reportiori.ge - ადვოკატი ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:19
პრეს-დაიჯესტი
ადვოკატი ითხოვს
ავტორი:
16 სექტემბერი, 2015. 11:54


ვახტანგ ველიაშვილი: მე დღესაც მზად ვარ, ხელახლა ჩავატაროთ სასამართლო პროცესი მოსამართლე ალადაშვილის, ბრალდებულ კერატიშვილისა და ჩემი, როგორც ბრალდებულის დამცველის მონაწილეობით!



- ბატონო ვახტანგ, თქვენ ბრძანდებით 1978 წელს დაპატიმრებული მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის ინტერესების დამცველი. იქნებ გაიხსენოთ, როგორ გახდით მისი ადვოკატი?

 

- კალინინის რაიონში ვმუშაობდი მაშინ, ახლანდელ მთაწმინდის რაიონში. იუსტიციის სამინისტროდან დამირეკეს და დამიბარეს. მინისტრი და მისი პირველი მოადგილე მელოდნენ. მივედი. „მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს და თქვენ უნდა დაიცვათო", - მითხრეს. მაშინ გაიოზს არ ჰყავდა ადვოკატი. შევჩენკოს ქუჩაზე იყო იზოლატორი და ბატონი გაიოზი იმ იზოლატორში იმყოფებოდა. თუმცა, საქმის დამთავრების შემდეგ ციხეში უნდა გადაეყვანათ, სადაც მისჯილი პატიმრები იყვნენ, მაგრამ რატომღაც მაინც უშიშროების იზოლატორში ჰყავდათ! „საქმის გაცნობა არ გინდა, კერატიშვილი მაინც უარს იტყვის დაცვაზე, რადგან ჩვენს გაგზავნილ ორ ადვოკატზე უკვე უარი განაცხადა და შენზეც უარს იტყვისო", - მითხრეს.


მივედი იზოლატორში. გამოიყვანეს ბატონი გაიოზი - კარგად მოვლილი, სუფთად ჩაცმული...  არც თავი ჰქონდა გადაპარსული და ახლაც მახსოვს, შინდისფერი ანაფორა ეცვა... თავაზიანად შემოვიდა, როგორც სჩვევიათ ხოლმე ასეთი რეგალიების მქონე სასულიერო პირებს... ავუხსენი ჩემი მისვლის მიზეზი და - „ბატონო ვახტანგ, აქ უკვე იყვნენ ადვოკატები, მე უარი ვთქვი და თქვენ არ გეწყინოთ, უარი უნდა ვთქვა, რადგან თქვენ, კომუნისტები, მე ვერ დამიცავთო!" - მეუბნება... გამეცინა: „მართალია, მე კომუნისტი ვარ და, მოდით, შევთანხმდეთ, ნურც თქვენ შეეცდებით ჩემს მოქცევას თქვენი სასულიერო მიმართულებით და არც მე მოგახვევთ კომუნისტურ იდეოლოგიას თავს. ნახევარ საათს ვისაუბროთ და მერე გადავწყვიტოთ ყველაფერი-მეთქი" - ვთხოვე ბატონ გაიოზს. დამთანხმდა. ჩვენი საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ვიკამათეთ კიდეც ამ თეორიულ საკითხებზე და რომ ვამთავრებდით საუბარს, „მიბოძეთ ქაღალდიო", - მითხრა. მივეცი და ჩემდა გასაოცრად, თანხმობის ნიშნად ხელი მოაწერა... მე უკვე მისი ადვოკატი გავხდი!


- პირდაპირ გკითხავთ, ბატონო ვახტნგ, მისი საქმის გაცნობის შემდეგ რა შთაბეჭდილება შეგექმნათ - იყო თუ არა ეს საქმე „შეკერილი", როგორც ამას თავად კერატიშვილი აცხადებს?

 

- თუ კერატიშვილის დაპატიმრების დეტალებს და მის მოტივაციას ჩავუკვირდებით, აქ ნათლად იკვეთება კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული შეთქმულება ამ კაცის წინააღმდეგ. ამასთან ერთად ის იყო ერთ-ერთი მაღალი რანგის საეკლესიო იერარქი, რომლისადმი მტრობამ, შურმა და შუღლმა მისივე კოლეგების მხრიდან, როგორც ეს სასამართლო პროცესზე დადასტურდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა მის განადგურებაში. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ იგი ახალგაზრდა, 27 წლის ასაკში იქნა მღვდელმთავრის ხარისხში აყვანილი. იყო კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის მდივანი და საქმეთა მმართველი, ხოლო როცა ეფრემი ავად გახდა, მთელი სიმძიმე საპატრიარქოს მართვისა, ფაქტობრივად, ამ ახალგაზრდა კაცზე გადადიოდა. დღედაღამ ჩართული იყო რა საპატრიარქოს საქმეეში, ცხოვრება სიონის ეზოში განლაგებულ სენაკში უხდებოდა, თუმცა, სამღვდელო პირების დახმარებით, „დათმობის" წესით, პატარა ბინა ვორონცოვის მოედანთან, ჭოროხის 7-ში ჰქონდა, სადაც ეფრემ მეორის სიცოცხლეშივე იყო ჩაწერილი და, როგორც ვიცი, სწორედ ეფრემ მეორესივე შუამდგომლობით... ამ დროს კერატიშვილს ეკლესიაშიც ჰყავდა არაკეთილმოსურნენი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოც ებრძოდა!


