reportiori.ge - შეთქმულება მიტროპოლიტის წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:02
პრეს-დაიჯესტი
შეთქმულება მიტროპოლიტის წინააღმდეგ
ავტორი:
16 სექტემბერი, 2015. 11:49


გაიოზ კერატიშვილი: საბჭოთა კაგებეს სიცრუის მანქანის დესტრუქციული მეტასტაზები გრძელდება!


გასულ კვირაში მორიგი ცილისმწამებლური პასკვილით გამდიდრდა ჭორებსა და ზღაპრებს დახარბებული ქართული პრესა. ყველა ამგვარი წერილი, რაც კი ჩემს შესახებ გამოქვეყნებულა რომ შეიკრიბოს, ერთი უზარმაზარი ტომი გამოვა. თითქოს მარათონი აქვთო გამოცხადებული უამრავი ჯურის ხელმოცარულ, ფსევდოჟურნალისტს ჩემს ლანძღვასა და გინებაში, რას არ მომაწერენ და მიგონებენ, რათა ლუკმა-პურის ფული გამოიმუშაონ და საზოგადოებას ცრუ და მავნე, ან უმეტეს შემთხვევაში, არაფრისმთქმელი ინფორმაცია მიაწოდონ. მაგრამ ეს არაა მთავარი - ამ საგაზეთო ინტერვიუში საკმაოდ ეფექტური ჟურნალისტური ხრიკებითაა გადაბმული ერთმანეთთან ადამიანური მანკიერების ისეთი მხარეები, როგორიცაა მტრობა, მზაკვრობა, ქრთამი, შურისძიება, ჩასაფრება, ცილისწამება, დევნა-შევიწროება, საზოგადოებიდან პიროვნების განდევნა-წაშლისა და განადგურების ჩეკისტური მეთოდები,  რაც არაფრით არ ეპატიება ხანდაზმულ იურისტ ვახტანგ გვარამიას. ეს ყველაფერი, უსერიოზულესი სიმპტომების მაჩვენებელია, რის გამოც, ნებისმიერ საზოგადოებაში, იგივე პრესა, უმალ განგაშის ზარებს დაარისხებდა. ქვეყანაში, სადაც ლაპარაკია ადამიანის უფლებებსა და ქრისტიანული ეთიკისა და ზნეობის პრინციპებზე, მსგავსი ცილისმწამებლური, ავანტიურისტული ინტერვიუების ბეჭდვა და ტირაჟირება კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობისა და ავტორიტეტის სპეკულაციით, ეკლესიისა და თავად კათოლიკოსის უდიდეს შეურაცხყოფად და დეკლარირებული დემოკრატიის სერიოზულ მარცხად უნდა ჩაითვალოს. ამიტომაც ზოგიერთებმა კეთილი ინებონ, თვალი გაახილონ და გააკეთონ სათანადო დასკვნები! საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი, ვალდებულია, გამოეხმაუროს და გაემიჯნოს ეკლესიის თემით სპეკულაციის ამგვარ გამოვლინებას, რაც ქრონიკულ სენადაა გადაქცეული და ჰბილწავს ადამიანთა რელიგიურ და სამოქალაქო ცნობიერებას.


მივმართავ სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს და სხვა სამსახურებს, - გაუწიონ მკაცრი მონიტორინგი ამ პუბლიკაციებს და დაიცვან ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ამ ცილისმწამებლური, მორალური და ფსიქოლოგიური ტერორით გამსჭვალული პუბლიკაციების დამკვეთთა და ავტორთაგან, უფრო მეტიც, მათ მიღმა მდგარი კრიმინალებისგან, რომელნიც დღემდე გვევლინებიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენთა ღია მფარველებად.


ნუ იფიქრებს ნურავინ, თითქოს მე, როგორც საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული, ყოველივე ამით ჩემი პიროვნების რეაბილიტაციას ვესწრაფოდე. მაგრამ ერთი წუთითაც არ მინდა იმის გააზრება, რომ შეიძლება ჩემსავით მოექცნენ სხვებსაც და ბარბაროსულად გათელონ მოქალაქის პირადი ღირსება! პირადად ჩემთვის, იმ საზოგადოებაში, სადაც ვახტანგ გვარამიასთანა სუბიექტები პრესაში იტივტივებენ და საბჭოთა პოლიციური რეჟიმის ყოფილ ჯალათებსა და კაციჭამიებს ფართო გასავალი ექნებათ, ნებისმიერი ფორმის რეაბილიტაცია ფიქცია იქნება. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ გვარამიასა და სხვა მისდაგვართ პასუხის გარეშე დავტოვებ, შევარჩენ ყველაფერს და არ ვეტყვი საზოგადოებას, თუ ვინ იყვნენ ისინი გუშინ და ვინ არიან დღეს?


გვარამიას, რომელიც ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს, დაარწმუნოს მკითხველი, რომ მე ქურდი და ყაჩაღი ვარ და ამის საილუსტრაციოდ 37 წლის წინანდელი ჩემი დაპატიმრების ამბები მოყავს, როცა უსამართლობა და ძალადობა ზეობდა, მინდა ამთავითვე მივმართო: ჯერ ერთი, არსებობს ნასამართლობის მოხსნაზე მყარი იურიდიული ნორმა, რასაც უნდა იცავდეთ, მეორეც, კომუნისტებზე უფრო დიდი ქურდი და ყაჩაღი კაცობრიობის ისტორიამ იშვიათად თუ იცის. რა გაუკეთეს მათ მილიონობით ადამიანს, საერთოდ ეკლესიას, და როგორც მათი მემკვიდრე და გზის გამგრძელებელი, რას უკეთებდით თქვენც თავად - ეს ყველაფერი საყოველთაოდაა ცნობილი. მამა აბრაამის ბატკნად რომ მოგაქვთ თავი, მილიციის სამმართველოს ის შენობა, რომლის მეორე სართულზეც მდიდრული კაბინეტი გქონდათ მოწყობილი, საიდანაც ამბროსი ხელაია გამოათრიეს ჩეკისტებმა და შიდა პატიმრობაში ამოხადეს სული სიონის ტაძრის ეზოში, განა არ იცოდით, რომ თქვენი წინამორბედების მიერ საქართველოს ეკლესიისაგან წართმეულ-დაყაჩაღებული ნაგებობა იყო? ნუთუ არ გიგრძვნიათ ოდნავი სინდისის ქენჯნა, როცა ამ შენობაში ე. შევარდნაძის პოლიციური რეჟიმის მიერ ნიშანში ამოღებული მოქალაქეების დაპატიმრება-განადგურების გეგმებს და ოპერაციებს ამზადებდით? გინანიათ ამის შესახებ როდისმე საჯაროდ? და უფრო უარესი: ნუთუ აღარ გახსოვთ, რომ ამავე შენობის „პადვალში" თავად თქვენ და თქვენისთანებს, ადამიანთა სასაკლაო გქონდათ მოწყობილი და საკაცეებით გაჰყავ-გამოჰყავდათ ჩვენების გამოსაძალად ნაცემ-ნაწამები პატიმრები, რაც ჩემი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი? არ თქვათ, რომ ამას ადგილი არ ჰქონდა და არ კადრულობდით! ბედის ირონიაა, თუ რა დავარქვა არ ვიცი, ეკლესიის ყოფილი შენობის ამ „პადვალში", რამდენიმე დღე მშიერ-მწყურვალი გყავდით და ცემენტის იატაკზე ვეგდე, ამ ეკლესიის დამსახურებული მიტროპოლიტი, ვიდრე „მოწყალებას" მოიღებდით და უშიშროების იზოლატორში გადამიყვანდით, რომლის უპირატესობა შსს-ს იზოლატორთან შედარებით ის იყო, რომ აქ ყოველდღე „ავსიანკას" აჭმევდნენ პატიმრებს.


