძის წიგნებს და სხვა საეკლესიო ნივთებს.


მოწმე ვლადიმერ საღლიანმა არ დაადასტურა კერატიშვილის ჩვენება დავით II-ის მიერ მისთვის ჯვრის ჩუქების ფაქტი.


ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა არაერთი ფაქტი ადასტურებს ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა შეფასებაშიც საპატრიარქოც და წმინდა სინოდიც ერთ პოზიციაზე დადგა. ეს პოზიცია კი სასამართლო პროცესზე გაახმოვანა საპატრიარქოს მიერ საზოგადოებრივ ბრალმდებლად მყოფმა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.


დაბოლოს: ასე განსაჯა სამართალმა გაიოზ (იგივე ბიძინა) კერატიშვილის ავკაცობა.


კერატიშვილი არაერთი ათწლეულის შემდეგ შეეცადა თავის მართლებას.


ამაოდ.


ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მკითხველი საზოგადოება, რომელიც ამ პუბლიკაციას გაეცნობა, დამეთანხმება, რომ ამ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამა.

 

 

 

ელისო კილაძე

გაზეთი „ქრონიკა +"





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016