სასამართლოზე საზოგადოებრივ ბრალმდებლად ეპისკოპოსი ნიკოლოზ მახარაძე იჯდა და, სხვათაშორის, ამ ერთი ფაქტითაც ნათლად ჩანს ყველაფერი. მის მიერ წარმოთქმული სიტყვა სასამართლო პროცესზე იმის დასტური უფროა, თუ როგორი არ უნდა იყოს სამღვდელო პირი და მით უფრო მღვდელთმთავარი. მისი გამოსვლა იყო დაინტერესებული პირის გამოსვლა, ერთობ ტავტოლოგიური, დემაგოგიური და საფუძველს მოკლებული. დღესაც მახსოვს, სახელმწიფო ბრალმდებელი გახლდათ ნატალია ამბოკაძე, სიმპათიური და განათლებული იურისტი...


ვიმეორებ: იმ დროს ბატონ გაიოზს ეკლესიაშიც ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავდა, რომელთაგანაც ბევრნი, სხვათაშორის, როგორც მერე გავიგე, არც ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ ყოფილან კეთილად განწყობილნი! ზოგიერთი მათგანი განკვეთეს კიდეც ეკლესიიდან, რომელთა პოზიციას გაიოზ კერატიშვილის სასამართლოზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს (გნებავთ, მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის ჩვენებებს), ვინაიდან შემდგომი დროის მოვლენებით დადასტურდა, რომ ეს პიროვნება საბჭოთა რეჟიმის სამსახურში იყო და შიგნიდან ებრძოდა ქართულ ეკლესიას. მათ ჯერ გაიოზი მოსპეს, მერე ილიასაც მიადგნენ, მაგრამ ეს უკვე აღარ გამოუვიდათ...


- ბატონო ვახტანგ, ცეკა-დან ან ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გაიოზ კერატიშვილის დაპატიმრებით დაინტერესებული?

 

- ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ვინმე რომ არ ყოფილიყო გაიოზ კერატიშვილის დაპატიმრებით დაინტერესებული, მას არც დააპატიმრებდნენ! თუმცა, ვიმეორებ: სახელმწიფოსთან ერთად, ეკლესიაშიც ბევრი მტერი ჰყავდა მაშინ კერატიშვილს! და ერთიცაა: ზვიად გამსახურდია იმ დროს გახლდათ დისიდენტური მოძრაობის ლიდერი და მისი ერთ-ერთი პუბლიკაცია, კერატიშვილის წინააღმდეგ დაწერილი, ბევრმა გამოიყენა სათავისოდ და ბატონ გაიოზთან საკუთარი ანგარიშის გასასწორებლად! თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სასტიკად გაუსწორდა მაშინ კერატიშვილს!


- თქვენი შეხედულებით, კერატიშვილის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებანი რამდენად სწორად იყო მოტივირებული და დასაბუთებული სასამართლოს მიერ?

 

- ის ქონება, რომელიც კერატიშვილის ბინაში აღმოაჩინეს, სახელმწიფომ საკუთარ კუთვნილებად ჩათვალა და მის მითვისებაში დასდეს ბრალი მიტროპოლიტს. ის საეკლესიო ნივთებიც, რომლებიც იპოვეს, თითქოს, სიონიდან, სვეტიცხოვლიდან, სამთავროს დედათა მონასტრიდან და შიომღვიმიდან ჰქონდა გაიოზს წამოღებული...


მოდით, ერთი წუთით ყველაფერს თავი დავანებოთ, საკითხი დავსვათ სხვაგვარად: ესა თუ ის ხატი, რომელიც თითქოს სხვადასხვა ეკლესიიდან წამოუღია კერატიშვილს, დღეს სად ბრძანდება? ამა თუ იმ კედლიდან იმ დროს ჩამოხსნილი ხატები დღეს სად ასვენია? დააბრუნეს კი ის წმინდა ხატები თავ-თავის ადგილას? დიახ, ეს ყველაფერი მაინტერესებს, როგორც უბრალო მოქალაქეს და როგორც კერატიშვილის ყოფილ ადვოკატს! არ ვიცი და ახლა ვსვამ კითხვას: სად წავიდა ის ნივთები?


- თქვენი აზრით, მოსამართლე ალადაშვილი იყო თუ არა მზად იმისთვის, რომ ეს საქმე „გაერჩია" და ობიექტური განაჩენი გამოეტანა? რას იტყვით მასზე, როგორც პიროვნებასა და როგორც იურისტზე?