თქვენ ზ. გამსახურდიასთან მეგობრობა გაკავშირებდათ და არ შეიძლება, წაკითხული არ გქონოდათ მისი წერილი, თქვენი სამინისტროს ცნობილი „ნასედკის" ცირეკიძის შემზარავი კრიმინალური მოღვაწეობის თაობაზე ციხეებსა თუ წინასწარი დაკავების იზოლატორებში. რატომ არ დაგაინტერესათ არასოდეს, საიდან, და ვისი ხელშეწყობით ჩაუვარდა ხელში გამსახურდიას თქვენს სამინისტროზე ეს ამოდენა კომპრომატები, რამაც შოკში ჩააგდო და დაზაფრა მთელი მაშინდელი საზოგადოება? ეგებ ვინმემ მაინც იზრუნოს ამაზე და ჰკითხოს გვარამიას, რომცა ზ. გამსახურდიას თემას და მის დისიდენტურ შემოქმედებას ეხება ჩემთან მიმართებაში? მაგრამ ჩვენი ბედკრული საზოგადოების ტრაგედია იმაშია, რომ საბჭოთა პერიოდის მოძალადეებს მაშინდელი სადამსჯელო ორგანოებიდან, კი არ ემიჯნებიან მჯღაბნელები, პირიქით, მათ მიერ იმ დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს „აპრავებენ" და საზოგადოების ცნობიერებაში იმ დანაშაულებრივი სისტემის რეაბილიტაცია-რესტავრაციას ახდენენ. სწორედ ლენინის დროინდელი ძველი ჩეკისტების დანაშაულებათა ჩაფარცხვის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ჩემი ბრალდების საქმის მათეული ინტერპრეტაციაც. ცილისმწამებელთა პატიოსნებაში ეჭვს ვერ შევიტანდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვარამიას გვერდით ჩემს ყოფილ ადვოკატსაც დასვამდნენ და მის აზრსაც გააცნობდნენ ფართო საზოგადოებას. ვფიქრობ, საზოგდოებისთვის ჩემი ადვოკატის თვალსაზრისი გაცილებით საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე გვარამიას მრავალგზის მოსმენილი სიცრუე, რომელიც აშკარა ბოდვებში გადადის... როცა ასე არ ხდება, უეჭველია, რომ ვიღაცის დაკვეთა სრულდება ჩემს წინააღმდეგ საბჭოთა პერიოდში აგორებული თემების სპეკულაციითა და მათი წინ წამოწევით. სქემა მარტივი გასაშიფრია: გვარამიასაც და მის გამთეთრებლებსაც, როგორც ჩანს, ერთი და იგივე „პატრონი" ჰყავთ სპეცსამსახურებიდან და როლები აქვთ გადანაწილებული, რათა საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ.


საინტერესოა, გვარამიას, რომელსაც ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე უხდებოდა მუშაობა საბჭოთა სისტემის დაშლამდე, ერთხელ თუ დაებადა კითხვა - რა უწყებას წარმოადგენდა მისი მოღვაწეობის დროს „სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭო საქართველოში"? ვინ იყო და რას წარმოადგენდა მისი კურატორი თენგიზ ონოფრიშვილი, და რა ქონების პატრონი იყო იგი ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს?


თქვენ „ობეხესაც" კურირებდით, რომლის დანაშაულებრივ ოპერაციებზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა მაშინ და რატომ არ დაინტერესდით ერთხელ მაინც ონოფრიშვილის პერსონით, რომლის მონაწილეობით საპატრიარქოს ანგარიშზე რიცხული რამდენიმე მილიონი მანეთი განიავებულ და დატაცებულ იქნა? მე ამით ხელს პატრიარქისკენ კი არ ვიშვერ, თქვენსკენ ვიშვერ და თქვენი სამსახურებისადმი, რომელსაც დანაშაულის აღკვეცის პრევენციის ნაცვლად, „აკადემიურად" დახვეწილი სქემები გააჩნდა, თუ როგორ ჩაეგდოთ ხელში სხვათა პირადი თუ საზოგადოებრივი საკუთრება. ნუთუ არ იცით ახლა მაინც, რომ ონოფრიშვილის ინტერესი ჩემს დაპატიმრებაზე, რომლის დოკუმენტიც არსებობს და რის განხორციელებაში თქვენ „დაეხმარეთ", საპატრიარქოს ფულადი რესურსების ხელში ჩაგდება იყო, რისთვისაც მე მისთვის გადაულახავ დაბრკოლებას და საშიშროებას წარმოვადგენდი?


ეგებ დაინტერესებულიყავით იმითაც, თუ რა დანაშაულისთვის იქნა ონოფრიშვილი ბოლოს გაგდებული სამსახურიდან, და რა ერქვა სისხლის სამართლის კოდექსით ამ დანაშაულს? ჩემი ნივთები რა მოსატანია მის სიმდიდრესა და ქონებასთან! აი, ვინ ცურავდა ფულსა და სიმდიდრეში მაშინ, და ვინ ძარცვავდა სინამდვილეში სამღვდელოებასა და ქართულ ეკლესიას, რაზედაც თქვენ წლების განმავლობაში დუმდით. ამიტომაც დამაპატიმრეთ, გამასამართლეთ, დამსაჯეთ, ჩამომართვით ყველაფერი, რაც კი რამ მებადა, როგორც „ნაქურდალი ეკლესიიდან", მაგრამ სად წავიდა წლების განმავლობაში ნაგროვები ჩემი ეს ქონება, ვის ოჯახებსა და ჯიბეებში გადანაწილდა ეს ყველაფერი და დაუბრუნეთ იქიდან რაიმე დაზარალებულად ცნობილ ჩვენს ეკლესიას? დაზარალებული ეკლესიის თქვენეული დეფინიცია ხომ იმისთვის გჭირდებოდათ, რათა შეცდომაში შეგეყვანათ სამღვდელოება, რომ ჩემს წინააღმდეგ აგემხედრებინათ ისინი თქვენთვის სასურველ ჩვენებათა გამოსაძალად. განა იმ სამღვდელო პირებისათვის, რომელნიც „მოწმეებად" დასხით გამოძიების პროცესში, რაც კანონის უხეში დარღვევა იყო, ის ნივთები, რაზედაც თქვენ დამადანაშაულეთ (კვერთხი, მანია, ჯვარპანაგიები, საცეცხლურები და სხვა) ცნობილი არ იყო და განა მათთან ერთად არ ვასრულებდი წლების განმავლობაში ამ საგნებით რელიგიურ წესებს და რიტუალებს? რატომ გაუჩნდათ მათ ამ საგნებზე პრეტენზიები მაინცდამაინც თქვენს მიერ ჩემი დაპატიმრების შემდეგ?


საქმეში იყო მასალები, რომ ზოგიერთი მათგანი დატერორებული გყავდათ და მუქარით აიძულებდით ჩემი საწინააღმდეგო ჩვენებები გამოგეძალათ. ამისი უამრავი ფაქტი არსებობდა საქმეში. ამავე საქმეში არსებობდა ქალაქის პროკურატურის მიერ ოთხტომიანი სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, საპატრიარქოს მითიურ გაქურდვასთან დაკავშირებით, რომელიც უამრავი მოწმის დაკითხვის შემდეგ წარმოებით შეწყდა „დანაშაულის ფაქტების არ დადასტურების გამო". და რა სამართლებრივი საფუძველი მოგეპოვებოდათ იმისათვის, რომ ამის შემდეგ, პროკურატურისათვის ცნობილ ნივთებზე ბრალი წამოგეყენებინათ ჩემთვის? ეს ხომ გაუგონარი ძალადობა და კანონის ფეხქვეშ გათელვა იყო, რაზედაც პირადად თქვენთვის განმარტება ჯერ არავის მოუთხოვია?


