ფეხბურთის ფედერაციის იურისტის კესო ჩხიკვაძის განცხადებით, გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ დელეგატს ლეგიტიმური უფლება გამგეობის წევრებისთვის ოქმის წარდგენის შემთხვევაში ექნებოდა.
როგორც ჩხიკვაძემ განაცხადა ის ფედერაციის აღმასრულებელი ორგანოს წევრი არ არის, შესაბამისად, პასუხისმგებლობას არ იღებს აღმასკომის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
რაც შეეხება იმას, რამდენად კანონიერი იყო გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყევტილება როდესაც მან ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება დელეგატის წარდგენაზე, ფედერაციის იურისტი აცხადებს, რომ კახა ებრალიძე ვალდებული იყო ოქმი აღმასკომის წევრებისთვის წარედგინა.
"მე არ გახლავართ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი ორგანოს წევრი, შესაბამისად, არ ვიღებ პასუხიმსგებლობას იმ გადაწყევტილებაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო. მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ კახა ებრალიძეს აუცილებლად უნდა წარედგინა ოქმი გამგეობის წევრებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ექნებოდა ლეგიტიმური უფლება მის მიერ წარმოდგენილ დელეგატს ფეხუბრთის ფედერაციაში", - განუცხადა ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ გოჩა ტყებუჩავას კანდიდატურა ერთპიროვნულად წარადგინა. ტყებუჩავამ გამეგობის მიერ არჩეული კანდიდატი იური ჩხაიძე ჩაანაცვლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გურიის რეგიონული ფედერაციის გამგეობის წევრების პროტესტი მოჰყვა და მათ პრეზიდენტის გადაწყვეტილება კვლავ შეცვალეს და ფედერაციაში მათ მიერ შერჩეული დელეგატი წარადგინეს. თუმცა ამის მიუხედავად ფეხბურთს ფედერაციის აღმასკომმა გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ შეცვალა და გურიის სახელით არჩევნებზე ხმას კვლავ გოჩა ტყებუჩავა მისცემს.