 

- გაიოზ კერატიშვილს სინამდვილეში მაშინ სახელმწიფო ებრძოდა! დიახ, ის სასულიერო პირებიც, რომლებიც დადიოდნენ უცხოეთში, თავად ასრულებდნენ აგენტურის დავალებებს და ამას რომ არ აკეთებდა გაიოზი, ამიტომაც ამოიჩემეს!


ახლა, რაც შეეხება ბატონ ალადაშვილს... მას არც ეს საქმე გამოუძიებია, არც ჩხრეკა ჩაუტარებია, არც მოწმეები დაუკითხავს! მას მიუტანეს საბრალდებო დასკვნა! რომელიც აიღო და პირდაპირ გადაწერა განაჩენში! დიახ, ალადაშვილის დანაშაული ის არის, რომ ის დამოუკიდებელი მოსამართლე არ იყო! ის იყო სუბიექტური! ის მოექცა იმ რეჟიმის გავლენის ქვეშ და შეასრულა მათი დავალება - ეს არის მისი დანაშაული! ახალგაზრდა კაცი იყო მაშინ ალადაშვილი. კარგი ოჯახისშვილი და, სხვათაშორის, განათლებული იურისტი გახლდათ... თავისებურად უნდოდა მასაც, ალბათ, თავის გამოჩენა და... მისი მამაც და ბაბუაც შესანიშნავი ადამიანები ბრძანდებდნენ...


- შეიძლებოდა თუ არა, რომ ბატონ ალადაშვილს სხვა განაჩენი გამოეტანა?

 

- ნებისმიერი პიროვნება, რომელიც იმ დროს ალადაშვილის ადგილზე იქნებოდა, სხვანაირ განაჩენს არც გამოიტანდა და ვერც გამოიტანდა! თუმცა, მისგან მართლა მიკვირს, რატომ აქვეყნებს ისეთ ინტერვიუებს და წერილებს, სადაც ისევ დამცირებული და შეურაცხყოფილი გამოჰყავს ბატონი გაიოზი? რისთვის სჭირდებოდა ალადაშვილს დღეს ეს ყველაფერი? რომ შევხვდე, პირდაპირ ვეტყვი, რომ არ იქცევა კაცურად! გაიოზი მსხვერპლი იყო კომუნისტური წყობისა, იმ დროისა და მაშინდელი იდეოლოგიისა! მას სახელმწიფოც ებრძოდა, ეკლესიის შიგნითაც ებრძოდნენ და ებრძოდა დისიდენტური მოძრაობაც!


- კერატიშვილმა სასჯელი მოიხადა, მაგრამ ბატონი ალადაშვილი თავის საგაზეთო ინტერვიუებში კვლავ წარმოაჩენს მას კრიმინალურ და ამორალურ პიროვნებად. თქვენი აზრით, რისთვის სჭირდება ამის კეთება და ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მის მიერ წარმოებული კამპანიის უკან ის ძალები იმალებიან, რომლებმაც კერატიშვილი გაანადგურეს და რომლებმაც გავლენა იქონიეს ალადაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენზე?

 

- სწორედ ეს მიკვირს მეც! ალადაშვილი დღეს მაინც გამოვიდეს და თქვას კაცურად, რომ იმ დროს კერატიშვილი დაუმსახურებლად გაწირეს! სამ თვეს მიმდინარეობდა პროცესი... რა თქმა უნდა, ეს საქმე ვერ მოვიგეთ... იგი წინასწარვე იყო წაგებული! კომუნისტები ბატონ გაიოზს უღმერთოდ მოექცნენ! მეტიც - სპეციალურად გაგზავნეს დაღესტნის კოლონიაში მაშინ, როდესაც საქართველოში მისჯილ პატიმრებს ციმბირში გზავნიდნენ, უკრაინაშიც, ტაგანროგშიც, მაგრამ დაღესტანში რომ აქედან პატიმარი გაეგზავნოთ სასჯელის მოსახდელად, ასეთი რამ არ ყოფილა! დიახ სპეციალურად გაუშვეს, მუსლიმებთან, რომ ყოფილიყო საკანში! იყო ერთი ასეთი ქალბატონი - ელზა ჩეჩელაშვილი, რომელთანაც კავშირი ჰქონდა და ის მეუბნებოდა ხოლმე, რა დღეშიც ამყოფებდნენ გაიოზს იქ. დაღესტანში მოიხადა 11 წელი და მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციის 70-ე წლისთავზე გორბაჩოვმა გამოსცა ამნისტია და ამ ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.