დავანებოთ წასრულს თავი. ახლა, როცა ჩემი ცხოვრების ამ ტრაგედიიდან თითქმის ოთხი ათეული წელი გავიდა, ეგებ გვიპასუხოთ, რა გინდათ ჩემგან, რაღას მედავებით და რა გამოძრავებთ? რას ემსახურება ჩემს წინააღმდეგ ეს უცერემონიო გალაშქრება, რომელსაც დასასრული არა აქვს? კიდევ ვინმეს რამეში ვუშლი ხელს თუ თქვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისევ ცოცხალი ვარ? „როდის მონასტერი გაძარცვეს და როდის თოფებსა სცლიანო", რაღა დროს ამაზე ლაპარაკია?..


მართალია თავიდან ბოლომდე შეთხზული ბრალდებებით დამაპატიმრეთ, პირადი მოხმარების საკუთარი საეკლესიო ნივთები სახელმწიფო საკუთრებად(!) გამოაცხადეთ და დამსაჯეთ, რის ანალოგი ეკლესიის ისტორიამ საერთოდ არ იცის, მაგრამ თქვენს მიზანს ხომ მიაღწიეთ? უზენაესი სასამართლოს ლამაზად მორთულ და სათანადო ტექნიკით აღჭურვილ დარბაზში „პატივი დამდეთ" და სასამართლო სპექტაკლი გამიმართეთ, რომელზეც დასწრება სპეციალური საშვებით შეიძლებოდა მხოლოდ, საქვეყნოდ თავი მომჭერით ქურდსა და ავაზაკს მეძახდით, მიტროპოლიტ ნიკოლოზ მახარაძეს დახვრეტაც კი მოათხოვინეთ, რასაც გადავურჩი, თუმცა, სასჯელის მაქსიმუმი 15 წელი გამომიტანეთ, ქონების სრული კონფისკაციით(!).


დიახ, თქვენ წამართვით ყველაფერი, რაც კი მებადა, გამიცამტვერეთ უძვირფასესი ბიბლიოთეკა, რომელიც, თქვენს ინტერვიუში „პროფესიონალად" მოხსენებულ კ. ბუაძის სიტყვებით, „ბიბლიოთეკა არა ნაქურდალი, არამედ შეძენილი იყო"... მოსპეთ, ან გადამალეთ ყველა ჩემი ალიბი და მტკიცებულება, დაარბიეთ და გაანადგურეთ პირადი არქივი, რაშიც ჩვენი ისტორიის არაერთი საყურადღებო დოკუმენტი ინახებოდა.


გამომძიებელმა ბუაძემ ცალკე ბაწარზე აასხა და დაბეჭდა ყველა მაგნიტოკასეტა, რომელშიც არაერთი საყურადღებო ჩანაწერი ინახებოდა. მათ შორის პატრიარქ დავით მეხუთის ქადაგება სიონის ტაძარში აღდგომის ღამეს, როცა შევარდნაძის რეჟიმმა თვითნაკეთი ბომბები ააფეთქებინა მორწმუნეთა დაშლის მიზნით, რაც მხცოვანმა პატრიარქმა აღა მაჰმად ხანის დარბევას შეადარა და დაგწყევლათ...


საცხოვრებელი ბინის სამთვიანი ჩხრეკის მანძილზე ყოველდღე ნივთებსა და წიგნებს აპარინებდით, გამისწორდით უპრეცედენტო სისასტიკით და საზოგადოებისა და კანონის სახელით თქვენ, თავად დამნაშავეებმა, ლინჩის წესით გამასამართლეთ.


სამარცხვინო სასამართლო პროცესის შესახებ, თუ რა სპექტაკლი დადგეს შევარდნაძის რეჟიმის ფულსდახარბებულმა სამხრეებიანმა ლაქიებმა, ბევრჯერ მომიყოლია და აქ აღარ განვევრცობი... მაგრამ ის კი უნდა ითქვას, რომ როგორც წინასწარი, ასევე სამსჯავრო გამოძიება იყო სრული აბსურდი და ფიქცია, რასაც არავითარი საერთო არ შეიძლება ჰქონოდა ყველაზე პრიმიტიული და ველური ხალხის მართლმსაჯლებასთან.


წინასწარი გამოძიების პროცესში გაუგონარი რამ მოხდა: ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ჩემს საცხოვრებელ სახლში გადახდილი თანხიდან 70 ათასი მანეთი თქვენმა „ბიჭებმა" წაართვეს ბინის ყოფილ პატრონს გარდაფხაძეს და, როგორც ნადავლი ერთმანეთში ძველბიჭურად გადაინაწილეს. ვის რამდენი ერგო, ბატონ გვარამიას ეცოდინება კარგად, ვინაიდან ეს „ოპერაცია" მისი თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე ვერ და არ ჩატარდებოდა! სახლის ყოფილ პატრონს კი ბინა ხელმეორედ გააყიდინეს, მიუხედავად იმისა, რომ ფართი ნოტარიალურად ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. მოხდა ისე, რომ არც სასამართლომ და არც პროკურორმა კრინტი არ დაძრა არც ამ ბინის, და არც გადახდილი თანხის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ქონების სრული კონფისკაცია მომისაჯა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ როგორც წინასწარი, ასევე სამსჯავრო გამოძიება სოლიდარულები იყვნენ ერთმანეთთან დასახელებული 70 ათასი მანეთის გაყოფასა და განაწილებაში! ასეთი გამოძიება და სასამართლო განა ობიექტურ განაჩენს გამოიტანდა ვისიმე მიმართ? ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდა ჩემთვის ცნობილი, როცა პატიმრობიდან გავთავისუფლდი და ჩემს სახლს მივაკითხე, სადაც ახალ მეპატრონედ ვინმე ჩაჩანიძე დამხვდა... როცა ბინის თაობაზე ვდავობდი, ჩემმა ბიძაშვილმა, აწგარდაცვლილმა ადვოკატმა ელგუჯა კერატიშვილმა, სახლის ყოფილი პატრონის ნანა გარდაფხაძის საუბარი ჩაიწერა, სადაც იგი ჰყვება, როგორ წაიღეს ჩემგან მათთვის გადახდილი თანხა შსს-ს თანამშრომლებმა. ამ ჩანაწერის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და მტერს არ ვუსურვებ, რა დღეებიც მას მერე გამოვიარე. მოსაკლავად დამდევდნენ... ერთ-ერთმა პროკურორმა, რომელმაც ეს ჩანაწერი მოისმინა, პირდაპირ ასე გვითხრა - „თქვენი მოსამართლე ალადაშვილი დასაჭერიაო"... მაგრამ იმ დროს ქვეყანაში სრული განუკითხაობა იყო და არც მას, და არც გვარამიას ვერავინ მოკიდებდა ხელს, ვინაიდან ორივე კგბ-ს აგენტურას და მათთვის საჭირო კადრს წარმოადგენდა.


ჩემი 11-წლიანი პატიმრობისას, რაც დაღესტნის მკაცრი პირობების და იზოლაციის საკავშირო კოლონიებში გავატარე, ვერაფრით ვერ შევძელი, რომ კასაციის წესით გადასინჯულიყო ჩემზე გამოტანილი ეს უსამართლო განაჩენი. მომზადებული საჩივარი, რომელიც 107 გვერდს მოიცავდა, მანქანაზე დასაბეჭდად თბილისში გამოვატანე, მაგრამ ჩემი ახლობლების დაუდევრობით იგი აგენტურამ ჩაიგდო ხელში და საშინლად დამახინჯებული ნაბეჭდი ტექსტი ჩამომიტანეს კოლონიაში. ამ ტექსტის დედანი ახლაც შენახული მაქვს, მაგრამ როგორ დავუმტკიცო ჩემი სიმართლე, როცა უზარმაზარი სიცრუის მანქანა ამოქმედებულია ჩემს წინააღმდეგ?


