საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურიის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ დელეგატს უფლებამოსილება გაუუქმა.
ტრიბუნალმა გამგეობის წევრთა და სფფ-ს მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, უარყოფილი იქნა მოთხოვნა ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცების შესახებ. ასევე გაუქმდა სფფ-ს აღმასკომის 2015 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლის თანახმადაც გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად დამტკიცდა გოჩა ტყებუჩავა.
"ბათილად იქნეს ცნობილი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის სხდომის ოქმი როგორც გრფფ-ს წესდების დარღვევით ჩატარებული სხდომის ოქმი. დაევალოს გურიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს დანიშნონ გამგეობის სხდომა გრფფ-ს წესდების 5.11 მუხლის მიხედვით. დაევალოს გრფფ-ს ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსლ პირებს გრფფ-ს. წესდების შესაბამისად ჩატარდეს გამგეობის სხდომა, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება სფფ-ს 24-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგის დანიშვნის შესახებ. უფლებამოსილების საკითხის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს გრფფ-ს წესდების 5.12 და გრფფ-ს წესდების მე-10 მუხლების ნორმები. ხოლო გამგეობის სხდომა ჩატარდეს 2015 წლის 23 სექტემბრამდე. გრფფ-ს ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს დაევალოთ სფფ-ს აღმასკომის წინაშე წარმოადგინონ გრფფ-ს წესდების 5.13 მუხლის შესაბამისად შედგენილი გამგეობის სხდომის ოქმი. დაევალოს სფფ-ს აღმასკომს დაუყოვნებლივ განიხილოს გრფფ-ს მიერ ოქმით წარდგენილი კანდიდატურის სფფ-ს 24-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატად დამტკიცების საკითხი სფფ-ს წესდების შესაბამისად არაუგვიანეს 2015 წლის 28 სექტემბრისა", - ნათქვამია საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად სფფ-ს და გრფფ-ს ყველა წევრისათვის მისი გამოქვეყნების თანავე. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.