სხვათაშორის, რომ დაბრუნდა, მას შემდეგ სულ მინდოდა შეხვედრა, მაგრამ არ ვიცოდი, ესიამოვნებოდა თუ არა ჩემი დანახვა... შეიძლება, იმასაც ფიქრობდა, რომ მის ტანჯვაში მეც მიმიძღოდა რაღაცა ბრალი... თუმცა, ახლობლისგან ვიგებდი, გაჭირვებაში ცხოვრობსო... ისიც გავიგე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჩარევით, საპატრიარქომ პენსია რომ დაუნიშნა. ციხიდან რომ გამოვიდა, ბინა გაყიდული დახვდა. ფულიც წაართვეს... მერე ბაზრობებზე დადიოდა თურმე, რაღაცებს ყიდულობდა და ყიდდა და ამ ნაგროვები და ოფლითა და სისხლით ნაშოვნი თანხით ფონიჭალაში შეუძენია ბინა... მარიკა ბარათაშვილისაგან მანქანა ჰყავდა შეძენილი და ისიც წაართვეს! სახლი ყოფილ პატრონს ხელმეორედ გააყიდინეს, ნივთები კი გაუსხვისეს.


მე რასაც ვატყობ, ეს კამპანია სწორედ იქით მიდის, რომ რაღაცა ბინძური გზებითა და ფორმებით ცდილობენ ახალი დისონანსი შეიტანონ ეკლესიაში და კერატიშვილი ახლა პატრიარქს დაუპირისპირონ! და ეს ყველაფერი ვის წისქვილზეც დაასხამს წყალს, თქვენ უჩემოდაც მიხვდებით!


- იყო თუ არა შემთხვევა, როცა თქვენ მოსამართლის აცილებას ითხოვდით?

 

- კი! და, ამავე დროს, ვითხოვდი საქმიდან ეპისკოპოს მახარაძის ჩამოცილებას! ამაზე ძალიან გარკვევით მქონდა საუბარი ჩემს დაცვით სიტყვაშიც! სასამართლო განხილვის პროცესში არაერთხელ გამოვთქვი მოსაზრება და მომქონდა დამაჯერებელი არგუმენტები, რაც დამყარებული იყო არა ჩემს პირად მოსაზრებებზე, რწმენაზე, სიმპათიებსა თუ ანტიპათიებზე ეკლესიისა და მის მსახურთა მიმართ, არამედ კონსტიტუციასა და სისხლის სამართლის კოდექსზე. ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და ეს ლენინური დეკრეტის დებულება თითქმის ყველასათვის  გახლდათ ცნობილი. ეკლესიას არ ჰქონდა იურიდიული პირის უფლება და საეკლესიო საზოგადოება, იგივე თემი, არ იყო საზოგადოების საბჭოური ფორმა. ეს არ იყო მშრომელთა კოლექტივი და არ ჰქონდა უფლება, საზოგადოებრივი წარმომადგენელი ჰყოლოდა სასამართლოში! თუმცა, ჩემი ეს მოსაზრება არ იქნა გაზიარებული! სიმართლე გითხრათ, ვერ დავრწმუნდი იმაში, თუ რა ქონება ჰქონდა საპატრიარქოს და რა დაკარგა კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორეს ავადმყოფობის პერიოდში თუ მისი გარდაცვალების შემდეგ, იმაში კი ღრმად დავრწმუნდი, რომ იქ უხვად ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ მტრობა, ქიშპობა, შური და ღვარძლი!


იმისათვის რომ კერატიშვილი ქურდად და მტაცებლად მიეჩნიათ და აზრი მოემზადებინათ ამის დასაჯერებლად, მის პიროვნებას ყოველმხრივ უარყოფითად ახასიათებდნენ, მანკიერებად უთვლიდნენ შრომისმოყვარეობას, ნიჭიერებას... იმ შესაშურ თვისებებსაც კი, რაც ნებისმიერ პიროვნებას დადებითად წარმოაჩენდა, ირონიული ღიმილითა და უსაგნო წამოძახილებით ხვდებოდნენ! მეტიც - ამ საბრალდებო დასკვნაში საეჭვოდ იყო გამოცხადებული კერატიშვილის ეპისკოპოსად კურთხევაც და გარდაცვლილ კათალიკოსთან მისი ურთიერთობაც! საბრალდებო დასკვნაში გადმოტანილი აღარ იყო, მაგრამ საქმის მასალებში უხვად გახლდათ გაბნეული ათასგვარი მონაჩმახი ფსიქოპათოლოგიური გადახრებისა თუ სექსოპათოლოგიური პერვერზიების შესახებ. ყოველივე ეს ემსახურებოდა იმას, რომ ხალხს ერწმუნა კერატიშვილის ავკაცობა. სხვათაშორის, ამ შეფასების დროს, წარსულში ამ ჩხირკედელაობაში, ერთი მხრივ, ხდება ეკლესიის შინაგან საქმეებში დაუშვებელი ჩარევა, ხოლო, მეორე მხრივ, ჩრდილი ადგებათ საქართველოს ეკლესიის ამჟამად უკვე ორ გარდაცვლილ პატრიარქს - ეფრემ მეორესა და დავით მეხუთეს! მკვდრებზე მითითება და მათი მოქმედებების უარყოფითი შეფასება ცოცხალთა უმადურებაზე მიუთითებს! „მე ვისურვებდი, რომ კათალიკოსები ეფრემ მეორე და დავით მეხუთე მკვდრეთით აღმდგარიყვნენ და აქ გამოცხადებულიყვნენ და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, თუ ვის მხარეს დაიჭერდნენ ისინი. მე პირადად მწამს, რომ ისინი ბატონი კერატიშვილის მხარეზე იქნებოდნენ"! - ასეთი სიტყვებიც ვთქვი პროცესზე და სიმართლე გითხრათ, დღესაც ასე მწამს!