ღვთის წყალობით, ცოცხალი გამოვედი ციხიდან და ნულიდან დავიწყე ცხოვრება, მაგრამ რომ არა და არ მეშვებიან? და შენ, ვახტანგ გვარამიავ, ახლა რაღა გინდა ჩემგან, რას მემართლები, ხომ დამიჭირე, გამასამართლე, ყველაფერი წამართვი, ფული და ქონება თქვენ მიითვისეთ და გაინაწილეთ, ვალი მაქვს ვისიმე რამე კიდევ დარჩენილი? რაღა გინდათ ამ მოხუცი და თქვენგან დაავადმყოფებული კაცისგან, ეგებ აუხსნათ საზოგადოებას? ისევ შეგახსენებთ, რომ ნასამართლობა მოხსნილი მაქვს, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ერთ-ერთი დადგენილების საფუძველზე რაბილიტირებულიც ვარ სამართლებრივად, როგორც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი! მაგრამ იმისათვის, რომ ყოველივე ეს სასამართლო დონეზე გაფორმებულიყო, თქვენ თქვენებური თადარიგი დაიჭირეთ და სასამართლოს არქივიდან 15-ტომიანი ჩემი საქმე გააქრეთ და გაანადგურეთ. აი, ვინ ხართ თქვენ, ბატონო გვარამიავ, მსახიობივით რომ პოზირებთ და ახალგაზრდობის დროინდელი სურათით ახსენებთ თავს საზოგადოებას. თუმცა, თქვენი თვალები სულ სხვა რამეზე - თქვენს სისასტიკეზე, ცბიერებაზე, დაუნდობლობასა და გაუტანლობაზე მეტყველებენ! მაღალმა ღმერთმა განგსაჯოთ! მართალია, ღმერთი არ გწამთ, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს და არ მოგეკითხებათ ყველაფერი ის, რაც ადამიანთა, და ადამიანობის წინააღმდეგ გაქვთ ჩადენილი?


თქვენს ინტერვიუში რელიგიურ სულიერებაზე მიანიშნებთ, მაგრამ ეს ხომ ნიღაბი და მოდაა თქვენში და არა რწმენა და საქმე? 1978 წლის 25 მაისს, როცა თქვენმა ბანდიტურმა ჯგუფმა დამაპატიმრა, თქვენ იმ დროს თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი ბრძანდებოდით, ზემოხსენებულ საქართველოს საპატრიარქოს ყოფილ შენობაში გქონდათ კაბინეტი, იქიდან მართავდით პროცესებს და თქვენ გეკისრებათ სწორედ პასუხისმგებლობა ღვთისა და კანონის წინაშე იმ გაყალბებებზე, რასაც წინასწარი გამოძიების დროს ჰქონდა ადგილი და რაზეც ახლავე მოგახსენებთ.


თქვენ ისეთ რაღაცებს კადრულობთ ინტერვიუში, და ისე ამახინჯებთ ახლაც მაშინდელ სინამდვილეს, რომ ოდნავ საქმეში ჩახედული კაცი გაოგნდება თქვენი ცინიზმითა და ცბიერებით. მე თუ არა, საკუთარ თავს მაინც არ უნდა სცეთ პატივი? ძალიან კარგად იცოდით ოქტომბრის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 19 მარტის იმ „განაჩენის" შესახებ რომელიც საქმეს ერთვოდა და მაგიდაზეც გედოთ, რომლის მიხედვითაც თქვენს მიერ მრავალგზის გაჟღერებული „ტიხვინის ღვთისმშობლის" ხატი, პატრიარქ დავით მეხუთის ჩვენების საფუძველზე ამ სასამართლოს გადაწყვეტილებით საკუთრებაში მქონდა გადმოცემული? რატომ დამალეთ ეს და რა სამართლებრივი საფუძვლით გამოაცხადეთ იგი ან მოპარულად ან სახელმწიფო საკუთრებად და ბრალი წამომიყენეთ? ნუთუ მე უნდა განგიმარტავდეთ, რომ ეს სერიოზული სამართლებრივი ნონსენსია და არ შეიძლება, რომ ერთსა და იმავე საგანზე ორი ურთიერთგამომრიცხავი გარემოება არსებობდეს? ამასთან ერთად თქვენ დღემდე გაიძახით, რომ დასახელებულ ხატს თვლები მე ამოვაცალე და ვყიდდი. არადა, ისიც ხომ კარგად იცით, რომ ხსენებული თვლები თქვენმა აგენტურამ ამოაცალა, რომელთაც ბინა გააქურდინეთ და 150 მანეთად ჰყიდდნენ ამ თვლებს „ვარანცოვზე", რა დროსაც ისინი მილიციამ დააპატიმრა... მათი დაკითხვის მასალებში (იხ. 1976 წლის 20 აპრილის განჩინება № 236) დეტალურადაა აღწერილი ამ თვლების ამოღების მომენტები, რის დამოწმებული ქსეროასლები არქივიდან მოვიპოვე და ამჟამად ჩემთან ინახება. რატომ დამალეთ ყოველივე ეს წინასწარი გამოძიების დროს და რატომ მიაწოდეთ ზემდგომ ორგანოებს და, მათ შორის, ცენტრალურ კომიტეტს დამახინჯებული ცნობა, რომ ხატიდან თვლები მე ამოვაცალე და ვყიდდი? ეს ხომ ნაცადი ხერხი იყო იმისათვის, რომ პროკურატურიდან დაპატიმრების სანქცია გამოგეტყუათ, რაც მაშინდელი კანონით სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა. პარადოქსია, რომ სულ სხვა პირების მიერ ხატიდან თვლების ამოცლის ეპიზოდმა ვერანაირად ვერ ჰპოვა ასახვა „განაჩენში", ვინაიდან ამ განაჩენის ავტორმა და შემოქმედმა მოსამართლე ალადაშვილმა სამართლიანობას აქაც გადააბიჯა და, მინიმუმ, თქვენი რეპუტაციის დაცვა ამჯობინა. ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ ძიების ორივე სტადიაში შეთანხმებულად მოქმედებდით თქვენ და ალადაშვილი, და შეგნებულად მიმძიმებდით მდგომარეობას, რომ ბრალდების კვალიფიკაციის და ქონების კონფისკაციის ნაწილში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულიყო შემდგომ სასამართლო ინსტანციაში.


ჩემამდე მოდიოდა ხმები და აღშფოთებული იყო ყველა, თუ დაშინების რა მეთოდებს იყენებდით თქვენთვის სასურველი ჩვენებების მისაღებად მოწმეებისგან, რომელთაგან ერთ-ერთმა მღვდელმა პახუმ ობოლაძემ, პროტესტი გამოთქვა სასამართლო პროცესზე თქვენს მიერ გამოძალული არასწორი ჩვენების გამო. მრავალი ასეთი ფაქტის მოყვანა შეგვიძლია... მაშინაც და ახლაც ცდილობთ, რომ საპატრიარქოსა და ჩემს შორის დაპირისპირებისა და კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოთ. მაშინ ეს ბრწყინვალედ გამოგივიდათ, ვინაიდან ზემოქმედების მოსახდენად უამრავი ბერკეტი გაგიჩნდათ მოწმეთა დაკითხვების დროს.


ხშირად ახმოვანებთ, თითქოს მე კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ობსტრუქცია მოვუწყე სხვა სამღვდელო პირებთან ერთად. ესეც დეზინფორმაციაა, ვინაიდან მაშინ ჯერ კიდევ ახალი კათოლიკოსი არჩეული არ გვყავდა და, შესაბამისად, ვერც ობსტრუქციას მოვუწყობდით. ახალი კათოლიკოსის არჩევისას მართალია, აზრთა სხვადასხვაობა იყო და ვყალიბდებოდით კონსენსუსზე, როგორც ეს ყველგან ხდება, მაგრამ ყველაფერი ეს წარიმართებოდა მკაცრად საეკლესიო კანონებთან შესაბამისობაში და არაფერი ისეთი საგანგაშო არა ხდებოდა, რის დრამატიზებასაც ამჟამად თქვენ ინტერვიუში ახდენთ.


რაც შეეხება თქვენს ცნობას, თითქოს ვიღაც ერისკაცის კანდიდატურას ვაყენებდი, სრული სიცრუეა და ადასტურებს იმას, რომ წარმოდგენა არა გაქვთ, რას სწერთ და რაზე ლაპარაკობთ. პატრიარქის არჩევისას მე, პირადად, ფრთხილ პოზიციას ვიკავებდი მიტროპოლიტ ილიასთან მიმართებაში, ვინაიდან მისი გადაჭარბებული ლოიალობით საბჭოთა ხელისუფლებისადმი შეიძლებოდა ეკლესია დაზარალებულიყო. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ თქვენნაირების პარპაშმა ქართულ ეკლესიაში და მის შინაურ საქმეებში უხეშმა ჩარევამ, მართლაც სერიოზული პრობლემები შექმნა ეკლესიის ცხოვრებაში და მისი განვითარების შესაძლებლობები მინიმუმამდე დაიყვანა. რა ახსნა შეიძლება მიეცეს იმ ფაქტს, რომ თვითმფრინავის გატაცების გახმაურებულ საქმეზე, მღვდელ თემურ ჩიხლაძეს, რომელიც დანაშაულის ადგილზე არც კი ყოფილა, თქვენმა კოლეგებმა დახვრეტა გამოუტანეს და აღასრულეს. თქვენ ახლაც ერევით, ბატონო ვახტანგ, ეკლესიის შიდა საქმეებში, რაც არაა თქვენი საქმე და უკეთესი იქნება, თქვენს თავს და თქვენს საქმეებს მიხედოთ. იმაზე რატომ არაფერს წერთ, რომ პატრიარქის არჩევის დროს მე რომ მართლა განზე გავმდგარიყავი, მისი კურთხევა ან ჩაიშლებოდა, ან რუსეთის პატრიარქს მოუწევდა კურთხევის წესის შესრულება. ამაზე თუ დაფიქრებულხართ ოდესმე?


რაც შეეხება თქვენი ინტერვიუს დასასრულს, სადაც ცეცხლსასროლ იარაღზე საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ წმიდა კირიონ კათალიკოსსაც ჰქონდა იარაღი, ვინაიდან მის ირგვლივ მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი და მართლაც სიცოცხლეს გამოასალმეს ბოროტმოქმედებმა 1918 წელს მარტყოფის მონასტერში არც ღმერთი და არც საეკლესიო კანონი არ უკრძალავს ამა თუ იმ პირს დაიცვას თავი, როცა ამისი აუცილებლობა შეიქნება. ის იარაღი, რომელსაც ჩემს კომპრომატად იყენებთ, ვიდრე დამაპატიმრებდით, პენსიაზე გასული, ორგანოს ერთ-ერთი მუშაკის ხელით შემომიგდეს შსს-ს ოპერატიულმა მუშაკებმა. ეს მას შემდეგ, რაც 1978 წლის 18 იანვარს თქვენმა აგენტურამ სახლში ჩემზე თავდასხმა განახორციელა და სამი ჭრილობა მომაყენა თავის არეში. რომ არა ჩემი მეზობელი ქალბატონი ელზა ჩეჩელაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად ბოლომდე მიერთგულა, დღეს მე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი! მან ჩემი ყვირილი გაიგო და განგაში ატეხა... საავადმყოფოში, სადაც ვმკურნალობდი, გავიცანი საავადმყოფოს ექთნის მეუღლე, ის ზემონახსენები კაცი, რომლის მეშვეობითაც იარაღი შემომაპარეს. მირჩია, იარაღის შენახვა თავდაცვის მიზნით, რაზეც დამითანხმა. იმ კაცის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, მიუხედავად იმისა, რომ იმ აგენტურას  წარმოადგენდა, რომელიც ჩემი  დაპატიმრების ოპერაციას ამზადებდა. გვარამიას ოდნავადაც არ ეთაკილება და ეამაყება კიდეც, რომ ჩემი დაპატიმრების ოპერაციას თავად ხელმძღვანელობდა. მის სინდისზეა ასობით ადამიანის დასჯა-დაპატიმრება შევარდნაძის ზეობის დროს და მათი სოციალური, თუ ფიზიკური განადგურება. იმაშიც ცრუობს, როცა ამბობს, თითქოს ჩემს დაპატიმრებას ესწრებოდა. ეს სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ პირველ პირში მოყოლით გარკვეული დეტალები უფრო სარწმუნო და დამაჯერებელი გახადოს და თან თავი მოიწონოს ვიღაც-ვიღაცების წინაშე. დაკავების ოქმში მისი სახელი და გვარი საერთოდ ნახსენები არაა, მაგრამ ახლა ნამდვილად უნდა გავაწბილო. ჩემი დაპატიმრების მოთხოვნა ეკუთვნის არა გვარამიას, არამედ სულ სხვა პიროვნებას. იგი გახლავთ რელიგიის საქმეთა საბჭოს ზემოხსენებული რწმუნებული საქართველოში თენგიზ ონოფრიშვილი!


ცეკას არქივიდან ამოღებულია ფრიად საინტერესო დოკუმენტი, გრიფით „საიდუმლო", ჩემს დაპატიმრებამდე 4 თვით ადრე შედგენილი და გაგზავნილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რომელსაც ხელს აწერს თავად ონოფრიშვილი და ითხოვს, რათა ცეკამ დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოებს ჩემი დაპატიმრება(!). ბუნებრივია, ცეკამ კგბ-ს დაავალა, ხოლო ამ უკანასკნელმა გვარამიას, როგორც დახელოვნებულ პროფესიონალს დაპატიმრების ოპერაციების მომზადებაში. მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან გავთავისუფლდი, გვარამიამ რამდენჯერმე მისცა ინტერვიუ ჩემს საქმეზე სხვადასხვა გაზეთს, მაგრამ ცხოვრების მძიმე პირობების გამო პასუხი ვერცერთხელ ვერ გავეცი. ამან, ეტყობა, გაათამამა, და, აქაოდა, ტყუილები გამდისო, თავის ბოლო ინტერვიუში მაბრალებს ისეთი უმძიმესი დანაშაულების ჩადენასაც, რაზეც ბრალი არც მას და არც სხვას არ წაუყენებია ჩემთვის. საკითხი ეხება სიონის ქუჩაზე მდებარე მაშინდელ საპატრიარქოში გაჩენილ ხანძარს, რომელიც მეორე სართულის მისაღებ დარბაზში გაჩნდა ბენზინით იატაკის მოწმენდის შემდეგ, ძირს გადმოვარდნილი ანთებული სანთლით, რამაც მრავალი ძვირფასი საეკლესიო ნივთი და ხატი შეიწირა, მათ შორის, თბილისის უნივერსიტეტის ეკლესიის უძვირფასესი კანკელი და წმინდა ნინოს უძველესი ქართული ხატი ნინოწმინდის ეპარქიიდან, რომლის შესახებაც ვრცელი წერილი მაქვს გამოქვეყნებული პრესაში.