- ედუარდ შევარდნაძემ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, თითქოს მან მოითხოვა საპატრიარქოს გაძარცვის საქმის გახსნა და დამნაშავის დასჯა. ცეკას მაშინდელი მდივნის ეს „სადირექტივო" განცხადება ნიშნავდა თუ არა დავალებას დანაშაულის ინიცირებისა იმ ოპერატიული სამსახურების მიმართ, რომლებმაც კერატიშვილის დაპატიმრება მოახდინეს? როგორ ფიქრობთ, სასჯელის ზომა - 15 წელი ქონების კონფისკაციით სასამართლომ დამოუკიდებლად გადაწყვიტა, როგორც ამას დღეს ბატონი ალადაშვილი ამტკიცებს?

 

- შევარდნაძის ხელი ხილულად და ყველას დასანახად არ ერია ამ საქმეში, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც მიტროპოლიტს აპატიმრებდნენ, ასეთი სახის ქმედებები არ ხდებოდა ცეკას მდივნის თანხმობის გარეშე! ვიმეორებ: სასამართლო მიტროპოლიტის 15-წლიანი ვადით დასჯას დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა და არც ალადაშვილს შეეკითხებოდნენ ამას! არ გამოვრიცხავ, რომ დისიდენტური მოძრაობის აზრსაც ანგარიში გაუწიეს! წეღანაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი: საზოგადოებრივ ბრალმდებლად ეპისკოპოს მახარაძის დასმა არ იყო სამართლებრივი! და ის საკითხიც კითხვის იშნის ქვეშაა - რატომ გამოცხადდა ეკლესია დაზარალებულად მაშინ, როცა კერატიშვილს სახელმწიფო ქონების დატაცებაში სდებდნენ ბრალს? არაერთხელ აღვძარი ამ საკითხებზე შუამდგომლობები სასამართლოს წინაშე, მაგრამ ...


- ტიხვინის ხატთან დაკავშირებით ბატონი კერატიშვილი აცხადებს, რომ არსებობს მეორე განაჩენიც, რომელიც ადასტურებს, რომ პატრიარქ დავით მეხუთის ჩვენების საფუძველზე ეს ხატი ოქტომბრის რაიონის სასამართლომ კერატიშვილს საკუთრებაში გადასცა. რამდენად კანონიერია ალადაშვილის განაჩენი ამ ხატთან მიმართებაში, როცა მას იგი სახელმწიფო საკუთრებად აცხადებს! ანუ არსებობს ერთსა და იმავე საგანზე ორი ურთიერთგამომრიცხავი განაჩენი და იურიდიულად რა ჰქვია ამას? რა შეფასებას მისცემდით ამ კუთხით ალადაშვილის პოზიციას?

 

- ტიხვინის ხატი გაიოზის ბინის გატეხის შემდეგ მოიპარეს ქურდებმა. ეს საქმე გამოიძია იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო განყოფილების ძალიან ცნობილმა გამომძიებელმა, თუ არ ვცდები, გვარად ჯაფარიძემ. ის ქურდები სამნი იყვნენ და გაასამართლა ახლანდელი ჩუღურეთის რაიონის (მაშინდელი ოქტომბრის რაიონის) მოსამართლე ნინო ნამორაძემ. ტიხვინის ხატს ჰქონდა სხვადასხვა ზომის ხუთი ზურმუხტის თვალი. დიადემაში იყო ეს თვლები ჩასმული.


ქურდებმა რამდენიმე თვლის ამოღება მოასწრეს და გაყიდეს, მგონი... ანუ ამ ხუთი თვლიდან სამიღა იყო დარჩენილი, როცა საქმეს იძიებდნენ. ამ სამიდანაც გამოძიების დროს დაიკარგა ერთი თვალი... ვინ მოიპარა, კაცმა არ იცის... და დარჩა ორი ცალი. ის ქურდები რომ გაასამართლეს, განაჩენში წერია, რომ ეს ხატი იყო გაიოზ კერატიშვილის საკუთრება და ეს ხატი დაუბრუნეს კიდეც მას! დიახ, სასამართლომ მიაკუთვნა ეს ხატი კერატიშვილს! რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, იყო თუ არა კანონიერი ალადაშვილის განაჩენი ტიხვინის ხატთან მიმართებაში? მით უფრო, როცა ბატონი ალადაშვილი ხატს სახელმწიფო საკუთრებად აცხადებდა... რა თქმა უნდა, ალადაშვილის განაჩენი არც კანონიერი იყო და არც სამართლებრივად მყარი! ვიდრე ის განაჩენი არსებობს, რომლის მიხედვითაც ეს ხატი მიჩნეულია დაზარალებული კერატიშვილის საკუთრებად, ალადაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი უუფლებოა! იურიდიულად, ჯერ ის განაჩენი უნდა გაეუქმებინათ, თუ მაინცდამაინც ასე უნდოდათ!