ბატონი გვარამია ინტერვიუში დარწმუნებით ამბობს, რომ ხანძარი სპეციალურად იყო გაჩენილი და ხელს იშვერს ჩემსკენ. რაოდენ სინდისგარეცხილი უნდა იყოს პირი, რომ საეკლესიო მოღვაწეს, ყოფილ მღვდელთმთავარს, რომელსაც მრავალი წელი ამ სასახლეში გაუტარებია წინა პატრიარქებთან ერთად, მსგავსი რამ დააბრალოს? რატომ, რისთვის უნდა გამეჩინა ხანძარი? რა ინტერესი შეიძლება მქონოდა საამისოდ? ან რანაირად, როცა მეორე სართული სრულიად იზოლირებული იყო პირველი სართულისაგან და მუდამ უშველებელი რკინის კარით იკეტებოდა შიგნიდან, სადაც ჩიტიც კი ვერ შეფრინდებოდა, თანაც მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში მიხდებოდა მე საპატრიარქოში მისვლა? არსებობს რაიმე ლოგიკის ჩანასახი ამ ბრალდებაში?


გვარამიამ არ იცის ან დაავიწყდა, რომ მაშინ თავად პატრიარქმა ამ ხანძრის გაჩენა თავის ერთ-ერთ ქადაგებაში დამლაგებელი მონაზონი ქალების დაუდევრობით ახსნა? ამასაც თავი დავანებოთ, თუ გვარამიას ჰქონდა ხელჩასაკიდებელი რაიმე ფაქტი, რატომ არ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, არ შეასრულა პირნათლად თავისი პროფესიული მოვალეობა და არ დაკითხა ვინმე? გამოდის, რომ ვიღაცის მიერ ჩადენილი დანაშაული თავად მას დაუფარავს და გაუყალბებია სინამდვილე, რაც იმას ნიშნავს, რომ დამნაშავე თავადაცაა. აი, როგორი გამომძიებელი ჰყავდა შევარდნაძეს. დიახ, გვარამია არ გახლდათ იმ სტილის მუშაკი, რომელიც გონებას და ლოგიკურ ანალიზს ემორჩილებოდა. მისი ძირითადი მოვალეობა თავისი უფროსებისადმი უსიტყვო მორჩილება, ანუ ძალადობა და ფაქტების გაყალბება იყო. აი, ამ ნიშნით იყო იგი შერჩეული, და ამის გამო შეინარჩუნა კიდეც მდგომარეობა ათეული წლების მანძილზე ჯერ შევარდნაძის, შემდეგ გამსახურდიას, შემდეგ ისევ შევარდნაძის, მერე სააკაშვილის და ბოლოს ამ ხელისუფლების ხელშია. განა რა ფენომენი იყო გვარამია ისეთი, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში მუდამ მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებდა? ბოროტი ენები ამბობენ და წერენ, რომ იგი კგბ-ს აგენტი და „ლენინის დროინდელი ჩეკისტია". ეს იქიდან ჩანს, რომ ჩემს დაპატიმრებაში თავიდან ბოლომდე ჩართული იყო უშიშროება, მაგრამ ამის შესახებაც იგი ძალზე მრავლისმეტყველად დუმს. გასაკვირია, რომ ყველა თავის ინტერვიუში იგი დეტალურად ჰყვება მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულ ჩემს დაპატიმრებაზე, და არაფერს არ ამბობს უშიშროების როლსა და მონაწილეობაზე ამ ოპერაციაში. რატომ აკეთებს ამას, განა საამაყო და საგმირო საქმეა ეს თვითლუსტრაცია? პასუხი ამაზე ისაა, რომ ყოველივე ამით მალავს და ასაიდუმლოებს ჩემი დაპატიმრების ნამდვილ ინიციატორს, რომლის დავალება „ბრწყინვალედ" შეასრულა, ოღონდ ეს ისეთი სახის დავალება და საიდუმლოება იყო, რომლის გაჟონვა-გამოაშკარავება სულ სხვა სურათსა და მოცემულობას ჰქმნიდა... ფაქტია - სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევაში ჩემი „მხილებით" გვარამიამ და მისმა უფროსმა მეგობრებმა კგბ-დან, შესანიშნავად შეფუთეს ჩემი განადგურების ნამდვილი მიზეზი. ეს მიზეზი კი გახლდათ საქართველოს კგბ-ს ოპერატიული განყოფილების პოზიცია, რომლიც შიშის ზარს სცემდა ყველას და ყველაფერს და რომელმაც არ მაპატია დავით მეხუთის პატრიარქად არჩევა, რაშიც მე გადამწყვეტი როლი შევასრულე. სწორედ ამის გამო მებრძოდნენ ცეცხლითა და მახვილით დავით მეხუთის პატრიარქობის დროს, ჩართული ჰყავდათ ამაში ზ. გამსახურდია თავისი ჯგუფით და ათასი ჯურის კრიმინალი და დამნაშავე. გვარამია ერთგვარი სიმპატიით იხსენებს პატრიარქ დავითს, მაგრამ არ სვამს კითხვას, ვინ, რატომ და რისთვის ალანძღვინებდა უშვერი სიტყვებით გამსახურდიას ამ მართლაც ღირსეულ და სამაგალითო მამამთავარს? რატომ იყო, რომ ზ. გამსახურდია ყველა პატრიარქთან დაპირისპირებული იყო ან ვისგან „მარაგდებოდა" ცნობებით ჩვენს წინააღმდეგ? ბევრმა არ იცის, რომ გამსახურდიას მიერ გაჟღერებული მრავალი საჩივრის რეალური ავტორი არა თვითონ, არამედ ფსიქიკურად შერყეული ილარიონ სამხარაძე და სუკის ოფიცერი ვახტანგ ბახტაძე იყო... გასაოცარია, რომ სამხარაძეს სამმაგი აგენტის როლს ასრულებინებდნენ სპეცსამსახურები: ზ. გამსახურდიასთან, შსს-სთან და სუკ-თან. დღეს იგი ამას არც მალავს და საკმაოდ გახსნილია სასაუბროდ დაახლოებულ პირებთან... ამდენად, ისინი, რომლებიც ზ. გამსახურდიას ამ საჩივრებს აფრიალებენ და წარამარა გვიხსენებენ, სამწუხაროდ, კგბ-ს სიცრუის მანქანის ბორბლებქვეშ არიან მოყოლილნი, საიდანაც ზოგს გამოსვლა არც სურს. რაოდენ დასანანია, რომ საბჭოთა პერიოდის დესტრუქციული ძალების წყალობით, მავანი დარწმუნებულია, რომ საპატრიარქო მართლა გაიძარცვა და რომ ნაქურდალ ხატებს  შავ ბაზარზე ვყიდდი... ამის საფუძველს მას გამსახურდიას ხსენებული საჩივრები და გვარამიას ინტერვიუ აძლევს. მაგრამ რომელიმე მათგანს შეუძლია დაგვისახელონ ერთი ხატი მაინც, რომელიც გავყიდე და ფული ავიღე? ვის მივყიდე და რამდენი მივიღე?... ამის ვერცერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ, ვინაიდან მე ხატებს კი არ ვყიდდი, პირიქით, აქეთ ვყიდულობდი და ამ სიტყვებით ვისტუმრებდი მუდამ გვარამიას მიერ ჩემთან მოგზავნილ ყველა პროვოკატორს. უფრო მეტიც, ხატებს ვახატვინებდი კიდეც! გვარამიას გამოძიებამ საპატრიარქოდან მითვისებულად ჩამითვალა და ახლაც ნაპარავად მეთვლება ის ხატიც კი, რომელიც მხატვარ თომაშვილს დავახატვინე. იგი გარდაცვლილია, მაგრამ ცოცხალია ის პიროვნება (მხატვარი გივი აღაპიშვილი), რომელმაც იგი გამაცნო და იცის ეს ყველაფერი. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დღემდე ასვენია სამი უძვირფასესი ხატი, რომლებიც ძველი ქართული ხატების ზუსტ ასლებს წარმოადგენენ და ხელოვნების მუზეუმის უმაღლესი კლასის სპეციალისტებს დავამზადებინე, რაშიც სოლიდური თანხა, მაშინდელი 60 ათასი მანეთი გადავიხადე. ასევე, ჩემს მიერ გამოცემული საეკლესიო კალენდრების კუთვნილი ჰონორარი, რაც მთლიანობაში 100 ათას მანეთს შეადგენდა, საპატრიარქოს დავუტოვე კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდში გადასარიცხად. და რამდენად თავსებადია ამ ფაქტებთან გვარამიას ტყუილები ხატების მითვისებასა და გაყიდვაზე?