- იურიდიულად რა ჰქვია ამ ქმედებას?

 

- ნონსენსია! ამას სახელს ვერც ვუწოდებ! შეიძლება, ერთი ადამიანი სავლეც იყოს და პავლეც? ალადაშვილის ქმედებას უვიცობაზე მეტი ჰქვია! უფრო მეტი! თუმცა, არ დაგავიწყდეთ: ალადაშვილი ასრულებდა დაკვეთას და შეასრულა კიდეც! ვერ გეტყვით, ეს დაკვეთა მოდიოდა თუ არა პირადად შევარდნაძისგან, მაგრამ იმდროინდელი ხელისუფლების დაინტერესება რომ იყო - ფაქტია! პერსონალიებს ნუ დამასახელებინებთ... უმაღლეს ხელისუფალთა გარეშე კერატიშვილის დაპატიმრება არ მომხდარა, თუმცა, „დაკვეთა", შეიძლება, ადმინისტრაციული განყოფილების გამგისაგანაც მოდიოდა... შეიძლება, ცეკას რომელიმე სხვა მდივნის „დაკვეთაც" იყო! ყველა ცოდვა რომ პირველ მდივანს, შევარდნაძეს ავკიდოთ, ასეც არ შეიძლება...


- ალადაშვილი თავის ყველა ინტერვიუში დაჟინებით ამტკიცებს, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატიდან თვლები კერატიშვილმა ამოაცალაო. ბოლო დროს ერთ-ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში იგი სიტყვასიტყვით ასე აცხადებს: „ამხელა მღვდელმთავარი იმას რომ იკადრებს, ტიხვინის ღვითსმშობლის ხატიდან თვალს რომ ამოაძრობს და გაყიდვას დაუპირებს, რაზე უნდა ელაპარაკო? მეტი დანაშაული რა უნდა ჩაიდინოს საეკლესიო პირმა. მღვდელმთავრისათვის ამაზე მძიმე დანაშაული არსებობს?" - კითხვას სვამს ალადაშვილი. საქმის მასალებიდან რა ჩანს, მართლა კერატიშვილი აცლიდა ხატს თვლებს?

 

- რა თქმა უნდა, ცრუობს ალადაშვილი! და ამას იგი რატომ აკეთებს, ვერ გამიგია! ამით იგი ხომ ხელს აფარებს და ამართლებს გაიოზ კერატიშვილის დაპატიმრების ორგანიზატორებს, რომლებმაც ხსენებული ვერსიით (თითქოს ხატებს თვლებს აცლიდა და ყიდდა), დაპატიმრების სანქცია დასტყუეს მაშინდელ პროკურატურას. ამავეს გაიძახოდა სასამართლო პროცესზე ეპისკოპოსი მახარაძე და ყველა ის, ვისაც სურდა, რომ მისი დაპატიმრების ძლიერი არგუმენტი ჰქონოდა მის წინააღმდეგ. მაგრამ ბატონი ალადაშვილი ბრალდების ამ ნაწილში ისევე ცრუობს, როგორც სხვა დანარჩენში. იგი შერყვნილ-დამახინჯებული სახით ავრცელებს ამ ცნობას, რისი უფლებაც მას არ გააჩნია! დიახ, არც ზნეობრივი და არც იურიდიული თვალსაზრისით! ეკლესიას ექომაგება, თითქოს მის ინტერესებს იცავს და ღვთის შიშზე რომ არა ვთქვათ რა, მაინტერესებს, სინდისის ქენჯნას არ გრძნობს ნეტა, როცა ამ სიცრუეს ლაპარაკობს? მე მოგცემთ და გამოაქვეყნეთ სულ სხვა საქმეზე არსებული 1976 წლის 20 აპრილის განჩინების ის გვერდი, სადაც ხსენებულ ხატსა და თვლებზე ასე წერია: „დაზარალებული კერატიშვილის და მოწმე ე. ჩეჩელაშვილის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 1974 წლის 27 სექტემბერს, ღამით გაქურდულ იქნა რა ჭოროხის ქ. № 7-ში მცხოვრებ გ. კერატიშვილის ბინა, საიდანაც გამოძიებით დაუდგენელი ბოროტმოქმედების მიერ (მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე გამოყოფილია ცალკე წარმოებით) სხვადასხვა ხატებთან ერთად გატაცებული იქნა ხატი „ტიხმინსკიი ბოჟიე მატერი". სწორედ ის ხატი, რომელიც 1975 წლის 3 ივნისს, დაკავების დროს აღმოაჩნდათ ვ.ი. ბაკუზოვსა და პ.ს. შაქარიანს.