ვერც წინასწარმა და ვერც სამსჯავრო გამოძიებამ ვერ დაასაბუთა ეს ავადმყოფურად აკვიატებული ბრალდებები. ამიტომაა, რომ გამწარებულები სისტემატურად მესხმიან თავს, თუმცა ამას სხვა უფრო სერიოზული მიზეზებიც მოეპოვება. რაც შეეხება ინტერვიუში ნახსენებ ოქროს ჯვარს, დიახ, მქონდა ასეთი ჯვარი. ოღონდ კი არ ვყიდდი, როგორც გვარამია წერს, არამედ მე ვყიდულობდი თვითონ და თანხა ჯერაც არ მქონდა გადახდილი. იგი ეკუთვნოდა მცხეთელ მღვდელს იოანე მამულაშვილს, რომელმაც კარგ იუველირებს დაამზადებინა ეს ჯვარი და მერე გაყიდვა მოისურვა. როცა ამის შესახებ მითხრა, დამენანა საეკლესიო სივრციდან მისი გასვლა და გადავწყვიტე თავად შემეძინა. ვინაიდან ფული არ მქონდა მიცემული,მან სასამართლოს მიმართა და ეს ჯვარი უკან დაიბრუნა. აი, როგორ გადაკეთ-გადმოკეთებულ ამბებს ჰყვება ბატონი გვარამია და როგორ კომპრომატებს აფრიალებს ჩემს წინააღმდეგ.


სხვათაშორის, ეროვნული მოძრაობის დროს გვარამია გამსახურდიას მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე შევნიშნე. მანაც შემნიშნა, მაგრამ თვალი ამარიდა. არ მიცდია, დავლაპარაკებოდი და საყვედური მეთქვა, ვინაიდან ცრუ და ყალბისმქნელი კაცისგან რა პასუხს უნდა მოელოდე? მართალია, ზ. გამსახურდია მასთან დაახლოებული იყო და მის თანამოაზრედ აჩვენებდა თავს საზოგადოებას, მაგრამ ბევრი ღიად ლაპარაკობდა მის საეჭვო მოვალეობაზე ეროვნული მოძრაობის წრეებში. ცალკე თემაა მისი და ზ. გამსახურდიას ურთიერთობა, რომელსაც დიდი ხნის ისტორია ჰქონდა და გამსახურდიას დისიდენტური მოღვაწეობის დროიდან იღებდა სათავეს. ამიტომ იყო, რომ გვარამიას გამოკვეთილად მტრული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მიმართ დაპატიმრების პირველი წუთებიდანვე. მის პროვინციულ შეგნებაში მე არ გამჭირვებია დამენახა შურისძიების ვნება გამსახურდიას ჩემდამი დამოკიდებულების გამო. ჩანდა, რომ წაკითხული ჰქონდა მისი საჩივრები, რაც კი ეკლესიას და პირადად მე მეხებოდა, მაგრამ ვერაფრით ვუძებნიდი ლოგიკურ ახსნას იმას, რომ ამდენი სიცრუე და ტყუილი დასაჯერებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ინტელექტუალური პიროვნებისათვის, როგორიც გვარამია იყო.


როგორც ცნობილია, ილარიონ სამხარაძის მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სუკ-ში იყო მომზადებული, გამსახურდიამ სენსაციური საჩივარი შეთხზა ჩემს წინააღმდეგ, ვითომც დავით მეხუთის პატრიარქად ასარჩევად ცეკას პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის მეუღლეს ქრთამის სახით გადავეცი 600 ათასი მაშინდელი მანეთი, რაც კოლოსალური თანხა იყო. გამსახურდია ამას აკეთებდა შევარდნაძისა და მისი სამსახურების გულის მოსაგებად და ჩვენს წინააღმდეგ განაწყობდა მათ, ვინაიდან შევარდნაძე ახალი აღზევებული იყო კრემლის მიერ და გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა საქართველოში მისსა და მჟავანაძის გარემოცვას შორის. ასეთ მძაფრ დინებებში გამსახურდიას ზემოხსენებული საჩივარი ბევრისთვის და განსაკუთრებით შევარდნაძის მიერ დაწინაურებული მოხელეებისთვის ლოგიკური, დამაჯერებელი, და ხელსაყრელი ჩანდა. შიდა პარტიული ბრძოლის იმ ბატალიებში, რომლის ექოც დღევანდელობასაც სწვდება, უამრავი მედროვე და კარიერისტი მონაწილეობდა. ასეთთა შორის იყო ვახტანგ გვარამიაც, მაგრამ, ჩემს გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა დაპატიმრების შემდეგ სუკ-ის იზოლიატორში მობრძანდა, გამომიძახა და ასეთი გარიგება შემომთავაზა: დამედასტურებინა გამსახურდიას საჩივარი მჟავანაძის ცოლისათვის ქრთამის მიცემის თაობაზე და მაშინვე დააყენებდა შუამდგომლობას ჩემი გათავისუფლების შესახებ, რაზედაც კატეგორიული უარი მიიღო. მივხვდი, რომ გვარამიასაც შევარდნაძის გულის მოგება და კარიერის გაკეთება სურდა ასეთი სენსაციური საქმის „გახსნით", სადაც ეკლესია და მჟავანაძის ოჯახი კორუფციულ ჭაობში იქნებოდა წარმოდგენილი. კგბ-ს ამ დროს ზ. გამსახურდია დაპატიმრებული ჰყავდა და არაა გამორიცხული, რომ გვარამიას ეს „გარიგება" უშიშროების სამსახურებიდანაც მოდიოდა, ვინაიდან გამსახურდიას გათავისუფლების და საქართველოში მისი დაბრუნების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო მისი სატელევიზიო „მონანიების" საფუძველზე და საზოგადოების თვალში მის სარეაბილიტაციოდ საგანგებო ფონს ამზადებდნენ.


ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ, რათა უშიშროებას პროცესები ხელის შეშლის გარეშე ემართა, საჭირო იყო ჩემი „მოშორება" ეკლესიიდან, რაც განახორციელეს კიდეც. გამსახურდია ყველა თავის უფლებაში იქნა აღდგენილი და რაც ნიშნეულია, მაშინვე ახლო ურთიერთობაში აღმოჩნდა საპატრიარქოსთან, რომელსაც ასე გააფთრებით ებრძოდა წინა პატრიარქების ხელში.


სულ მალე, გამსახურდიას ჩარევითა და წარდგინებით სინოდში ცოლოსანი ეპისკოპოსები მოგვევლინნენ, რაც უპრეცედენტო ანაქრონიზმი იყო საერთოდ ეკლესიის ისტორიაში. გამსახურდიას გათვლა ეკლესიაში წესრიგის აღდგენა იყო, განკვეთეს კიდეც რამდენიმე მღვდელთმთავარი, მაგრამ მის მიერ შემუშავებულმა გეგმამ და სინოდში მისი მომხრეების ზრახვებმა დაპირისპირება წარმოშვა და საბოლოო ჯამში სრული ფიასკო განიცადა. გამსახურდია იძულებული გახდა, გამიჯნოდა საპატრიარქოს და ჩადგომოდა ოპოზიციაში. საერთოდ, გამსახურდიას კონფლიქტი ეკლესიასთან, მდგომარეობდა იმაში, რომ ჯერ კიდევ ეფრემ მეორის დროიდან, მას გამოკვეთილი ამბიცია ჰქონდა, რათა ეკლესია მოექცია საკუთარი გავლენის ქვეშ და მოწყობილიყო ისე, როგორც მას ესმოდა და სურდა, რასაც ვერც ხელისუფლება, და ვერც ეკლესია ვერანაირად ვერ დათანხმდებოდა. დიახ, ეს გამორიცხული იყო. მაშინ თავად უნდა გამხდარიყო კათალიკოსი, რის შეთავაზებებიც მას ჰქონდა.. გამსახურდიას აქტიურობა ეკლესიის საკითხებზე და მისი საჩივრები ამ კონტექსტშია შესასწავლი და განსახილველი. როგორც დავით მეხუთის, ასევე ჩემს წინააღმდეგ მისგან დაწერილ საჩივრებს ის მიზანი ჰქონდა, რომ ჩვენ დავეპატიმრებინეთ ხელისუფლებას, რათა საეკლესიო მმართველობაში და, კერძოდ, ახალ კათოლიკოს-პატრიარქად მისთვის სასურველი პირები მოსულიყვნენ. მისი სურვილები გარეგნულად, ერთი შეხედვით, შეიძლება მოტივირებული იყო, მაგრამ იგი არსებულ რეალობას და ეკლესიის მრავალსაუკუნოვან, სამოციქულო ტრადიციებს იყო მოწყვეტილი. ჩვენ ვიცოდით, რომ ე. შევარდნაძე და მისი გარემოცვა ანგარიშს უწევდა ზ. გამსახურდიას პიროვნებას და მის აზრს, განსაკუთრებით მამამისის ავტორიტეტის გამო, რომელმაც გაპირველკაცებული შევარდნაძის პერსონა ერთ-ერთ წერილში გიორგი ბრწყინვალეს შეადარა. ეკლესიის დაუნდობელ კრიტიკას ხელისუფლება სულგრძელად „ჰპატიობდა" და აქეზებდა კიდეც, ვინაიდან ეკლესიის დასუსტება საბჭოური სისტემის ძირითად იდეოლოგიურ ინტერესებში შედიოდა, მაგრამ, როგორც კი გამსახურდიამ გაბედა შევარდნაძის გაკრიტიკება, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო, მან მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა. ხოლო, როცა ჩემი დაპატიმრების საკითხს ეხებიან, ხშირად გვიხენებენ გამსახურდიას საჩივრებს და მის პიროვნულ როლს ამ საქმეში, რაც არასწორია, ვინაიდან ჩემი დაპატიმრების დროს გამსახურდია იზოლირებული იყო და დაღესტანში იხდიდა სასჯელს.


ცილისმწამებლებმა უნდა იცოდენ, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრთა და პატრიარქ დავით მეხუთის ხელმოწერით გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში „არა ცილი სწამო", ოფიციალურადაა უარყოფილი გამსახურდიას საჩივრებში მოყვანილი ფაქტები და გარემოებები. თავად გამსახურდიამ შესანიშნავად იცოდა ყველა ამ საჩივრის ცრუ წარმომავლობა, მაგრამ ისიც უწყოდა, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას" და ამ პრინციპით მოქმედებდა კიდეც.


საპატრიარქოს გაძარცვის მითოლოგიური ვერსიები, რასაც სპეცსამსახურები ავრცელებდნენ, ეს არამარტო მათთვის არასასურველი ადამიანების ჩამოცილების შესაძლებლობა იყო, არამედ პროცესების განვითარების და მისი კონტროლის შესანიშნავი საშუალებაც, რაც ჰაერივით სჭირდებოდათ მაშინდელ უშიშროების სამსახურებს. ვის შეუძლია მიპასუხოს, თუ ამ ლეგენდების ორომტრიალში რა სახის და რა რაოდენობის ინფორმაცია და რამდენი ინფორმატორი შეიძინა კგბ-მ? საპატრიარქოს გაქურდვის ლეგენდის გამოყენებითი ხასიათი შესანიშნავად იცოდნენ უშიშროების მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც, გარდა მათი მუშაობის სპეციფიკური მეთოდებისა, კანონით აკრძალულ ხერხებზეც არ ამბობდნენ უარს. ამიტომ იყო, რომ საპატრიარქოდან ისტორიული „განძის" გატანა, რასაც ისინი ახმოვანებდნენ თავიანთი აგენტურების მეშვეობით, ბევრისთვის დამაჯერებელი გახლდათ. მაგრამ, ვინც ოდნავ მაინც არის ჩახედული საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის საკითხებში, მშვენივრად უწყის, რომ საპატრიარქოში არავითარი ისტორიული „განძი" არ ინახებოდა და არც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო, ვინაიდან კომუნისტებმა რამდენჯერმე დაარბიეს და გაძარცვეს იგი. ამბროსი კათალიკოსი ერთი ანაფორის და კუნკულბარტყულის ამარა, ცარიელ-ტარიელი გამოაძევეს მაშინდელი საპატრიარქოდან.


ბუნებრივია,  ჩემი ბინის ჩხრეკისას, რომელიც სამ თვეს გრძელდებოდა, ვერავითარი „განძი" ვერ აღმოაჩინეს. ამ „განძის" არსებობის შესახებ გვარამია ღრმად იყო დარწმუნებული და ამიტომ იყო, რომ ჩხრეკის დასრულებისთანავე „მეახლა" იზოლატორში და იმედგაცრუებულმა და გაწბილებულმა დამარცვლით მითხრა: „გვითხარი, სად წავიდა საპატრიარქოს განძი"-ო... რეალობა ისაა, რომ მან ეს „განძი" ვერ აღმოაჩინა ვერსად - ხელთ სულ სხვა რამეები შერჩათ და თითქოს ხვდებოდა კიდეც, რამხელა აფიორასა და ტყუილში იყო გარეული. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ გაძარცვის პროპაგანდა და მისი ტირაჟირება უნდა შეეწყვიტა. იგი დღემდე აგრძელებს ამის დესტრუქციულ პროპაგანდას, ვინაიდან, როგორც ხშირად იციან ხოლმე თქმა: ასე სჭირდება საქმეს... ადამიანის მსხვერპლშეწირვის წარმართული ტრადიცია დღემდე ძალაშია. იმისათვის, რომ ვიღაცამ ფუფუნებასა და განცხრომაში იცხოვროს, ვიღაცა უნდა ეწირებოდე მას, ვიღაცის სისხლი უნდა იღვრებოდეს მისთვის. ესაა ის მოცემულობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და რასაც არავითარი საერთო არა აქვს არც ქრისტიანობასთან და არც დემოკრატიასთან!


მე და გვარამია სულ სხვადასხვა პოლუსებზე ვდგავართ და ეს მან შესანიშნავად იცის. როგორც კი დამაპატიმრა, აი იმ წუთიდან და წამებიდან დამთავრდა ჩემში საბჭოთა კავშირი და იმ სისტემისადმი ლოიალურობა ზიზღად და სიძულვილად მექცა. თავად გვარამია კი ისევ იმ საბჭოთა კავშირის სისტემაში ცხოვრობს, უიმისოდ მას არ შეუძლია, ვინაიდან იქიდან გამოსვლის შემთხვევაში, მისგან აღარაფერი დარჩება. ასე რომ, საბჭოური ურჩხული ისევ ცოცხლობს ზოგიერთებში... მეგობრებო, ფრთხილად იყავით, მომაკვდავი ურჩხული კუდს იქნევს!



 

წყარო: ასავალ-დასავალი 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016