„მჯავრდებულების ვ.ი. ბაკუზოვის და პ.ს. შაქარიანის მიერ არაერთგზის მიცემული ჩვენებებით და წინასწარ და სამსჯავრო გამოძიებით დადგენილი მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ზურმუხტის ხუთი ცალი ქვა დასახელებული ხატიდან ვ. ი. ბაკუზოვის ბინაში ამ უკანასკნელის ინიციატივით, ამოღებულ იქნა თვით ვ.ი. ბაკუზოვის და პ.ს. შაქარიანის მიერ"... მეტ კომენტარს ამაზე მე ვეღარ გავაკეთებ. დასკვნების გამოტანა თქვენთვის და გაზეთის ობიექტური მკითხველისთვის მიმინდვია!


- რას იტყვით კერატიშვილის ბინიდან ამოღებული ნივთების შეფასებაზე? იყო თუ არა კომისია კომპეტენტური?

 

- მაგაზე გვქონდა ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა. კონკრეტულ ნივთებს სრულად ვერ ვიხსენებ, მაგრამ იქ იყო არასაეკლესიო ნივთები, რომლებიც სრულიად კანონიერი გზით ჰქონდა მოპოვებული კერატიშვილს... ამიტომ ვამბობ, ის კომისია არ იყო კომპეტენტური, რადგან ბრალდების დასამძიმებლად ყველაფერს აკეთებდნენ! უბრალო ავეჯსაც კი უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს და უზარმაზარ თანხებად შეაფასეს!


სასულიერო პირთა შემოსავლები არ იზომება, არ ითვლება და არ აღირიცხება და ეს დაივიწყა ბევრმა! წეღანაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი: ეკლესიათა ქონების აღწერის წიგნები დაიკარგაო, თავიდან თქვეს და მერე იპოვეს, მაგრამ კერატიშვილის ბინაში ნაპოვნი არცერთი საეკლესიო ნივთი ამ აღწერის წიგნებში არ აღმოჩენილა! არცერთი! სასამართლომ არც ეს გაითვალისწინა, რადგან არ სჭირდებოდა! მეტსაც გეტყვით: „ხომ ვართ ქრისტიანები? ყველაფერი შეიძლებლა დააბრალო ადამიანს, მაგრამ ხომ მიუსაჯე, არა?! თან, მიუსაჯე მაქსიმუმი! მუსლიმებთან  გაგზავნე სასჯელის მოსახდელად, 11 წელი ამყოფე ამ საშინელებაში, რის შემდეგაც ამ კაცს შეეხო ამნისტია, გამოვიდა ციხიდან და სასჯელის მოხდის მერე რაღას ერჩი? ან ქრისტიანი კაცი, ჯვრისა და პანაღიის მატარებელი, როგორ უნდა გაამწესო მუსლიმებთან ციხეში? წარმოუდგენია ვინმეს, რამდენი პირადი შეურაცხყოფა შეიძლებოდა აეტანა ამ კაცს საპატიმროში?


- ბატონო ვახტანგ, მოწმეთა ჩვენებების ხარისხი რამდენად სარწმუნო იყო?

 

- სხვათაშორის, პროცესზე ძალიან ბევრი მოწმე იყო ისეთი, რომელიც კერატიშვილის სასარგებლო ჩვენებებს იძლეოდა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? რადაც უნდა დასჯდომოდათ, კერატიშვილის დასჯა წინასწარვე ჰქონდათ გადაწყვეტილი! ყველა არ მახსენდება, მაგრამ ერთ ფაქტს გავიხსენებ:


გაიოზს სხვა ბრალდებებთან ერთად ბრალს სდებდნენ ერთი ოქროს ჯვრის მიტაცებაში. დაკითხვაზე მოიყვანეს მცხეთელი მამულაშვილი სვეტიცხოვლიდან და მახსოვს - „მე ვაჩუქე, მან კი სამაგიეროდ სახარება მაჩუქაო", - ასე თქვა... „კი მაგრამ, სახარება 5 მანეთამდე ღირს, ეს ჯვარი კი ოქროსიაო", - კითხვა დაუსვეს და მან იცით, რა უპასუხა? „ჩვენთან საეკლესიო ნივთს მატერიალური კი არა, სულიერი ღირებულება გააჩნიაო!" - მამულაშვილმა თქვა... ამ ჯვარს დღემდე მოპარულად უთვლიან გაიოზს! ეს არ არის მართლა სამარცხვინო?


- როგორც ცნობილია, კერატიშვილის დაპატიმრება განხორციელდა სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევის მცდელობით, რაც გარეგნულად აშკარად ნაცნობი ხელწერაა მაშინდელი სპეცსამსახურებისა, მაგრამ რადენად არგუმენტირებული იყო მათი ბრალდებები და რამდენად გამოიკვეთა სამსჯავრო გამოძიებისას კერატიშვილის მიერ ჩადენილ ამ „დანაშაულში" სადამსჯელო ორგანოების მონაწილეობა? პიროვნების ჩათრევა ამა თუ იმ დანაშაულში არის თუ არა მაშინდელი სამართლებრივი ნორმებით, დანაშაული?

 

- იურისპრუდენციაში არსებობს ქმედება - „დანაშაულის პროვიცირება", რასაც, სამწუხაროდ, ჩვენში ხშირად არ აქცევენ ყურადღებას...


- დანაშაულის პროვოცირება ითვლებოდა თუ არა დანაშაულად იმდროინდელი კანონებით?

 

- რა თქმა უნდა! ეს ქმედება დღესაც დანაშაულად ითვლება, მაგრამ, სამწუხაროდ, დღესაც ხდება მსგავსი რამ! ქრთამის საქმეები, უმეტესწილად, მსგავსი პროვოცირებით ხდება ხოლმე. სამართლებრივ თეორიაში არსებობს დანაშაულებრივი ქმედებების სტადიები... ადამიანები ვართ და, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ცდუნება გაჩნდეს ნებისმიერ ჩვენგანში, მაგრამ ვიდრე პროვოცირება არ მოხდება ამისი, ის ცდუნება ჩვენს გონებაშია მხოლოდ... არსებობს სტადიები - დანაშაულის მომზადება, მცდელობა და ა.შ. და დანაშაულს თავშივე კი არ აღკვეთენ, ელოდებიან მის განვითარებას და ხშირად ხელსაც უწყობენ ხოლმე... ეს არის დანაშაულის პროვოცირება, მეტი კი არაფერი...


- ქალაქის სასამართლოს არქივში კერატიშვილის საქმე აღარაა. ვის და რა მიზნით შეეძლო, გაექრო ეს საქმე?

 

- მეც ეგ მაინტერესებს! გაიოზის საქმე იმ კატეგორიის საქმეებს ეკუთვნის, სამუდამოდ შენახვას რომ გვავალდებულებს კანონი. როგორ შეიძლება, რომ გაიოზის საქმე არქივში არ იყოს? თუ სხვა საქმეები შენახულია და მხოლოდ გაიოზის საქმეა დაკარგული, კითხვა მიჩნდება: ვის აწყობს ეს? და, თუ ყველა ასეთი კატეგორიის საქმე განადგურებულია, საიდან დაიბეჭდა ამონარიდები ამ საქმიდან ერთ-ერთ გაზეთში ამ ცოტა ხნის წინ?


- შეეძლო თუ არა თავად კერატიშვილს გამოეტანა?

 

- გამორიცხულია! პირიქით, ამ საქმის განადგურება ალადაშვილების და სხვათა წისქვილზე ასხამს წყალს და არა - კერატიშვილის! ძალიან მაინტერესებს, როგორ შეიძლება, ასეთი საქმე არ ინახებოდეს? ალბათ, ვიღაცას უნდა, რომ ყველაფერი წაიშალოს და დღეს კვლავ გაამწარონ ეს ნატანჯი კაცი! სხვათაშორის, არც იმას გამოვრიცხავ, თავად მოსამართლე ალადაშვილსაც ჰქონდეს არქივიდან გამოტანილი ეს საქმე, მაგრამ მაშინ ეს არქივი კი არა, ცირკი ყოფილა! ცირკი და მეტი არაფერი!


- კერატიშვილს სრული უფლება აქვს, მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე ჰქონდეს თავისი პოზიცია, მაგრამ აქვს კი ამის უფლება, გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში?

 

- რა თქმა უნდა, აქვს! დიახ, განაჩენი კასაციურია და ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრებას ექვემდებარება! მაგრამ ალადაშვილი რაზე ღიზიანდება, ვერ ვიგებ! ამდენი ხნის მერე რაღას ერჩის გაიოზს, ვერ გამიგია! თუ მაგას კაცობა აქვს და ვაჟკაცობაც ეყოფა, ობიექტურობამ უნდა გაიღვიძოს მასში და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას, რომ კერატიშვილის დასჯა განაჩენის გამოტანამდე იყო გადაწყვეტილი! ვიცით, დრო იყო ისეთი და აღარც არავინ დაადანაშაულებს ალადაშვილს ამ და მსგავსი აღიარების შემდეგ! ეს უფრო ვაჟკაცობა იქნება, ვიდრე კვლავ თავდასხმა და ლანძღვა ბატონი გაიოზისა! მე თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართავ ბატონ ალექსანდრე ალადაშვილს: რაში გაწყობს და რაში გაინტერესებს დღეს ბატონი გაიოზის ლანძღვა? სხვათაშორის, მე დღესაც მზად ვარ, ხელახლა ჩავატაროთ სასამართლო პროცესი მოსამართლე ალადაშვილის, ბრალდებულ კერატიშვილისა და ჩემი, როგორც ბრალდებულის დამცველის მონაწილეობით! და თუ ეყოფა ბატონ ალექსანდრე ალადაშვილს ვაჟკაცობა, ახლა მაინც გამოიტანოს ობიექტური განაჩენი.

 

 

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016